წიგნი მესამე ლევიტელთა

11

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2. ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: ესე არიან საცხოვარნი, რომელსა ჰჭამდეთ ყოველთაგან საცხოვართა ქუეყანისათა:

3. ყოველსა საცხოვარსა, რომელსა განყოფილ იყოს ჭლაკი და ფრჩხილითა ფრცხენდეს და აღმოიცოხნიდეს საცოხნელსა საცხოვართა შორის ესე ჭამეთ.

4. ხოლო მათგანი არა ჰჭამოთ, რომელნი არა აღმოიცოხნიან, და რომელთაჲ არა განყოფილ არს ჭლაკი და რომელნი ფრცხენენ ფრცხილითა: აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;

5. და ყურგდელი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;

6. და მაჩჳ, რამეთუ აღმოიცოხნის ესე და ჭლაკი არა განპებულ არს. არა არს წმიდაჲ ესე თქუენდა;

7. და ღორი, რამეთუ განპებულ არს ჭლაკი მისი და ფრცხენს ფრცხილითა ჭლაკისაჲთა და ესე არა აღმოიცოხნის, არაწმიდაჲ არს თქუენდა;

8. ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორსა მათსა არა შეეხნეთ, რამეთუ არაწმიდა არიან ესენი თქუენ შორის.

9. და ამათ ჭამდით ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა:

10. ყოველსა, რომელსა არს მათ თანა ფრთე და ქეცი წყალთა შიდა, და ზღუათა შინა და მდინარეთა, მას ჭამდით.

11. და ყოველსა, რომელსა არა ესხას ფრთე და არცა ქეცი წყალთა შინა, გინა თუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა, რომელთა გამოსცემენ წყალნი, ყოვლისაგან სულისა ცხოველისა, რომელნი არიან წყალთა შინა, საძაგელ არს და საძაგელ იყვნენ თქუენდა

12. ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორი მათი გძაგდინ.

13. და ყოველსა, რომელსა არა არს ფრთეებ და ქეც წყალთა შინა, საძაგელ არს ესე თქუენდა.

14. და ესე გძაგდინ მფრინველთაგან და არა ჰჭამოთ, რამეთუ საძაგელ არს:

15. ორბი და ყანჩი, და ძერი, და ზარნასოვი, და ძერქორი და მსგავსი მათი, და ყორანი და მსგავსი მისი, და სირი და ჭაჰრი და მსგავსი მისი, და ქორი და მსგავსი მისი;

16. ბუვი, და ღამის მჴმობარი და მინინოჲ

17. და ძენძერუკი და დედამთრვალი

18. და ვარჴჳ, და მღრინავი, და ტივყუავი, და ბუკიოტი და მსგავსი მისი;

19. და ოფოფი და მღამიობი.

20. და ყოველი ქუეწარმავალი ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, საძაგელ არს თქუენდა.

21. ხოლო სჭამდეთ ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, რომელთა ასხენ წვივნი უზეშთაეს ფერჴთა მისთა ხლდომად ქუეყანასა ზედა.

22. ესე არს, რომელსა სჭამდეთ მათგან: ბოცომკალი და ყოველი მსგავსი მისი, მჭრინავი და ყოველი მსგავსი მისი, [გველისმბრძოლი] და ყოველი მსგავსი მისი, მკალი და ყოველი მსგავსი მისი.

23. მფრინველთაგან, რომელთა ასხენ ოთხ ფერჴ, საძაგელ არს თქუენდა და მით არა შეიგინნეთ.

24. ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდაჲ იყოს იგი მწუხრადმდე.

25. და ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, განირცხენ სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

26. ყოველთა შორის პირუტუთა, რომელთა ჭლაკი განყოფილ არს და ფრცხილითა ფრცხენს და აღმოცოხნით არა აღმოიცოხნის, არაწმიდა იყოს თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათგანსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

27. და ყოველი რომელი ვალს ჴელითა, ყოველთა შორის მჴეცთა, რომელი ვალს ოთხითა, არაწმიდა არს იგი თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

28. და რომელმან აღიღოს ჴელითა მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანენ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

29. რამეთუ არაწმიდა არს ესე ყოველი თქუენდა. და ესეცა თქუენდა არაწმიდა არს ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა:

30. ქურცინი, და თაგჳ, და ხჳთქი, და თაგჳ ქურცინი, და მსუენ-ლომი, და მხულივი და მსუენი და მთხუნველი. ესე ყოველი არაწმიდა არს თქუენდა ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა. ყოველი რომელი შეეხოს მათგანსა მძორსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

31. და ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს.

32. ყოველსავე ჭურჭელსა ძელისასა, გინა სამოსელსა, გინა ტყავსა, გინა ძაძასა.

33. ყოველივე ჭურჭელი, რომლითა იქმნების საქმე, წყლითა განირცხეს და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე და არაწმიდა იყოს. და ყოველი ჭურჭერი კეცისაჲ, რომელსა შთავარდეს მათგანი შიდა, რაოდენ-რაჲ იყოს მას შინა, არაწმიდა არს და იგი შეიმუსრენ.

34. და ყოველი საჭმელი, რომელი იჭამების, რომელსა მივიდეს წყალი, არაწმიდა იყოს, და ყოველი სასუმელი, რომელი ისუმების ყოვლითა ჭურჭრითა, არაწმიდა არს იგი.

35. და ყოველსავე ზედა, რომელსა დავარდეს მკუდარი მათგანი, არაწმიდა იყოს: თორნენი და ყუერბნი დაირღუედ, რამეთუ არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს თქუენდა,

36. თჳნიერ წყაროთა წყალთასა და ჯურღმულისა და დასაკრებელისა წყალთასა, ესე ხოლო წმიდა არს.

37. ხოლო რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდა იყოს. უკუეთუ დავარდეს მძორი იგი მათგანი ყიველსავე თესლსა სათესავსა, რომელი ითესვის, არაწმიდა იყოს.

38. უკუეთუ დაესხას წყალი ყოველსა მას ზედა თესლსა და დავარდეს მათგანი მძორი მას ზედა, არაწმიდა იყოს იგი თქუენდა.

39. უკუეთუ მოკუდეს პირუტყუთაგანი, რომლისა არს ესე მისა საჭმელი, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

40. და რომელმან ჭამოს მკუდარი ამათგან, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და რომელმან აღიღოს მძორი ამათგანისაჲ, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.

41. და ყოველივე ქუეწარმავალი, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისასა, საძაგელ არს ესე თქუენდა, არა იჭამოს. ყოველი, რომელი ვალს მუცლითა

42. და ყოველი, რომელი ვალს ოთხითა მარადის, რომელი მრავალფერჴ არს ყოველთა შორის ქუეწარმავალთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, არა ჰჭამოთ იგი, რამეთუ საძაგელ არს.

43. და არა საძაგელ-იყვნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა, არა შეიგინნეთ ამით და არა არაწმიდა იყუნეთ ამით.

44. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ,

45. რამეთუ წმიდა ვარ მე, უფალი თქუენი და არა შეაგინნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი იძრვიან ქუეყანისა ზედა, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთ და იყვენით წმიდაჲ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი.

46. ესე შჯული არს საცხოვართათჳს და მფრინველთათჳს და ყოვლისა სულისა ქუეწარმავლისა ქუეყანასა ზედა

47. განშორებად შორის არაწმიდათა და შორის წმიდათა და სწავლად ძეთა ისრაჱლისათა შორის მაცხოვნებელთა საჭმელთა და შორის არამაცხოვნებელთა საჭმელთა.

12

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა

2. და არქუ მათ: დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე, მუნ დღენდმდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს.

3. და დღესა მერვესა წინადასცჳთოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაჲ.

4. და ჯდეს იგი ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა და ყოველსა წმიდასა არა შეეხოს და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი.

5. უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორწილ შჳდ დღე მსგავსად წიდოვანებისა მისისა და სამეოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა.

6. და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი წელიწდეული უბიწოჲ მსხუერპლად და მართუენი ტრედისანი, გინა გურიტნი ცოდვისათჳს კართა თანა კარვისა საწამებელისათა მღდელისა მიერ.

7. და შეწიროს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს წყაროჲსა მისგან სისხლისა მისისა. ესე არს შჯული მშობიერისაჲ წულსა ზედა გინა ქალსა.

8. უკუეთუ ვერ პოვოს ჴელმან მისმან ტარიგი, მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ მართუენი ტრედისანი: ერთი ყოვლად დასაწუველად და ერთი ცოდვისათჳს და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს.

13

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2. კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძჳრი, ნიში, ანუ თუ თეთრი, და იყოს ჴორცსა ფერისა მისისასა სახე კეთროვანებისაჲ და მოიყვანოს იგი აჰრონის მღდელისა, გინა ერთისა ძისა მისისა მღდელისა.

3. და იხილოს მღდელმან მან ნიში იგი ტყავსა ფერისა მისისასა და თმაჲ სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად და პირი იგი ნიშისაჲ მის იყოს მწუხარე ტყავისა მისგან, შედებაჲ კეთროვანებისაჲ. არს და იხილოს მღდელმან მან და შეგინებულად შეჰრაცხოს იგი.

4. უკუეთუ ბრწყინვალებაჲ იგი იყოს სპეტაკ ტყავსა მას ფერისა მისისასა და მწუხარე არა იყოს ფერი იგი პირისა მისისა, ტყავი მისგან და თმაჲ მისი არა ფერქცეულ იყოს და თმაჲ სპეტაკ, არამედ მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან, რომელსა-იგი შეედების კეთროვანებაჲ, შჳდ დღე.

5. და იხილოს მდღელმან მან ნიში იგი, ჰგიესღა მის თანა და არა მოიქცა ნიში იგი ფერსავე თჳსსა, და კუალად განავლინოს იგი მღდელმან მან მეორედ შჳდ დღე.

6. და იხილოს იგი მღდელმან მან დღესა მეშჳდესა მეორედ და აჰა, ესერა, მოშავე არს ნიში იგი, არა იცვალა სხეულისაგან თჳსისა. განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ სასწაულად არს და განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს.

7. უკუეთუ გარდაქცევით გარდაიქცა სასწაული იგი სხეულისაგან მისისა შემდგომად ხილვისა მის მღდელისა ღა განწმედისა მისისა და ეჩუენოს მეორედ მღდელსა მას და იხილოს მღდელმან მან და აჰა, ესერა, სასწაულად არს და იცვალა ტყავისაგან მისისა.

8. და კუალაღ შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ კეთროვანებაჲ არს.

9. უკუეთუ შედებაჲ კეთროვანებისაჲ იყოს ვისთანამე კაცისა, მოვიდეს მღდელისა მის.

10. და იხილოს მღდელმან და აჰა, ესერა, ბრძჳრი სპეტაკი არს ჴორცთა მისთა და იგი გარდაიქცა თმად თეთრად ცოცხლისა მისგან ჴორცისა, ცხოველისა ბრძჳრსა მას,

11. კეთროვანებაჲ დაძუელებული არს ჴორცსა ფერისა მისისასა. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან და განჴადოს იგი გარე, რამეთუ არაწმიდა არს.

12. უკუეთუ ყუავილით ყუაოდის სისპეტაკე იგი სხეულთა მისთა და დაფაროს სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ხილვისა მისისაჲ თავითგან ვიდრე ფერჴადმდე

13. ყოვლადვე ხილვად მღდელისა მის, და აჰა, ესერა, დაფარა სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ფერისა მისისაჲ, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი, რამეთუ ყოვლადვე გარდაიქცა სპეტაკად, წმიდა არს იგი.

14. და რომელსა დღესა გამოაჩნდეს მას ფერი ცოცხალი, შეიგინა იგი.

15. და იხილოს მღდელმან მან ფერი იგი ცოცხალი, და შეაგინოს ფერმან მან ცოცხალმან და არაწმიდა არს იგი.

16. უკუეთუ კუალად ეგოს, ფერი იგი ცოცხალი და გარდაიქცეს სპეტაკად,

17. მოვიდეს იგი მღდელისა მის. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა შეხებაჲ იგი სპეტაკად, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი და წმიდა იყოს.

18. და უკუეთუ იყოს ჴორცსა ტყავისა მისისასა წყლულებაჲ იგი რაჲმე და განცოცხლდეს

19. და იყოს ადგილსა მას წყლულებისასა ბრძჳლი სპეტაკი გინა ბრწყინვალე მოთეთრედ, გინა მოწითლედ, ეჩუენოს იგი მღდელსა მას.

20. და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი მისი უმდაბლე ტყავისა მის და თმაჲ მისი გარდაიქცა თეთრად, და შეგინებულ-ყოს მღდელმან, რამეთუ კეთროვნებაჲ არს, რამეთუ წყლულსა მას გამოაჩნდა.

21. უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მას ზედა თმაჲ სპეტაკი და უმწუხარეს არა იყოს ფერისაგან მისისა, და იგი იყოს მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე.

22. უკუეთუ განეფინოს ტყავსა მას შინა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შედებაჲ არს კეთროვანებისაჲ და წყლულსა მას გამოაჩნდა.

23. უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს, ბრძჳლი წყლულებისაჲ არს იგი, განწმიდოს იგი მღდელმან მან.

24. უკუეთუ იყოს ჴორცი გუამსა მისსა დამწუარი ცეცხლითა და იყოს ტყავსა მას მისსა განგებულსა ნაწუევისასა მონათლედ ბრწყინვალე, სპეტაკად მოწითლედ, გინა მოთეთრედ.

25. იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა თმაჲ იგი სპეტაკად ბრწყინვალედ და პირი მისი უმდაბლეს ტყავისაგან, კეთროვანება არს, დამწუარსა მას გამოაჩნდა და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს.

26. და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მოთეთრესა მას თმაჲ სპეტაკი და მდაბალ არა იყოს ტყავისაგან და იყოს მოშავე.

27. განჴადოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე და იხილოს მღდელმან დღესა მეშჳდესა, უკუეთუ განფენით განფენილ იყოს ტყავსა მას ზედა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს, წყლულსა მას გამოაჩნდა.

28. უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს ტყავსა მას ზედა, და იგი იყოს მოშავე, ბრძჳლი დამწუარისაჲ არს. და განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ ხატი ნამწუარევისაჲ არს.

29. და უკუეთუ მამაკაცსა, გინა დედაკაცსა იყოს მათ თანა შედებაჲ კეთროვანებისაჲ, თავსა გინა წუერსა, და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი მისი

30. და, აჰა, ესერა, პირი მისი უდაკლებულე არს ტყავისა და მას ზედა არს თმაჲ მოწითურე, გინა მოწითლე მწულილი. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან: დასჳრინგებულ არს კეთროვანებაჲ თავისაჲ გინა კეთროვანებაჲ წუერისაჲ.

31. და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი დასჳრინგებისაჲ იგი, და არა იყოს პირი მისი უდაკლებულე ტყავისა და თმაჲ მოწითლე არა იყოს მას შინა, განავლინოს გარე მღდელმან მან შედებული იგი დასჳრინგებისაჲ მის შჳდ დღე.

32. და იხილოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი დღესა მეშჳდესა, და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ მოწითლე არა არს მას შინა და პირი სჳრინგებისაჲ მის არა დაკლებულ არს ტყავისაგან,

33. და დაიყჳნოს ყოველივე გუამი მისი, ხოლო სჳრინგებული იგი არა დაიყჳნოს და განავლინოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი შჳდ დღე მეორედ. და იხილოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი დღესა მას მეშჳდესა

34. და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა შემდგომად დაყუენვისა მისისა და პირი დასჳრინგებისაჲ მის არა უდარე არს ტყავისაგან, და განწმიდოს იგი მღდელმან მან, განირცხეს სამოსელი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

35. უკუეთუ განფენით განეფინოს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას ზედა შემდგომად განწმედისა მისისა

36. და იხილოს მღდელმან მან და, ესერა, განფენილ არს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა, არა მიხედოს მღდელმან მან თმისა მისთჳს მწითურისა, რამეთუ არაწმიდა არს.

37. და უკუეთუ წინაშე ეგოს ადგილობანს დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ შავი აღმოსცენდეს მას ზედა, განიკურნა დასჳრინგებაჲ იგი და წმადა არს და განწმიდოს იგი მღდელმან მან.

38. უკუეთუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა იყოს ტყავსა ჴორცისა მისისასა ბრწყინვალებაჲ მობრწყინვალედ მოთეთრედ

39. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, ტყავსა მას ჴორცისა მისისასა მბრწყინვალე მობრწყინვალედ მოთეთრედ არს, მძოვარი არს ყუავილად ტყავისა ჴორცისა მისისა, წმიდა არს იგი.

40. უკუეთუ ვისმე თმაჲ დასრულ იყოს თავსა მისსა, სიმტიერე არს, წმიდა არს იგი.

41. უკუეთუ იყოს სიმტიერესა მას მისსა გინა სიშულუვესა მას მისსა შედებაჲ სითეთრისაჲ გინა მოწითლედ,

42. კეთროვანებაჲ არს სიმტიერესა მას მისსა, ანუ თუ სიშლუესა მისსა გამოაჩნდა.

43. და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი შედებისაჲ მის თეთრ არს გინა მოწითლე სიმტიერესა მას მისსა გინათუ სიშლუესა მას მისსა,

44. ხატი კეთროვანებისაჲ არს ტყავსა ჴორცისა მისისასა.

45. კაცი არს იგი კეთროვანი. შეგინებით შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, თავსა მისსა ზედა არს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ და კეთროვანსა მას, რომელსა იყოს შედებაჲ იგი, კუართი მისი იყავნ წარჴსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ, არაწმიდა ეწოდოს მას.

46. ყოველთა დღეთა, რაოდენ ჟამ იყოს იგი მის თანა, შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს, განშორებულად ჯდეს იგი, გარეშე ბანაკსა იყოს მყოფებაჲ მისი.

47. უკუეთუ სამოსელსა მისსა იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა,

48. ანუ თუ სამოსელსა სელისასა, ანუ თუ საგუასლსა, გინათუ ფესუსა, გინათუ მატყლისასა, გინათუ სელისასა,

49. გინათუ ტყავისასა, გინათუ ყოველსავე საქმარსა ტყავისასა, იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ მომწუანედ გინა მოწითლედ ტყავსა მას ზედა, გინა სამოსელსა, გინა საგუასლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსა საქმარსა ტყავისასა, და იყოს შეხებაჲ იგი მიმწუანე, ანუ მოწითლე, შედებაჲ კეთროვნებისაჲ არს და უჩუენოს მდღელსა მას.

50. და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი და განაშოროს.

51. და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ დღესა მეშჳდესა, უკეთუ განფენილ იყოს შედებაჲ იგი სამოსელსა მას, გინა სავაღლსა, გინა ფესუსა, ანუ თუ ტყავსა ყოვლისაებრვე, რაოდენ იქმნეს ტყავის საქმარსა შინა, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს. შედებაჲ იგი არაწმიდა არს.

52. დაწუას სამოსელი იგი, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა მატყლისასა, ანუ თუ სელისასა, გინათუ ყოველსავე ქმნილსა ტყავისასა, რომელსაცა შინა იყოს იგი, რამეთუ კეთროვანებაჲ დადგრომილ არს, ცეცხლითა დაიწუნ.

53. უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა განეფინა შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსავე ჭურჭერსა ტყავისასა,

54. და უბრძანოს მღდელმან მან და განრცხეს, რომელსა ზედა იყოს შედებაჲ იგი. და განაშოვროს იგი მღდელმან შჳდ დღე მეორედ.

55. და იხილოს მღდელმან მან შემდგომად განრცხისა მის შედებაჲ იგი და შედებამან მან არა იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და შედებაჲ იგი არა განეფინა, არაწმიდა არს, ცეცხლითა დაიწუნ. მტკეცელი არს სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ტყავსა.

56. და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და იყოს შედებაჲ იგი მოშავე შემდგომად განრცხისა მისისა, გამოჰხიოს იგი სამოსლისა მისგან,

57. ანუ თუ ტყავსა, ანუ თუ სავაღლსა, გინათუ ფესუსა. უკუეთუ გამო-ღა-აჩნდეს სამოსელსა ანუ თუ სავაღლსა ანუ თუ ფესუსა

58. ანუ ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, კეთროვანებაჲ აღმოცენებულ არს, ცეცხლითა დაიწუეს, რომელსა თანა არს შეხებაჲ იგი. და სამოსელი, ანუ ფესჳანი ჭურჭერი ტყავისაჲ, რომელი განირცხეს, და გარდაადგინოს იგი მღდელმან მან და განირცხეს მეორედ და წმიდა იყოს.

59. ესე არს შჯული შეხებისა კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა, გინათუ სელისასა, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, გინა ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, გინა თუ განწმედად მისა, გინა შეგინებად მისა.

14

1. და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2. ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის

3. და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.

4. და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.

5. და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი

6. და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.

7. და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.

8. და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.

9. და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

10. დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.

11. და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12. და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.

13. და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

14. და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.

15. და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.

16. და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა

17. და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.

18. ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.

19. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა

20. და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.

21. უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.

22. და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.

23. და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.

24. და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

25. და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა

26. და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.

27. და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.

28. და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.

29. ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.

30. და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,

31. ერთი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად და შესაწირავსა თანა და ლხინება-ყოს მღდელმან მან განწმედილისა მისთჳს წინაშე ღმრთისა.

32. ესე არს შჯული, რომლისა თანა იყოს შეხებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, და რომელმან არა პოვოს ჴელითა თჳსითა განსაწმედელად თავისა თჳსისა.

33. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

34. რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელსა მე მიგეც თქუენ ნაწილად და მოვსცე შეხებაჲ კეთროვანებისაჲ სახლთა მათ ქუეყანისათა მონაგებისა თქუენისათა,

35. და თუ იყოს სახლსა ვისსამე და უთხრას მღდელსა მას და ჰრქუას, ვითარმედ: შეხებაჲ კეთროვანებისაჲ ვიხილე სახლსა ჩემსა,

36. და უბრძანოს მღდელმან მან გამოკრებაჲ ჭურჭრისა სახლისა მისგან შესულადმდე მღდელისა მის და ხილვად სახლისა მის, და რათა არაწმიდა იქმნეს, რაოდენი-რაჲ იყო სახლსა მას შინა.

37. და ამისა შემდგომად შევიდეს მღდელი იგი ხილვად სახლისა მის. და იხილოს მღდელმან მან შეღებაჲ იგი კედელთა მის სახლისათაჲ ჴჳფლოვნად მომწუანედ გინა მოწითლედ, პირი უმდაბლეს კედელთა მათ.

38. გამოვიდეს მღდელი იგი სახლისა მისგან კართა ზედა მის სახლისათა და განაშოროს სახლი იგი შჳდ დღე.

39. და კუალად მოვიდეს მღდელი იგი დღესა მეშჳდესა და იხილოს სახლი იგი და, აჰა, ესერა, განფენილ არს შეხებაჲ იგი კედელთა მის სახლისათა.

40. და უბრძანოს მღდელმან მან და გამოიხუნეს ქვანი იგი, რომელთა არს შეხებაჲ იგი და განიხუნენ იგინი გარეშე ქალაქსა მას ადგილსა არაწმიდასა და სახლი იგი მოხუეტონ გარემოჲსი და შინაგანი და განსთხიოს მტუერი იგი გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

41. და მოიხუნენ ლოდნი გამოთლილნი და კუალად შეუსხნენ ლოდთა მათ წილ პირველთა და განგოზონ სახლი იგი, უკუეთუ მოუჴდეს კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას.

42. და აღმოსცენდეს კუალად სახლსა მას შინა შემდგომად გამოღებისა მის ლოდთაჲსა, და შემდგომად მოხუეტისა მის სახლისა და შემდგომად გაგოზისა მის მისისა,

43. და შევიდეს მღდელი იგი და იხილოს: უკუეთუ განეფინა კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს სახლსა მას შინა, არაწმიდა არს იგი. დაარღჳონ სახლი იგი და ყოველი ძელი მისი და ქვანი და ყოელივე მტუერი სახლისა მის განიღონ გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

44. და რომელ-იგი შევიდეს სახლსა მას, რომელ-იგი განშორებულ არს, არაწმიდა არს იგი ვიდრე მწუხრადმდე, და რომელი დაწვეს სახლსა მას შინა, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მიმწუხრადმდე. უკუეთუ მოვიდეს მღდელი იგი და იხილოს და, აჰა, ესერა, არა განფენით განიფინა სახლსა მას შინა შეხებაჲ იგი შემდგომად განგოზისა მის სახლისა და წმიდა-ყოს მღდელმან მან სახლი იგი.

45. რამეთუ განიკურნა სახლი იგი.

46. და მოიხუნეს განსაწმედელად

47. სახლისა მის ორნი ქათამნი ცოცხალნი

48. წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი

49. და დაკლან ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა ტყავსა ზედა ცხოველსა

51. და მოიღოს ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეძახილი იგი მეწამული და უსუპი, და ქათამი იგი ცოცხალი, და დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს ამით სახლსა მას შჳდგზის.

52. და განწმიდოს სახლი იგი სისხლითა მით ქათმისაჲთა და წყლითა მით ცხოველითა და ძელითა მით ნაძჳსაჲთა და უსუპითა და შეგრაგნილითა მით მეწამულითა.

53. და განუტეოს ქათამი იგი ცოცხალი გარეშე ქალაქსა მას ველად და ლხინება-ყოს სახლისა მისთჳს და განწმიდნეს.

54. ესე არს შჯული ყოველსა ზედა შეხებასა

55. კეთროვანებისასა

56. და სჳრინგისასა და კეთროვანებასა სამოსლისასა და სახლისა და ბრძჳლისასა და ნიშისასა და ბრწყინვალისასა

57. და მითხრობისათჳს, რომელსა დღესა არაწმიდა იყოს, და რომელსა დღესა განწმიდნეს. ესე არს შჯული კეთროვანებისათჳს.

15

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცსა უკუეთუ შეხუდეს დინებაჲ თესლისაჲ ჴორცთაგან მისთა, დინებაჲ იგი მისი არაწმიდა არს.

3. და ესე შჯული არს არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის შობადი ჴორცთაგან მისთა დინებისა მისგან, რომლითა შეიქმნა ჴორცი მისი გამოდინებითა მით, ესე არს არაწმიდებაჲ მისი მის თანა. ყოველნი დღენი დინებისა ჴორცთა მისთანი, რომლითა შეიქმნა გუამი მისი დინებისა მისგან, არაწმიდებისა მისისა.

4. ყოველი საწოლი, რომელსა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

5. და კაცი რომელი შევხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე

6. და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა ზედა ჯდა თესლგამომდინარე იგი, განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

7. და რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისსა, განირცხეს სამოსელი თჳსი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

8. უკუეთუ ჰნერწყოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოდ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

9. და ყოველსავე უნაგირსა კარაულისასა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

10. და ყოველსა, რომელსა შეეხოს ყოვლისაგანსა, რომელი იყოს ქუეშე მისსა, არაწმიდა იყოს. და რამელმან აღიღოს იგი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

11. და რაოდენსა შეეხოს თესლმდინარე იგი და ჴელნი არა დაიბანნენ წყლითა, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

12. და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმდინარე იგი, შეიმუსრენ და ჭურჭელი ძელისაჲ გაირცხეს წყლითა და წმიდა იყოს.

13. უკუეთუ განწმიდეს თესლმდინარე იგი გინებისაგან მისისა და აღირაცხნეს შჳდნი დღენი განწმედისა მისისანი, და განირცხეს სამოსელი მისი, და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ცხოველითა და წმიდა იყოს.

14. და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისა ორნი გურიტნი, ანუ თუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი წინაშე ღმრთისა კართა ზედა კარვისა საწამებელისათა.

15. და მისცეს იგი მღდელსა მას და შეწიროს იგი მღდელმან მან ერთი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს თესლისა მისისა.

16. და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

17. და ყოველივე სამოსელი და ყოველივე ტყავი, რომელსა ზედა იყოს საწოლი იგი თესლისაჲ, განირცხეს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

18. და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

19. და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.

20. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

21. და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.

22. და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.

23. და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

24. უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.

25. გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.

26. და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.

27. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

28. უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.

29. და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

30. და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა.

31. და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაჱლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის.

32. ესე არს შჯული თესლმდინარისაჲ მის და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ და შეიგინოს მით.

33. და დედაკაცსა, რომლისა თანა იყოს წიდოვანებაჲ, და თესლმდინარესა დინებითა მისითა მამაკაცსა.

34. გინა თუ დედაკაცსა და ქმარი, რომელი დაწვეს არაწმიდათა თანა.