დავით წინასწარმეტყველისა მიერ ქებაჲ

61

1. დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი

2. ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი.

3. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე არა შევირყიო უფროს.

4. ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა?

5. ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.

6. გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი,

7. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო.

8. ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ.

9. ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.

10. ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.

11. ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.

12. ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე.

13. და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

62

1. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი

3. ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.

4. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

5. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.

6. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

7. უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;

8. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

9. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენა შენი.

10. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

11. მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

12. ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა.

63

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2. შვისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.

3. დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსათა.

4. რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.

5. რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ;

6. მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?

7. გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა,

8. და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი,

9. და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.

10. და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს.

11. იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ

64

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის მსხემობისა

2. შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს.

3. შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს.

4. სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.

5. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი,

6. საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.

7. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა,

8. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი,

9. და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ.

10. მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ.

11. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.

12. აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.

13. განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.

14. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.

65

1. დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს

2. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა.

3. არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.

4. ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო.

5. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა,

6. რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ,

7. რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით.

8. აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისა,

9. რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა.

10. რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი.

11. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.

12. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი,

13. და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი,

14. რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.

15. საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.

16. მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.

17. მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.

18. სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.

19. ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.

20. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.

66

1. დასასრულსა, გალობაჲ და ფსალმუნი დავითისი

2. ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

3. ცნობად ქუეყანასა ზედა გზაჲ შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაჲ შენი.

4. აღგიარებდედ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდედ შენ ერნი ყოველნი.

5. მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი.

6. აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.

7. ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო;

8. ღმერთმან ჩუენმან მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. დიდება

67

1. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა

2. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.

3. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.

4. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.

5. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.

6. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.

7. ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.

8. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ

9. ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.

10. წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.

11. და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.

12. უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.

13. მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყუენავისა.

14. უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა.

15. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.

16. მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი.

17. რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად.

18. ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.

19. აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ.

20. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან;

21. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.

22. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა.

23. თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა;

24. რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი _ მტერთაგან მის მიერ.

25. გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.

26. იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.

27. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა.

28. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.

29. ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.

30. ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი.

31. შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა.

32. მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა.

33. მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.

34. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა, მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა.

35. მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.

36. საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი. დიდება

68

1. დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი

2. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;

3. მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.

4. დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.

5. განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.

6. ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.

7. ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო.

8. რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი.

9. უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა ჩემისათა.

10. რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.

11. და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.

12. ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ.

13. ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა.

14. ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა.

15. მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა.

16. ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა.

17. ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.

18. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.

19. მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე.

20. რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი;

21. შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე.

22. და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.

23. იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ.

24. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე.

25. მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ.

26. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;

27. რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.

28. შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;

29. აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.

30. გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე.

31. ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;

32. და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.

33. იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.

34. რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა.

35. აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა.

36. რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი;

37. და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა.

69

1. დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან

2. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.

3. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.

4. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!

5. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.

6. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ

70

1. ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი ებრაელთა შორის

2. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.

3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.

4. ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა;

5. რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან.

6. შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის.

7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.

8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.

9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.

10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად.

11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა.

12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.

13. ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს.

14. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.

15. პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა.

16. შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსა.

17. ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა.

18. და მიმჴცოვნებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა;

19. ძლიერებაჲ შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?

20. რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.

21. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე.

22. და რამეთუ მეცა აღგიარო შენ, ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისათა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაჱლისაო.

23. იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ.

24. უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.

71
სოლომონისთჳს ფსალმუნი

2. ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

3. მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე.

4. განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი.

5. და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.

6. გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.

7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.

8. და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.

9. ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.

10. მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.

11. და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. ;

12. რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.

13. ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს.

14. აღნადგინებისაგან და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

15. და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროსა მისგან არაბიასა, და ილოცვიდეს მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.

16. იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივა ქუეყანისა.

17. იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.

19. და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისა უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანა. იყავნ, იყავნ. დიდება

72

1. მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.

2. ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.

3. რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.

4. რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.

5. შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.

6. ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.

7. და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა.

8. განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად ზრახვიდეს.

9. დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.

10. ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.

11. და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, ანუ არსმეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა?

12. აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.

13. და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი.

14. და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად.

15. და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.

16. და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე,

17. ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი.

18. ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.

19. ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათჳს?

20. ვითარცა სიზმარი განღჳძებულისა, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ყო.

21. რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკმელნი ჩემნი იცვალნეს.

22. და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ;

23. ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. და მე მარადის შენ თანა ვარ,

24. მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.

25. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქუეყანასა ზედა?

26. მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.

27. რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.

28. ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.

73
გულისჴმის-ყოფისათჳს ასაფისა

1. რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.

2. მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.

3. აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?

4. და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,

5. დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა

6. დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.

7. დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.

8. თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.

9. რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.

10. ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?

11. რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?

12. ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.

13. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.

14. შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.

15. შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.

16. შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.

17. შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.

18. ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.

19. ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.

20. მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.

21. ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.

22. აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.

23. ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება

74

1. დასასრულსა, ნუ განხრწნი გალობათჳს, ასაფისი

2. აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა;

3. რაჟამს მოვიღო ჟამი მე სიწრფოებასა ვშჯიდე.

4. განკფდა ქუეყანა და ყოველნი მკჳდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.

5. ვარქუ უსჯულოთა: ნუ უსჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;

6. ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუესა.

7. რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათასა,

8. რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.

9. რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.

10. ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.

11. და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისა.

75

1. დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ

2. განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.

3. იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;

4. რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.

5. განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.

6. შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.

7. მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.

8. შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.

9. რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,

10. რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.

11. რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.

12. ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი

13. საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.

76

1. დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი

2. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე.

3. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა.

4. მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.

5. მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდი.

6. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ

7. ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.

8. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,

9. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე?

10. ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?

11. და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისა.

12. მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა.

13. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

14. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

15. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;

16. და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.

17. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი

18. ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.

19. ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.

20. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.

21. უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაჲ

77
ფსალმუნი ასაფისი, გულისჴმის-ყოფისათჳს

1. ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.

3. რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.

4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.

5. და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,

6. რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;

7. რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.

8. რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.

9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.

10. არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.

11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ

12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.

13. განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.

14. და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.

15. განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.

16. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

17. და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.

18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.

19. და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?

20. ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?

21. ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;

22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.

23. და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.

24. და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;

25. და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.

26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.

27. და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.

28. და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.

29. და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;

30. და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,

31. და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა.

32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა.

33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.

34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.

35. და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.

36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა.

38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.

39. და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.

40. რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!

41. და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს.

42. არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა;

43. ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა;

44. და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;

45. მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.

46. და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;

47. მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;

48. მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;

49. მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.

50. გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.

51. და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;

52. და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ.

53. და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.

54. და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა.

56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;

57. და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად;

58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას.

59. ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი.

60. და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა.

61. და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;

62. და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;

63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.

64. მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.

65. და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.

66. და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.

67. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;

68. არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა.

69. და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.

70. და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი

71. მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა.

72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება.

78
დასასრულსა, ფსალმუნი ასაფისი

1. ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;

2. დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი _ მჴეცთა ქუეყანისათა.

3. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა.

4. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.

5. ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი?

6. მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს;

7. რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.

8. ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.

9. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.

10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია.

11. შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

12. მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.

13. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

79

1. ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს

2. რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.

3. წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.

4. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

5. უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?

6. მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;

7. მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.

8. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

9. ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი.

10. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა.

11. დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.

12. მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.

13. აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?

14. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.

15. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას;

16. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

17. მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისათა წარწყმდენ.

18. იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

19. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.

20. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ.

80

1. დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი

2. უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა.

3. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა

4. დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.

5. რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.

6. წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა;

7. განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა.

8. ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.

9. ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ ჩემი,

10. არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.

11. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.

12. და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე არა მერჩდა.

13. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.

14. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო,

15. ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი.

16. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი საუკუნოდ.

17. და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდება.