წიგნი ივდითისა

6

1. და ვითარცა დასცხრა შფოთი იგი კაცთა მათ კრებულისა და ჰრქუა ჰოლომფორე, ერისთავმან ასურეთისამან, აქიორს ამანიტელსა წინაშე ყოვლისა მის ერისა უცხოთესლთასა: ვინ ხარ შენ, აქიორ? და ყოველთა მიმართ ძეთა ამონისთა სასყიდლით მორეწეთა ეფრემისათა,

2. რამეთუ წინაწარმეტყუელობ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს და სთქუ: ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოთა, რამეთუ ღმერთი მათი შეეწიოს მათ? და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან,

3. არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ.

4. იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი.

5. ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღეთა სიცრუისა შენისასა - არღარა იხილო პირი ჩემი ამიერითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან ნათესავისა ეგჳპტით გამოსრულისა. და მაშინ განვიდეს მახჳლი ერისა ჩემისა და ერისა მსახურთა ჩემთასა გუერდთა შენთა.

6. და დაეცე წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო. და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა აღსავალთასა და არა წარსწყმდე მუნამდე, ვიდრემდე მოისპო მათ თანა. და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრნე, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არა დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი.

7. და უბრძანა ჰოლომფორე მონათა თჳსთა, რომელ დგეს წინაშე კარავთა მისთა, შეპყრობა აქიორისი და მოყვანებად და მიცემად ბეტულად ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა.

8. და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკსა მათსა ველად და წარიყვანეს იგი მიერ ველით მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელ არიან ქვე კერძო ბედულოასა. და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მის ქალაქისათა თხემსა მის მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქსა თავსა მთისასა. და ყოველმან კაცმან მეშურდულემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა.

9. და შემოეფარნეს ქუეშე მთასა მას და შეკრეს აქიორ და დაუტევეს იგი მდებარე ქუეშე ძირსა მის მთისასა და წარვიდეს უფლისა თჳსისა.

10. და გარდამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქალაქით, მათით და მოვიდეს და განჴსნეს იგი და შეიყვანეს იგი ბეტულად და წარადგინეს იგი მთავართა მის ქალაქისათა,

11. რომელნი იყვნეს მათ დღეთა შინა. და იყო მაშინ ოზია, ძე მიქასი, ტომისაგან სჳმეონისა, ქაფრი, ძე გოთონიელისი და ქამრი, ძე მელქიელისი.

12. და მოუწოდეს ყოველთა მოხუცებულთა ქალაქისათა და შეკრბეს ყოველნი ჭაბუკნი მათნი და დედანი მათნი და ყრმანი შესაკრებელსა მათსა და დაადგინეს აქიორ შორის ერისა მათისა და ჰკითხვიდა მას ოზია, რა-იგი შეემითხჳა მას, და უთხრა აქიორ სიტყუაჲ იგი კრებულისა მის ჰოლომფორესი და ყოველნი სიტყუანი მთავართა მათ ძეთა ასურთა.

13. და რაოდენსა იტყოდეს ჰოლომფორე სახლსა ზედა ისრაჱლისასა,

14. და თაყუანი-სცეს ღმერთსა და ღაღად-ყვეს და თქუეს:

15. უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, გარდამოიხილე ამპარტავანებასა ზედა მათსა და შეიწყალე სიმდაბლე ნათესავისა ჩუენისა და მოხედე პირსა განწმედილთასა შენდად, უფალო, ამას დღესა!

16. და ნუგეშინ-სცეს აქიორს და აქებდეს მას ფრიას და თქუეს: რაცა სთნდეს ღმერთსა ჩუენთჳს და შენდაცა იყოს კეთილი.

19. და წარიყვანა იგი ოზია კრებულისა მისგან სახიდ თჳსა.

20. და ყო სუმა მთხუცებულთათჳს და მღდელთა და ხადოდეს უფალსა ისრაჱლისასა შემწედ მას დღესა ღამე ყოელ.

7

1. ხვალისაგან უბრძანა ჰოლომფორე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყუნეს შემწედ მისა აღსლვად ბეტულად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

2. და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად.

3. დაიბანაკეს ღელესა მას მახლობელად ბეტულისა, წყაროსა ზედა, განეფინნეს სივრცედ დოთაიმად კერძო ვიდრე ბალმანადმდე და სიგრძე ბეტულად ვიდრე კეემონადმდე, რომელ არს წინაშე ეზრექუნსა.

4. ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს სიმრავლე იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აჴოცონ მათ პირი ყოვლისა ქუეყანისა, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს მათსა დიდსა სიმრავლესა.

5. და აღიღეს ძეთა ისრაჱლისათა, კაცად-კაცადმან, ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მთათასა, დადგეს და სცვიდეს ღამე ყოელ.

6. მეორესა დღესა გამოიყვანა ჰოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტულას.

7. და მოიხილნა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი. და წყალნი იგი წყაროთანი მოვლნეს და დაიპყრნეს იგინი. და დაადგინნეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთა და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა.

8. და მოუჴდეს მას ყოველნი მთავარნი, ძენი ამონისნი, და ყოველნი ერნი და წინამძღუარნი ერისა მოაბისნი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:

9. ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან და შეუბრძოლელად დავიპყრათ, რამეთუ ღაადგინენ მცველნი წყაროთა წყალთასა, რათა ვერღარა სვან. და იძლივნენ იგინი და უმახჳლოდ მოისრნენ. და ნანდვილვე შეიწრებულთა მოგცენ ქალაქი მათი, რომელ დაშენებულ არნ მთათა ზედა მაღალთა და ესვენ სიმაგრესა მათსა.

10. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ჰოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა. და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი იტყოდეს და წარიტრა ბანაკი ძეთა ამონისთა და დაადგინა ას-ასეულად.

11. და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტულისთა ყოველი სარწყული წყალთა და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმელად წყალი მრავალ დღე, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად.

12. და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი მოაკლდეს წყურილითა და დაეცნეს უბანთა ზედა ქალაქისათა და განსულასა ბჭეთასა. და არღარა იყო ძალი მათ თანა. და შეკრბა ყოველი იგი ერი ოზიასა და მთავართა მათ ქალაქისათა: ჭაბუკნი, დედანი და ყრმანი, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს:

13. საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და შორის თქუენსა, რამეთუ ყავთ უსამართლო დიდი, რამეთუ არა ვეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთასა.

14. და აწ არა ვინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა და წარწყმედითა დიდითა.

15. და აწ მოუვლინეთ მათ ყოველი ესე ქალაქი ტყვედ ერისა ჰოლომფორნესისა და ყოველსა ძალსა მისსა,

16. რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, ვიყუნეთ მათ აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარწყმედასა და ვიყვნეთ მათ მონად და მჴევლად და ცხოვნდეს სული ჩუენი და ვიხილოთ სიკუდილი ჩჳლთა ჩუენთა წინაშე თუალთა ჩუენთა და ცოლთა ჩუენთა და მოკლებაჲ სულთა მათთა.

17. გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა, ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს სულთა ჩუენთათჳს ცოდვათაებრ მამათა ჩუენთასა, რათა არა იყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა.

18. და იყო ტირილი და გოდებაჲ დიდი შორის კრებულსა მას ყოველთა ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა:

19. ვსცოდეთ მამათა ჩუენთაებრ და უსამართლო ვყავთ და შევსცეთით.

20. შენ, რომელი მოწყალე ხარ, შეგჳწყალენ ჩუენ, ტანჯვითა შენითა ტანჯენ თავჴედობანი ჩუენნი და ერი ესე, რომელნი აღგიარებენ შენ, ნუ გნებავნ მიცემად ჴელთა მათთა, რომელთა არა გიციან შენ.

21. ამისთჳს, რათა არა ითქუას წარმართთა შორის: სადა არს ღმერთი მათი?

22. ხოლო დამაშურალნი ღაღადებითა და გოდებითა უსუსურქმნილნი დადუმნეს.

23. და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრე მოგუცეს ჩუენ ღმერთმან ჩუენმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა.

24. რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად.

25. უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არა ვინ იყოს ჩუენ ზედა, შეწევნა-ვყოთ მაშინ სიტყუათა თქუენთაებრ. და განაბნია ერი თჳსი ბანაკად კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად. ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათსა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა.

8

1. და ესმა მათ დღეთა შინა ივდითს, ასულსა მერარისასა, ძისა ოქოზიასა, ძისა იოსეფისსა, ძისა ოზიელისასა, ძისა ელკიასსა, ძისა ანანიასსა, ძისა გედეონისსა, ძისა რაფინისსა, ძისა აქიტობისსა, ძისა ელიესისა, ძისა ქელკიასსა, ძისა ელიაბისსა, ძისა ნათანაელისსა, ძისა სალმელისსა, ძისა სარადაისსა, ძისა სჳმეონისსა, ძისა ისრაჱლისსა.

2. და ქმარი მანასე მისვე ტომისა და მისვე მამულისა. და მოკუდა მანასე მკასა ოდენ ქრთილისასა.

3. რამეთუ ზედაადგა იგი მომკალთა მჭელეულსა ველსა ზედა, სიცხემან დააცხო თავსა მისსა და დაწვა ცხედარსა მისსა ზედა და მოკუდა ბეტულსა, ქალაქსა თჳსსა. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ველსა მას შინა მახლობელად დოთაიმსა, ბალასონისა.

4. და იყო ივდით სახლსა შინა თჳსსა ქვრივ სამ წელ და ექუს თუე.

5. და იქმნა კარავი ერდოსა ზედა სახლისა თჳსისასა. და შეიმოსა წელთა მისთა ძაძა. და ემოსა მას სამოსელი ქურიობისა.

6. და იმარხვიდა იგი დღე ყოველ ქურიობასა თჳსსა თჳნიერ შაბათსა და თვისთავთა და დღესასწაულთა და დღეთა სიხარულისათა და საჴსენებელთა სახლისა ისრაჱლისათა.

7. და იყო კეთილი ხილვითა და შვენიერ პირითა ფრიად დაბრძენებულითა და სახიერ გონებითა და მდიდარ ფრიად. დაუტევა მას მანასე, ქმარმან მისმან, ოქრო და ვეცხლი, მონები და მჴევლები, და საცხოვარი და აგარაკები. და იყო მათ ზედა დადგომილ.

8. და არავის ესმინა მათთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ იყო ღმრთისა ფრიად.

9. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესევითარნი ერისანი მთავრისა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნეს წყლისა ნაკლულევანებითა, და ესმეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ და ვითარიგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცეს ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ. და მიავლინა შიმუნვარი თჳსი, რომელი ზედამდგომი იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა, და მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის, მოხუცებულთა ყოველთა ქალაქისა მისისათა.

10. და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტულასთა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა. დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ წინაშე ღმრთისა შორის თქუენსა და თქჳთ გაცემა ქალაქისა ღმრთისა ჩუენისა მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, მათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნა.

11. და აწ ვინ ხართ თქუენ, ვითარცა განსცადოთ უფალი ღმერთი თქუენი ისრაჱლისა, რამეთუ დაამტკიცეთ სიტყუაჲ ღმრთისა შორის ძეთა კაცთასა?

12. და აწ უფალსა ყოვლისა მპყრობელსა გამოსცდით და არა სცნათ ვიდრე უკუნისამდე,

13. რამეთუ სიღრმე გულისა კაცისა ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწივნით. და ვითარ ღმრთისა გონებასა მისწუდეთ, რამეთუ შექმნა ესე ყოველი? მან იცის, რა-იგი უზრახავს თქუენთჳს, და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი გამოიცადნეთ? ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

14. უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, მას ჴელეწიფების ნეფსით თჳსით, და-ღა-თუ დამიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღა-თუ მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა. მასვე აქუს ჴელმწიფება და ვინმე ჰრქუას მას: რა ესე ყავა?

15. არამედ თქუენ ნუ გამოსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარცა აბრალა, არა თუ ვითარცა ძე კაცისა, ვითარცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი.

16. ამისთჳს მოელოდეთ მის მიერ ცხორებასა. ხადოდით მას შემწედ ჩუენდა და ისმინოს ჴმისა ჩუენისა, უკუეთუ სათნო არს მისა.

17. რამეთუ არა აღდგომილ არს ნათესავთა შორის ჩუენთა, არცა არს დღევანდელსა ამას დღესა არცა ტომი, არცა მამული, არცა კრებული, არცა ქალაქი ჩუენბანი, რომელიმცა თაყუანი-სცემდა კერპთა ჴელით ქმნილთა.

18. ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ პირველთა, რომლისა ბრალისათჳს მიეცნეს მამანი ჩუენნი ბაბილონელთა მახჳლსა და მიმოტაცებასა სამეოცდაათ წელ, და დაეცნეს დაცემითა დიდითა წინაშე მტერთა მათთა.

19. ხოლო ჩუენ ღმერთი სხუაჲ არა ვიცით მისა გარეშე, რომლისათჳს ვესავთ, ვითარმედ არა უგულებელს-გუყვნეს ჩუენ, არცა განმაშოროს მაცხოვარებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჩუენგან.

20. და არცა ნათესავისა ჩუენისაგან, რამეთუ მოცემასა ჩუენდა ეგრევე ეგოს იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველი ქუეყანა დამტკიცნეს. და წარმოჩნდეს სიწმიდე ჩუენი და გამოიძიოს უფალმან შეგინებისათჳს მათისა სისხლისაგან მათისა და მოწყუედისათჳს მამათა ჩუენთასა და ქუეყანისა მისთჳს ჩუენისა, მოოჴრებისათჳს სამკჳდრებელისა ჩუენისა. და მოაქციოს. ჩუენდავე წარმართთა შორის, სადა-იგი ვმონებდით მათ და ვიყვენით ჩუენ შეკრებილ და საყუედრელ წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა ჩუენთა, რამეთუ არა წარემართოს მონებაჲ ჩუენი მადლად, არამედ გინებულად დადვას იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

21. და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, სიწმიდე და ტაძარი და საკურთხეველი დამტკიცებულ არს ჩუენ შორის. ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა.

22. მოიჴსენეთ, რაოდენი უყო მამასა ჩუენსა აბრაჰამს და რაოდენგზის განიცადა და ღმრთისმოყუარე იქმნა.

23. ეგრეთვე ისაკი და იაკობი და მოსე და ყოველნივე, რომელნი შეესაკუთრეს ღმერთსა, რომელთა მოითმინეს ტანჯვანი მრავალნი და სარწმუნო იქმნეს.

26. ხოლო ჩუენ არა შურისგებითა, არამედ სასწავლელად გუტანჯავს უფალი მახლობელთა მისთა, რომელი-იგი არს კურთხეულ და ქებულ ყოველსა ჟამსა საუკუნოდ, ამენ.

27. მწუხარებითა შევსტიროდეთ უფალსა და ვთქუათ: ვითარცა არს ნებაჲ შენი, ეგრეთვე გვეყავნ წყალობაჲ შენი, რამეთუ ვითარცა შემუსრავს გულთა ჩუენთა ამპარტავანებაჲ მათი, ეგრეთვე სიმდაბლითა ვიქადით

28. და ჰრქუა მას ოზია: ყოველი, რომელი სთქუა გულითა სახიერითა, იტყოდე. და არა ვინ არს, რომელი წინააღუდგეს სიტყუასა შენსა, რამეთუ არა ხოლო დღეს სიბრძნე შენი ცხად არს, არამედ პირველითგან იცის ყოველმან ერმან გულისხმის-ყოფა შენი, რამეთუ კეთილ არს ქმნილება გულისა შენისა, არამედ ერსა ამას შეეწყურა ფრიად და გუაიძულეს სიტყუად, ვითარცა-იგი ვეტყოდე მათ, და მოაწიეს ჩუენ ზედა ფიცი, რომელსა ვერ გარდავჴედით.

29. აწ ევედრე ჩუენთჳს, რამეთუ დედაკაცი ღმრთისმსახური ხარ, და მოავლინოს უფალმან წჳმა, რათა აღივსნენ ჯურღმულნი ჩუენნი და აღარა მოაკლდეს.

30. და ჰრქვა მათ ივდით: ისმინეთ ჩემი და ვყოთ საქმე სიბრძნისა, რომელი არს ღმრთისაგან, მიეთხრობოდეს თესლით თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა.

31. და რა-იგი მნებავს საქმნელად, განიგულეთ, უკუეთუ იყოს ღმრთისა მიერ და ევედრენით, რათა დაამტკიცოს უფალმან განზრახვა ჩემი.

32. და თქუენ სდგეთ ბჭეთა ზედა ამას დღესა და ღამესა. და განვიდე მე შიმუნვარისა ჩემისა თანა და შემდგომად დღეთა მათ, რომელთა სთქუთ მიცემად ქალაქი ესე მტერთა, მოხედვა-ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა ზედა ჴელითა ჩემითა.

33. ხოლო თქუენ ნუ გამოიკითხავთ საქმეთა ჩემთა, რამეთუ არა გითხრა შენ, ვიდრე იქმნეს და აღესრულოს. რომელი-იგი მე ვყო.

34. და ჰრქუა მას ოზია და მთავართა მათ: ვიდოდე მშჳდობით, უფალი ღმერთი ისრაჱლისა ჩუენ თანა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა. და მოიქცეს კარვისა მისისაგან და წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილსა განწესებულსა თჳსსა.

9

1. ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცვა ძაძა, რომელი ემოსა გუამსა მისსა. და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკურთხეველი მწუხრისა. ღაღადყო ივდით ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა და თქუა:

2. უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისაო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურის-საგებელად უცხოთესლთა,

3. რომელთა განჴსნეს საშო ქალწულებისა შეგინებად და განაშიშულეს ჴორცნი შეგინებად სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრე იყოს ამისთჳს, რამეთუ უსჯულო იქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა. და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელსა სცთეს, სისხლად და მოისრნეს მონანი ძლიერთაგანი და ძლიერნი საყდართა ზედა მათთა. და მოსცენ ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებელად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყვარებულთა შენთა მიერ, რომელთა შეიშურეს შური შენი და მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ, ღმერთო მამისა ჩუენისა სჳმეონისაო და ლევისო, ღმერთო აბრაჰამისაო, ისაკისაო და იაკობისაო, ღმერთო, ღმერთო ჩუენო, ისმინე ჩემი ქურივისა,

4. რამეთუ შენ ჰყავ პირველი მათი და შემდგომი და აწინდელი, მომავალი განიზრახე, და იქმნეეს, უწოდე და წარმოგიდგეს შენ, რომელი ზრახე.

5. და თქუეს: აჰა, აქა ვართ, რამეთუ ყოველნი გზანი შენნი მზა არიან და განკითხვანი წინაწარცნობაჲ,

6. რამეთუ, აჰა ესერა, ასურასტანელნი განმრავლდეს ძალითა მათითა, ვითარცა ეგჳპტელნი ოდეს შეჭურვილნი სდევნიდენ მონათა შენთა, რომელნი ესვიდენ ეტლებსა, მჴედრებთა მათთა, იზახებდენ ჴმითა ამპარტავანებისათა, თჳსთა.

7. არამედ იხილე მწყობრი მათი და სიბნელემან ტანჯნა იგინი.

8. უფსკრული ექმნა საფრჴედ და წყალმან დაფარნა იგინი მშჳლდსა და შურდულსა გული შეუპყრიეს.

9. ეგრეთვე უყავ ამათ, ჵ უფალო, რომელნი ესვენ სიმრავლეთა მათთა და ეტლებსა და მჴედრებსა და საჭურველებითა და მშჳლდ-კაპარჭითა და ოროლებითა მათითა იქადიან, და არა ცნეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი. უფალი არს სახელი შენი.

10. და არა იციან, რამეთუ შენ თავადი ხარ ღმერთი ჩუენი, რომელმან დასთრგუნი ყოველნი ძლიერნი და დასაბამითგან უფალ არს სახელი შენი.

11. შენ დაამჴვე სიმრავლე მათი ძალითა შენითა და დაეც სიმტკიცე მათი გულისწყრომითა შენითა, რამეთუ ზრახავს შეგინებად სიწმიდე შენი და შებილწებად საყოფელი სახლისა შენისა და განსასუენებელი დიდებისა შენისა, დამჴობად რქა საკურთხეველისა შენისა.

12. და ჰყავ, უფალო, რათა მახჳლითვე თჳსითა მოეკუეთოს თავი მისი.

13. შეუპყრენ თუალნი მისნი საფრჴითა ჩემ შორის და დაეც იგი სიყუარულითა ბაგეთა ჩემთათა.

14. მომეც მე სული სიმჴნისა, რათა შეუძლო შეურაცხება მისი და ძალმეც მოუძლურებად მისსა.

15. ამისთჳს, რათა იყოს საჴსენებელად სახელისა შენისა. დაამჴვენ და მოსარ ამათი აღმდგომი ჴელითა ქველისათა, რათა ცნან ყოველთა მეუფებათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი.

16. რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა ხარი ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა, განწირულთა მფარველი, უსასოთა უსუსურთა ცხორებაჲ, მამა ობოლთა.

17. ჰე, უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისაო და ღმერთო სამკჳდრებლისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო,

18. შეისმინე ვედრებაჲ მჴევლისა შენისა და მოეც ზაკვა და ცთუნება წყლულებად მტერთა და საგვემელად მათდა, რომელნი-იგი შენისა სჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი და თხემისა სიონისანი.

19. და ყოველთა ზედა ტომთა შენთა მოხედე ფიცსა მას ჭეშმარიტსა, რომელი ეფუცე აბრაჰამს, რათა გიცოდის შენ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ძლიერებისა და სიმტკიცისა, და არა ვინ არს სხუა შემწე ისრაჱლისა შენსა გარეშე.

10

1. და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე. და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა.

2. და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსსა, რომელსა შინა იყოფინ დღესა შაბათსა დღესასწაულთა მისთა.

3. განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა.

4. და შეისხნა ჴამლნი მოოქროვილნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სავლტენი და ბეჭედი და საყურნი და ყოველი სამკაული მისი და. შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა თუალთა, რომელთა იხილონ იგი.

5. და აჰკიდა შიმუნვარსა მას თხიერაკითა ღჳნო და კოკით ზეთი და პური წმიდითა ყოვლითა და ყოველი ჭურჭელი მისი, და აჰკიდეს მას.

6. და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისათა ბეტულასათა პოვნეს, ზედამდგომელად მას ზედა ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი ქარბი და ქარმი.

7. და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, დაუკჳრდა სიკეთე მისი ფრიად.

8. და ჰრქვეს მას: განვედ მშჳდობით, უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა, ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი და აღასრულენ ზრახვა შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა. და ივდით თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა.

9. და ჰრქუა მაო ივდით: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანე მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტყუათა, რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რათა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ.

10. და განვიდა ივდით და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდამოვიდოდეს მთასა მას.

11. და ვიდრე გარდავიდა ღელესა მას მართლ და არღარა იხილეს. და მოეგებოდეს მას მჴუმილავნი იგი ასურასტანისანი.

12. და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვიეთი ხარ და ვინა მოხვალ და ვიდრე ხვალ? და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარ მე ებრაელთა და ვივლტვი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი თქუენდა შესაჭმელად.

13. და მოვალ წინაშე ჰოლომფორესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა, თხრობად მისსა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენოთ მათ გზა, ვინა შევიდეს და ეუფლოს მას ყოველსა მთითკერძოსა და არა წარწყმდეს კაცთა ამათგანი ჴორციელი ერთი, არცა სული.

14. ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა. და იყო სიკეთე იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას:

15. განირინე სული შენი დღეს კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა.

16. და წარ-ღა-სდგე წინაშე მისა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ მას ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გიყოს შენ კეთილი. და გამოარჩიეს მათგანი ასი კაცი და შეავედრეს იგი და შიმუნვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარავად ჰოლომფორესა. და მირბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ამბავი მოსლვისა მისისა. და ვიდრე დგა გარეშე კარავსა ჰოლომფორესსა, უთხრეს მას მისთჳს.

17. და იკჳრვებდეს სიკეთესა მისსა, შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად. დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო.

18. და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელეწიფების შეურაცხის-ყოფად ერისა ამის, რომელთა უსხენ ცოლნი ესევითარნი? არა ჯერ-არს დატევებად მამაკაცი მათგანი ერთიცა; რომელნი დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა. და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ჰოლომფორესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარავსა მისსა.

19. და მიწოლილ იყო ჰოლომფორე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ-იყო ძოწეულისაგან და ოქროთა, მარგალიტითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსული. და უთხრეს მას ყოველი მისთჳს, ვითარცა ესმა ივდითისათჳს. გამოვიდა ეზოსა მას კარავისასა ჰოლომფორნე და ლამპარნი ცეცხლისანი წინაუძღოდეს მას.

20. და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა, უკჳრდა სიკეთე იგი პირისა მისისა. და ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა.