წიგნი მესამე ლევიტელთა

16

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს შემდგომად სიკუდილისა ორთა მათ ძეთა აჰრონისთა, რაჟამს მოიღეს ცეცხლი იგი უცხოჲ წინაშე ღმრთისა და მოწყდეს.

2. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ აჰრონს, ძმასა შენსა, რათა არა შევიდოდის იგი ყოველსა ჟამსა სიწმიდესა მას შინა შინაგან კრეთსაბმელისა მის წინაშე პირსა სალხინებელისასა, რომელ არს პირისპირ კიდობანსა მას საწამებელისასა, რათა არა მოკუდეს, რამეთუ ღრუბლითა გამოვჩნდე მე სალხინებელსა მას ზედა.

3. და მაშინღა ესრე შევიდეს აჰრონ სიწმიდესა მას ჴბოჲთა ერთითა ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძითა მრგულიად მწუარითა.

4. და სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს, და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა: და სარტყელი სელისაჲ შეირტყას და ვარშამაგი სელისაჲ დაიბუროს, რამეთუ სამოსელი წმიდა არს, და დაიბანოს წყლითა ყოველი გუამი მისი და მაშინღა შეიმოსოს იგი.

5. და კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა მოიბნეს ორნი ვაცნი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი ერთი მრგულიად დასაწველად. მოიბას აჰრონ ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს.

6. და მოიბნეს ორნი ვაცნი და წარადგინნეს წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

7. დაასხნეს აჰრონ ორთა მათ ვაცთა ზედა წილი: წილი ერთი - ღმერთსა და წილი - ერთი გამომყვანებელსა ველად.

8. და მოიბას აჰრონ ვაცი იგი, ერთი, რომელსა ზედა გამოჴდა წილი იგი ღმრთისა.

9. შეწიროს იგი ცოდვისათჳს, და ვაცი იგი ერთი,

10. რომელსა ზედა გამოჴდა წილი განმყვანებელისა, დაადგინოს ცოცხალი წინაშე ღმრთისა, რათა ლხინება-ყოს მას ზედა, ვითარმედ განვლინებად იგი განყვანებასა მას და განუტეოს იგი უდაბნოდ.

11. და მოიბას აჰრონ ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა მისისათჳს და დაკლას ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა.

12. და მოიღოს სავსე საცეცხლური ნაკუერცხალი ცეცხლისაგან საკურთხეველისა, რომელ არს წინაშე ღმრთისა.

13. და აღივსნეს ჴელნი საკუმეველითა შეზავებულითა მწულილითა და შეიღოს შინაგანსა მას კრეთსაბმელსა მას და დაასხას საკუმეველი იგი ცეცხლსა მას ზედა წინაშე ღმრთისა და დაფაროს კუამლმან მან სალხინებელი იგი, რომელ არს საწამებელთა ზედა და არა მოკუდეს.

14. და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.

15. და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.

16. და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.

17. და კაცი ნუ ვინ არნ კარავსა მას საწამებელისასა, შე-რაჲ-ვიდოდის იგი ყოფად ლხინებისა სიწმიდესა მას შინა ვიდრე გამოსლვადმდე და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.

18. და გამოვიდეს საკურთხეველად, რომელ-იგი არს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა და სისხლისა მისგან ვაცისა და სცხოს გარემო რქათა მათ საკურთხეველისათა.

19. და აპკუროს მას სისხლისა მისგან გარემო თითითა შჳდგზის და განწმიდოს იგი და წმიდა იყოს იგი არაწმიდებათაგან ძეთა ისრაჱლისათა.

20. და აღასრულოს ლხინებისა ყოფაჲ იგი წმიდისაჲ, და კარვისა საწამებელისაჲ, და საკურთხეველისაჲ და მღდელთათჳს, განწმიდოს და მოიბას ვაცი იგი ცოცხალი.

21. და დაასხნეს აჰრონ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა ვაცისა მის ცოცხალისასა და მიუთხრნეს მას ზედა ყოველნივე უშჯულოებანი ძეთა ისრაჱლისათანი, და ყოველნი სიცრუენი და ყოველნი ცოდვანი მათნი, და დაჰკრიბნეს ცოდვანი მათნი თავსა მას ზედა ვაცისა ცოცხალისასა.

22. და განავლინოს იგი ჴელითა კაცისა განმზადებულისაჲთა უდაბნოდ და მოიხუნეს ვაცმან მან მის ზედა სიცრუვენი მათნი ქუეყანად უვალად, განგზავნოს ვაცი იგი უდაბნოდ.

23. და შევიდეს აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა და განირცხოს სამოსელი იგი სელისაჲ, რომელ-იგი ემოსა შესლვასა მას მისსა სიწმიდესა მას, და დაასხას იგი მუნ.

24. და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ადგილსა წმიდასა, და შეიმოსოს სამოსელი თჳსი, და გამოვიდეს და შეწიროს მრგულიად დასაწველი იგი მისი და ყოვლად სანაყოფე იგი ერისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს, და ერისათჳს, ვითარცა-იგი მღდელთათჳს.

25. და ცმელი იგი ცოდვათაჲ შეწიროს საკურთხეველსა ზედა.

26. და რომელმან განავლინა ვაცი იგი განჩინებული განტევებად, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა, და ამისა შემდგომად გამოვიდეს იგი ბანაკად.

27. და ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ და ვაცი იგი ცოდვისაჲ, რომელთაჲ სისხლი შეიღო ლხინებისა ყოფად სიწმიდესა მას შინა, განიხუნენ იგინი გარეშე ბანაკსა მას და დაწუნენ იგინი ცეცხლითა და ტყავი მათი, და ჴორცი მათი და ფუშნიერი მათი.

28. და რომელმან დაწუნეს იგინი, განირცხენ სამოსელი მისი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და ამისა შემდგომად შევიდეს ბანაკად.

29. და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ: თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი, ყოველივე საქმე თქუენი არა ჰქმნეთ მას შინა მკჳდრმან და მწირმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის.

30. რამეთუ ამას დღესა ლხინებაჲ თქუენთჳს იყოს განწმედად თქუენდა ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა წინაშე ღმრთისა და განიწმიდნეთ.

31. შაბათ განსუენების იყუნედ ესე თქუენდა და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი შჯულად საუკუნედ.

32. და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელსა-იგი სცხო მას და რომლისანი-იგი სრულ იყუნეს ჴელნი მათნი მღდელობად შემდგომად მამათა მისთა და შეიმოსოს სამოსელი იგი სელისაჲ სამოსელი წმიდაჲ.

33. და ლხინება-ყოს წმიდისა მისთჳს წმიდათაჲსა და კარვისა მისთჳს საწამებელისა და საკურთხეველისა მისთჳს ლხინება-ყოს, და მღდელთათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ლხინება-ყოს.

34. და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ და ლხინება-ჰყვით ძეთათჳს ისრაჱლისათა ყოველთაგან ცოდვათა მათთა. ერთგზის წელიწადსა იყოს ესე, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

17

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე აჰრონს და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა.

2. და არქუ მათ: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ამცნო ღმერთმან.

3. და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.

4. და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.

5. არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

6. და მოასხუროს სისხლი იგი გარემო საკურთხეველსა მას წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

7. და შეწიროს ცმელი მისი სულად სულნელად ღმრთისა და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა.

8. და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაილისათამან, ანუ თუ მწირთაგანმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ყოს მსხუერპლი, გინა შესაწირავი,

9. და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს შეწირვად იგი ღმრთისა, მოისპოს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

10. და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.

11. რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.

12. ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.

13. და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი-იგი იყოს თქუენ შორის, რომელმან ინადიროს ნადირი მჴეცი, გინა თუ მფრინველი, რომელი იჭამების, დასთხიოს სისხლი მისი, დაფარენ იგი მიწითა, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს. და ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: სისხლისა ყოვლისა ჴორციელისაჲ არა ჰჭამოთ.

14. რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ არს სისხლი თჳსი.

15. ყოველმან, რომელმან ჭამოს იგი, მოისპოს და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს მკუდრისაჲ, ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთაგანმან, გინა მწირთაგანმან, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა; და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე და მიერ განწმიდნეს.

16. უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი და არა დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა, მოიღოს მან უშჯულოებაჲ თჳსი.

18

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3. მსგავსად საზღვართა მათ ქუეყანისა ეგჳპტელთაჲსა, რომელთა შორის დამკჳდრებულ იყვენით თქუენ, ეგრე არა ჰყოთ და მსგავსად სლვისა მის ქუეყანისა ქანანელთაჲსა, ვიდრე-იგი შეგიყვანნე თქუენ მუნ, არა ჰყოთ და შჯულსა მას მათსა არა ხჳდოდით.

4. სამართალთა ჩემთა ჰყოფდით და ბრძანებათა ჩემთა იმარხევდით და ვიდოდეთ მათ შინა: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5. და დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

6. კაცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

7. სარცხჳნელი მამისა შენისაჲ და სარცხჳნელი დედისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ დედაჲ შენი არს, და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მათი.

8. სარცხჳნელი მამისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი მამისა შენისაჲ არს.

9. სარცხჳნელი დისა შენისაჲ არა გამოაცხადო მამით, ანუ დედით, შინაგან ნათესავისაჲ, რომელი განსრულ იყოს გარე, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

10. სარცხჳნელი ასულისა ძისა შენისაჲ, გინა თუ ასულისა წულისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი შენი არს.

11. სარცხჳნელი ასულისა მამისცოლისა შენისაჲ, ზოგადისა მამისაჲ არს, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

12. სარცხჳნელი მამისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი მამისა შენისაჲ არს.

13. სარცხჳნელი დედისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი დედისა შენისაჲ არს.

14. სარცხჳნელი მამისძმისა შენისაჲ არა გამოაცხადო და ცოლსა მისსა არა მოუჴდე, რამეთუ ნათესავი შენი არს.

15. სარცხჳნელი სძლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ ძისცოლი შენი არს და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი, ასული ძისა მისისაჲ და ასული წული მისი არა მოიყვანნე გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

16. სარცხჳნელი ძმისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა შენისაჲ არს.

17. სარცხჳნელი ცოლისა და ასულისა მისისაჲ არა გამოაცხადო, ასული ძისა მისისაჲ და ასული ასულისა მისისაჲ არა მოიყვანო გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

18. და ცოლად დაჲ მისი არა მოიყვანო მოშურნედ, გამოცხადებად სარცხჳნელი მისი მის თანა ცხორებასა მისსა.

19. და დედაკაცსა განშორვებასა არაწმიდებისა მისისასა არა მოუჴდე გამოცხადებად სარცხჳნელისა მისისა.

20. და ცოლისა მოყუსისა შენისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მისა.

21. და ნათესავისა შენისაგან არა მისცე მსახურებად იგი მთავარსა და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

22. და წულისა თანა არა დასწვე საწოლითა დედებრითა, რამეთუ საძაგელ არს.

23. და ყოველისა თანა ოთხფერჴისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მის თანა და დედაკაცი არა დადგეს მოსლვად მის ზედა ყოველივე ოთხფერჴი და მამლობად, რამეთუ საძაგელ არს.

24. და ნუ შიეგინებით ამას ყოველსა შინა, რამეთუ ამას ყოველსა შინა შეიგინნეს წარმართნი, რომელნი მე განვასხნი პირისაგან თქუენისა, რომელთაგან შეიგინა ქუეყანაჲ.

25. და მივაგე მას სიცრუჱ მისი ამისთჳს, და მოიწყინა ქუეყანამან დამკჳდრებულნი მისნი მას ზედა.

26. დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და არა ჰყოთ ამათ ყოველთაგანი საძაგელთაჲ მსოფლელმან, და რომელი მოსრულ იყოს მწირი, თქუენ შორის.

27. რამეთუ ყოველივე ამას იქმოდეს საძაგელსა კაცნი ქუეყანისანი, რომელნი უპირადეს იყუნეს თქუენსა, და შეიგინა ქუეყანაჲ.

28. და რომელმან არა მოგიძაგოს თქუენ ქუეყანამან შეგინებითა მით მისითა თქუენ მიერ, ვითარცა-იგი მოიძაგნა უწინარესნი თქუენსა.

29. რამეთუ ყოველმან, რომელმან ყოს ესრეთ, მოისპენ სული იგი, რომელთა ყონ, ერისაგან თჳსისასა.

30. და დაიცუნეთ მცნებანი ჩემნი, რათა არა ჰყოფდეთ უშჯულოებათა მათგან საძაგელთა, რომელნი იქმნეს უწინარეს თქუენსა და არა შეიგინნეთ მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

19

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2. ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.

3. კაცად-კაცადსა მამისა თჳსისა და დედისა თჳსისა ეშინოდენ და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

4. არა შეუდგეთ თქუენ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5. და უკუეთუ შეწიროთ შესაწირავი ცხორებისაჲ უფლისა ღმრთისა, სათნოჲ შეწირეთ თქუენ.

6. და რომელსა დღესა შესწიროთ, იჭამენ ხვალისაგანცა და რომელი დაშთეს მესამედ დღემდე, ცეცხლითა დაიწუნ, უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, უკლველი არს, არა შეიწიროს.

7. ხოლო რომელმან ჭამოს იგი, ცოდვაჲ თავისა თჳსისა მოიღოს, რამეთუ სიწმიდე უფლისა ღმრთისა შეაგინა და მოისპნენ სულნი იგი.

8. რომელთა ჭამონ ერისაგან მათისა და რომელთა მომკონ სამკალი იგი ქუეყანისა მის თქუენისაჲ, არა მოასრულოთ სამკალი იგი თქუენი ქუეყანისა თქუენისაჲ მომკად.

9. და რომელი დაცჳოდის სამკალისა თქუენისაჲ, არა შეჰკრიბოთ.

10. და ვენაჴსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენაჴსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

11. არა იპარვიდეთ და არცაღა სტყუოდით, ნუცა ცილსა შესწამებნ კაცი მოყუასსა თჳსსა.

12. და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

13. არა ავნო მოყუასსა შენსა და არცაღა მო-რაჲ-სტაცო. და ნუცაღა დაადგრებინ სასყიდელი მორეწისაჲ შენ თანა განთიადმდე.

14. არარაჲ ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური და გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

15. არა ჰქმნეთ ცრუ სარჩელსა შინა, არცა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა თუალ-ახუნე პირსა ძლიერისასა სიმართლით განსაჯო მოყუასი შენი.

16. არა ხჳდოდი ზაკჳთ ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

17. არა გძულდეს ძმაჲ შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.

18. და არცა შური იძიოს ჴელმან შენმან და არცა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

19. შჯული ჩემი დაიმარხეთ, საცხოვარი შენი არა შეაყო სხუასა მეუღლედ და ვენაჴოვანსა შენსა არა სთესო თითოფერი თესლი და სამოსელი ორთაგან ქსოვილი რეული არა შეიმოსო.

20. და უკუეთუ ვინმე დაწვეს დედაკაცისა თანა საწოლითა თესლისაჲთა, და იგი იყოს მჴევალი თხოვილ კაცისა, დაჴსნით არა ჴსნილ იყოს და განთავისუფლებულ არა იყოს, მოხედვაჲ იყავნ მათა, არა მოწყდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყოს.

21. და შეიწიროს უფლისა შეცოდებისა მისთჳს მისისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა - ვერძი შეცოდებისათჳს.

22. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ვერძითა მით შეცოდებათათჳს წინაშე ღმრთისა ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.

23. უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენდა, დაასხათ ყოველი ხე საჭმელი, და განწმიდოთ არაწმიდებაჲ მისი, და ხილი მისი სამ წელ იყოს თქუენდა განუწმედელ და არა იჭამოს.

24. და წელსა მეოთხესა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდაჲ საქებელად ღმრთისა.

25. და მეხუთესა წელსა ჰჭამოთ ნაყოფი, შესაძინელად თქუენდა ნაყოფი მისი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

26. ნუ ჰჭამთ მთასა ზედა და ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით, არა ჰყოთ

27. სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არა განირყუნეთ პირი წუერთა თქუენთაჲ და ნაჭერი აღთქუმისა ჴორცთა ზედა თქუენთასა არა ჰყოთ.

28. და წერილი დაწერტით არა ჰყოთ თქუენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

29. არა შეაგინო ასული შენი, სიძვად იგი, და არა ისიძვიდეს ქუეყანაჲ და აღივსოს იგი უშჯულოებითა.

30. და შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ და წმიდათა ჩემთათჳს გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.

31. არა შეუდგეთ თქუენ მუცლითმეზღაპრეთა და მსახრვალთა, არა შეეყენნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

32. წინაშე პირსა მჴცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

33. უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს თქუენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას.

34. არამედ ვითარცა მკჳდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყვარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

35. არა ჰქმნე სიცრუჱ სარჩელსა შინა საწყაულითა, და სასწორთა და ნედლთა ზედა უღელი მართალი იყავნ.

36. სასწორი სიმართლისაჲ და საწყაული მართალი და საწყაული კეცი იყავნ მართალი თქუენ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

37. და დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნი სამართალნი ჩემნი და ჰყოფდით მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

20

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლისათამან, გინათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას.

3. და მე დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ მისცა მთავარსა, რათა შეაგინოს სიწმიდე ჩემი და შეაბილწოს სახელი განწმედილთა ჩემდამო.

4. უკუეთუ უგულებით უგულებელ-ყონ თუალითა მათითა მკჳდრთა მათ ქუეყანისათა კაცისა მისთჳს, რომელმან მისცა ნათესავი თჳსი მთავარსა და არა მოკლან იგი.

5. და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და ნათესავსა მისსა.

6. და წარწვწყმიდო იგი და ყოველნივე მის თანა შეთქმულნი, ვითარცა ისიძვიდეს მთავართა მიმართ, ერისაგან მათისანი.

7. და კაცი, რომელი შეუდგის მუცლითმეზღაპრედ, გინა მსახრვალად, რათა ისიძვიდენ იგინი მთავართა მიმართ, ერისა მათისაგანნი და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა და იყუნეთ თქუენ წმიდა, რამეთუ მე წმიდა ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8. და დაიმარხნეთ ბრძანებანი ჩემნი და ჰყუნეთ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განგწმედ თქუენ. უკუეთუ კაცმან-კაცმან ბოროტი ჰრქუას მამასა თჳსსა, გინა დედასა თჳსსა, სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა ბოროტი ჰრქუა, თანამდებ არს სიკუდილისა.

9. კაცმან უკუეთუ ვინმე იმრუშოს ქმრისცოლისა, გინა ცოლისა თანა მოყუსისა თჳსისა,

10. სიკუდილით მოკუედინ მრუშავი იგი და რომლისა თანა იმრუშა.

11. და უკუეთუ ვინმე დაწვეს მამისცოლისა თანა, რამეთუ სარცხჳნელი მამისა თჳსისა გამოაცხადა, სიკუდილით მოკუედინ ორნივე, რამეთუ უღმრთოებაჲ ყვეს, ამისთჳს თანამდებ არიან.

12. რომელი დაწვეს წულისა თანა საწოლითა დედებრ, რამეთუ საძაგელი ქმნეს ორთავე, სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

13. რომელმან შეირთოს ასული და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს,

14. ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს ურჩულოებაჲ თქუენ შორის.

15. და რომელი დაწვეს პირუტყუსა თანა, სიკუდილით მოკუედინ და ოთხფერჴი იგი მოკალთ.

16. და დედაკაცი, რომელი მოუჴდეს ყოველსა პირუტყუსა ცოდვად მისგან, მოკალთ დედაკაცი იგი და პირუტყჳცა იგი. სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

17. რომელმან შეირთოს დაჲ თჳსი მამით, გინა დედით და იხილოს სარცხჳნელი მისი და მან იხილოს სარცხჳნელი თჳსი, რამეთუ საყუედრელ არს, მოისპედ იგინი წინაშე ძეთა ნათესავისა მათისათა, რამეთუ სარცხჳნელი დისა თჳსისაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ მათ.

18. და მამაკაცი, რომელი დაწვეს დედაკაცისა თანა გამოჯდომილისა და გამოაცხადოს სარცხჳნელი მისი, წყაროჲ მისი გამოაცხადა და დედაკაცმან, გამოაცხადა მდინარე სისხლისა მისისაჲ, მოისპენ ორნივე ნათესავისაგან მათისა.

19. და სარცხჳნელი მამისდისა თჳსისაჲ და დედისა დისა თჳსისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსებაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ.

20. რომელი დაწვეს ნათესავისა თჳსისა თანა, რამეთუ ნათესაობაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

21. რომელმან შეირთოს ცოლი ძმისა თჳსისაჲ, არაწმიდება არს, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა თჳსისაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

22. და დაიმარხნეთ ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყვენით იგინი. და არა მოგიძაგნეს თქუენ ქუეყანამან, რომელსა მე შეგიყვანენ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა.

23. და არა ხჳდოდით თქუენ შჯულსა მას წარმართთასა, რომელნიმე განვასხნე პირისაგან თქუენისა.

24. რამეთუ ამას ყოველსა იქმოდეს იგინი და მოვიძაგენ იგინი და გარქუ თქუენ, ვითარმედ თქუენ დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელ არს მდინარე სძისა და თაფლისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, ვითარცა-იგი მე გამოგირჩიენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა.

25. გამოირჩიეთ თქუენცა შორის საცხოვართა მათ წმიდათა და შორის არაწმიდათა და შორის მფრინველთა წმიდათა და არაწმიდათა, და არა საძაგელ იყუნენ სულნი თქუენნი საცხოვართაგან და მფრინველთაგან და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისათა, რომელნი მე განგიჩინენ თქუენ არაწმიდად.

26. და იყუნეთ თქუენ ჩემდა წმიდა, რამეთუ მე წმიდაჲ ვარ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა, რათა იყუნეთ ჩემდად.

27. და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახრვალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან.