წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

6

1. ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.

2. ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

3. რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ?

4. და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

5. და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

6. წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა.

7. და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა.

8. და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

9. ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

10. ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

11. შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

12. იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ?

13. ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

14. და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი.

15. ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

16. და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ.

17. და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი.

18. და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ.

19. და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

20. და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ.

21. და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი.

22. და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.

23. და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.

24. და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი.

25. და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.

26. ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.

27. ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.

28. დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ.

29. და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

7

1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ.

2. შენ ეტყოდი მას ყოველსავე, რაოდენსა გამცნებდე შენ და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

3. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

4. და არა ისმინოს თქუენი ფარაო და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურისგებითა დიდითა.

5. და ცნან ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი შორის მათსა.

6. და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, ეგრეცა ყვეს.

7. მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ - ოთხმეოცდასამის წლის, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.

8. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს მეტყუელი,

9. და ჰრქუა: უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული, ანუ ნიში უფლისა მიერ, შენ ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და იქმნეს ვეშაპ.

10. და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.

11. მოუწოდა ფარაო ბრძენთა ეგჳპტისათა და გრძნეულთა და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე.

12. და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნა იგი ვეშაპებ. და შთანთქა კუერთხმან მან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.

13. და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.

14. ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.

15. მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა ეგერა, იგი გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი იგი, რომელ გარდაიქცა გუელად, მოიღე ჴელითა შენითა.

16. და არქუ მას: უფალმან ღმერთამან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და, აჰა ეგერა, არა ისმინე აქამომდე.

17. ამას იტყჳს უფალი: ამით ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა ესერა, მე ვსცე კუერთხით ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.

18. და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდენ და დაყროლდეს მდინარე იგი და ვერ ეძლოს ეგჳპტელთა მათ სუმად წყალი მდინარისა მისგან.

19. ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.

20. და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.

21. და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

22. ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა და განიფიცხა გული ფარაო და არა ინება გამოვლინებად ერი იგი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.

23. მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსად და არა დააყოვნა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.

24. თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რათამცა სუეს წყალი და ვერ ეძლო წყალი სუმად მდინარისა მისგან. და აღესრულნეს შჳდ დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა მისგან უფლისა მიერ.

8

1. ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე.

2. უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღუარნი შენნი მყუარითა.

3. და გამოსცეს მდინარემან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.

4. და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარნი.

5. ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა დ აღმოიყვანე მყუარი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

6. და განირთხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყუანა მყვარი. და აღმოვიდა მყვარი და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.

7. ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოავლინნეს მყვარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.

8. მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ თქუენისა, რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისგან და განვავლინო ერი ესე. რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.

9. და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო-მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს და მსახურთა შენთათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

10. და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქუ, რათა უწყოდე, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთი უფლისა გარეშე.

11. და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისაგან და მსახურთა მაგათ შენთაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

12. და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოჲსა და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო-იღეს მათ ფარაოსგან.

13. უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.

14. და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა.

15. იხილა რაჲ იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლებისაგან მისისა, მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანებაჲ იგი ღმრთისაჲ.

16. და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი, დაეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად ყოველსა ქუეყნასა ეგჳპტისასა.

17. აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა, დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა. და ყოველივე ნაპრალი მის ქუეყანისა აღივსო მუმლითა მით.

18. ყვიანღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანებაჲ მუმლისა, განა-ვერ-ვე-აძლიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა.

19. ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისაჲ არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან.

20. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ შენ წინაშე ფარაოჲსა და მუნთქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მმსახურონ მე.

21. უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.

22. და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.

23. და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.

24. და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ყოველი ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.

25. მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მივედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

26. და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევიწრეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით მეგჳპტელთათა, ვამსხვერპლოთ წინაშე, ქჳთა განვიტჳნნეთ.

27. არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა უდაბნოდ და მუნ შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.

28. და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუვე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.

29. ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე, მონათა შენთა და ერსა შენსა ხვალევე. ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.

30. გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

31. და ყო უფალმან, ვითარცა იგი ჰრქუა მას მოსე, და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და არა დაშთა არცაღა ერთ.

32. მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული თჳსი და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.

9

1. და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე შენ, შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მმსახურონ მე.

2. უკუეთუ არა გინდეს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, მერმეცა იპყრობდე მას,

3. აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.

4. და ვისაკვირველო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არცაღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღა თუ ერთ.

5. და დრო-უყო ღმერთმან და თქუა: ხვალისა დღესა ყოს ღმერთმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.

6. და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუაჲ იგი და მოიწია სიკუდილი ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა არა განეჴუა არცაღა ერთ.

7. იხილა რაჲ ფარაო, რამეთუ საცხოვათა მათგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.

8. და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.

9. და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

10. და მოიღეს ნაცარი იგი თორნისაჲ და აღაცცა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.

11. და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტაკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

12. და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.

13. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარსა წინაშე ფარაოჲსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მმსახურონ მე ამას ჟამსა.

14. და მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი, რაჲ-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა მონათა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არა ვინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.

15. რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ გუემითა მრავლითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.

16. რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.

17. აწ უკუე შენ იპყრობვეღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.

18. აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათ მოაქამომდე.

19. აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელ იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუაჲ იგი და მოსპოლვიდეს მას.

20. და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.

21. და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.

22. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა, რომელ არს ველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

23. აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმაჲ ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუაჲ იგი სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას. და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

24. და სეტყუდა სეტყუაჲ იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას და იყო სეტყუაჲ იგი სასტიკ ფრიად, რომელ არა ოდეს ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

25. და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე. და ყოველი თივაჲ ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისაჲ შემუსრა.

26. გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ იგი.

27. მიავლინა ფარაო და მოუწოდა მაოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.

28. ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა და დასცხრეს ჴმაჲ ესე სეტყჳსა და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.

29. ჰრქუა მას მოსე: აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა. და ჴმაჲ ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუაჲ ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმაჲ ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.

30. არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.

31. რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.

32. ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

33. და გამოვიდა მოსე ფარაოჲსაგან ქალაქსა მას, აღიპყრა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმაჲ იგი და სეტყუაჲ დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.

34. იხილა რაჲ ფარაო. რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუაჲ და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვეღა-სძინა შეცოდებაჲ.

35. და განიფიცხა გული მისი და გული ერისა მისისა და არღარა განუტევნა ძენი ისრაჱლისანი. ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

10

1. და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოჲსა, რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისაჲ და გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ყოველი ესე სასწაული მის ზედა.

2. რათა თქუენცა უთხრათ შჳლთა თქუენთა და შვილის შვილთა თქუენთა-ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

3. და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა გულისჴმა-ჰყოთ და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი. შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ებრაელთა: ვიდრემდის არა გრცხუენოდის, გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურებაჲ მმსახურონ მე.

4. უკუეთუ არა გნებავს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, ხვალე და მასვე ჟამსა შინა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი.

5. და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისაჲ და ვერ იხილო ქუეყანაჲ იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის შენისაჲ.

6. აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა და ყოველივე სახლები აღივსოს ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არა სადა ეხილვოს მამათა თქუენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა მოდღენდელად დღედმდე, მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოჲსა მთავართა თჳსთა.

7. ჰრქუეს მონათა ფარაოს: ვიდრემდე იყოს გუემა ესე ჩუენ ზედა, განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურებაჲ ჰმსახურონ უფალსა თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?

8. და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ?

9. მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.

10. და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა.

11. არა ეგრე არს. ნუ მიხუალთ, არამედ მამანი ხოლო მივიდე და მსახურებაჲ თჳსი ჰმსახურედ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებდი თქუენ. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა.

12. ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან

13. აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ. განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა.

14. და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან აქამომდე.

15. და დაფარა ყოველი პირი ქუეყანისაჲ და განრყუნა ყოველი ქუეყანა ეგჳპტელთაჲ და შეჭამა ყოველი მწუანვილი ველისაჲ და ყოველი ნაყოფი ხისაჲ, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა და არა დაშთა რაჲთურთით მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

16. სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე მე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენცა.

17. ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა. და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან მკალი ესე.

18. და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

19. და გარდააქცია უფალმან ქარი იგი უსასტიკესად ზღჳთ, და აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა რაჲთურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

20. მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი, და არავე უნდა განტევებაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა.

21. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ უღაღ, ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა!

22. აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე.

23. და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი და არა ვის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცელით თჳსით სამთა მათ დღეთა. ხოლო ძეთა მათ ისრაჱლისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა.

24. მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ ადგილობანს იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით.

25. მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩვენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

26. აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ, არცაღა ჭლაკი ერთი მათგანი, რამეთუ არა უწყით, რაჲ სათნო იყოს მსახურებად უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, მსხუერპლი საკუერთხთაჲ ნაყოისა მის ჩუენისაგნი, არც უწყით, რაჲ ბრძანებაჲ გამოვიდეს ჩუენდა მსახურებისა მისთჳს მსხუერპლთასა ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას მსხუერპლისასა.

27. მერმე გან-ვე-უფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არავე უნდა გამოტევებაჲ მათი.

28. და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა განმეშორენით, წარვედით ჩემგან და ნუღარა შესძინებთ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ რომელსა დღესა მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე!

29. ჰრქუა მას მოსე: არღარა გეჩუენო პირსა შენსა.