1. და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
2. კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.
3. უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.
4. და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.
5. და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
6. და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი ასოდ-ასოდ.
7. და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.
8. და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა.
9. ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი სული სულნელებისაჲ უფლისა.
10. უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი.
11. და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას.
12. და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა.
13. ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა.
14. უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი.
15. და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.
16. და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა.
17. და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა. ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა.
1. უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.
2. და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად ღმრთისა.
3. და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა.
4. უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული ზეთით.
5. და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს.
6. და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა.
7. უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს.
8. და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი, ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას.
9. და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა ღმრთისა.
10. ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა.
11. ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა.
12. და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა.
13. და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით.
14. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა.
15. და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.
16. და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა.
1. უკუეთუ შესაწირავად ცხორებისა იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინათუ ვერძსა გინათუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბნ იგი წინაშე ღმრთისა.
2. და დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა მის შესაწირავისასა, და დაკლას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისასა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა მას მრგულიად დასაწველთასა გარემოჲს.
3. და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.
4. და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკმელთა თანა მოჰკუეთოს.
5. და შეწირონ იგი ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა, შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.
6. უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ უბიწოჲ, მოიბას იგი.
7. უკუეთუ კრავი მოიბას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა
8. დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას შესაწირავისა მისისასა
9. და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა,
10. და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ, თეძოჲთურთ მოჰკუეთოს იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.
11. და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა მსხუერპლად ღმრთისა.
12. ანუ თუ თხათაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.
13. და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.
14. და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი მუცელსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.
15. და ორნი თირკუმელნი და ცმელნი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს,
16. და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხევვლსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა ყოველივე ცმელი ღმერთსა.
17. შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა, ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა ჰჭამოთ.
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,
3. უკუეთუ მღდელთმოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწო ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს.
4. და წარმოიბას კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა.
5. და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა.
6. და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა წინაშე ღმრთისა კრეთსაბმელსა მას თანა წმიდასა.
7. და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ჴბოჲსა რქათა მათ საკურთხეველისათა საკმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელთა.
8. და ყოველი ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი ნაწლევთაჲ
9. და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკმელთა თანა მოჰჴადოს.
10. ვითარცა-იგი მოჰჴადეს ჴბოსა მას შესაწირავისა საცხორებელისასა და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა.
11. და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით.
12. და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დასხიან ნაცარი და დაწჳან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა და სათხეველსა თანა ნაცრისასა და დაიწუეს იგი.
13. და უკუეთუ ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით, და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა, და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,
14. და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
15. და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა მას ზედა ჴბოჲსა წინაშე ღმრთისა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა.
16. და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ კარვად საწამებელისა.
17. დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეთსაბმელსა მას სიწმიდისასა.
18. და მისვე სისხლსგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკმეველისათა წინადაგებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს კართა მათ ზედა კარვისა მის საწამებელისათა.
19. და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა.
20. და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე იყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.
21. და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს, კრებულისა არს ესე.
22. უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,
23. და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.
24. და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
25. და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.
26. და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.
27. უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნებსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,
28. და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა და მოიბას თიკანი თხათაგანი, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა
29. და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა, რომელ-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.
30. და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწველთასა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.
31. და ყოველივე ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა-სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.
32. უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.
33. და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწველნი იგი.
34. და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲ თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
35. და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი და მიეტეოს მას.
1. უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს გინა თუ იხილა, გინა თუ თანად-იცის და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან ცოდვაჲ მისი.
2. კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა, რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა,
3. გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველივე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს, და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა, და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა,
4. და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,
5. და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა,
6. და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
7. უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი, გინა თუ ორნი მართუენი ტრედისანი, ერთი - ცოდვისათჳს და ერთი - ყოვლად დასაწველად.
8. და მოართუნეს იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს პირველად, და წარჰკუეთოს მღდელმან თავი მისი საქციელითგან და არა განახევროს.
9. და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს ცოდვისაჲ, კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
10. ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწველ, ვითარცა-იგი ჯერ-არნ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისაგან, რომელ ცოდა და მიეტეოს მას.
11. უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმნ წყვილნი გურიტთანი, გინა მართუენი ტრედთანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათე სათველი სამინდოჲ ცოდვისა მისისათჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი, და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
12. და მოართუას იგი მღდელსა მას და აღიღოს მისგანი მღდელმან მან სავსე მჭელი და მოსაჴსენებელად მისა დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა, ცოდვისაჲ არს.
13. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა, ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.
14. ეტყდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
15. კაცსა უკეთუ და-რაჲმე-ავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა.
16. და ცოდა, სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთე შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა და მიეტეოს მას.
17. და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ვერ ცნა, და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,
18. მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს; და ლხინება-ყოს მღდელმან მან
19. უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.