წინასწარმეტყველება იერემიასი

1

1. სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,

2. რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,

3. და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.

4. და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

5. პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.

6. და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.

7. და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.

8. ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

9. და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.

10. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.

11. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ: არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.

12. და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა ჩემთა ქმნად მათდა.

13. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ: სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა.

14. და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15. რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, - და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.

16. და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა.

17. და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

18. აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.

19. და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

2

1. და იყო სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა:

3. წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა; ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ, ბოროტნი მოიწინენ მათ ზედა, - იტყჳს უფალი:

4. ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო!

5. ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.

6. და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა,

7. და შემყუანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა. და შეხუედით და შეაგინეთ ქვეყანა ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად.

8. მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე. და მწყემსნი უთნოობენ ჩემდამო და წინაწარმეტყუელნი უწინაწარმეტყუელებდეს ბაალსა, და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს.

9. ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, - იტყჳს უფალი, - და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე,

10. რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიიმისთა და იხილეთ, და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმა-ყავთ ფრიად, და იხილეთ, უკეთუ იქმნეს ესევითარნი.

11. უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.

12. განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი.

13. რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.

14. ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა?

15. მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინოსაქმნელად, და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ.

16. და ძეთა მემფისათა და ტაფანაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ.

17. არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, -იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა?

18. და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა?

19. გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,

20. რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა,

21. ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ?

22. უკუეთუ განიბანო ბავრუკითა და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი,

23. ვითარ იტყჳ: არ შევიგინე და უკანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა, და ცან, რაჲ ჰყავ.

24. მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა, გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოსათა; გულისთქუმათა შინა სულისა მისისათა სულშემოსილობდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი.

25. მოაქციე ფეჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და ჴორცი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და შემდგომად მათსა ვიდოდა.

26. ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა.

27. ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

28. და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.

29. რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ ყოველნი უთნო იქმნენით ჩემდამო. - იტყჳს უფალი, -

30. და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.

31. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.

32. ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

33. რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა.

34. და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთა, არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა.

35. და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მიიქეცინ გულისწყრომა მისი ჩემგან. აჰა, მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე,

36. რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმენ, სირცხჳლეულ იქმენ ასურეთით,

37. რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხვიდე, და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოება შენი, და არ წარგემართოს მას შინა.

3

1. უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, -

2. აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.

3. და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ,

4. არა ვითარცა სახლი მიწოდე მე, და მამა წინამძღუარ ქალწულებისა შენისა?

5. ნუ დაადგრეს უკუნისამდე. ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა, სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე, და შეუძლე.

6. და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.

7. და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.

8. და ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.

9. და იქმნა არარად სიძვა მისი, და შესვარა ქუეყანა და იმრუშა ძელი და ქვაჲ.

10. და ამათ ყოველთა ზედა არა მოიქცა ჩემდამო უზავი იუდაჲ, დაჲ მისი, ყოვლით გამო გულისა მისისათ; არამედ ტყუილით, - თქვა უფალმან.

11. და თქვა უფალმან ჩემდამო: განიმართლა სული თჳსი ისრაილმან უზავობისა მიერ იუდაჲსა.

12. ვიდოდე და წარიკითხენ სიტყუანი ესე ჩრდილოდ მიმართ და თქუა: მოიქეცით ჩემდამო სახლობაჲ ისრაილისა, - იტყჳს უფალი, - და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, - იტყჳს უფალი, - და არა ძჳრისმჴსენებელი თქუენი უკუნისამდე.

13. ოდენ ცან უსამართლოება შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა, უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშე ყოვლისა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ჴმისა ჩემისა არა ისმინე, - იტყჳს უფალი, -

14. მოიქეცით, ძენი განდგომილისანი, - იტყჳს უფალი, - მით, რამეთუ მე დაგეუფლო თქუენ, და მიგიხუნე თქუენ ერთი ქალაქისაგან და ორნი ტომისაგან, და შეგიყვანნე თქუენ სიონდ.

15. და მიგცნე თქუენ მწყემსნი გულისაებრ ჩემისა და გმწყსიდენ თქუენ მმწყსელნი ჴელოვნებით.

16. და იყოს, უკეთუ განმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი, - და მათ დღეთა შინა არა თქვან: მერმე კიდობანი აღთქუმისა წმიდისა ისრაილისა არა აღვიდეს გულსა ზედა, არცა სახელ-იდვას მის შორის, არცა ზედგანიხილვოს და არა იქმნას მერმე მათ დღეთა შინა.

17. და იყოს, მას ჟამსა შინა უწოდდენ იერუსალიმსა საყდარ უფლისა, და შეკრბენ მისდამი ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისათა იერუსალიმად, და არა ვიდოდიან მერმეცა შემდგომად მოგონებათა მათთა გულისა უკეთურისათა.

18. მათ დღეთა შინა თანად მოვიდენ სახლი იუდაჲსი, სახლსა თანა ისრაილისასა, და მოვიდენ ერთბამად ჩრდილოთ გამო და ყოველთაგან სოფლებთა ქუეყანისა მომართ, რომელი დაუმკვიდრეს მამათა მათთა.

19. და მე ვთქუ: იყავნ, უფალო, ოდეს დაგაწესო შენ შვილად, და მიგცე შენ ქუეყანა რჩეულად სამკჳდრებელად სახელოვანი, ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისად წარმართთასა და ვთქუ: მამად მხადო მე და ჩემგან არა განსდგე,

20. გარნა ვითარ იცრუის დედაკაცმან თანამყოფისამე თჳსისა, ეგრეთ იცრუა ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, - იტყჳს უფალი.

21. ჴმა ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისა ძეთა ისრაილისათა მით, რამეთუ იმძლავრნეს გზათა მათთა შინა, დაივიწყეს ღმრთისა წმიდისა მათისა.

22. მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქვენნი: აჰა, მიხილენ ჩუენ, შენნი ვართ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩუენი ხარ.

23. ნანდვილ ტყუილი სადმე იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, გარნა უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა მაცხოვარება ისრაილისა.

24. ხოლო სირცხჳლმან განლინა რუდუნებანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკითგან მათით: ცხოვარნი მათნი, და ზუარაკნი მათნი, ძენი მათნი, და ასულნი მათნი.

25. დავიძინეთ სირცხჳლსა შინა ჩუენსა, და ზედ დამფარნა ჩუენ უპატივოებამან ჩუენმან მით, რამეთუ წინაშე ღმრთისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითგან, ვიდრე ამის დღისამდე, და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

4

1. უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს.

2. და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა,

3. რამეთუ ამათ ეტყჳს კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს: იანეულენით თავთა თჳსთად ანეულნი და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა.

4. წინდაიცვითეთ ღმრთისა თქუენისად და წინდაგეცჳთოს დაუცუეთილობაჲ გულისა თქუენისა, კაცნო იუდაჲსნო და დამკჳდრებულნო იერუსალიმს. ნუ გამოვიდეს, ვითარცა ცეცხლი გულისწყრომაჲ ჩემდა, აღეტყინნეთ და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთასა.

5. იქადაგენ იუდას შორის, და სასმენელ იქმნენინ იერუსალიმს შინა. არქუთ და ეცით საყჳრსა ქუეყანასა ზედა. და ღაღად-ყავთ დიდად, არქუთ: შეკერბით და შევიდეთ ქალაქთამი მოზღუდვილთა.

6. აღმღებელნი შეივლტოდეთ სიონდ. ისწრაფეთ, ნუ სდგათ, რამეთუ ძჳრთა მოვაწევ მე ჩრდილოჲთ გამო და შემუსრვასა დიდსა.

7. აღმოვიდა ლომი საყუდლისაგან თჳსისა, და მომსრველმან ნათესავი აღიღო და გამოვიდა ადგილისაგან თჳსისა დადებად ქუეყანაჲ შენი მოსაოჴრებელად და ქალაქნი შენნი დაირღუენ უმკჳდროობისა მიერ მათისა.

8. ამათ ზედა გარემოირტყეთ ძაძები. და იტყებდით და ვალალაებდით მით, რამეთუ არა მოიქცა გულისწყრომაჲ რისხვისა უფლისა თქუენგან.

9. და იყოს, მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარწყმდეს გული მეფისა და გული მთავართა, და მღდელნი განჰკრთენ და წინაწარმეტყუელნი განჰკჳრდენ.

10. და ვარქუ: ჵ მეუფეო, უფალო, ნუსადა ცთუნებით აცთუნე ერი ესე და იერუსალიმი მეტყუელმან: მშჳდობაჲ იყოს თქუენდა! და შეახო მახჳლმან ვიდრე სულად მათდამდე.

11. მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა ამას და იერუსალიმსა, სული შეცთომილობისა უდაბნოს შინა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისა არა უბიწოებად მიმართ, არცა სიღირსედ.

12. სული წმიდისა მიმართ სავსებისა მოვიდა ჩემდა ამათგან, ხოლო აწ მე ვთქუნე სასჯელნი ჩემნი მათდა მიმართ.

13. აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ.

14. განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?

15. მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით.

16. აღიჴსენეთ, ნათესავნო, აჰა, მოვიდეს, მიუთხართ იერუსალიმს შორის: განსაცდელნი მოვლენ ქუეყანისაგან შორიელისა, და მოსცეს ქალაქთა ზედა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი,

17. ვითარცა მცველნი აგარაკისანი იქმნეს მათ ზედა გარემოს, რამეთუ მე უგულებელს-მყავ, - იტყჳს უფალი:

18. გზათა შენთა და სიმარჯუეთა შენთა გიყვნეს ესენი შენ. და ესე უკეთურება შენი, რამეთუ მწარე არს, რამეთუ შეახო ვიდრე გულად შენდამდე.

19. მუცელი ჩემი, მუცელი ჩემი მელმის და საგრძნობელნი ჩემისა შეირყევიან გულისანი, სული ჩემი განიჭრების და გული ჩემი არა დავსდუმნე, რამეთუ ჴმისა საყჳრისა ისმინა სულმან ჩემმან, ღაღადება ბრძოლათა და საარებაჲ.

20. შემუსრვათა შემუსრვასა ზედა ხადეთ, რამეთუ საარებულ იქმნა ყოველი ქვეყანა, მყის საარებულ იქმნა კარავი, დაიჴსნნეს ზღუდენი კარვისა ჩემისანი,

21. ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა.

22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.

23. მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი.

24. ვიხილენ მთანი და იყვნეს მძრწოლარე და ყოველნი ბორცუნი შერყეულ.

25. მივხედენ და არა იყო კაცი, და ყოველთა მფრინველთა ცისათა ეშინოდა.

26. ვიხილე და, აჰა, კარმელი მოოჴრებულ და ყოველნი ქალაქნი მომწუარ ცეცხლითა პირისაგან უფლისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უჩინო იქმნნეს.

27. ამათ იტყჳს უფალი: ოჴერ იყოს ყოველი ქუეყანა, ხოლო აღსასრული არა ვყო.

28. ამას ზედა იგლოვდინ ქუეყანა და დაბნელდინ ცაჲ ზეგარდამო, რამეთუ ვიტყოდე და არა შევინანო, მივმართე და არა გარემივიქცე მისგან.

29. ჴმისაგან ცხენობისა და მორთხმულისა მშჳდლისა განეშორა ყოველი სოფლები, შეიმალნეს ქუაბებთამი და სამალავთა შინა დაიმალნეს, და კლდეთა მიმართ აღვიდეს. ყოველი ქალაქი დაშთა, არა მკჳდრ არს მათ შინა კაცი.

30. და შენ რაჲ ჰყო? უკეთუ შეიმოსო ძოწეული და შეიმკო სამკაული ოქროსაჲ, და უკეთუ იცხო თვალთა შენთა საგრემილველი, ამაოსა მიმართ არს მომკაულები შენი. განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა, სულსა შენსა ეძიებენ,

31. რამეთუ ჴმაჲ, ვითარცა მლმობელისა, მესმა სულთქუმათა შენთა, ვითარცა პირველმშობიარისა. ჴმჲ ასულისა სიონისა განიჴსნას და წარადგინნეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სული ჩემი მოკლულთა ზედა.

5

1. რბიოდეთ გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ და ცანთ და იძიეთ უბანთა ზედა მისთა, უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა, - იტყჳს უფალი.

2. ცხოველ არს უფალი, - იტყჳან. ამისთჳს არა ტყუილსა ზედა ფუცვენ? უფალო,

3. თვალნი შენნი სარწმუნოებად მიმართ, ჰგუემენ იგინი და არა სტკიოდა. მოასრულენ იგინი და არა ინებეს მითუალვად წურთაჲ. განიმყარნეს პირნი მათნი უფროს კლდისა და არა ინებეს მოქცევაჲ.

4. და მე ვთქუ: ნუუკუე გლახაკნი არიან მით, რამეთუ ვერ შეუძლეს, რამეთუ არა იცნეს გზაჲ უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ.

5. მივიდე მდიდართა მიმართ და ვეზრახო მათ, რამეთუ მათ იცნეს გზა უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ და, აჰა, ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი.

6. ამისთჳს დაესხა მათ ლომი მაღნარით, და მგელმან ვიდრე სახლთამდე მოსწყჳდნა იგინი, და ვეფხმან იღჳძა ქალაქთა მათთა ზედა. ყოველნი გამომავალნი მათგან მონადირებულ იქმნენ, რამეთუ განმრავლდეს უთნოობანი მათნი ძლიერად გარემიქცევასა მათსა შინა.

7. რომელთა ამათთჳს მლხინებელ-გყო შენ? ძეთა შენთა დამიტევეს მე და ფუცვიდეს არამყოფთა მიმართ ღმერთთა; და განვაძღენ იგინი და იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს.

8. ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა.

9. ნუ ამათ ზედა მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავსა ზედა ესევითარსა შურ-იგოს სულმან ჩემმან.

10. აღვედით კაცისთავოანსა მისსა ზედა და დაარღჳენით, ხოლო აღსასრულსა ნუ ჰყოფთ. დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისანი არიან,

11. რამეთუ შეურაცხ-ყოფით შეურაცხება-ყო ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, სახლმან იუდაჲსამან, - თქუა უფალმან, -

12. უტყუა უფალსა თჳსსა, თქუა უფალმან, - და თქუეს: არა არნ ესე, არა მოვიდენ ჩუენ ზედა ბოროტნი, და მახჳლი და სიყმილი არა ვიხილოთ.

13. წინასწარმეტყუელნი ჩუენნი იყუნეს ქარად და სიტყვა უფლისაჲ არა იყო მათ შორის. ესრეთ იყოს მათდა.

14. ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვაჲ ესე, აჰა, მე მივსცენ სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა ცეცხლად, და ერი ესე შეშებ და შეჭამენით იგინი.

15. აჰა, მე მოვაწიო თქუენ ზედა ნათესავი შორით, სახლო ისრაილისაო! - იტყჳს უფალი, - ნათესავი დასაბამისა არს, პირველ ნათესავი საუკუნითგანი ნათესავი, რომლის არა გესმოდის ენაჲ მისი, და არცა გესმნენ, რომელსა გეტყოდეს.

16. კაპარჭნი მისნი, ვითარცა სამარე აღებული, ყოველნი ძლიერ.

17. და შეშჭამდენ სამკალსა თქუენსა და პურთა თქუენთა, და შეშჭამდენ ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა, და შეშჭამდენ ზუარაკთა თქვენთა და ცხოვართა თქუენთა, და შეშჭამდენ ვენაჴთა თქუენთა და ლეღოანსა თქუენსა და ზეთისხეოანსა თქუენსა, და განლეწნენ ქალაქნი მტკიცენი ჩუენნი, რომელთა ესევდით მათდა მიმართ და მახჳლისა.

18. და იყოს, მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - არა გყუნე აღსასრულ.

19. და იყოს, ოდეს სთქუათ: რაჲსათჳს მიყვნა უფალმან ღმერთმან ჩუენ ყოველნი ესე? და ჰრქუა მათ: მის ძლით, რომელ დამიტევეთ მე და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა შინა თქუენსა, ეგრეთ ჰმსახურთ უცხოთა ქუეყანასა შინა არა თქუენსა.

20. მიუთხრენით ესე სახლისა მიმართ იაკობისსა, და სასმენელ იქმნენინ სახლისა მიმართ იუდაჲსსა და არქუთ.

21. ისმინენ ესენი ერმან სულელმან და უგულომან: თვალნი მათდა, და არა ხედვენ, ყურნი მათდა, და არა ესმისყე.

22. ნუ ჩემგან არა შეიშინოთ! - იტყჳს უფალი, - ანუ პირისა ჩემისაგან არ იწიწვოდით, რომელმან დავაწესე ქჳშაჲ საზღუარად ზღჳსა ბრძანებად საუკუნოდ და არა ზეშთაჰჴდეს მას, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და აღიტყუელონ ღელვათა მისთა და არა ზეშთაჰჴდენ მას.

23. ხოლო ერისა ამის იქმნა გული ურჩი და ურწმუნოჲ, მიაქციეს და წარვიდეს.

24. და არა თქუეს გულთა შინა მათთა: შევიშინოთ უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, მომცემელისა ჩუენდა წჳმასა, მსთუასა და მცხუედსა ჟამსა შინა, და სრულებისასა ბრძანებასა მკისასა და დამიცვნა ჩვენ.

25. უსჯულოებათა თქუენთა განდრიკნეს ესენი და ცოდვათა თქუენთა მოაკლნეს კეთილნი თქუენგან,

26. რამეთუ იპოვნეს ერსა შორის ჩემსა უთნონი და მახენი, ვითარცა საბრჴენი და საბრჴენი, ვითარცა მახე მონადირისა, დაარწყუნეს განსახრწნელად კაცთა

27. და შეიპყრობდეს, ვითარცა მახე აღფოლხუებული, სავსე მფრინველებითა, ეგრეთ სახლნი მათნი სავსე ზაკუვითა, ამისთჳს განდიდნეს და გამდიდრდეს,

28. განსუქნეს და განპოხნეს და გარდაჰჴდეს სიტყვათა ჩემთა და მსჯავრსა, და არა შჯიდეს მსჯავრსა ობლისასა და მსჯავრსა ქურივისასა არ სჯიდეს.

29. ნუ ამათ ზედა არ მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავისაგან ესევითარისა არ შურ-იგოს სულმან ჩემმან?

30. განკრთომაჲ და შეძრწუნებანი იქმნეს ქუეყანასა ზედა.

31. წინაწარმეტყუელნი წინასწარმიმეტყველებენ უმართლოთა და მღდელთა აღიტყუელნეს ჴელნი მათნი და ერმან ჩემმან შეიყვარა ესრეთ და რაჲ ჰყოთ ამის შემდგომადთა შინა?