წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

26

1. და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი.

2. სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ.

3. ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.

4. და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა.

5. ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას.

6. და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი.

7. და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის, ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ.

8. სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ.

9. და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად; და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა.

10. და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის მეორესა.

11. და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით, შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ.

12. და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა, დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა.

13. წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და იმიერ, რათა დაჰფარვიდეს.

14. და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო.

15. და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა.

16. ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ

17. სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა.

18. და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო.

19. და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

20. და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი.

21. და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

22. და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი.

23. და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო.

24. და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ.

25. და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა.

26. და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა.

27. და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა.

28. და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა მიმართ.

29. და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა.

30. და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

31. და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად.

32. და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

33. და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და შორის წმიდისა წმიდათასა.

34. და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა.

35. და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა.

36. და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად:

37. და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი ხარისხნი რვალისანი.

27

1. და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი.

2. და უქმნნე რქანი ოთხთა კიდეთა მისთა. მისგანვე იყვნენ რქანი მისნი და დაჰფარნე იგინი რვალითა.

3. და უქმნნე გჳრგჳნი საკურთხეველსა, დასაბურავი მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი და საცეცხური მისი და ყოველი ჭურჭელი მისი ჰქმნე რვალისა.

4. და უქმნე ლანძჳ ბადის სახე რვალისაჲ და აქმნე ლანძუსა ოთხნი ბეჭედნი რვალისანი ოთხთა კიდეთა მისთა.

5. და შემოუდრიკნე იგინი ლანძუსა მას საკურთხეველისასა ქუეშე კერძო, ხოლო იყოს ლანძჳ იგი ვიდრე ნახევრადმდე საკურთხეველისა.

6. და უქმნე აღსაღებელი საკურთხეველსა მას ძელთაგან ულპოლველთა და გარე შეჰრვალნე იგინი რვალითა.

7. და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა მათ და იყვნენ აღსაღებელნი იგი ორთავე გუერდთა საკურთხეველისათა აღსაღებელად მისსა.

8. გრძელოვნად ფიცრედად ჰქმნე იგი ჩუენებულისაებრ შენდა მთასა ზედა, ეგრეთ ჰქმნნე.

9. და ჰქმნე ეზოჲ ტაძრისა კერძოჲსაჲ სამხრად მიმართსა, კრეტსაბმელი ეზოჲსაჲ ბისონისგან ძახილისა, სიგრძე - ასი წყრთაჲ ერთისა მის მომრგულებისაჲ.

10. და სუეტნი მათნი ოცნი და ხარისხნი მათნი - ოცნი რვალისანი და კარშიკნი მათნი და მარწუხნი მათნი - ვეცხლისანი.

11. ეგრეთვე კერძოსა აღმოსავლად მიმართსა - კრეტსაბმელი, ასი წყრთა სიგრძით და სუეტნი მისნი ოცნი - რვალისანი და ხარისხნი მისნი ოცნი - რვალისანი და კარშიკნი მისნი და მარწუხნი სუეტთანი და ხარსხნი - გარემოვეცხლულ ვეცხლითა.

12. ხოლო სივრცე ეზოჲსა ზღჳთ კერძოჲსა - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მისნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

13. ხოლო სივრცე ეზოჲსა ჩრდილო კერძოჲსაჲ - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მათნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

14. და ათხუთმეტი წყრთაჲ - სიმაღლე კრეტსაბმელთა ერთისა მის კერძოჲსათა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

15. და მეორისა კერძოჲსა - ათხუთმეტი წყრთაჲ სიმაღლე კრეტსაბმელთა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

16. და ბჭესა მას ეზოჲსასა საბურველი - ოცი წყრთაჲ სიმაღლით ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ჭრელად ნემსულისა სუეტნი მისნი - ოთხ და ხარისხნი მისნი - ოთხ.

17. ყოველნი სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს - რვალისანი და მოვეცხლილნი ვეცხლითა, სუეტის თავნი მათნი - ვეცხლისანი და ხარისხნი მაინი - რვალისანი.

18. ხოლო სიგრძე ეზოჲსა - ასი ასსა თანა და სივრცე - ერგასისი ერგასისსა თანა, და სიმაღლე - ხუთ წყრთა ბისონისაგან გრეხილისა და ხარისხნი მათნი რვალისანი.

19. და ყოველი სამზადისი კარვისა და ყოველნი ჭურჭელნი და მანანი მის ეზოჲსანი - რვალისანი.

20. და შენ ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე ზეთი ზეთთაგან უთხლეო, წმიდა, წურვილი სანთებლად, რათა მარადის ენთებოდის სასანთლე.

21. კარავსა შინა წამებისასა გარეშე კრეტსაბმელსა ზედა კერძოსა აღთქუმისასა ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე წინაშე უფლისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა ძეთა მიერ ისრაჱლისათა.

28

1. და შენ მოიყვანე თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმაჲ შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.

2. და უქმნე შესამოსელი წმიდაჲ აჰრონს, ძმასა შენსა, უქმნე პატივად და დიდებად.

3. და შენ მოუწოდე ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღვავსენ სულითა მგძნობელობისათა და უქმნენ სამოსელი წმიდა აჰრონს სიწმიდედ, რომლითა მღდლობდეს ჩემდა.

4. და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ მკრდისა ზედა და სამჴარი და პოდირი და შესამოსელი ფესუედი და კიდარი და სარტყელი, და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა.

5. და მათ მოიღონ ოქროჲ და ძოწეული და ჳაკინთი და პორფირი და ბისონი.

6. და შექმნან სამჴარი ბისონისაგან გრეხილისა ნაქმრად ქსოილად ჭრელებულად.

7. ორნი სამჴარნი იყვნენ მისნი, სხჳთა და სხჳთა თანა შემწყუმელნი მისნი, ორთავე კერძოთა ზედა განმარტებულნი.

8. და ნაქსოჲ - სამჴართა, რომელ არს მას ზედა, ქმნულებისაებრ მისგანვე იყოს ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა.

9. და მოიხუნე ორნი ქვანი სამარაგდონნი და სწახნაგნე მათ ზედა სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი.

10. და ექუსნი სახელნი - ქვასა ზედა ერთსა და ექუსნი სახელნი სხუანი - ქვასა მეორესა ნათესავთაებრ მათთა.

11. საქმედ ქვის მოქმედებითისა ჴელოვნებისად წახნაგებად საბეჭდავისად სწახნაგნე ორნი ქვანი სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათასა, გამოსახულად და გამოწახნაგებულად ოქროჲთა ჰქმნე იგინი.

12. და დაჰსხნე ორნი იგი ქვანი მჴართა ზედა სამჴართასა, ქვანი მოსაჴსენებელისანი არიან ძეთა ისრაჱლისათანი და აღიღებდეს აჰრონ სახელებსა ძეთა ისრაჱლისათასა წინაშე უფლისა ორთა ზედა მჴართა მისთა მოსაჴსენებელად მათთჳს.

13. და ჰქმნნე ფარის სახენი ოქროჲსაგან წმიდისა.

14. და ჰქმნნე ორნი ფესჳს სახენი ოქროჲსაგან წმიდისა აღრეული ყუავილთა თანა ნაქმრად თხზულებისა, და დასხნე ფესჳს სახენი იგი განთხზულნი ფარის სახეთა მათ ზედა დასასრულსა

15. თანა მათსა წინაჲ კერძოჲთგან. და ჰქმნა სიტყჳერი მსჯავრთა მსგავსად ჭრელებულად შენაწევრებისაებრ სამჴართასა. ჰქმნა იგი ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა გრეხილისა და ბისონისა ძახილისა.

16. ჰმნე იგი მოთხვით. იყოს იგი მრჩობლ მტკავლეული სიგრძით და მტკავლეული სივრცით.

17. და ქსოო მას შინა ნაქსოვი ქვათაგან ოთხ სტიქონი და სტიქონი ქვათაჲ იყოს: სარდიონი, პაზიონი, სამარაგდონი - სტიქონი.

18. და სტიქონი მეორე - ანთრაკი და საპფირონი და იასპი.

19. და სტიქონი მესამე - ლიგჳრი და აქატი და ამეთჳსოს.

20. და სტიქონი მეოთხე - ოქროქვაჲ და ბჳრილლიონი და ფრცხილი. გარემობურვილ ოქროჲთა იყვნენ სტიქონეულად სახელნი მათნი.

21. და ქვანი იყვნენ სახელთაებრ ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტ მსგავსად სახელთა მათთა წახნაგებულ ბეჭდებრ, თითოეული იყვნენ სახელსა ზედა ათორმეტთა ტომთასა.

22. და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ფესუნი განთხზულნი ნაქმარად ჯაჭუედად ოქროსაგან წმიდისა.

23. და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე ორნი იგი ბეჭედნი ორთა ზედა კიდეთა სიტყჳერისათა.

24. და დაასხნე ორნი იგი ჯაჭუედნი ოქროჲსანი ორთა ზედა ბეჭედთა კიდესა თანა სიტყჳერისასა.

25. და ორნი მწუერვალნი ორთა ზედა ჯაჭუედთანი განუხუნე ორთა შინა შესაკრავთა და დაჰსხნე მჴართა ზედა სამჴრისათა შუბლსა თანა პირისა მისისასა.

26. და ჰქნნე ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მწუერვალთა სიტყჳერისათა, კიდესა თანა მისსა, რომელ არს კერძოჲსა თანა სამჴართასა შინათ კერძო.

27. და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მჴართა სამჴრისათა ქუეშე კერძო პირით კერძოჲსა თანა შესაკრებელსა მათსა, ზედა კერძო ღონესა მას სამჴრისასა.

28. და შეჰკრვიდენ სიტყჳერსა ბეჭედსა ზედა მისსა ბეჭდისა მიმართ სამჴართასა გრეხილითა ჳაკინთისათა, რათა იყოს იგი ღონესა ზედა სამჴრისასა, და არა განჰყო სიტყჳერი სამჴრისაგან.

29. და მოიხუნეს აჰრონ სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი სიტყჳერსა ზედა მშჯავრთასა მკრდითა თჳსითა შემავალმან წმიდად მიმართ საჴსენებელად სამარადისოდ წინაშე ღმრთისა.

30. და დაჰსხნე სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა ფესუნი ჯაჭუედნი, ორთავე კიდეთა ზედა სიტყჳერისათა დაჰსხნე, და ორნი ფარის სახენი დაჰსხნე ორთავე ზედა მჴართა სამჴრისათა პირით კერძო, და დასდვა სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა გამოცხადებაჲ და ჭეშმარიტებაჲ და იყვნენ მკერდსა ზედა აჰრონისასა, რაჟამს შევიდოდის წმიდად მიმართ წინაშე უფლისა და მიიხუნეს აჰრონ მშჯავრნი ძეთა ისრაჱლისათანი მკერდსა ზედა უფლისა მარადის.

31. და ჰქმნა ქუეშეთსაცუმელი პოდირი ყოვლად ჳაკინთოვანი.

32. და იყოს პირის გარემოჲსი დასაწყისისა მისისა საშუალო მქონებელი სირასა გარემო პირის გარემოჲსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს.

33. და ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.

34. ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოჲსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲს.

35. და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს.

36. და ჰქმნა პეტალი ოქროჲსა წმიდაჲ და ჰსწახნაგო მას ზედა წახნაგებად ბეჭდისად სიწმიდე უფლისა.

37. და დასდვა იგი ჳაკინთსა ქუეშე გრეხილსა და იყოს მიტრასა ზედა, პირსა ზედა მიტრასასა იყოს.

38. და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისასა და აღიხუნეს აჰრონ ცოდვანი წმიდათანი, რაოდენნიცა განწმიდნენ ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოსაცემელი წმიდათა მათთა, და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისსა სამარადისოდ მითუალულად მათთჳს წინაშე უფლისა.

39. დასკუნილნი სამოსელთაგან ბისონისაგან და ჰქმნა კიდარი ბისონისაჲ და სარტყელი ჰქმნა ნაქმარად ჭრელებულად.

40. და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.

41. და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.

42. და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.

43. და ემოსნენ იგინი აჰრონს და ძეთა მისთა, რაჟამს შევიდოდიან კარავსა საწამებელსა, და ანუ რაჟამს შევიდოდიან მსახურებად საკურთხეველსა წმიდისა, და არა აღიღონ თავთა მათთა თანა ცოდვაჲ, რათა არა მოკუდენ შჯულად საუკუნოდ მისსა და თესლისა მისისა მის თანა.

29

1. და ესე არიან, რომელნი უყვნე მათ, განწმიდენ იგინი, რათა მიმღდელობდენ მე იგინი, მოიყუანო ზუარაკი ზროხათაგან ერთი და ვერძნი უბიწონი ორნი.

2. და პურნი უცომონი, გამოზელილნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი, ცხებულნი ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნნე იგინი.

3. და დააგნე იგინი ლანკნასა ზედა ერთსა და შესწირნე იგინი ლანკნითა მით და ზუარაკი და ორნი ვერძნი.

4. და აჰრონ და ძენი მისნი მოიყუანნე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა და განჰბანნე იგინი წყლითა.

5. და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა.

6. და დაადგა მიტრა თავსა ზედა მისსა და დასდვა პეტალი განწმედისაჲ მიტრასა ზედა.

7. და მოიღო ზეთი ცხებისა და დაასხა თავსა ზედა მისსა და სცხო მას.

8. და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსნე მათ შესამოსელნი და შეარტყნე მათ სარტყელნი.

9. და დაადგნე მათ კიდარნი და იყოს მათდა მღდელობაჲ ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი.

10. და მოიყუანო ზუარაკი კართა თანა კარვისა საწამებელისათა და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

11. და დაჰკლა ზუარაკი წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12. და მოიღო სისხლისაგან ზუარაკისა და სცხო რქათა საკურთხეველისათა თითითა შენითა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი სისხლი მოჰღუარო ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

13. და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ და ყური ღვიძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მის ზედაჲ და აკუმიო და დააგო საკურთხვველსა ზედა.

14. ხოლო ჴორცნი ზუარაკისანი და ტყავი მისი და სკორე მისი დასწუა გარეშე ბანაკისა, რამეთუ ცოდვისა არს.

15. და მოიყვანო ვერძი ერთი და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა.

16. და დაჰკლა ვერძი, და მომღებელმან სისხლისა მისისამან მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემო.

17. და ვვრძი განჰკუეთო ორად განაწილებით და განჰრცხნე შინაგანნი მისნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დაჰსხნე ორგანკუეთილებითა ზედა თავისა თანა მისისა.

18. და აღიღო ვერძი სრულებით საკურთხეველსა ზედა და ყოვლად დასაწველ იყოს უფლისა სულად სულნელებისად.

19. და მოიბა ვერძი მეორე, დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ვერძისასა.

20. და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.

21. და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.

22. და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.

23. და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.

24. და დააგნე ყოველნი ჴელთა ზედა აჰრონისთა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და განაჩინნე იგინი განჩინებად წინაშე უფლისა.

25. და მიითუალნეს იგინი ჴელთაგან მათთა და აღიხუნე იგინი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველობისასა სულად სულნელებისად წინაშე უფალსა, ნაყოფება არს უფლისა.

26. და მოიღო მკერდი ვერძისაგან სრულებისასა, რომელ არს აჰრონისი, და განაჩინო იგი განჩინებად წინაშე უფლისა და იყოს შენდა ნაწილად.

27. და წმიდა-ჰყო მკერდი განჩინებული და მჴარი განჩინებისა, რომელი განჩინებულ არს და რომელი შეწირულ არს ვერძისაგან

28. სრულებისასა აჰრონისაგან და ძეთა მისთაგან შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა, რამეთუ არს განჩინებული ესე და განჩინებაჲ იყოს ძეთაგან ისრაჱლისათა საკლველთაგან ცხორებისათა განჩინებული უფლისა.

29. და სამოსელი სიწმიდისა, რომელ არს აჰრონისსა, იყოს ძეთა მისთაცა მის თანა, ცხებად მათდა მათ შინა და განსრულებად ჴელთა მათთა.

30. შჳდ დღე შეიმოსდეს მათ მღდელი, ნაცვალი მისი, ძეთა მისთაგანი, რომელი შევიდოდის კარვად საწამებელად მსახურებად მის შორისთა წმიდათა.

31. და ვერძი სრულებისა მოიღო და შეაგბო ჴორცი მისი ადგილსა წმიდასა.

32. და შეჭამნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴორცნი ვერძისანი და პურნი ლაკნისანი, კართა თანა კარვისა საწამებელისათა შეჭამნენ იგინი.

33. რომელთა შინა წმიდა იქმნნეს, მათ შინა სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი და განწმდეს იგინი და სხუა ნათესავმან არა ჭამოს მათგან, რამეთუ არიან წმიდა.

34. ხოლო უკეთუ დაშთეს ჴორცთაგან სრულებისათაჲსა და პურთაგან ვიდრე განთიადმდე, დასწუა იგი ცეცხლითა და სხუანი არა იჭამნენ, რამეთუ სიწმიდენი არიან.

35. და უყვნენ აჰრონს და ძეთა მისთა ყოველნი, რაოდენნი გამცნენ შენ. შჳდთა დღეთა განასრულნე ჴელნი მათნი.

36. და ჴბოჲ ცოდვისა ჰქმნა დღესა განწმედისასა და წმიდა-ჰყო საკურთხეველი განწმედითა შენითა მას ზედა და სცხო მას. შჳდთა დღეთა განსწმიდო საკურთხეველი და წმიდა-ჰყო იგი და იყოს საკურთხეველი წმიდაჲ წმიდისა. ყოველი, რომელი შეეხოს საკურთხვველსა, განწმდეს.

37. და ესენი არიან, რომელნი ჰქმნნე საკურთხეველსა ზედა ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი, ორნი დღესა შინა მიმდემად ნაყოფებად სამიმდემოდ.

38. კრავი ერთი ჰყო ცისკრად და კრავი მეორე ჰყო მიმწუხრი.

39. და მეათედი სამინდოჲსა შესუარული ზეთითა წმიდითა ერთსა კრავსა თანა მეოთხედი სათუელისაჲ საღჳნისაჲ კრავსა ერთსა.

40. და კრავი მეორე ჰქმნა მიმწუხრი მსხუერპლისაებრ საცისკროჲსა და შეწირვისაებრ მისისა ჰქმნა სულად სულნელებისად.

41. ნაყოფებად უფლისა მსხუერპლი სამიმდემო ნათესავსა შინა თქუენსა კართა ზედა წინაშე უფლისა კარვისა საწამებელისათა, რომელთა შორის გეცნობო შენ მუნ ვიდრე ზრახვადმდე შენდა.

42. და უბრძანებდე მუნ ძეთა ისრაჱლისათა და განვწმიდნე მე დიდებითა ჩემითა.

43. და განვწმიდო კარავი წამებისა და საკურთხეველი, და აჰრონ და ძენი მისნი განვწმიდნე მღდელობად ჩემდა.

44. და წოდებულ ვიქმნე ძეთა ზედა ისრაჱლისათა და ვიყო მე მათდა ღმერთ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ქუეყანით ეგჳპტით,

45. წოდებად მათ ზედა და ღმერთ მათდა ყოფად.

30

1. და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა.

2. და ჰქმნა იგი წყრთეულ სიგრძით და წყრთეულ სივრცით, მოთხჳთ იყოს იგი, და ორ წყრთეულ სიმაღლედ. მისგანვე იყვნედ რქანი მისნი და ოქროვან.

3. ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა იატაკი მისი და კედელნი მისნი გარემოჲს და რქანი მისნი, უქმნნე მას ღულარჭნილი გჳრგჳნი ოქროჲსა გარემოჲს.

4. და ორნი კარშიკნი ოქროჲსანი წმიდანი უქმნნე მას ღულარჭნილსა ქუეშე გჳრგჳნსა მისსა ორნი კიდენი

5. უქმნნე ორთა ზედა გუერდთა, იყუნენ მარწუხად კუერთხებნი, რათა აღიღოდიან იგინი მით.

6. და კუერთხნი იგი ჰქმნნე ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა.

7. და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელი არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა, რთმელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ.

8. და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წყლითა განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ.

9. და რაჟამს აღანთებდეს აჰრონ სასანთლესა, მწუხრი აკუმიოს მას ზედა საკუმეველი სამიმდემო მარადის წინაშე უფლისა ნათესავსა შინა მათსა.

10. და არა აღვიდეს მას ზედა საკუმეველი სხუა, ნაყოფვბაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი არა შეწირულ იქმნნეს მას ზედა.

11. და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს.

12. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა.

13. და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ.

14. ყოველი, რომელი წარიჴდიდეს მოხედვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაესი, მისცენ სახარკოჲ უფალსა.

15. მდიდარმან არა შემატოს და მკოდოვანმან არა დააკლოს.

16. ნახევრისაგან დიდრაქმისა მი-რა-სცემდით უფალსა სახარკოჲსა ძენი ისრაილისანი ლხინებისათჳს სულთა თქუენთასა და მოიღო ვეცხლი სახარკოჲსა ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარვისა საწამებელისა. და იყოს ძეთათჳს ისრაჱლისათა მოსაჴსენებელად წინაშე უფლისა ლხინებისათჳს სულთა მათთასა.

17. და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

18. ქმენ ემბაზი რვალისა და ხარისხი მისი რვალისა დასაბანელად დასდგა იგი შორის კარვისა საწემებელისა და შთაასხა მას შინა წყალი.

19. დაიბანოდიან აჰრონ და ძენი მისნი მისგან ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა.

20. რაჟამს შევიდოდინ კარვად საწამებელისად, დაიბანოდინ წყლითა, რათა არა მოკუდენ, ანუ რაჟამს მოუჴდებოდინ საკურთხეველსა მსახურებად და შეწირვად უფლისა ყოვლად დასაწველთა. დაიბანოდინ ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა წყლითა.

21. და არა მოკუდენ და იყო მათდა და ნათესავთა მისთა.

22. და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

23. და შენ მოიხვენ სულნელი ყვავილი ზმჳრნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო სულნელთა ნახევარი მისი - ორის და ერგასისი და საკუმეველი და კალამი სულნელთა - ორის და ერგასისი.

24. და ირეოს ხუთასი სიკილაჲ წმიდისა და ზეთი ზეთთაგან სათველი ერთი.

25. და ჰქმნე იგი ზეთი საცხებელი წმიდაჲ მიჰრონად მიჰრონობითად ნაჴელოვნებად მემიჰრონისად, ზეთი ცხებისა წმიდა იყოს.

26. და სცხო მისგან კარავსა წამებისასა და კიდობანსა მას საწამებელისა,

27. და საკურთხეველსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, სასანთლესა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საკურთხეველსა საკუმეველთასა, საკურთხეველსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მათთა.

28. და ტრაპეზსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისსა.

29. და განწმიდნე იგინი და იყავნ წმიდაჲ წმიდათა. ყოველი, რომელი შეეხოს მათ, წმიდა იქმნეს.

30. და აჰრონს და ძეთა მისთა სცხო და წმიდა-ჰყვნე იგინი მღდელობად ჩემდა.

31. და ძეთა ისრაჱლისათა ჰრქუა მეტყუელმან: ზეთი, საცხებელი ცხებისა, წმიდა იყოს ესე თქუენდა უკუნისამდე.

32. და ჴორცსა კაცისასა არა შეეხოს და მსგავსად შეზავებულობისა მისისა ჰქმნე ეგრეთვე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს თქუენდა.

33. რომელმან ქნეს ეგრეთვე და რომელმან უქმნეს უცხოთესლსა, მოისპოს იგი ერისგან თჳსისა.

34. და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სუნელი შტახსი და ფრჩხილი და ბანე და გუნდრუკი მჭვინარე სწორ-სწორი იყოს.

35. და ჰქმნე იგი საკუმეველად მენელსაცხებელთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთად, აღზავებული განრჩეული წმიდაჲ.

36. და მოჰგალო ამისგან წვლილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა და კარსა მას კარისა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადოდი შენ, წმიდაჲ წმიდათა იყოს საკურთხეველი იგი თქუენდა ამის ქმნულებისაებრ.

37. არა ჰქმნათ თავისა თქუენისა სხუაჲ საკუმეველი, სიწმიდე უფალი იყოს თქუენდა. კაცმან, რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან თჳსისა.