წინაწარმეტყველება ესაიასი

26

1. მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა, ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე.

2. განახუენით ბჭენი, შევედინ ერი დამცველი სიმართლისა

3. და დამცველი ჭეშმარიტებისა, შემწე სიმართლისა და დამცველი მშჳდობისა,

4. რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით ვიდრე საუკუნოსამდე. ღმერთმან დიდმან საუკუნემან,

5. რომელმან დამდაბლებით შთაიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა შინა, ქალაქთა მტკიცეთა შთაამჴობ და შთაიხუამ, ვიდრე იატაკამდე.

6. და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მშჳდთანი და მდაბალთა კუალნი დავრდომილთანი.

7. გზა კეთილ მსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილ მსახურთა,

8. რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი.

9. ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

10. რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.

11. უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი. და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.

12. უფალო, ღმერთო ჩვენო! მშჳდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ.

13. უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა ვიცით, სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ,

14. ხოლო მკუდართა სიცოცხლე არა იხილონ, არცა მკურნალთა არა ვერ აღადგინონ. ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე და აღიღე ყოველი წული მათი.

15. დაჰრთენ მათ ძჳრნი, უფალო! დაჰრთენ ძჳრნი დიდებულთა ქუეყანისათა და დართენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.

16. უფალო, ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ. ჭირსა შინა მცირესა, ანუ წურთა შენი ჩვენდა.

17. და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათჳს, უფალო!

18. შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანასა ზედა.

19. აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს.

20. აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ,

21. რამეთუ, აჰა, უფალი წმიდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისა შორის, მოხილვად უშჯულოებასა დამკჳდრებულთა ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს მოკლულნი მერმე.

27

1. მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.

2. მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.

3. მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე.

4. არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა.

5. დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის, ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა.

6. შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა.

7. ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა?

8. მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა გულისწყრომისათა?

9. ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი

10. და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი.

11. და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.

12. და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი.

13. და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს.

28

1. ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.

2. აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის განსუენება ჴელთა და ფერჴთა.

3. და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი.

4. და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი.

5. მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა.

6. და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა მაყენებელი მოკლვად,

7. რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს.

8. განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს.

9. ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან?

10. ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.

11. ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

12. მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.

13. და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და წარწყმდენ.

14. ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა,

15. რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?

16. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

17. დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.

18. ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს, იყოს იგი დასათრგუნველად.

19. ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო,

20. ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად ჩუენდა.

21. ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა. გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.

22. და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

23. ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და ისმინენით სიტყუანი ჩემნი.

24. ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა.

25. არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი საზღვართა შინა შენთა.

26. და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა,

27. რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი,

28. ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

29. და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა.

29

1. ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა,

2. რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა.

3. და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი.

4. და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს.

5. და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული.

6. და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი.

7. და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი.

8. და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა.

9. დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან,

10. რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა.

11. და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

12. და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა.

13. და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა.

14. ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა გულისჴმიერთა დავფარო.

15. ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ?

16. არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისჴმიერად შემქმენ მე.

17. არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

18. და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ.

19. და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით.

20. მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა,

21. და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან,

23. არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს, წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან.

24. და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა.

30

1. ვაჲ შვილთა განდგომილთა ამათ, - იტყჳს უფალი - ჰყავთ განზრახვა არა ჩემ მიერ და ზავნი არა სულისა მიერ ჩემისა, შეძინებად ცოდვანი ცოდვათა ზედა,

2. რომელნი ვიდოდეს შთასვლად ეგჳპტედ, ხოლო მე არა მკითხეს შეწევნად ფარაოს მიერ და დაფარვად მეგჳპტელთა მიერ,

3. რამეთუ იყოს საფარველი ფარაოსი სირცხჳლად თქუენდა და მოსავთათჳს ეგვიპტისა მიმართ საყუედრელ,

4. რამეთუ არიან შორის ტაიანისა მთავარნი და ქადაგნი ბოროტნი.

5. ცუდად შურებიან ერისა მიმართ, რომელმან არა არგოს მათ, არცა შესაწევნელად, არცა სარგებელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად,

6. ხილვა ოთხფერჴთა უდაბნოსა შინათა ჭირსა შინა და იწროებასა. ლომი და ლეკვი ლომისაჲ, მუნით ასპიდნი, შვილისწულნი ასპიდთა მფრინვალეთანი, რომელთა მოჰქონდა ვირთა ზედა და აქლემთა სიმდიდრე მათი ნათესავისა მომართ, რომელმან არა არგოს მათ შესაწევნელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად.

7. მეგჳპტელნი ამაოდ და ცუდად გარგებენ თქუენ. მიუთხარ მათ, ვითარმედ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ეგე თქუენი.

8. აწ უკუე დაჯდომილმან დაწერენ ფიცარსა ზედა ესენი და წიგნსა შინა, ვითარმედ იყვნენ დღეთა მიმართ ჟამად ესენი და უკუნისამდე,

9. რამეთუ ერი ურჩი არს, ძენი მტყუარნი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული ღმრთისაჲ,

10. რომელნი ეტყჳან წინასწარმეტყუელთა: ნუ მომითხრობთ ჩუენ სხვასა შეცთომილებასა.

11. და მიმაქცევთ ჩვენ გზისა ამისგან, და მიმიხუამთ ჩუენგან ალაგთა ამათ, და აწ აიღეთ ჩუენგან სიტუანი წმიდისა ისრაელისა.

12. ამისთჳს ესრეთ იტყჳს წმიდა ისრაელისა, ვითარმედ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ. და მოსავ იქმნენით სიცრუესა ზედა, და იდრტჳნენით და მოსავ იქმნენით სიტყვასა ამას ზედა.

13. ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვა ესე, ვითარცა ზღუდე დაცემული მეყსეულად ქალაქისა მაგრისა გამოღებულისა, რომლისა მეყსეულად წარმოდგის დაცემაჲ.

14. დაცემა მისი იყოს, ვითარცა შემუსრვა კეცისჭურჭლისა კეცისა განწულილებად, ვიდრე არ პოვნადმდე მათ შორის ნალეწისა, რომლისა მიერ აღიღო ცეცხლი და რომლისა მიერ აღმოივსო მცირედი წყალი.

15. ესრეთ იტყჳს უფალი, უფალი წმიდა ისრაილისა: ოდეს მოქცეულმან სულთ-ითქუნე, მაშინ სცხოვნდე და სცნა, სადა იყავ, რამეთუ ესევდი ამაოთა მიმართ. ამაო იქმნა ძალი თქუენი და არა გნებავსყე სმენა,

16. არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, ამისთჳს ივლტოდით და სთქუთ: სუბუქთა ზედა ვიქმნეთ მჴედარ, ამისთჳს სუბუქნი იყვნენ მდევარნი თქუენნი.

17. ჴმისა მიერ ერთისა ივლტოდიან ათასნი და ჴმისა მიერ ხუთთასა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდის დაშთეს, ვითარცა საყე, მთასა ზედა და, ვითარცა ნიშანი, ქონებული ბორცუსა ზედა.

18. და კუალად ეგოსვე ღმერთი შეწყალებად თქუენდა. ამისთჳს ამაღლდეს წყალობის-ყოფად თქუენდა მით, რამეთუ მსაჯულ არს უფალი ღმერთი ჩუენი. და სადა დატევებულ იქმნეს დიდებაჲ თქუენი, ნეტარ არიან ყოველნი დადგრომილნი მის თანა

19. მით, რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს და იერუსალემმან ტირილით იტირა: შემიწყალე მე. შეგიწყალოს შენ, ჴმისაებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეგიწყალა შენ.

20. და მოგცეს თქვენ უფალმან პური ჭირისა, და წყალი იწრო, და არღა მერმე არ მიგეახლნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ჰხედვიდენ მაცთურთა შენთა,

21. და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი უკუანა შენსა მაცთომთანი, რომელნი იტყოდინ: ესე არს გზაჲ, ვიდოდით ამას შინა, გინა მარჯუენით, გინა მარცხენით.

22. და აღიხუნე კერპნი მოვეცხლულნი და მოოქროვებულნი, დაწულილებულ ქმნნე და განჰფიწლნე, ვითარცა წყალნი დაშტანისა, და, ვითარცა სკორე, დასთხინე იგინი.

23. მაშინ იწყოს წჳმა თესლსა ქუეყანისა შენისასა და პური ხუარბლისა შენისა იყოს სავსებით და მსუყედ, და ძოვდენ საცხოვარნი შენნი მას დღესა შინა ადგილსა პოხიერსა და ვრცელსა.

24. კურონი თქვენნი და ჴარნი მოქმედნი ქუეყანისანი ჭამდენ ბზესა აღქმნილსა ქრთილითა განფიწლულითა.

25. და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.

26. და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.

27. აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.

28. და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.

29. არა მარადის ჯერ-არს თქუენდა სიხარული და შესლვა სიწმიდეთა მიმართ ჩემთა მარადის, ვითარცა მედღესასწაულეთა, და ვითარცა მოხარულთა შესლვად ავლისა თანა მთად მიმართ უფლისა ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაჱლისასა.

30. და სასმენელ-ყოს უფალმან დიდებაჲ ჴმისა მისისა და გულისწყრომა მკლავისა მისისა აჩუენოს გულისწყრომისა თანა და რისხვისა და ალისა შეშჭამდეს და ტეხა მაიძულებელი, და ვითარცა წყალი და სეტყვაჲ გარდამოსრული დაპატიჟებით,

31. რამეთუ ჴმისაგან უფლისა იძლინენ ასსურასტანელნი წყლულებითა, რომლითაცა დასცნეს იგინი.

32. და იყავნ მისსა გარემოს, ვინა იყო მისსა სასოებაჲ შეწევნისა, რომლისა მიმართ ესვიდა. ესენი ბობღნითა და ნესტჳთა და ქნარითა ბრძოდენ მას განცხრომისა მიერ, რამეთუ უწინარეს დღეთასა მიეჴადოს.

33. ნუ შენცა განემზადე გამეფებად, ჴევი ღრმა, ხე ნაძჳსა? ცეცხლი და შეშანი მრავალნი, გულისწყრომა უფლისა, ვითარცა ჴევი წუნწუბისა მიერ მგზებარე.