წიგნი იგავთა, რომელსა ებრაულად ეწოდების მისლე

11

1. უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.

2. სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა.

3. სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან თავისმოთნენი დაამჴუნის.

4. არად სარგებელ-ეყოს მონაგები დღესა რისხვისასა, ხოლო სიმართლემან იჴსნეს სიკუდილისაგან. (მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული. ხოლო ჴელთ-დებაჲ და მოსაცხრომელ იქმნეს უღმრთოთა წარწყმედა).

5. ხოლო სიმართლემან უბიწოსამან წარიმართმეს გზანი, ხოლო უღმრთოებაჲ დაეტეოს ცრუთა ზედა.

6. სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, ხოლო უღმრთოებითა თჳსითა მოისრვიან უშჯულონი.

7. აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს.

8. მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ.

9. პირსა უღმრთოთასა საფრჴე მოქალაქეთა, ხოლო ცნობამან მართლისამან განაგის იგი.

10. მართალმან კეთილსა შინა წარჰმართოს ქალაქი და წარწყმედა უღმრთისა სიხარული.

11. კურთხევითა წრფელთათა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთათა დაიქცეს.

12. შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი მყუდროებით იქცევინ.

13. კაცი ორენა განაცხადებს მოყუსისა ხუაშიადსა, ხოლო სარწმუნომან დაფაროს იგი.

14. რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცჳვეს ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არა იპოოს მრავალთა განმზრახთა თანა.

15. ბოროტი ცდილობს, ბოროტი სადა შეამთხვიოს მართალსა და სძულან ჴმანი კეთილნი.

16. უღონონი მცირედ მდიდარ იქმნებიან, ხოლო მჴნეთა დაიმკვიდრონ სიმდიდრე.

17. სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, ხოლო განხრწნის ჴორცნი თჳსნი უწყალომან.

18. უღმრთომან ქმნის საქმე სიცრუვისა, ხოლო თესლი მართალთა სასყიდელი ჭეშმარიტებისა.

19. შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ.

20. საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი,

21. რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო.

22. ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე.

23. გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

24. არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების.

25. სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ.

26. რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა.

27. რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე.

28. რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი განბრწყინდეს.

29. რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა.

30. ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უშჯულოთანი.

31. უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს?

12

1. რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს მხილებაჲ, უგუნურ არს.

2. უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს.

3. ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ.

4. დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა, ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან.

5. გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკვასა.

6. სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი.

7. ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს; სახლნი მართალთანი დაადგრეს.

8. პირი გონიერისა იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი შეურაცხ იქმნეს.

9. უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან იყოს პურითა.

10. სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ.

11. რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან უპატიოებაჲ.

12. გულისთქუმაჲ უღმრთოთა ბოროტ, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურებისანი ძლიერებასა შინა.

13. ცოდვისაგან ბაგეთასა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან; რომელი ხედვიდეს წრფელად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა, მან შეაწუხნეს სულნი.

14. ნაყოფისაგან პირისა კაცისა აღივსოს კეთილითა სული მისი და განძღეს; მისაგებელი ბაგეთა მისთა მიეცეს მას.

15. გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.

16. უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი.

17. საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამე ცრუთა ზაკულ არნ.

18. რომელნი იტყჳედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა.

19. ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოსწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ.

20. ზაკვაჲ გულსა შინა მოქმედსა ბოროტისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობის-ყოფაჲ, იხარებდენ.

21. არა სთნავს მართალსა არა რაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა.

22. საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკვარნი; ხოლო, რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ მისსა.

23. კაცი გულისჴმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა, ხოლო გული უგუნურთა შეემთხჳოს წყევასა.

24. ჴელმან რჩეულმან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარსატყუენველ.

25. სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისა, ხოლო სახარებამან კეთილმან ახარის მას.

26. რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი; ხოლო გზასა უღმრთოთასა შეაცთუნონ იგი.

27. ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდა.

28. გზათა შინა სიმართლისათა ცხორებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრმოჴსენეთანი სასიკუდინე.

13

1. შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს.

2. ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა.

3. რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი; ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი.

4. გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი მოღუაწებათა შინა.

5. სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერებაჲ.

6. სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან.

7. არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა სიმდიდრესა.

8. საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა.

9. ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ.

10. უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ.

11. სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის.

12. რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს.

13. შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი და წარემართნეს გზანი მისნი.

14. შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს.

15. სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი, ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს.

16. ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი.

17. მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი.

18. სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება, დიდებულ იქმნეს.

19. გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან.

20. რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა - საცნაურ იყოს.

21. რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი.

22. სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე უღმრთოთა;

23. მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ წარწყმდენ.

24. რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ.

14

1. დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

2. რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას.

3. პირისაგან უგუნურთასა კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა მართალთა დაიცვნეს იგინი.

4. სადა არა არიან ქარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან, ხოლო სადა ქარისა ნაყოფი ფრიად, მუნ ცხად არს ქარისა ძალი.

5. მოწამე სარწმუნოჲ არა ტყუინ; ხოლო აღაგზნის ტყუილი მოწამემან ცრუმან.

6. ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა თანა და არა ჰპოვო, ხოლო ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს.

7. ყოველნი წინააღმდეგ არიან კაცისა უგუნურისა, ხოლო საჭურველი მეცნიერებათა ბაგენი ბრძენთანი.

8. სიბრძნემან გულისხმიერთამან იცნას გზანი თვისნი, ხოლო უმეცრება უგუნურთანი სცთებიან.

9. სახლთა უსჯულოთასა არა აქვნ სიწმიდე, ხოლო საყოფელნი მართალთანი სანატრელ არიედ.

10. გული კაცისა მჭმუნვარე შემაწუხებელ არს სულისა თვისისა, ხოლო ოდეს მხიარულ იქმნას, არა ზიარ იქმნას მტერობისა.

11. სახლი უღმრთოთა დაემჴვას, ხოლო სავანენი მართალთანი იკურთხნეს.

12. გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად.

13. მხიარულებასა თანა ჰყვებიან მწუხარებანი და სიხარულსა შეუდგეს გლოვა.

14. გულფიცხელი განძღეს გზისაგან თვისისა, ხოლო კაცი კეთილი გონებისაგან თვისისა.

15. უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოვიდეს სინანულად.

16. ბრძენსა შეეშინა და მოაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად.

17. გულმწყრალი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ.

18. განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი გულისჴმის-ყოფისანი.

19. უბრკუმეს უკეთურთა - წინაშე კეთილთასა და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა.

20. მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდარნი ფრიად.

21. რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, იგი ცოდავს, ხოლო, რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი სანატრელ იყოს.

22. შეცთომილნი ცრუნი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი (არა იციან წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოქმედთა კეთილისათა).

23. ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი სიბრძნე, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი ნაკლულევანებასა შინა იყოს.

24. გჳრგჳნ ბრძენთა სიმდიდრე მათი, ხოლო სლვაჲ უგუნურთა ბოროტ არს.

25. იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღატყინის ტყუილი მზაკვარმან.

26. შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ.

27. შიში უფლისა - წყარო ცხორებისა და ყვის მოქცევაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა.

28. მრავალთა შორის თესლთა დიდებაჲ მეფისა, ხოლო მოკლებასა ერისასა შემუსრვაჲ ძლიერთაჲ.

29. სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ

30. და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ.

31. რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.

32. უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა მართალ.

33. გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ იყოს.

34. სიმართლემან აღჰმართნის ნათესავნი, ხოლო შეამცირნის თესლნი ცოდვამან.

35. სათნო მეფისა მსახური გონიერი, რამეთუ თჳსითა მით კეთილითა ქცევითა მოისპის შეურაცხებაჲ.

15

1. ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან აღადგინნის რისხვანი.

2. ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი.

3. ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.

4. კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.

5. უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით.

6. სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.

7. ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ.

8. მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა.

9. საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან.

10. სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.

11. ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი.

12. ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.

13. გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.

14. გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.

15. შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით.

16. შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით.

17. კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.

18. სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს.

19. გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.

20. ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი.

21. უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ.

22. დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ.

23. არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,

25. სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და ობოლთანი.

26. საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.

27. წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.

28. გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.

29. შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი.

30. ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.

31. რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან.

32. ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი.

33. შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ.