წინასწარმეტყველება იერემიასი

31

1. მას ჯამსა შინა, - თქუა უფალმან, - ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

2. ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოს შინა მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწანებელთამი ისრაჱლისათა. ვიდოდეთ და ნუ მოსრავთ ისრაჱლსა,

3. რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.

4. მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაჱლისაჲ. მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.

5. მერმე დაჰნერგენით ვენაჴებნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგველთა დაჰნერგენით და აქებდით.

6. რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთასა მთათა შორის ეფრემისთა. აღდეგით და აღვიდეთ სიონად უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა,

7. რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

8. აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.

9. ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.

10. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. თქუთ: განმფიწლავმან ისრაჱლისამან შეკრიბოს იგი და შეკრიბოს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსო თჳსი,

11. რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.

12. და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.

13. მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.

14. განვადიდო და დავათრო სული მღდელთა, ძეთა ლევისთა, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, - თქუა უფალმან.

15. ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისა, რაქილისა, მტირალისა ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინის-ცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.

16. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თვალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ქუეყანისაგან მტერთაჲსა.

17. და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.

18. მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებისაჲ: მწუართე მე და განვიწუართე, ხოლო მე, ვითარცა ზუარაკი, არ განვისწავლე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

19. რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა, და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.

20. ძე საყუარელი, ეფრემ, ჩემი, ყრმაჲ მშუენებელი, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან. ჴსენებით მოვიჴსენო მისი. მერმე ამისთჳს ვისწრაფი მის ზედა. მწყალობელმან შევიწყალო იგი, - თქუა უფალმან.

21. დადგინენ შენდაღ; სიონ, ებგურნი. ყავ შენდად ტანჯვაჲ. მიეც გული შენი ბეჭთა შენთა გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაჱლისაო. მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე,

22. ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურაცხქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდიან კაცნი.

23. ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,

24. და დამკჳდრებულნი მუნ - იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი - მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნენ შორის სამწყსოსა,

25. რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანა წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.

26. ამისთჳს აღვდეგ, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.

27. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და დაუთესო სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართა.

28. და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,

29. მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,

30. არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.

31. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,

32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

33. რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.

34. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.

35. ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

36. ნუუკუთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, - თქუა უფალმან, - და ნათესავიცა ისრაჱლისაჲ დასცხრეს ყოფადი ნათესავად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

37. ამათ იტყჳს უფალი: აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ განსაცხრომელადმი, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუე, მე არგამოუცდელ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, - თქუა უფალმან, - ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს.

38. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღეშენოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამეილისით ვიდრე ბჭედმდე კუთხისა.

39. და გამოჴდეს მერმეცა სასოებაჲ, საბელი განზომისაჲ წინაშე მათსა, ვიდრე ბორცუამდე ღარისსა, და გარემოემრგულოს მრგულივ რჩეულთაგან ქვათა კაბათადმი.

40. და ყოველსა ღელესა ფანგარიმითასა და სანაცრისა, და ყოველსა ასარიმოთსა, ვიდრე ნაღუარევამდე ნაძუებისათა, ვიდრე კუთხამდე ბჭისა ცხენთაჲსა აღმოსავალისა, სიწმიდედ უფლისა; და არღა მერმე არ მოიფხურას და არა დაირღუეს მისაუკუნომდე.

32

1. სიტყუაჲ ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა; ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ.

2. და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალჱმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა,

3. რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია მეტყუელმან: რად წინაწარმეტყველებ შენ მეტყუელი? ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილოანისასა, და დაიპყრეს იგი.

4. და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ;

5. და ბაბილონად შევიდეს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ მივჰხედო მას, - თქუა უფალმან, - რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.

6. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

7. აჰა, ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა მეტყუელი: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ - დაპყრობად იგი მოსაგებელად.

8. და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა, ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად, და შენ უხუცეს ხარ, და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

9. და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკილათა, და ათთა ვეცხლთა;

10. და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე, და ვიმოწმენ მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.

11. და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალნი, და აღმოკითხული და გამოცხადებული.

12. და მივეც წიგნი მოგებისა ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა, წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა, და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოსა საპყრობილისასა.

13. და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა მეტყუელმან:

14. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ, ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული, და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.

15. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, მიერთისა მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდიან სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.

16. და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:

17. მყოფო, უფალო, უფალო! აჰა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა; არ დაიმალოს შენგან არა რაჲ,

18. მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მიმგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათთა. ღმერთო დიდო და ძლიერო, - უფალი ძალთა სახელი მისი,

19. რომელ დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა მპყრობელი სახელ - დიდი უფალი, - თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა,

20. რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, ვიდრე დღისამდე ამის, და ისრაჱლისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ, ვითარცა დღე ესე,

21. და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშებისა, და ჴელისა მიერ მტკიცისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჩუენებათა მიერ დიდთა.

22. და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი თაფლსა და სძესა.

23. და შემოვიდეს და მიიღეს იგი, და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს, ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

24. აჰა, ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისსა; და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა, ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა, აჰა, შენ ჰხედავ.

25. და შენ, იტყჳ ჩემდამო, მეუფეო, უფალო: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა. და მოვიგე და დავწერე წიგნი, და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

26. და იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩემდამო მეტყუელი:

27. მე ვარ უფალი, ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ; ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲმეა?

28. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეონ და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

29. და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.

30. რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -

31. რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა

32. ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რაჟამს ყვეს განმწარება ჩემი მათ და მეფეთა მათთა, და დიდებულთა მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალემისათა

33. და მოაქციეს ჩემდა ზურგი, და არა პირი მათი, და ვასწავე მათ აღმსთობმან და მასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლა.

34. და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა,

35. შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა, და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა, შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისსა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის საცოდველად იუდაჲსა.

36. და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა,

37. აჰა, მე შევკრიბნე ყოველთაგან ქუეყანათა, სადა განვსთესენ იგინი მუნ გულისწყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

38. და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად.

39. და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშიშოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.

40. და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვაქციო უკანაგან მათსა, რაჲთა კეთილი უყო მე მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.

41. და მოვიძინე იგინი, და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის-ყოფასა შინა ჩემგან მათსა, და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა,

42. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳდნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.

43. და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანასა შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ უვალ არს კაცთაგან და საცხოვართა, და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.

44. და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა და დაიწეროს წიგნსა შინა, და დაიბეჭდოს და იწამებდენ მოწამეთა - ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა, და ქალაქთა შორის იუდაჲსთა, და ქალაქთა შორის მთისათა, და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა, და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

33

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲს მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყუელი:

2. ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქვეყანისამან და განმზელელმან მისმან, აღმართებად იგი, - უფალ სახელი მისი.

3. ხოლო ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი,

4. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსასა, დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად, და მახჳლისათჳს.

5. მომავალისა ბრძოლად ქალდეველთა მიმართ, და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულისწყრომითა ჩემითა, და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

6. აჰა, მე აღვიღებ მათ ზედა მახჳლსა და აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნებაჲ, და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოებაჲ.

7. და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.

8. და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.

9. და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.

10. ესრეთ თქუა უფალმან: მერმეცა ისმეს ადგილსა ამას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებსა შინა იუდაჲსასა და გარემოჲს იერუსალიმისა მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართასა.

11. ჴმაჲ სიხარულისა და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთა: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რამეთუ სახიერ უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღუენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისაჲ, მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

12. ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ; მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა, სავანებთა მწყემსთასა, დამაწვენელთა სამწყსოთა მათთასა,

13. ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა, და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა, და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა. მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხველისასა, - თქუა უფალმან.

14. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაჲსასა.

15. და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

16. მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: ,,უფალი სიმართლე ჩუენი“.

17. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

18. და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად დასაწველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.

19. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიას მიმართ მეტყუელი:

20. ამათ იტყჳს უფალი: უკეთუ განქარდეს აღთქმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამსა შინა მათსა.

21. და აღთქმაცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისსა ძე, მმეფობი საყდარსა ზედა მისსა, და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.

22. ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითვალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა მწირველთა ჩემთა.

23. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ, იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

24. არა სადმე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა მეტყუელმან: ,,ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის და, აჰა, განიშორნა იგინი~? და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.

25. ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქმაჲ ჩემი დღისა და ღამისა, სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ.

26. თესლიცა სადმე იაკობისი და დავით, მონისა ჩემისაჲ გამოუცდელ-ვყო, არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა, ნათესავისა მიმართ აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა, რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.

34

1. სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ; და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ლაშქარი მისი, და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა მეტყუელი:

2. ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲას მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, და არქუ მას: მათდამი ესრეთ თქუა უფალმან: განცემით განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა;

3. და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნა და ჴელთა მისთა მიეცე, და თვალთა შენთა თვალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონად შეხჳდე.

4. არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო! ესრეთ თქუა უფალმან: არა მოჰკუდე მახჳლითა;

5. მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფეყოფილთა, უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდიან შენცა: ,,ვაჲ, ვაჲ, უფალო“. და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვსთქუენ, - თქვა უფალმან

6. და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსასა, ყოველთა ამათ სიტყვათა იერუსალიმს შინა.

7. და ძალი მეფისა ბაბილონისა ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსათა, დაშთომილთა ლაქისსა ზედა და აზიკასსა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსათა ქალაქნი მტკიცენი.

8. სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.

9. რაჲთა განავლინოს კაცმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმააჲ თჳსი, ებრაელნი და ებრაელაჲ თავისუფალნი, რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.

10. და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი შესრულნი აღქმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმააჲსა თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს და განავლინნეს.

11. და მოაქციეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნიქცნეს ყრმანი და ყრმაანი, რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.

12. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი ესრეთ:

13. თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, რომელთა დღესა განვარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი:

14. ,,ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მიგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან~; და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.

15. და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თვალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევება მოყუსისა თჳსისა, და სრულ-ჰყავთ აღთქმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა;

16. და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავისუფლად სული მათი, და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.

17. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად-მიტევება კაცადმან ძმისა თჳსისა და კაცადმან მოყუსისა თჳსისა! აჰა, მე გიწოდ თქუენ მიტევებად, - თქუა უფალმან, - მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.

18. და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი, არდამამტკიცებელნი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ, რომელ ქმნეს საქმედ მისსა, და გარდამავალნი შორის ორგანკუეთილებასა მისსა,

19. მთავართა იუდაჲსათა და მთავართა იერუსალიმისათა ძლიერთა, და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორგანკუეთებათა ჴბოჲსათა.

20. და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა მტერთა მათთასა; და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

21. და სედეკიაჲ, მეფე იუდაჲსა, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.

22. აჰა, მე მიუწესო მათ, - იტყჳს უფალი, - და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლის-მყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა; და ქალაქნი იუდაჲსანი მივსცნე განსაქარვებელად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.

35

1. სიტყვა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსათა მეტყუელი

2. ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა, ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

3. და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისი, და ძმანი მისნი, და ძენი მისნი და ყოველი სახლი რექაბისი,

4. შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა ძისა ანანისსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართასა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა.

5. და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ.

6. და თქუეს: ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისამან, მამამან ჩუენმან, მამცნო მეტყველმან ჩუენმან: „არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე.

7. და სახლნი არ აღიშენნეთ, და თესლი არა დასთესოთ, და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდრობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ დღეთა მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა“.

8. და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ, არსუმისათჳს ღჳნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა, და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა,

9. არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა;

10. და დავეშენენით კარავთა შინა, და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადამ, მამამან ჩუენმან.

11. და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონელთა ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმად პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთასა, და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა.

12. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

13. ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისა: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსასა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა: არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყვათა ჩემთა? - თქუა უფალმან.

14. და დაამტკიცეს სიტყუა ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, რომელი ამცნო შვილთა მისთა არა სუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი.

15. და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინასწარმეტყველნი, აღმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან: ,,მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უმჯობესებ-ყვენით სიმარჯუენი თქუენნი, და ნუ ხუალთ უკანა ღმერთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი.

16. და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

17. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიხუნე იუდას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა ყოველნი მის წილ, რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს.

18. და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნება მამისა მათისა იონადაბისი, და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნა მათ მამამან მათმან.

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინამდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა.