წინაწარმეტყველება ესაიასი

56

1. ამათ იტყჳს უფალი: დაიცევით მსჯავრი და ყავთ სიმართლე, რამეთუ მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

2. ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყუნეს ესენი და კაცი ჴელმყოფი ამათი და დამცველი შაბათთაჲ არშეგინებად და დამცველი ჴელთა მისთა არაქმნად ცრუთა.

3. ნუ იტყჳნ სხვა ნათესავი შეახლებული უფლისა მიმართ მეტყუელი: გამოსაზღურებით გამომისაზღურებს მე უფალი ერისაგან ჩემისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი, ვითარმედ: მე ვარ ხე ჴმელი,

4. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა<

5. მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს,

6. და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი.

7. შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა.

8. თქუა უფალმან ღმერთმან, შემკრებელმან განთესულთა ისრაილისათამან, ვითარმედ: შევკრიბო მის ზედა შესაკრებელი, ყოველნი მჴეცნი ველურნი.

9. მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა.

10. იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი,

11. და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით.

12. მოვედით, მოვიღოთ ღჳნოჲ და ვიჴუმიოთ იგი სიმთრვალედ და არს ესევითარი დღე ხვალე დიდ შენთჳს, ვითარ ფრიად.

57

1. იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.

2. იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.

3. ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!

4. ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,

5. რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა, დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა,

6. ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა. ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, -

7. მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი.

8. და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს. შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა.

9. და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთამდე.

10. მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე. განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე.

11. შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე.

12. და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.

13. ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი.

14. და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა.

15. ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა.

16. არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ.

17. ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა, გზათა შორის გულისა მისისათა.

18. გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ.

19. დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი.

20. ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ.

21. არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი.

58

1. ჴმა-ყავ ძლიერად და ნუ ჰრიდებ, ვითარცა საყჳრმან, აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და სახლსა იაკობისსა უსჯულოებანი მათნი.

2. მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა, მთხოენ მე მსჯავრსა მართალსა და მიახლებად ღმრთისა გული უთქვამს

3. მეტყუელთა, ვითარმედ: ვიმარხეთ და არა იხილე, დავიმდაბლენით სულნი ჩუენნი და არა სცან. - რამეთუ დღეთა შინა მარხვათა თქუენთასა იპოებიან ნებანი თქუენნი და ყოველთა ჴელისქუეშეთა თქუენთა, დაჰქენჯნით

4. სასჯელთამი და ლალვათა იმარხავთ და ჰგუემთ თითთმწყლველობით მდაბალსა, რაჲსა იმარხავთ ჩემდად? რაჲთა დღეს სასმენელ იქმნეს ღაღადებისა მიერ ჴმაჲ თქუენი?

5. არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.

6. არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.

7. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო.

8. მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ და წინაგივიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ.

9. მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ. უკეთუ მოსპო შენგან საკრველი და ჴელის-დადება და სიტყუა დრტჳნვისა,

10. და სცე მშიერსა პური სულით გამო შენით, და სული დამდაბლებული აღავსო, მაშინ აღმობრწყინდეს ბნვლსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუადღე.

11. და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის, და განსძღე, ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი განპოხნენ, და იყო, ვითარცა მტილი დამთრვალი, და ვითარცა წყაროჲ, რომელსა არა მოაკლდის წყალი და, ძუალნი შენნი, ვითარცა მდელოჲ, აღმოსცენდენ და განპოხნენ და დაიმკჳდრონ ნათესავთა შორის ნათესავთასა.

12. და აღეშენნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნებ ნათესავთა შორის ნათესავთასა, და გეწოდოს მაშენებელ ზღუდისა, და ალაგნი საშუალმყოფნი დააცხრვნე.

13. უკუეთუ მოაქციო ფერჴი შენი შაბათთაგან არაქმნად ნებათა შენთა დღესა შინა წმიდასა, და უწოდი შაბათთა ფუფუნეულ წმიდა ღმრთისა შენისა, არა აღიღო ფერჴი შენი საქმესა ზედა, არცა სთქუა სიტყუაჲ რისხვით პირისაგან შენისა.

14. და იყო მოსავ უფლისა მიმართ და აღგიყვანოს შენ კეთილთა ზედა ქუეყანისათა, და გაჭამოს შენ სამკჳდრებელი იაკობ მამისა შენისაჲ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდი ამათ.

59

1. ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად.

2. არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,

3. რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა.

4. არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი. მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა და შობენ უსჯულებასა.

5. კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი პოვა და მას შინა ვასილისკოსი.

6. ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა,

7. ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა.

8. და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და არა უწყიან მშჳდობაჲ.

9. ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს.

10. ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე, ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ,

11. ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან. ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან,

12. რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით.

13. ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი.

14. და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად.

15. და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო მსჯავრი.

16. და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა.

17. და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ,

18. და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ შურის-გებითა.

19. და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა.

20. და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ იაკობისაგან, - იტყჳს უფალი.

21. და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, - სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა, არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე.

60

1. განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

2. აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.

3. და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.

4. აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.

5. მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.

6. და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

7. და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.

8. ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.

9. მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,

10. და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.

11. და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

12. რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13. და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

14. და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

15. ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

16. და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

17. და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.

18. და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.

19. და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,

20. რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.

21. და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.

22. შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.