წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

1

1. ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს.

2. რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,

3. იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ.

4. დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ.

5. ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს და იყო ყიველი სული იაკობისითაგანი სამეოცდაათხუთმეტ.

6. აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი.

7. ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი.

8. აღდგა მეფე სხუაჲ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ,

9. და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროჲს ჩუენსა.

10. მოდით და ვისიბრძნოთ დამჴობად მათდა, ნუუკუე განმრავლდენ და ოდეს, თუ სადმე შეგვემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით.

11. და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი.

12. და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად.

13. და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა ძლით.

14. და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად.

15. და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა - ფოა

16. და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შჳნებად ებრაელთა მათ და შობასა იყუნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალით იგი და, უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.

17. შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს ეგრე, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა.

18. მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა?

19. ჰრქუეს ყრმისა აღმქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქუმელთა და შობდეს იგინი.

20. კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად.

21. რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ.

22. უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.

2

1. ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

2. მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

3. და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას.

4. და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი შეემთხჳოს მას.

5. შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.

6. აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.

7. ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

8. ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

9. და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.

10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.

11. და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.

12. მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი და დაფლა ქჳშასა შინა.

13. ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?

14. ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

15. ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.

16. ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა, ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა.

17. მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა.

18. და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს?

19. და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.

20. ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური.

21. და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, მოსეს ცოლად.

22. მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.

23. შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს.

24. და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.

25. და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.

3

1. და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.

2. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.

3. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?

4. ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს?

5. ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.

6. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

7. ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.

8. და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.

9. და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.

10. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით.

11. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოჲსა მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?

12. ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას ზედა.

13. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?

14. და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

15. და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან, მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.

16. მი-რა-ხჳდე უკუე და შეკრიბენ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.

17. და ვთქუ გამოყვანება თქუენი ბოროტის ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და ეველთა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.

18. და ისმინონ ჴმისა შენისა შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

19. ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს, თქუენ გამოსლვად ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, არა თუ ჴელითა მტკიცითა.

20. განვყო ჴელი ჩემი და ვსცე ეგჳტელთა ყოვლითა საკჳრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო მათ შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.

21. და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგჳპტელთა და, რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცალიერნი.

22. არამედ ითხოვენ დედაკაცმან მეზობლისაგან და შემყოფისა თჳსისა ჭურჭელი ვეცხლისაჲ და ოქროჲსა და სამოსელი და შეჰმოსეთ იგი ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა და გამოტყუენენით ეგჳპტელნი იგი.

4

1. მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

2. ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.

3. და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან.

4. ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ. მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა მისსა.

5. რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.

6. მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.

7. და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

8. უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.

9. და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა

10. ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

11. ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?

12. ხოლო აწ შენ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ. რასა-იგი იტყოდი.

13. და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

14. და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

15. და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

16. და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ.

17. და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა.

18. წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით!

19. შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ. ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა

20. წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა.

21. ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.

22. ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.

23. გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.

24. და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

25. და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისა.

26. და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

27. ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს-უყვეს ურთიერთას.

28. და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას.

29. მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

30. და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის.

31. და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა.

5

1. და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

2. და ჰრქუა ფარაო: ვინ არს იგი, რათა ვისმინო ჴმისა მისისა, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი.

3. და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდი გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი, გინა მახჳლი.

4. ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტისამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

5. და თქუა ფარაო: აჰა ესერა, აწ განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისა, არღარა შეუნდოთ მათ საქმისა მისგან.

6. და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ ერისათა და მწიგნობართა და ჰრქუა:

7. ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმედ რად, ვითარცა გუშინ და ძოღან, იგინი წარვიდედ და შეიკრიბედ თავისა თჳსისა ბზე.

8. და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ, რამეთუ სცალს და ამისთჳს ღაღადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

9. დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნვიდენ და ნუ ზრუნვედ სიტყუასა ცუდსა.

10. ასწრაფდეს მათ საქმის მწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს ერსა: ამას იტყჳს ფარაო, არარა გცემ თქუენ ბზესა.

11. წარვედით თქუენ და შეკრიბეთ ბზე, სადაცა ჰპოოთ და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულსა მას არცაღა ერთ.

12. და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

13. ხოლო საქმის მწვეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმე დაწესებული თქუენი დღითი-დღედ, ვითარცა-იგი რაჟამს ბზე გეცემოდა თქუენ.

14. და იტანჯნენ მწიგნობარნი იგი ნათესავისა მის ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა და ეტყოდეს: რაჲსათჳს არა აღასრულეთ დაწესებული იგი ალიზისა საქმე თქუენი გუშინდელისა და ძოღანდელისა დღისა დღესცა ეგრევე?

15. შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ღაღადებდეს წინაშე ფარაოსსა და იტყოდეს: რაჲსათჳს ესრეთ უყოფ მონათა შენთა?

16. ბზესა არა გუცემენ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გვეტყჳან საქმედ და, აჰა ესერა, მონანი შენნი ტანჯულ არიან, ავნებ ეგრე ერსა შენსა?

17. ჰრქუა მათ ფარაო: გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

18. აწ უკვე წარვედით და იქმოდეთ, ხოლო ბზე არა გცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ.

19. ვითარცა აღიხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ განწესებულსა მას მდღევარსა რიცხვი ალიზთა.

20. და შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რა-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამოვიდოდეს ფარაოჲსგან.

21. და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან თქუენი და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მისთა და მოკლვად ჩუენდა.

22. მოიქცა მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსა განაბოროტე ერი ესე. რაჲსა მომავლინე მე?

23. და ვინათგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.