წიგნი იგავთა, რომელსა ებრაულად ეწოდების მისლე

16

1. კაცისა მიერ წარმართებაჲ გულისაჲ, ხოლო უფლისა მიერ მიგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

2. ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე ღმრთისა და განამტკიცნის სულნი მათნი უფალმან.

3. მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რათა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.

4. ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.

5. არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.

6. რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.

7. ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან; ხოლო დაიმარხი უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.

8. უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალ ნაყოფი სიცრუჲთ.

9. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რათა ღმრთისა მიერ სლვანი მისნი წარემართნენ.

10. მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.

11. წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ.

12. საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისა, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისა მისისა.

13. სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.

14. გულისწყრომაჲ მეფისა ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.

15. ნათელსა შინა ცხორებისასა ძე მეფისაჲ; ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.

16. მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტეს ოქროჲსაჲ, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულეს უფროჲს ვეცხლისა.

17. ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაჲ იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და, რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა);

18. უწინარეს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარეს დაცემისა სახე ბოროტებაჲ.

19. უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.

20. გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.

21. ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტეს სასმენელღა იყვნენ.

22. წყაროჲ ცხორებისა გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი; ხოლო სწავლაჲ უგუნურთა - ბოროტ.

23. გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

24. გოლი თაფლისაჲ სიტყუანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ.

25. არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

26. კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და აიძულებს წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიეს წარსაწყმედელი თჳსი.

27. კაცმან უგუნურმან ითხარის თავისა თჳსისა წარსაწყმედელი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.

28. კაცი გულარძნილი გამოიღებნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკვისა ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშორნის მეგობარნი.

29. კაცი უშჯულო გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.

30. განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა და განიზრახავნ გულარძნილსა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა და იტყჳნ ყოველსა ბოროტსა; ესე საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.

31. გჳრგჳნ სიქადულისა სიბერე, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.

32. უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.

33. წიაღადვე თჳსად მიუჴდეს ყოველი ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ ყოველი სამართლად.

17

1. უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა.

2. მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა ძმანი, მიიღებნ ნაწილთა.

3. ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი.

4. ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს ბაგეთა მტყუართა.

5. რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან.

6. გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი ერთი.

7. არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა ბაგენი ცრუნი.

8. უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს.

9. რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა.

10. ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი პატიჟმან ვერ მოაქცივნის.

11. მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო.

12. ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა.

13. რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი.

14. რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს.

15. რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს წინაშე უფლისა.

16. რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა მცირესა.

17. ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან.

18. კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა,

19. ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ,

20. ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა.

21. გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი.

22. გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი.

23. რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი.

24. პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა.

26. ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს.

27. რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ.

28. ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს.

18

1. მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს.

2. არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.

3. რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.

4. წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

5. თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა.

6. ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო მოიზიდავს სიკუდილსა.

7. პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი საბრჴე სულისა მისისა.

8. სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე.

9. რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა არიედ ჩუენთა.

10. დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ.

11. მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავს მას.

12. უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის,

13. რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და საყუედრელ.

14. გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს.

15. გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა.

16. საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი.

17. მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს.

18. სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის.

19. ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი.

20. ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი.

21. სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.

22. რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს.

23. გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ.

24. კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ.

19

1. უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.

2. უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.

3. უგუნურებაჲ კაცისა განრყუნის ზრახვითა მისითა და ღმერთსა აბრალებნ გულითა.

4. სიმდიდრემან შესძინის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას, რომელცა უვინ, გან-ვე-ეშორის.

5. მოწამე მტყუარი არა უტანჯველი იყოს, ხოლო რომელი აბრალებდე ნაწილად, იგი ვერ განერეს საშჯელსა.

6. მრავალნი მსახურებენ პირსა მეფისასა, ხოლო ყოველივე უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა არნ.

7. ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მახლობელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოოს იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმს, აუვარებს უკეთურებასა და რომელი აღაზრზენდეს სიტყუასა, იგივე ცხონდეს.

8. რომელმან მოიპოვა გონიერებაჲ, უყუარს მას თავი თჳსი და, რომელმან დაიმარხოს სიბრძნე, პოოს მან კეთილი.

9. მოწამე ცრუჲ არა უცოდველ იყოს; რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგივე წარწყმდეს.

10. არა შეჰგავს უგუნურსა შუებაჲ; ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ მთავრობდეს უფალთა, გინებით იდევნენ.

11. მოწყალე კაცი სულგრძელ არნ, ხოლო სიქადული მისი მიუჴდეს უღმრთოთა.

12. მეფისა ბრძანებაჲ მსგავს არს ბრდღუენისა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა მხიარულებაჲ მისი.

13. სირცხჳლ მამისა შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი მისნი სასყიდლისაგან უცხოჲსა.

14. სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი სახიერი ქმარსა.

15. შიშსა შეუპყრიედ მემრუშეთა გული და სულსა უქმთასა შიოდეს.

16. რომელი იმარხვიდეს მცნებასა, დაიცვას სული თჳსი, ხოლო, რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს.

17. ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას.

18. განსწავლე ძე შენი და ესრეთ იყოს სასოჲ კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა მისსა (უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, არამედ სული მისი სიკუდილისაგან იქსნე).

19. სახე ბოროტებისათა კაცი ფრიად იზღჳოს, ხოლო უკუეთუ უსჯულოებდესღა, სულიცა თჳსი დაჰრთოს.

20. ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისა, რათა ბრძენ იყო სიბერესა შენსა.

21. მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.

22. ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს, უმჯობეს გლახაკი მართალი, ვიდრე მდიდარი მტყუანი.

23. შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ.

24. რომელმან დაიმალნეს ჴელნი სიცრუით, ვერცაღა პირად მიყუნეს იგინი.

25. სატანჯველსა უგუნური უვერაგეს იქმნეს, ხოლო უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ.

26. რომელმან შეურაცხ-ყოს მამა და განაძოს დედა თვისი, სირცხვილეულ და საყვედრელ იქმნეს.

27. შვილო, ნუ დაუტევებ სმენასა წვრთილებისასა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყვასა კეთილსა.

28. რომელმან თავს-მდებად ყოს ყრმა ჩჩვილი, მტერ იქმნეს სამართლისა, ხოლო პირი უღმრთოთა შთანთქამს სასჯელსა.

29. განიმზადონ უწვრთელთა გვემანი და უგუნურთა პატიჟნი.

20

1. უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.

2. ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.

3. დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან.

4. მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და არავინ მისცის.

5. წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი.

6. დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად იპოოს.

7. რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის;

8. რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური.

9. ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?

10. სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი).

11. ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი.

12. ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე.

13. ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე პურითა.

14. ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ.

15. არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი.

16. განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ იქმნას.

17. დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა.

18. გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან.

19. რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები.

20. რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს.

21. ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს.

22. ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს.

23. ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის წინაშე.

24. უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი?

25. მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ.

26. განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა.

27. ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა.

28. წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა სიმართლე.

29. სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი.

30. კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა.