წინაწარმეტყველება ესაიასი

46

1. დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა,

2. დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ.

3. ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან

4. ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ.

5. ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა

6. და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას.

7. აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი.

8. მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა.

9. და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა.

10. მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე.

11. მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი.

12. ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან.

13. მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად.

47

1. შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი და შუებული.

2. მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი, გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა.

3. გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი, სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა.

4. მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ ისრაილისა.

5. დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა, არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა.

6. განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი. მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა, მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად,

7. და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი.

8. ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით, მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე.

9. ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა.

10. ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,

11. და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.

12. დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.

13. უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა.

14. აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა.

15. და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ.

48

1. ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით

2. და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი.

3. პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია.

4. უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა.

5. და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე.

6. ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა.

7. და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.

8. არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.

9. სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.

10. აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ საჴუმილისაგან სიგლახაკისა.

11. თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი სხვასა არა მივსცე.

12. ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.

13. და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.

14. და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.

15. მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა მისი.

16. მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი.

17. ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა.

18. და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.

19. და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

20. გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა თჳსი, იაკობი.

21. და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი.

49

1. ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.

2. და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე.

3. და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო.

4. და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა.

5. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა.

6. და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა.

7. ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ.

8. ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.

9. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.

10. არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.

11. და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა.

12. აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა.

13. იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.

14. თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.

15. ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -

16. აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის.

17. და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან.

18. აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა.

19. რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი,

20. რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო.

21. და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს?

22. ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ.

23. და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე.

24. ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა?

25. ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.

26. და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი.

50

1. ესრეთ იტყჳს უფალი: ვქმენ ესე წიგნი დედისა თქუენისა, რომლითა განვავლინე იგი? ანუ ვისმან მოვალემან განგყიდენ თქუენ? აჰა, ცოდვათა მიერ თქუენთა განისყიდენით და უშჯულოებათა თქუენთათჳს განვავლინე დედა თქუენი

2. მით, რამეთუ მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი: ნუ ვერ ძალ-უცა ჴელსა ჩემსა გამოჴსნად, ანუ ვერ შემძლებელ ვარ განრინებად? აჰა; მხილებითა ჩემითა მოვაოჴრე ზღუაჲ და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი არყოფისაგან წყლისა და მოკუდენ წყურილისა მიერ.

3. შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი.

4. უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.

5. და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.

6. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

7. და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,

8. რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე.

9. აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ.

10. ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ? ისმინედ ჴმისა მონისა მისისა, რომელნი ვლენან ბნელსა შინა, არა არს მათდა ნათელი. ესევდით სახელისა მიმართ უფლისა და განმტკიცდით ღმრთისა მიმართ.

11. აჰა, ყოველნი თქუენ ცეცხლსა აღაგზებთ და განაძლიერებთ ალსა. ვიდოდეთ ნათლითა ცეცხლისა თქუენისაჲთა და ალითა, რომელი აღაგზენით ჩემთჳს. იქმნეს თქუენდა ესენი, მწუხარებასა შინა დაიძინოთ.