წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

16

1. ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით

2. დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,

3. და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.

4. ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე გიწჳმებ თქუენ პურსა ზეცით, და განვიდეს ერი და შეკრიბონ დღისაჲ დღესა შინა, რათა გამოვცადნე იგინი, უკუეთუ ვლენან შჯულსა ჩემსა, ანუ არა.

5. და იყოს, დღესა მეექუსესა განჰმზადონ, რომელსაცა დღესა შინა შეჰკრებდენ. და იყოს ორ წილ მისსა, რომელსა შეჰკრებენ დღითი-დღედისა დღისათჳს.

6. ხოლო თქუეს მოსე და აჰრონ ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ ძეთა ისრაჱლისათასა: მიმწუხრი სცნათ, ვითარმედ გამოგიყუანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით,

7. და განთიად იხილოთ დიდებაჲ უფლისა სმენითა დრტჳნვისა თქუენისათა ღმრთისა მიერ. ხოლო ჩუენ რანი ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენდა მომართ?

8. და თქუა მოსე: მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჴორცი ჭამად და პური განთიად მაძღრივ, რამეთუ ისმინა დრტჳნვაჲ თქუენი უფალმან, რომელი იდრტჳნეთ ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვინ ვართ? რამეთუ არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვა თქუენი, არამედ ღმრთისა მიმართ.

9. და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა: შემოკერბით წინაშე ღმრთისა, რამეთუ შეისმინა დრტჳნვაჲ თქუენი.

10. ხოლო რაჟამს ეტყოდა აჰრონ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა, და მიიქცეს უდაბნოდ, და დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა.

11. და იტყოდა უფალი, მოსეს მიმართ მეტყუელი:

12. მესმა დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათა, თქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: მიმწუხრი შჭამოთ ჴორცი და განთიად განსძღეთ პურითა; და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი!

13. და იქმნა მწუხრი და აღმოვიდა მწყერმარჴილი და დაფარა ბანაკი.

14. ხოლო განთიად იქმნა დაცხრომაჲ ცუარისაჲ გარემოჲს ბანაკისა, და აჰა, პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის მარცუალი სპეტაკი, ვითარცა მყინვარი ქუეყანასა ზედა.

15. ხოლო იხილეს რაჲ ძეთა ისრაჱლისათა, ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: რაჲ არს ესე? რამეთ: არა უწყოდეს, რაჲ იყო; ხოლო მოსე თქუა მათდა მიმართ: ესე პური, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.

16. ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ კაცად-კაცადმან მისგან, რაოდენ ჯერ-იყოს, ღომორი თავად-თავად, რიცხჳსაებრ სულთა თქუენთასა, თჳთოეულმან კარავთა შინა თქუენთა შეიკრიბეთ.

17. და ყვეს ესრეთ ძეთა ისრაჱლისათა და შეკრიბეს, რომელმანმე ფრიადი და რომელმანმე მცირედი.

18. და აღწყეს ღომორი, და არა დაჰმატდა ფრიადსა, და მცირედსა არა დააკლდა, თითოეულმან მახლობელთა თჳსთათჳს ჯეროვნად შეიკრიბა.

19. ხოლო თქუა მოსე მათდა მიმართ: ნუ ვინ დაუტეობს მისგანსა განთიადმდე!

20. და არა ისმინეს მოსესი; არამედ დაუტევეს ვიეთმე მისგანი განთიადმდე და გარდაეცა მატლი და აღყროლდა. და განმწარდა მოსე მათთჳს.

21. და შეკრიბეს იგი განთიად თჳთოეულმან წესად თავისა თჳსისა. ხოლო, რაჟამს დატფის მზე, დადნებოდა.

22. ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.

23. და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!

24. და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.

25. და ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ; დღეს არა ჰპოოთ ველსა ზედა.

26. ექუსთა დღეთა შეჰკრიბოთ, ხოლო მეშჳდე დღე შაბათი არს, არა იყოს მას შინა.

27. და იყო დღესა მეშჳდეს, განვიდეს ვინმე შეკრებად და ვერ პოვეს,

28. ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ვიდრემდის არა გნებავს სმენაჲ მცნებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?

29. იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათთაჲ. ამისთჳს მან მოგცა თქუენ დღესა მეექუსესა პური ორისა დღისაჲ; დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა, ნუმცა ვინ თქუენი განვალს თითოეული ადგილისაგან თჳსისა დღესა მეშჳდესა!

30. და შაბათობდა ეღი დღესა მეშჳდესა.

31. და სახელ-სდვეს ძეთა ისრაჱლისათა სახელი მისი მანანა. ხოლო იყო, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკი და გემოჲ მისი - ვითარცა კიპრუჭი თაფლსა შინა.

32. და თქუა მოსე: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: აღავსეთ ღომორი მანანაჲთა დასამარხველად ნათესავისაგან თქუენისა, რათა იხილონ პური, რომელი შჭამეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, ვითარცა გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით!

33. და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: მოიღე ტაკუკი ოქროჲსა ერთი და შთაასხ მას შინა ღომორი სავსე მანანათა და დასდგა იგი წინაშე უფლისა ღმრთისა დასამარხველად ნათესავთათჳს თქუენთა!

34. ვითარსახედ უბრძანა ღმერთან მოსეს, და დადვა აჰრონ წინაშე საწამებელისა დასამარხველად.

35. ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ჭამეს მანანაჲ ორმეოც წელ, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანად მკჳდროვნად, მანანასა ჭამდეს, ვიდრემდის მოვიდეს კერძოსა ფინიკიისასა.

36. ხოლო ღომორი მეათედი სამთა საწყაულთაჲ.

17

1. და აღიტრა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოთ სინით დაბანაკებისაებრ მათისა სიტყჳთა უფლისათა და დაიბანაკეს რაფიდინს შინა; ხოლო არა იყო წყალი სასუმელად ერისა.

2. და ჭუოდა ერი მოსეს მიმართ და იტყოდა: მეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ! და ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა სჭუით ჩემდა მომართ? და რაჲსა განსცდით უფალსა?

3. ხოლო მოეწყურა მუნ ერსა წყალი, და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და იტყოდეს: რაჲსათჳს აღმომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოწყუედად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა და საცხოვარსა ჩუენსა წყურილითა?

4. და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ მეტყუელმან: რაჲ უყო ერსა ამას? მერე მცირედღა, და ქვაჲ დამკრიბონ მე!

5. და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარუძეღუ ერსა ამას, ხოლო მიიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან ერისათა და კუერთხი, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და მოვედ აქა.

6. რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა.

7. და უწოდა სახელი ადგილსა მას "განცდა და დრტჳნვაჲ" დრტჳნვისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისათისა და გამოცდისათჳს უფლისა და თქუმისა: უკუეთუ არს უფალი ჩუენ შორის, ანუ არა.

8. ხოლო მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაჱლსა რაფიდინს.

9. და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ თავისა შენისა მამაკაცნი და განსრული ეწყვე ამალეკსა ხვალე! და აჰა, მე ვდგე თხემსა ზედა ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა შინა ჩემსა.

10. და იყო ისო, ვითარ-იგი ჰრქუა მას მოსე, და განეწყო ამალეკსა. და მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა ბორცჳსასა.

11. და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.

12. ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.

13. და განაქცია ისო ამალეკი და ყოველი ერი მისი სიკუდილითა მახჳლისათა.

14. და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა შინა და მიეც ყურთა ისოჲსთა, ვითარმედ: აღჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისა ცისქუეშისაგან.

15. და აღაშენა მოსე საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი `უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი".

16. რამეთუ დაფარულითა ჴელითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავთათაგან ნათესავთამდე.

18

1. ხოლო ესმა იოთორს, მღდელსა მადიამისასა, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაოდენი უყო უფალმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა, რამეთუ გამოიყვანა უფალმან ისრაჱლი ეგჳპტით.

2. და მოიყუანა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეპფორა, ცოლი მოსესი, განსავლინებელისა თანა შემდგომად განტევებისა მისისა

3. და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის - გერსამ, მეტყუელი: მსხემ ვარ ქუეყანასა უცხოსა;

4. და სახელი მეორისაჲ - ელიეზერ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსსა.

5. და მოვიდა იოთორ, სიმამრი მოსესი, და ძენი და ცოლი მისი მოსეს მომართ უდაბნოსა, სადა დაბანაკებულ იყვნეს მთასა თანა ღმრთისასა.

6. ხოლო მიუთხრეს მოსეს მეტყუელთა: აჰა, იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.

7. და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას, ღა შეიტკბნეს ურთიერთას, და შეიყვანა იგი კარავსა შინა.

8. და მიუთხრა მოსე სიმამრსა ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ფარაოს და მეგჳპტელთა ისრაჱლისათჳს, და ყოველი ჭირი შემთხუეული გზასა ზედა, და ვითარმედ გამოიჴსნნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსსა და ჴელისაგან მეგჳპტელთასა.

9. ხოლო განკჳრდა იოთორ ყოველთა ზედა კეთილთა, რომელნი უყვნა მათ უფალმან, რამეთუ გამოიჴსნნა იგინი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსთა.

10. და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ იჴსნა ერი თჳსი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსსა!

11. აწ მიცნობიეს, რამეთუ დიდ არს უფალი უფროჲს ყოველთა ღმერთთასა ამისთჳს, რამეთუ მძლე ექმნა მათ!

12. და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუველნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ხოლო მოვიდეს აჰრონ და ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა სიმამრსა თანა მოსესსა წინაშე ღმრთისა.

13. და იყო, შემდგომად ხვალისა დაჯდა მოსე შჯად ერისა; და წინაშე უდგა ყოველი ერი მოსეს განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.

14. და იხილა რაჲ იოთორ ყოველი, რაოდენი უყო ერსა, ჰრქუა: რაჲ არს ესე, რომელსა შენ უყოფ ერსა? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ, ხოლო ყოველი ერი წინა-გითქს შენ განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე?

15. და ჰრქუა მოსე სიმამრსა: რამეთუ მოვალს ჩემდა ერი გამოძიებად მშჯავრსა ღმრთისა მიერ.

16. რამეთუ რაჟამს იქმნეს მათდა ცილობაჲ, და მოვიდენ ჩემდა, განუბჭობ თითოეულსა და შევაზავებ მათ ბრძანებასა ღმრთისასა და შჯულსა მისსა.

17. და თქუა სიმამრმან მოსესმან მისსა მიმართ: არა მართლად ჰყოფ შენ სიტყუასა ამას!

18. ხრწნილებით განიხრწნა შენ და ყოველი ერი, რომელ არს შენ თანა; მძიმე არს შენდა სიტყუაჲ ესე. ვერ ძალ-გიც ამისი ქმნაჲ შენ მარტოსა.

19. აწ უკუე ისმინე ჩემი, და განგზრახო შენ, და იყოს ღმერთი შენ თანა, ექმენ შენ ერსა ღმრთისა მიმართ და შესწირენ სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.

20. და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა, და უნიშნევდ მათ გზათა, რომელთა ზედა ვიდოდინ მათ ზედა და საქმეთა, რომელთა ჰყოფდენ.

21. და შენ თავსა შენსა ეკრძალე და გამოირჩიენ ყოვლისაგან ერისა კაცნი ძლიერნი, ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, მოძულენი ამპარტავანებისანი; და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასისთავად და ასისთავად და ერგასისთავად და ათისთავად

22. და წერილის შემომყვანებელად და შჯიდენ ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისასა მოაწევდენ შენდა, ხოლო მცირეთა საშჯელთა შჯიდენ იგინი, და აღასუბუქებდენ შენგან და თანაშეგეწეოდინ შენ.

23. უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან, და შემძლებელ იყო წინაშე დგომად; და ყოველი ესე ერი მივიდეს ადგილსა თჳსსა მშჳდობით.

24. და ისმინა მოსე ჴმაჲ სიმამრისა და ქმნა, რაოდენიცა მან თქუა.

25. და გამოირჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყვნა იგინი მათ ზედა ათასისთავ და ასისთავ და ერგასისთავ და ათისთავ

26. და წერილის შემომყუანებელ, და შჯიდეს ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისსა მიაწევდეს მოსეს მიმართ და ყოველსა სიტყუასა სუბუქსა შჯიდენ იგინი.

27. ხოლო წარგზავნა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსსა.

19

1. და თთუესა მესამესა გამოსლვისა ძეთა ისრაელისათასა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოდ სინად.

2. და იტრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოდ სინაჲსა და დაიბანაკა მუნ ისრაჱლმან წინაშე მთისა.

3. და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა ისრაჱლისათა.

4. თჳთ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგჳპტელია და აღგიხუენ თქუენ ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ ჩემისა.

5. და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ.

6. ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა.

7. ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან.

8. და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და თქუა: ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი ერისანი ღმრთისა მიმართ.

9. ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა.

10. ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხნენ სამოსელნი მათნი.

11. და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა.

12. და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს.

13. არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად.

14. და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი მათნი.

15. და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა.

16. ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი ბანაკსა შინა.

17. განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე მთისა.

18. ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა. და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა.

19. და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.

20. და გარდამოვიდა უფალი მთასა ზედა სინასა, თხემსა ზედა მთისასა, და უწოდდა უფალი მოსეს მიმართ თხემსა ზედა მთისასა და აღვიდა მოსე.

21. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: შთავედ, უწამე ერსა, ნუსადა მიეახლნენ ღმრთისა მიმართ განცდად მთასა ზედა და დაეცეს მათგანი სიმრავლე.

22. და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან უფალმან.

23. და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი.

24. და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი უფალმან.

25. ხოლო შთავიდა მოსე ერისა მიმართ და ჰრქუა მათ.

20

1. და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.

2. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

3. არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

4. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყ ანისა.

5. არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

6. და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

7. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

8. მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.

9. ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.

10. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.

11. რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.

12. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

13. არა კაც-ჰკლა,

14. არა იმრუშო,

15. არა იპარო,

16. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,

17. არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.

18. და ყოველი ერი ხედვიდა ჴმასა და ლამპართა და ჴმასა საყჳრისასა და მთაჲ მკუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს.

19. და იტყოდეს მოსეს მიმართ: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ.

20. და ეტყოდა მათ მოსე: მინდობილ იყვენით, გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რათა იქმნეს შიში მისი თქუენ შორის, რათა არა სცოდოთ.

21. და დგა ყოველი ერი შორს. ხოლო მოსე შევიდა ნისლსა, სადა იყო ღმერთი.

22. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ჰრქუნე სახლსა იაკობისსა და მიუთხრნე ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ.

23. არ ჰქმნნეთ თავთა თქუენთათჳს ღმერთნი ვეცხლისანი და ღმერთნი ოქროჲსანი.

24. საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე. და შეწირენით მას ზედა ყოვლად-დასაწველნი და საცხოვრებელნი თქუენნი, ცხოვარი და ზუარაკნი თქუენნი ყოველსა ადგილსა, რომელსა სახელ-სდვათ სახელსა ჩემსა მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.

25. ხოლო უკუეთუ ქვათაგან მიქმნე მე საკურთხეველი, არა აშენნე იგინი გამოკუეთილნი, რამეთუ ჴელითა ქანდაკებულობაჲ დასდევ მას ზედა და ბიწიან იქმნნეს.

26. არა აღხჳდე აღსავალებითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა, რათა არა გამოაცხადო უშუერებაჲ შენი მას ზედა.