1. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არა ვის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონობა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ყოვლისა ქუეყანისა.
2. და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე. არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე.
3. აწ მითხარ მე, რომლისათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩემდა, რამეთუ მოსრულ ხარ ცხორებად, ნუ გეშინინ ამას ღამესა, სცხონდე ამიერითგან, რამეთუ არა ვინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა.
4. და ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისა და იტყოდეს მსახური შენი. და არა გითხრა ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა. და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმე ქმნეს შენ თანა ღმერთმან და სრულ-ყოს. ღმერთმან ჴელთა შენთა საქმე დიდი. და არა შესცდეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო.
5. რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ მეფე ყოვლისა ქუეყანისა და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად ყოვლისა კაცისა, რამეთუ არა მხოლოდ კაცნი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი, საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხოვნდებოდიან. და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან,
6. რამეთუ გვასმიეს სიბრძნე შენი და განზრახვა გულისა შენისა, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ მარტო უმჯობეს ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მცნებითა და საკჳრველ ერისთაობისა ბრძოლისასა
7. და აწ, უფალო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდა აქიორ ერსა შორის შენსა, გვესმნეს სიტყუანი იგი მისნი, რამეთუ შეიწყნარეს იგი კაცთა მათ ბეტულასათა და უთხრა მათ, რომელსა იტყოდა შენს წინაშე. ყოველნი სიტყუანი შენნი, რომელთა იტყოდე ამისთჳს, ჴელმწიფეო უფალო. ნუ თანაწარხვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს,
8. რამეთუ ვერვისგან შურ-იგების ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა
9. და აწ რათა არა იყოს უფალი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ მოწევნულ არს მათა ცოდვა დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელ ქმენ უსჯულოებაჲ,
10. რამეთუ მოაკლდა საზრდელი მათ და შეასრულეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი,
11. რამეთუ უწყეს ჴელის-შეყოფად საცხოვართა მათთა და ყოველი, რაოდენი ბრძანა ღმერთმან სჯულსა მისსა არა ჭამად მათა, გულს-უც ჭამად.
12. და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა. რომელი დაემარხა და წმიდა ეყო მღდელთათჳს, რომელნი დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის-შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისა თჳნიერ მღდელისა ხოლო და არარა მიუძღუანებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რა და ამისთჳსცა მონათა მათ დამკჳდრებულთა აბრძნეს ესე, რომელთა-იგი დააყენეს მუნ მიტევება მოხუცებულთა მიერ. და იყოს, რაჟამს-რა იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად.
13. მას დღესა შინა, რომლისათჳს მე, მჴევალსა შენსა, მომეთხრა ღმრთისა მიერ და ვივლტოდე პირისაგან მათისა. და მომავლინა მე ღმერთმან შენდა საქმედ შენ თანა. რომლისათჳს განკრთეს ყოველი ქუეყანა, რაოდენთა ესმეს იგი.
14. რამეთუ მჴევალი შენი ღმრთისმსახურ ვარ და ვმსახურებდა მე ღმერთსა ცათასა და ყოვლისა ქუეყანისა უფალსა. და აწ მე შენს წინაშე, უფალო, განვიდოდი ღამედ და ღამედ მჴევალი შენი ჴევსა ამას და ვილოცევდე ღმრთისა მიმართ.
15. და მითხრას მე, ოდეს-იგი იქმნეს ცოდვა მათი, მოვიდე და გაუწყო ცოდვა იგი მათი და განხჳდე ყოვლითა ძალითა შენითა და არა ვინ წინა აღგიდგეს შენ მათგანი. და მიგიყვანო შენ შორის ჰურიასტანსა ვიდრე მისლვადმდე წინაშე იერუსალჱმსა და დავდგნე საყდარნი შენნი შორის მათსა. და მოიყვანნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა არნ მწყემსი, და არა განძრას ძაღლმან ენა თჳსი წინაშე შენსა.
16. რამეთუ ესე მომეთხრა მე წინასცნობითა ჩემითა განგებითა ღმრთისათა.
17. და ვინაითგან განურისხნა მათ ღმერთი, ამისთჳს მოვივლინე თხრობად შენდა
18. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ჰოლომფორესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, და უკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს:
19. არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა.
20. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა.
21. უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთი და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორ მეფისასა სჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა.
1. და უბრძანა შეყვანებაჲ მისი, სადა-იგი დაიდებოდა ვეცხლი მისი. და ამცნო დარეცა მისი მუნ. და მისცემდა მას სანოაგეთაგან მისთა და ღჳნისა მისისაგან სუმად.
2. და თქუა ივდით: არა ვჭამო მათგანი, არც ვსუა, რათა არა მექმნეს მე საცთურ, არამედ რომელ-ესე მომიღებიეს, მეყოფის მე.
3. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა.
4. და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი იზრახა. და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორესთა კარავად და დაიძინა ვიდრე შუაღამემსე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა.
5. და მიავლინა ჰოლომფორესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩუენმან მჴევალსა თჳსსა განსლვად სალოცავად.
6. და უბრძანა ჰოლომფორე მცველთა მათ თჳსთა არა ყენებად მისა. და იყოფოდა ბანაკსა შინა სამ დღე.
7. და განვიდის ღამედ და ღამედ ჴევსა მას ბეტულასასა და იბანებინ წყაროსა მას წყლისასა, ვითარცა წეს იყო ურიათა.
8. ვითარცა აღმოვიდის განბანილი, ევედრებინ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რათა წარემართოს მას გზასა მისსა აღსამაღლებელად ძეთა ერისა მისისა ისრაჱლისათა.
9. შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი.
10. და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა.
11. აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ.
12. და განვიდა გაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩუენისა. რათა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღჳნო. და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა?
13. და ჰრქუა მას ივდით: და ვინ ვარ მე სიტყჳსმგებელ უფლისა ჩემისა?
14. რამეთუ ყოველი, რომელი სათნო არს წინაშე თუალთა მისთა, სწრაფით ვყო. და იყოს ესე ჩემდა სიხარულ, ვიდრე დღედმდე სიკუდილისა ჩემისა.
15. აღდგა და შეიმოსა სამოსელი მისი და ყოველი სამკაული დედათა. და წარუძღვა მჴევალი იგი თჳსი ჰოლომფორესსა. შევიდა და დაჯდა ივდით.
16. და განკრთა გული ჰოლომფორესი მის ზედა და აღიძრა სული მისი და გული უთქმიდა მას ფრიად თანაყოფისა მისთჳს და იმარჯვებდა ჟამსა, რათამცა აცთუნა, რომლითა დღითა იხილა იგი.
17. და ჰრქუა მას ჰოლომფორე სუ და იქმენ მხიარულ ჩემ თანა.
18. და ჰრქუა ივდით: ვსუა აწ, უფალო ჩემო, რამეთუ განდიდნა ცხორებაჲ ჩემი ჩემ თანა უფროს ყოველთა დღეთა შობისა ჩემისათა.
19. მოიღო და ჭამა და სუა მის წინაშე, რომელი-იგი მოუმზადა მჴევალმან მისმან.
20. და მხიარულ იქმნა ჰოლომფორე მის ზედა და სუა ღჳნო ფრიადი, რომელ არღარა ესვა სხუასა დღესა ეგოდენი ცხორებასა შინა თჳსსა.
1. და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილად თჳსად და ბაგუა შეაჴშა კარნი კარავთანი გარეგნით და წარავლინნა წინაშემდგომელნი პირისაგან უფლისა თჳსისა,
2. რამეთუ ყოველნი დამაშურალ იყვნეს და დამთვრალ ამისთჳს, რამეთუ მყოვარ იყო სმა იგი.
3. და დაშთა ივდით მხოლო ჰოლომფორესა თანა კარავთა შინა
4. ხოლო ჰოლომფორე დავრდომილი იდვა ცხედარსა ზედა თჳსსა, ვინათგან გარდარეოდა ღჳნო.
5. და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე.
6. და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს,
7. რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!
8. და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ჰოლომფორესა, აღმოჴადა საბარკალი მისი მისგან და მიეახლა ცხედარსა მას.
9. და უპყრნა თმანი თავისა მისისანი და თქუა: განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა.
10. და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი.
11. და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაბან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად გამოვიდა და მისცა თავი ჰოლომფორნესი შიმუნვარსა თჳსსა.
12. და შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩვეულება აქუნდათ ლოცვისათჳს და განვლეს ბანაკი იგი და აღვიდეს მთასა მას ბეტულასასა.
13. და მოიწინეს ბჭეთა მის ქალაქისათა და ჰრქვა ივდით შორითვე მჴუმილავთა მათ ბჭისათა: განმიხუენით, განმიხუეუით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოსღა ძლიერებაჲ ისრაჱლისა შორის და შემუსრვა მტერთა ჩუენთა, ვითარცა ყო დღეს.
14. ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, ისწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მღდელთა მოხუცებულთა ქალაქისათა.
15. და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველუჩნდა მათ მოსლვა იგი მისი და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი.
16. და აღაგზნეს ცეცხლი სანთლად და გარემოადგეს მათ.
17. და თქუა ივდით ჴმითა დიდითა: ძენო ისრაჱლისანო, აქებდით ღმერთსა,
18. რომელმან არა განიშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა.
19. და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა.
20. და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა.
21. აქებდით მას ყოველნი, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
22. და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მუჴლნი მოუდრიკნეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღევანდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისათა.
23. და ჰრქუა ოზია ივდითს: კურთხეულ ხარ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროს ყოველთა დედათა ქუეყანისათა.
24. და კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან წარგიმართა შენ წყლვად მთავრისა თჳსისა მტერისა ჩუენისა.
25. რამეთუ არა მოაკლდეს სახელი შენი გულთა კაცთასა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე. და იყავნ შენდა იგი სიმაღლედ საუკუნოდ მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ჰრიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხვედ დაცემისა ჩუენისათჳს. სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა
26. და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!
1. და ჰრქუა ივდით: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და მიიღეთ თავი ესე, დამოჰკიდეთ არდაბაგსა ზღუდისა თქუენისასა.
2. და იყოს, ოდეს განთენდეს ცისკარი და გამოვიდეს მზე ქუეყანად, აღიღენ კაცად-კაცადმან თქუენმან საჭურველი საბრძოლო თჳსი და განვედით ყოველი კაცი ძლიერი გარეშე ქალაქსა და დაადგინეთ ერისთავი მას ზედა, რეცა თუ გარდახვალთ ველად მჴუმილად მათ ძეთა ასურთასა, და ნუ გარდახვალთ.
3. და აღიღონ საჭურველი თჳსი და მივიდოდიან ბანაკად მათა და აღადგინებდენ ერისთავთა ძლიერებისა ასურთასა და მირბიოდიან კარავად ჰოლომფორესა და არა პოვონ იგი.
4. და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა.
5. და შეუდეგით თქუენ და ყოველნი მკჳდრნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათანი და დარეცენით იგინი გზათა ზედა მათთა. და ვიდრე ყოფადმდე ამისა მომიწოდეთ მე აქიორს ამანიტელსა, რათა იხილოს და იცნას ესე, რომელმან შეურაცხ-ყო სახლი ისრაჱლისა და იგი ვითარცა სასიკუდინე მოავლინა ჩუენდა. და მოიყვანეს აქიორ სახლისაგან ოზიასა. და ვითარცა მოვიდა, იხილა თავი ჰოლომფორესი ჴელთა ერთისა კაცისათა შორის კრებულისა მის ერისა. დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დაითხია მიწასა ზედა სული მისი. და ვითარცა აღადგინეს იგი, შეუვრდა ფერჴთა ივდითისათა და თაყუანი-სცა პირსა წინაშე მისა და ჰრქვა მას: კურთხეულ ხარ შენ ყოველთა შორის საყოფელთა იოსებისათა, იუდასთა და ყოველთა შორის ნათესავთა ეფრემისათა, რამეთუ რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სირცხჳლმან შეიპყრნეს იგინი, ხოლო აწ გჳთხარ, რაოდენი ჰყავ დღეთა ამათ შინა. და უთხრა მას ივდით შორის ერისა მის ყოველი, რა-იგი ქმნა, ვინათ დღითგან განვიდა და ვიდრე ეტყოდა სიტყუათა ამათ. და ვითარცა დასცხრა სიტყვათა მათგან, ღაღად-ყო ერმან ჴმითა დიდითა და ყვეს ჴმაჲ სიხარულისა ქალაქსა მათსა.
6. და ვითარცა იხილა აქიორ ყოველივე, რაოდენი უყო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა, ჰრწმენა ღმერთი და წინადაეცვითა ჴორცი წინადაცვეთილებისა მისისა. და შეეშინა სახლსა ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღემდე.
7. და იყო, ვითარცა ცისკარი აღმოვიდენ, დამოჰკიდეს თავი ჰოლომფორესი ზღუდესა ზედა. და აღიღო ყოველმან კაცმან საჭურველი თჳსი და აღვიდეს გუნდად და გუნდად აღსავალსა მას მთისასა. ხოლო ძეთა ასურთა ვითარცა იხილეს იგინი, მიმოავლინეს მთავართა მათთა ერისთავთა და ათასისთავთა და ყოველთა მთავართა მათთა.
8. და ვითარცა მოვიდეს მჴმილავნი, მოისწრაფეს კარვად ჰოლომფორესა.
9. და მოვიდენ კართა კარვისათა და რეკეს, რათამცა განაღჳძონ. და რაოდენგზისცა ირეკდეს, ვერა განაღჳძეს და ჴმოანებდენ, რათა აღადგინონ ჰოლომფორე.
10. და არავინ იყო კადნიერ ასურასტანელთაგანი შესლვად სასვენებელად, გინა დარეკად და განღჳძებად.
11. და მო-რა-ვიდნენ ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველნი წარჩინებულნი და ყოველნი ერნი ასურასტანელთა მეფისანი და ეტყოდეს მესასვენებლესა:
12. შევედით და აღადგინეთ ჰოლომფორე, რამეთუ თაგუნი გამოსრულ არიან ვრცელთაგან მათთა, რამეთუ ფრიად აღლალებულ იყვნეს და ომი ეწადესვე.
13. და შევიდა ბაგუა, ირეკა ეზოსა კარვისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ეძინოსღა ივდითის თანა.
14. ვითარ არა ვინ მოუგო, და-რა-ეყოვნა, შევიდა სასვენებელად და პოვა იგი მდებარე ცხედარსა ქუეშე მკუდარი. და თავი მისი მოკუეთილი იყო მისგან და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ტირილით და გოდებით ძლიერად და დაიპო სამოსელი თჳსი.
15. და შევიდა კარავსა მას, სადა იყოფვინ ივდით სადგურსა და არა პოვა იგი. გამორბიოდა ერსა წინაშე, ღაღადებდა და იტყოდა:
16. შეურაცხ-ყვეს მონათა მისთა და ყვეს სარცხჳნელი. ერთმან დედაკაცმან ებრაელმან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა ქმნა ძლევა. აჰა ესერა, ჰოლომფორე ძეს ქუეყანასა და თავი მისი არა არს მის თანა.
17. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა ძლიერებისა ასურთასა, დაიპეს სამოსელი მათი და შეძრწუნდა სული მათი ფრიად, და იყო ღაღადებაჲ მათი.
18. და გოდება შორის ერისა მათისა ფრიად.
1. და ვითარცა ესმა ბანაკსა მას, რომელნი იყვნეს კარვებსა, განუკჳრდა საქმესა მას ზედა.
2. და დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა, არავინ იყო კაცი მდგომ წინაშე პირსა მოყუსისასა,
3. არამედ განიბნივნეს ერთბამად და ივლტოდეს ყოველსა მას გზებსა ველისასა და მთასა, რომელნი დაბანაკებულ იყვნეს მთასა მას
4. გარემო ბეტულასასა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაჱლისანი. ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად.
5. წარავლინნა ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემად და ქობად და კოლად და ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა, რათა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რათა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათ თანა მოსრვად მათად.
6. და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და მიეტევებოდეს მათ, მოსრვიდეს დიდად ფრიად სოფლებსა ვიდრე ქობადმდე. ეგრეთვე იერუსალჱმელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რა-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა და რომელნი იყვნეს გალადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა უყვეს მას. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი, ვიდრე თანაწარჴდეს დამასკეს და საზღვართა მისთა.
7. ხოლო სხუანი იგი დამკჳდრებულნი ბეტულასნი დაესხნეს ბანაკსა მას ასურთასა და წარმოტყუენვეს იგინი და განმდიდრდეს.
8. და ძეთა ისრაჱლისათა მოაქციეს მოწყუედისაგან და ერეოდეს ყოველთა ნეშტთა, და ქალაქები და დაბნები ყოველთა ვაკეთა გარდამოჴდეს და აღიჭრნეს მრავალნი ნატყუენავი, რამეთუ იყო სიმრავლე დიდ ფრიად.
9. და მოვიდა იოვაკიმ მღდელი და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალჱმს. ყოველნივე მოიწივნეს ხილვად კეთილთა, რომელი უყო უფალმან ისრაჱლსა და ივდითის სიტყუად მშჳდობისა.
10. და ვითარცა მოვიდეს და აკურთხეს ყოველთა ერთბამად და ჰრქუეს მას: შენ ხარ სიმაღლე იერუსალჱმისა, შენ ხარ სიხარული ისრაჱლისა, შენ ხარ სიქადული ნათესავისა ჩუენისა.
11. რომელნი ჰქმენ ჴელითა შენითა და ჰყავ კეთილი ისრაჱლისა თანა და სათნო-ყო ღმერთმან მათ ზედა. კურთხეულ იყავ შენ ყოვლისა მპყრობელისა მიერ უფლისა უკუნისამდე ჟამთა.
12. და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!
13. და კარვად აღიჭრიდა ერი იგი ბანაკსა ასურთასა ოცდაათ დღე. და მისცეს ივდითსა კარავი ჰოლომფორესი და ყოველი ვეცხლი და ცხედრები და საგებელი მისი და სამოსელი მისი. მოიღო მან და აჰკიდა ჯორებსა თჳსსა და აღაგო იგი ურმებსა თჳსსა და მოიღო იგი ყოველი მათგან.
14. და ისწრაფდეს ყოველნი დედანი ისრაჱლისანი ხილვად მისა და კურთხევად მისა და ყვეს მის თანა მძნობარი მისთჳს მათგანი და მოიღეს მორჩი ხეთა და მისცეს ჴელთა მისთა და მისცეს მის თანათაცა დედათა გჳრგჳნები ზეთისხილისა და უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით წინამძღვარად ყოველთა დედათა.
15. და შეუდგა ყოველი კაცი ისრაჱლისა შეჭურვილნი და გჳრგჳნოსანნი, გალობდეს პირითა მათითა.
1. და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა მას.
2. და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა, უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისათა აღრთულითა, ფსალმუნითა ახლითა უგალობდით მას, აღამალებდით და ხადოდით სახელსა მისსა.
3. რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა
4. ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან მდევართა ჩემთასა,
5. რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან მათმან დაფარნა ბორცუნი.
6. და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად.
7. უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი,
8. რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით, ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი,
9. რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა.
10. იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა.
11. სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა.
12. შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს.
13. მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი.
14. ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა.
15. უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა:
16. უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა!
17. შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ.
18. და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა.
19. ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის.
20. ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა, უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა.
21. და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან ტკივილითა მათითა მარადის უკუნისამდე.
22. და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი.
23. და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა.
24. და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით.
25. და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა მისსა.
26. და მიერ ჟამითგან იყო სახელი მისი დიდებულ ყოველსა ქუეყანასა.
27. და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა.
28. და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა.
29. და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა.
30. და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე.
31. ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე დღეინდელად დღემდე.