წიგნი იობისაჲ

26

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს?

3. ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე?

4. ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

5. ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

6. შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

7. განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.

8. შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა,

9. რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

10. ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა,

11. და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

12. ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

13. და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი,

14. აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს?

27

1. მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:

2. ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი,

3. ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა.

4. ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა.

5. ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.

6. სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ,

7. არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ.

8. და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?

9. ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ?

10. აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?

11. არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.

12. აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე.

13. ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.

14. დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ.

15. ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს,

16. დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ.

17. ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან.

18. და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,

19. რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.

20. აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს.

21. და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.

23. და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.

28

1. რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს,

2. რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის.

3. წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ.

4. განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან.

5. ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი.

6. ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი.

7. ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან.

8. არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან.

9. კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი.

10. მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა.

11. და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად.

12. ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა?

13. არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის.

14. უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა.

15. არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა,

16. ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი,

17. ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ,

18. განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა.

19. არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს.

20. ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა?

21. დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა.

22. წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე.

23. უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი.

24. და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე,

25. რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო,

26. ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა

27. მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი,

28. და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ.

29

1. მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:

2. ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?

3. ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,

4. ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა,

5. ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი,

6. ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე.

7. რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი,

8. მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან;

9. მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა.

10. ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა,

11. რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა,

12. რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე.

13. კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე.

14. სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.

15. თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ,

16. რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე.

17. შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე.

18. ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე.

19. ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.

20. დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

21. ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა

22. და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ,

23. ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.

24. უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.

25. გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.

30

1. აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა მძოვართა ჩემთასა.

2. და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.

3. ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა,

4. რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა,

5. რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,

6. რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს.

7. რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა.

8. შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.

9. აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.

10. მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად;

11. აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.

12. მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.

13. შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი, რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე.

14. და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ,

15. კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი.

16. და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

17. ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.

18. დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე.

19. შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი.

20. ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა განმიცადეს მე.

21. და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.

22. და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.

23. ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.

24. უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,

25. რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.

26. მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.

27. მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი სიგლახაკისანი,

28. სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა შორის და ვღაღადებ.

29. ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა.

30. ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი სიცხისაგან.

31. გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი ტირილად.