წიგნი იობისაჲ

11

1. მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2. რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს?

3. კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.

4. ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა,

5. არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.

6. მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.

7. ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?

8. მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი?

9. ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა?

10. უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?

11. რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.

12. ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.

13. უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ,

14. უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.

15. და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის.

16. და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე,

17. ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.

18. დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა,

19. მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს,

20. რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.

12

1. მიუგო იობ და თქუა:

2. აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე?

3. რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა,

4. რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,

5. რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან,

6. ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო,

7. არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ?

8. მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა.

9. ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?

10. არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?

11. რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.

12. მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ.

13. მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ.

14. უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს?

15. უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს.

16. მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

17. წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის.

18. დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა.

19. განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.

20. დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.

21. მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა.

22. გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.

23. შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.

24. დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.

25. ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი.

13

1. აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა

2. და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს ვარ თქუენსა.

3. არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს.

4. ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი,

5. იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ.

6. ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედევდით,

7. ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა,

8. ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით.

9. კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას?

10. არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს.

11. არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი დაგეცეს თქუენ ზედა?

12. და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი.

13. დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან.

14. ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა.

15. უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა.

16. და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს.

17. ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ:

18. აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ.

19. ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე.

20. ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო

21. ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე.

22. და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ.

23. რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან.

24. რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი,

25. ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა? წინააღმიდგები მე.

26. რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი.

27. და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი,

28. რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული.

14

1. რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა,

2. გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი.

3. ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?

4. ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა.

5. და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს.

6. განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან,

7. რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს.

8. და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი,

9. სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან.

10. ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს,

11. რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა.

12. კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა,

13. უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო,

14. უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე.

15. და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ,

16. რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი.

17. დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს.

18. ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით.

19. ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე.

20. აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე.

21. გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის,

22. ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა.

15

1. მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა:

2. აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა.

3. ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ?

4. და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა,

5. არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი.

6. გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ.

7. აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე?

8. ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე?

9. ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა?

10. და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა.

11. მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე:

12. ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა,

13. რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი?

14. ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ?

15. უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.

16. აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა.

17. ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ,

18. რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა,

19. მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა.

20. ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან;

21. ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ.

22. ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად.

23. და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი.

24. ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის,

25. რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა.

26. ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა,

27. რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით.

28. იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ.

29. არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი,

30. არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი.

31. ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას.

32. მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს.

33. და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა,

34. რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი.

35. და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ.