წიგნი ისო, ძისა ნავესი

21

1. და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელიაზარ მღდელისა და ისო ნავესა და ნათესავთმთავართა ტომთა და ნათესავთაგანთა ძეთა ისრაჱლისათა.

2. და მიუგეს მათ სილომს შინა ქალაქსა ქანაანისასა და ჰრქუეს: გამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა ქალაქებ საყოფლად და გარემო მთესველნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.

3. და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა, რაჟამს დაგიმკჳდრებდენ იგინი ბრძანებითა უფლისათა, ქალაქები და გარემო სათესველი მათი.

4. და აღმოუჴდა წილი ტომსა კაათისსა. და იყო ძეთა აჰრონისთა მღდელთა ლევიტელთა ნათესავისაგან იუდასისა და ნათესავისაგან სჳმეონისა და ნათესავისაგან ბენიამენისი, წილით ქალაქები ათცამეტი.

5. და ძეთა კაათისთა ნეშტთა ნათესავისაგან ეფრემისისა და ნათესავისაგან დაანისი და ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა წილით ქალაქები ათი.

6. და ძეთა გესონისთა ნათესავისაგან იზაქარისთა და ნათესავისაგან ასერისთა და ნათესავისაგან ნეფთალემისთა და ზოგისაგან ნათესავისა მანასესთა ბასანს შინა წილით ქალაქები ათცამეტი.

7. და ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა ნათესავისაგან რუბენისთა და ნათესავისაგან გადისთა და ნათესავისაგან ზაბულონისთა წილით ქალაქები ათორმეტი.

8. და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქები მათი და გარემო სათესველი მათი, ვითარცა ამცნო უფალმან წილით.

9. და მისცა ნათესავმან ძეთა იუდაჲსთამან და ნათესავმან ძეთა სჳმეონისთამან და ნათესავისაგან ძეთა ბენიამენისთა ქალაქები დაეჩემნეს:

10. ძეთა აჰრონისთა ტომისაგან კაათისთა, ძეთა ლევისთა, რამეთუ ამათ ხუდა ნაწილი.

11. და მისცეს მათ კარიათაბოკი დედაქალაქი ენაკიმისი (ესე არს ქებრონი), მთა ადასი და საყანურნი გარემოს მისა

12. და აგარაკები ქალაქებისა და დაბნები მისი მისცა ისო ქალებს; ძესა იაფონესსა, სამკჳდრებელად.

13. და ძეთა აჰრონისთა მღდელთასა ქალაქები შესავედრებელთა, რომელმან კაც კლას, ქებრონი და განკუთნებულნი გარემოჲს მისსა,

14. და ბელნაჲ და განკუთნებულნი გარემოჲსს მისსა, და ესთემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

15. და ოლონი და განკუთნებული მისი, და დიბირი და განკუთნებული მისი,

16. და იანი, და განკუთნებული გარემოჲს მისა, და იეხტოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისა, ქალაქები ცხრა ორთა ამათ ნათესავთაჲ.

17. და ნათესავისაგან ბენიამენისა გაბაონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაბჱ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

18. და ანათოთი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და სალმონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

19. ყოველი ქალაქი ძეთა აჰრონისთა მღდელთა ქალაქები ათცამეტ და გარემო სათესველი მათი.

20. და ტომთა ძეთა კაათისთა ლევიტელთა, რომელ დაშთომილ იყვნეს ძეთაგანნი კაათისნი. და იყვნეს საზღვარნი ქალაქთა მათთანი ნათესავისაგან ეფრემისთა.

21. და მისცეს მათ ქალაქი შესავედრებელთა კაცისმკლველისაჲ: სჳქემი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაზერი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

22. და ბაკსემი ღა განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ზენა ბეთმონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

23. და ნათესავისაგან დანისისა ელთეკოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, გებეთონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, იალონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

24. და გეთრემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

25. მანასჱსისა - თანაქი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ბეთაანი და განკუთნებული მისი, ქალაქნი ორნი.

26. ყოველი ქალაქები ათი და განკუთნებული გარემოჲს მისსა ტომთა ძეთა კაათისთა დაშთომილთა.

27. და ძეთა გესონისთა ლევიტელთა ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა ქალაქნი განკუთნებულნი კაცისმკლველთა, გოლანი ბასანიტიდს და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ბეესთენაჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქნი ორნი.

28. და ნათესავისაგან იზაქარისთა კესიონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

29. და იერმოთი და განკუთნებული გარემო მისსა, და წყაროჲ მწიგნობართა და განკუთნებული მისა, ქალაქი ოთხი.

30. და ნათესავისაგან ასერისა მასაალი და განკუთნებული მისა და აბდონ და განკუთნებული მათი,

31. ქელკათ და განკუთნებული მათი, რაუბ და განკუთნებული მისა მიმართ, ქალაქი ოთხი.

32. და ნათესავისაგან ნეფთალემისი ქალაქი განკუთნებული კაცისმკლველისათჳს კედესი გალილეას შინა და განკუთნებული გარემოჲს მისა, და აენმათდორი და განკუთნებული მათდა მიმართ, და ნოთმონი და განკუთნებული გარემო მისა, ქალაქები სამი.

33. ყოველი ქალაქები გესონისი ტომად-ტომად მათა ქალაქები ათცამეტი.

34. და ტომთა ძეთა მერარისთა ლევიტელთა სხუათა ნათესავისაგან ძეთა ზაბულონისთა იეკნამი და გარემო სათესავი მისი, და დემნაჲ.

35. და გარემო სათესავი მისი, და კაროაჲ გარემო სათესავი მისი, და ნაალრონი და გარემო სათესველი მისი, ქალაქები ოთხი.

36. და წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ნათესავისაგან რუბენისი ქალაქი შესავედრებელი კაცისმკლველთაჲ. ბოსორი უდაბნოსა ზედა მისურურისასა და გარემო სათესველნი მისნი,

37. კედსონ და გარემოჲს სათესველი მისი, მასფე და გარემოჲს სათესველი მისი, ქალაქი ოთხი.

38. ნათესავთა გაადისთა ქალაქი კაცისმკლველთათჳს რამოთ, გალდ და, გარემოჲს სათესველი მათი, მანაიმ და გარემოჲს სათესველი მისი,

39. ესებონი და გარემოჲს სათესველი მისი, ოზერ და გარემოჲს სათესველი მისი, და იაზეირი და გარემოჲს სათესველნი მისნი. ყოველი ქალაქები ოთხი.

40. ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.

41. ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,

42. ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.

43. და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა მიცემად მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მას შინა.

44. და განუსუენა მათ უფალმან გარემო, რამეთუ ეფუცა მამათა მათთა. არა ვინ წინა დაუდგა მათ ყოველთაგანი მტერთა მათთა. ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან ჴელთა მათთა, არა დააკლდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელ თქუა უფალმან ძეთა ზედა ისრაჱლისათა, ყოველი მოჴდა.

22

1. მაშინ შეკრიბნა ისო რუბენეანნი და ძენი გადისნი და ზოგისა ნათესავისა მანასესნი.

2. და ჰრქუა მათ: თქუენ გესმა ყოველი, რავდენი გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან, და ისმინეთ ჴმისა ჩემისა ყოვლადვე, რავდენიცა გამცენ თქუენ.

3. არა დაუტევენით ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უფროჲს მოდღენდელად დღედმდე ღაიმარხენით მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი.

4. ხოლო აწ განუსუენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა ჰრქუა მათ: აწ მიიქეცით და მივედით სახიდ თქუენდა. და ქუეყანად სამკჳდრებელისა თქუენისად, რომელ მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა.

5. და ეკრძალენით ფრიად ყოფად მცნებათა შჯულისათა, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან. და გიყუარდინ უფალი ღმერთი თქუენი ყოველთა გზათა მისთა, ეკრძალენით მცნებათა მისთა და შეუდეგით მას მსახურებად მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.

6. აკურთხნა იგინი ისო და წარავლინნა იგინი და წარვიდეს სახიდ თჳსა.

7. და ზოგთა ნათესავთა მანასესთა მისცა მოსე ბასანი და ზოგთა მისცა ისო მამათა მათთა წიაღმო იორდანესა ზღჳსკიდესა. და რაჟამს წარავლინნა იგინი ისო სახიდ მათა, აკურთხნა იგინი.

8. და თქუა: ფასითა მრავლითა წარვიდენ სახიდ მათა. და საცხოვარი მრავალი ფრიად, და ვეცხლი, და ოქროჲ, და რვალი, და რკინა და სამოსელი ჯეკმა ფრიად განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთა ძმათა მათ თანა.

9. და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა მანასესნი ძეთა ისრაჱლისათაგან სელოჲთ ქუეყანით ქანაანისათ მისლვად ქუეყანად გალადისად სამკჳდრებელად მათა, რომელ-იგი დაემკჳდრა ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

10. და მოვიდეს გალილოთდ იორდანისად, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, და ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან მუნ ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვით.

11. და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელ იტყოდეს: აჰა, ესერა, ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან ბომონი საზღვარსა ზედა ქუეყანასა ქანაანისასა ზედა გალილოთს იორდანისასა ძეთა ისრაჱლისათა.

12. და შეკრბეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი სელომდ, რათამცა აღვიდეს და ჰბრძოდეს მათ.

13. და მიუვლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: ქუეყანად გალაადისად ფინეზ, ძე ელიეზერისი, ძისა აჰრონისი მღდელთმოძღურისა.

14. და ათნი მთავართაგანნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან ტომისასა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, მთავარნი რვანი ტომთანი არიან ათასისთავნი ისრაჱლისანი.

15. და მივიდეს ძეთა მიმართ რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა ქუეყანად გალაადისად და ეტყოდეს მათ და ჰრქუეს:

16. ესრე იტყჳს ყოველი კრებული უფლისა: რაჲ არს ცოდვაჲ ესე, რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა უკუნქცევად დღეთა უფლისაგან, რამეთუ ჰქმნენით თქუენდად ბომონნი და განსდეგით უფლისაგან?

17. მცირედ ნურაჲ არს თქუენდა ცოდვაჲ იგი ფოგორისი, რამეთუ არა განწმენდილ ვართ მისგან მოაქადღედმდე? და იყო წყლულებაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.

18. და თქუა: უკუნიქეცით დღეს უფლისაგან. და იყოს, უკუეთუ განსდგეთ თქუენ უფლისაგან ხვალე, ყოველსა ზედა ისრაჱლსა იყოს რისხვაჲ.

19. და აწ მცირე თუ რაჲ არს თქუენდა ქუეყანაჲ ეგე სამკჳდრებელისა თქუენისაჲ, წიაღმოვედით ქუეყანასა ამას სამკჳდრებელსა უფლისასა. სადა დამკჳდრებულ არს კარავი უფლისაჲ, დაემკჳდრენით ჩუენ თანა და ნუ განსდგებით უფლისაგან და ჩუენგან ნუ განსდგებით საქმითა მით ბომონისათა გარეშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

20. არა ხედავთა, აქა არს, ზარასა ცთომით სცა შესაჩუენებელისა მისგან და ყოველთა ზედა კრებულსა ისრაჱლისასა, და იყოს რისხვაჲ? და ესე ერთი მარტოჲ იყო, მარტო ხოლო ნუ ესე მოკუდა ცოდვასა მას შინა თჳსსა?

21. და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან და ეტყოდეს ათასისთავთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს:

22. ღმერთი, ღმერთი უფალი არს და ღმერთმან, ღმერთმან უფალმან მან უწყის და ისრაჱლმან თავადმან ცნას, უკუეთუ განდგომით ვცოდეთ წინაშე უფლისა, ნუ გჳჴსნინ ჩუენ დღესა ამას შინა.

23. და თუ ვქმენით თავისა ჩუენისა ბომონი განსადგომელად უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათამცა შევწირეთ მას ზედა მსხუერპლი მრგულიადდასაწველთაჲ.

24. ანუმცა ვყავთ მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა, უფალმან თავადმან იძიენ, არამედ კრძალულებისათჳს სიტყჳსა ვყავთ ესე. და ვთქუთ: რათა არა ჰრქუან ხვალე შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა: რაჲ ძეს თქუენი და უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ?

25. რამეთუ საზღვარნი დასხნა უფალმან საშუალ ჩუენსა და თქუენსა იორდანე და არა არს თქუენდა ნაწილ უფლისა? და უცხო ქმნენ შჳლთა თქუენთა შჳლნი ჩუენნი, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

26. და ვთქუათ ყოფად ესრე აღშენებად მის ბომონისა არა შესაწირავთათჳს, არცა მსხუერპლთათჳს,

27. არამედ რათა იყოს საწამებელად საშუვალ თქუენსა და საშუვალ ჩუენსა და საშუვალ შჳლთა ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რათა ჰმსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა შესაწირავითა ჩუენითა და საკუერთხთა ჩუენთასა და მსხუერპლითა ცხორებისა ჩუენისათა. და არა ჰრქუან შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა ხვალე, ვითარმედ არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა.

28. და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.

29. ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.

30. და ესმა ფინეეზ მღდელსა და ყოველთა მათ მთავართა ერისათა ათასისთავთა ისრაჱლისათა, რომელ იყვნეს მის თანა სიტყუანი ესე, რომელ თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგთა ნათესავთა მანასესთა, და სთნდა მათ.

31. და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან, ძემან ელიაზარისმან, ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: დღეს გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი, რამეთუ არა სცოდეთ წინაშე უფლისა ცოდვა ეგე, რამეთუ იჴსნენით ძენი ისრაჱლისანი ჴელთაგან უფლისათა.

32. და მიიქცა ფინეეზ მღდელი და მთავარნი იგი ტომთანი ძეთაგან რუბენისთა და ძეთაგან გადისთა და ზოგისგან ნათესავისა მანასესისა ქუეყანით გალაადით ქუეყანად ქანაანისად ძეთა მათ ისრაჱლისათა.

33. და მიუთხრნეს მათ სიტყუანი ესე და სთნდა ძეთა ისრაჱლისათა. და ეტყოდეს ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ნუღარა მიხუალთ ბრძოლად მათა მოსრვად ქუეყანისა ძეთა რუბენისთასა, ძეთა გადისთასა და ზოგსა ნათესავსა მანასესა და დაეშენნეს მას ზედა.

34. და უწოდა ისო სახელი ბომონსა მას ბომონი რუბენისი და გადისი დ ზოგისა ნათესავისა მანასესი. და თქუა: ვითარმედ საწამებელ არს საშუვალ მათსა, რამეთუ უფალი ღმერთი მათი არს.

23

1. და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა, ოდეს განუსუენა უფალმან ისრაჱლსა ყოველთაგან მტერთა გარემოჲს და ისო მოხუცებულ იყო და მოდგომილ დღეთა.

2. და მოუწოდა ისო ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და მოხუცებულთა მათთა, და და მთავართა მათთა, და მსაჯულთა მათთა, და მწიგნობართა მათთა, დ ჰრქუა მათ: მე დავბერდი და გარდავჴედ დღეთა.

3. ხოლო თქუენ იხილეთ, რავდენი უყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ყოველთა ნათესავთა მათ პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი, იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ.

4. იხილეთ, რამეთუ დაგიტევენ თქუენ ნათესავნი ესე დაშთომილნი შორის ნაწილთა ნათესავთა თქუენთასა იორდანითგან ყოველნი ნათესავნი, რომელ მოვსრენ, და ზღჳთ დიდითგან იზღუანვის მზისდასავალადმდე.

5. ხოლო უფალმან ღმერთმან ჩუენმან მან მოსრნეს იგინი პირისაგან ჩუენისა, ვიდრემდის წარწყმდენ და მიუვლინნეს მათ მჴეცი ველურნი, ვიდრემდის მოისრნენ იგინი და მეფენი მათნი პირისაგან თქუენისა. და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა გრქუა თქუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

6. განძლიერდით აწ ფრიად დამარხვად და ყოფად ყოველთა წერილთა წიგნსა შინა შჯულისა მოსესისათა, რათა არა გარდაიქციოთ მისგან მარჯულ ანუ მარცხლ.

7. რათა არა შეერთნეთ ნათესავთა ამათ დაშთომილთა, და სახელები ღმერთთა მათთა არა ითქუას თქუენ შორის. და ნუ ჰფუცავთ მათ, ნუცა ჰმსახურებთ მათ, ნუცა თაყუანის-სცემთ მათ.

8. არამედ უფალსა ღმერთსა ჩუენსა შეეკრძალენით, ვითარცა ჰყავთ მოაქადღედმდე.

9. და მოსრნეს იგინი უფალმან პირისაგან თქუენისა ნათესავნი დიდ-დიდნი და ძლიერნი, და თქუენ არა ვინ დაგიდგეს წინაშე თქუენსა მოაქადღედმდე.

10. ერთმან თქუენგანმან დევნნა ათასნი, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ, ვითარცა გრქუა თქუენ.

11. და ეკრძალენით ფრიად და გიყუარდეთ უფალი ღმერთი ჩუენი.

12. უკუეთუ მოიქცეთ და შეერთნეთ დაშთომილთა და წარმართთა ამათ, რომელ არიან თქუენ თანა, და მზა-უყოთ მათა მიმართ, და აღერინეთ მათ და იგინი თქუენ,

13. უწყებით უწყოდეთ, რამეთუ არღარა შესძინოს უფალმან ნათესავი ესე მოსრვად პირისაგან თქუენისა. და იყვნენ იგინი თქუენდა საფრჴე და საცთურ და პატნეზ ფერჴთა თქუენთა და ისარ თუალთა თქუენთა, ვიდრემდის წარსწყმდეთ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

14. ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა და სცნათ გულითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რამეთუ არა დააკლდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა, რომელნი თქუნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან თქუენდამო. ყოველი მოიწია თქუენდა, ერთიცა არა დააკლდა მათგანი.

15. და იყოს, ვითარცა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი ესე სიტყუაჲ კეთილი, რომელი თქუა უფალმან ღმერთმან თქუენ ზედა; ეგრეთვე მოავლინოს თქუენ ზედა უფალმან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი, ვიდრემდის არა მოისრნეთ თქუენ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

16. რაჟამს გარდაჰჴდეთ თქუენ აღთქუმასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი გამცნო თქუენ და მიხჳდეთ მსახურებად ღმერთთა უცხოთა, თაყუანის-ცემად მათა, და განრისხნეს თქუენ ზედა უფალი და წარსწყმდეთ ადრე-ადრე ქუეყანით.

24

1. და შეკრიბნა ისო ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი სელომდ და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და მთავართა მათთა და მწიგნობართა მათთა და მსაჯულთა მათთა და დადგეს წინაშე ღმრთისა.

2. და მიუგო ისო ყოველსა ერსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: წიაღ მდინარესა შენ იყუნეს მამანი თქუენნი პირველად: თარაჲ, მამაჲ აბრაჰამისი, და მამაჲ ნაქორისი და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა.

3. და მოვიყუანე მამაჲ თქუენი აბრაჰამი წიაღ მდინარით და უძღოდე მას ყოველსა ქუეყანასა და განვამრავლე ნათესავი მისი.

4. და მივეც მას ისაკი, და ისაკს იაკობი და ესავი. და მივეც ესავსა მთაჲ სეირი სამკჳდრებელად მისა. და იაკობ და ძენი მისნი შთავიდეს ეგჳპტედ და იქმნნეს მუნ ნათესავად დიდად და მრავალ და ძლიერ, და ჰბრძოდეს მათ ეგჳპტელნი.

5. და ვგუემე ეგჳპტელნი სასწაულითა და ნიშითა, რომელ ვყავ მათ შორის.

6. შემდგომად გამოგიყვანნა თქუენ ეგჳპტით ზღუასა და დევნა-უყვეს უკუანა მამათა თქუენთა ეტლებითა და ჰუნებითა ზღუასა შინა ერჳთრასა.

7. და ღაღად-ვყავთ და მოავლინა ღრუბელი და ნისლი საშუვალ ჩუენსა და საშუვალ ეგჳპტელთასა. და მოაქცია მათ ზედა ზღუაჲ, დაფარნა იგინი და იხილეს თუალთა ჩუენთა, რავდენი უყო უფალმან ქუეყანასა ეგჳპტისასა. და ვიყვენით უდაბნოსა ზედა მრავალ დღე.

8. და მოგჳყვანნა ჩუენ ქუეყანასა ამორეველთასა, რომელ მკჳდრ იყვნეს წიაღ იორდანესა, და განგეწყუნეს თქუენ და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი, და მოსრენით იგინი პირისაგან თქუენისა.

9. და აღდგა ბალაკ ზეფორისი, მეფე მოაბისაჲ, და ეწყო ისრაჱლსა. და მიავლინა და უწოდა ბალამს, ძესა ბეორისასა, წყევად თქუენდა.

10. და არა ინება უფალმან ღმერთმან შენმან წარწყმედად შენდა და კურთხევით გაკურთხნა თქუენ და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მათისა და მოგცნა იგინი.

11. და წიაღმოხუედით იორდანესა და მოხუედით იერიქოდ. და გბრძოდეს თქუენ მკჳდრნი იგი იერიქოჲსანი: ამორეველი, და ფერეზელი, და ქანანელი, და ქეტელი, და გერგესეველი, და ეველი და იებოსელი. და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა.

12. და მიუვლინა პირველად თქუენსა ბზიკი და განასხნა იგინი პირისაგან ჩუენისა, ათორმეტნი მეფენი, პირისაგან ჩუენისა მრავალნი არა მახჳლითა შენითა, არცა მშჳლდითა შენითა.

13. და მოგცა თქუენ ქუეყანა, რომელსა ზედა არა დამაშურალ იყვენით, და ქალაქები, რომელ არა გეშენა, დაეშენენით მათ შინა, და ვენაჴები და ზეთისხილოვანები, რომელ არა დაჰნერგეთ თქუენ, და სჭამთ.

14. და აწ გეშინოდეს თქუენ უფლისაგან და ჰმსახურებდით მას სიწრფოებით და სამართლით, და განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელთა-იგი ჰმსახურებდეს მამანი იგი თქუენნი წიაღ იორდანესა და ეგჳპტესა შინა; და ჰმსახურებდით უფალსა,

15. უკუეთუ გთნავს თქუენ მსახურებად უფლისა, ირჩიეთ თქუენ დღეს, რომელთა ჰმსახურებდეთ, გინა თუ ღმერთთა მამათა თქუენთასა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, გინათუ ღმერთთა ამორეველთა, რომელთა თანა შენ ხართ ქუეყანასა ზედა მათსა, ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ. წმიდა არს.

16. და მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ნუ იყოფინ ჩუენდა დატევებად უფლისა, რათამცა ვჰმსახურებდით ჩუენ ღმერთთა უცხოთა.

17. რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი არს და მან აღგჳყვანნა ჩუენ და მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით სახლით მონებისაჲთ და გჳყო ჩუენ სასწაული დიდ-დიდი და დაგჳცვნა ჩუენ ყოველსა გზასა, რომელსა ვიდოდეთ მას შინა და შორის ყოველთა ნათესავთა, რომელთა თანა წარვიდოდეთ მათ.

18. და განასხნა უფალმან ამორეველნი და ყოველნი ნათესავნი, რომელ მკჳდრ იყვნეს ქუეყანასა ზედა პირისაგან ჩუენისა, არამედ ჩუენცა ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.

19. და ჰრქუა ისო ერსა მას: ვერ უძლოთ მსახურებად უფლისა, რამეთუ ღმერთი წმიდა არს და აღიშუროს ამან და არა გილხინოს ცოდვათა თქუენთა და უშჯულოებათა თქუენთა,

20. რაჟამს დაუტეოთ უფალი და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა, და მოვიდეს და ბოროტი გიყოს თქუენ და მოგსრნეს თქუენ მის წილ, რამეთუ კეთილი გიყო თქუენ.

21. და ჰრქუა ერმან მან ისოს: არამედ უფალსა ვჰმსახურებდეთ!

22. და ჰრქუა ისო ერსა მას: მოწამე ხართ თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ თქუენ გამოირჩიეთ უფალი მსახურებად მისა!

23. და აწ განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელ არიან, და წრფელ-ჰყვენით გულნი თქუენნი უფლისა მიმართ ისრაჱლისა.

24. და ჰრქუა ერმან მან ისოს: უფალსა ვჰმსახურებდეთ და ჴმისა მისისა ვისმინოთ.

25. დადვა ისო აღთქუმაჲ ერისა მიმართ მას დღესა შინა და მისცა მათ შჯული და სამართალი სელომს შინა წინაშე კარავსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

26. დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა შჯულისა ღმრთისასა: და მოიღო ქვაჲ დიდი და დადგა იგი ისო ბელეკუნსა ქუეშე წინაშე ღმრთისა.

27. და ჰრქუა ისო ერსა მას: აჰა, ესერა, ქვაჲ ესე იყავნ თქუენდა საწამებელად, რამეთუ ამას ესმნეს ყოველნი თქუმულნი უფლისა მიერ, რავდენნი თქუნა თქუენდამო დღეს. და ესე იყოს თქუენ შორის საწამებელად აღსასრულთა დღეთა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

28. და წარავლინა ისო ერი იგი კაცად-კაცადი ადგილად თჳსა.

29. და ჰმსახურებდა ისრაჱლი უფალსა ყოველთა დღეთა ისოსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთა, რომელთა ჟამნი მიაწინეს ისოს თანა, და რომელთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელ ქმნა შორის ისრაჱლსა.

30. და შემდგომად ამათსა მოკუდა ისო ნავესი, მონაჲ უფლისა, ასდაათ წლისა.

31. დაჰფლეს იგი საზღვართა შინა ნაწილისა მისისათა თამნასაქარს შინა, მთასა ეფრემისსა, ჩრდილოთ მთასა გალადსა. და მუნ დასხნეს მის თანა სამარესა მას, რომელსა დაჰფლნეს იგინი მუნ, დანაკი ქვისანი, რომლითა-იგი წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა, რაჟამს გამოიყვანა იგინი ეგჳპტით, ვითარცა უბრძანა უფალმან მან, არიან მოდღენდელად დღემდე.

32. და ძუალნი იოსებისნი გამოიხუნეს ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით და დაჰფლნეს იგინი სიკიმას შინა ნაწილსა მას აგარაკისასა, რომელ მოიგო იაკობ ამორეველთაგან, რომელ იყვნეს სიკიმას შინა, ასითა ტარიგითა და მისცა იგი იოსებს ნაწილად.

33. და იყო, შემდგომად ამისსა ელიაზარცა, ძე აჰრონისი, მღდელი აღესრულა და დაეფლა გაბაარს შინა ფინეზის, ძისა თჳსისა, რომელ მისცა მას მთასა მას ეფრემისასა. მას დღესა შინა მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა კიდობანი შჯულისა ღმრთისა და მიმოდააქუნდა მათ შორის. და ფინეეზ მღდელობდა ელიაზარის წილ მამისა თჳსისა ვიდრე მოსიკუდიმდე. და დაეფლა გაბაათს შინა თჳსსავე, ხოლო ძენი ისრაჱლისნი წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და ქალაქად თჳსა. და ჰმსახურებდეს ძენი ისრაჱლისნი ასტარტეს და ასტაროთს ღმერთთა წარმართთასა, რომელ იყვნეს გარემოჲს მათსა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ეგლომისა მეფისა მოაბისათა და ეუფლა მათ ათურამეტ წელ.