წიგნი მესამე ლევიტელთა

26

1. არა ჰქმნე თავისა თჳსისა ჴელითქმნული, არცა გამოქანდაკებული, არცა ძეგლი არა აღმართოთ თქუენ, არცა ლოდი სასტრად აღსდგათ ქუეყანასა თქუენსა თაყუანის-საცემელად თქუენდა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

2. შაბათნი ჩემნი დაიმარხენით და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3. უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და მცნებათა ჩემთა იმარხჳდეთ და ჰყოფდეთ მათ, მოგცე თქუენ წჳმაჲ ჟამსა თჳსსა.

4. და ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თჳსი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი.

5. და მიიწიოს სალეწავი თქუენი ვიდრე სთულებადმდე და სთველი მიიწიოს თესვადმდე და ჰჭამდეთ პურსა თქუენსა მაძღრივ და დაემკჳდრნეთ კრძალულებით ქუეყანასა თქუენსა.

6. და მოვსცე მშჳდობაჲ ქუეყანასა თქუენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არა ვინ იყოს მაშინებელ თქუენდა, და წარვწყმიდო მჴეცი ბოროტი ქუეყანისაგან თქუენისა და ბრძოლა არა იყოს ქუეყანასა თქუენსა.

7. და სდევნიდეთ მტერთა თქუენთა და დაეცნენ წინაშე თქუენსა მომწყდარნი მახჳლითა.

8. და წარიქციოს ხუთმან თქუენგანმან ასი და ასმან თქუენგანმან წარიქციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქუენნი წინაშე თქუენსა მახჳლითა.

9. და მოვიხილო თქუენ ზედა და გაკურთხნე თქუენ და აღგაორძინნე თქუენ და განგამრავლნე თქუენ და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი თქუენ თანა.

10. და ჰჭამდეთ ძუელსა და ძველისძველსა და ძუელი წინაშე პირსა ახალთასა გამოსდვათ.

11. და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.

12. და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.

13. მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.

14. უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არცა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა,

15. არამედ ურჩ ექმნნეთ მათ და სამართალნი ჩემნი მოიწყინნეს სულმან თქუენმან და არა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა და განაქარვნეთ აღთქუმანი ჩემნი.

16. და მეცა ეგრევე გიყო თქვენ: მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფოებაჲ და სიყჳთლე დანდალუკად თუალთა თქუენთა, და გული თქუენი დადნებოდეს, და სთესვიდეთ თესლსა თქუენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქუენნი.

17. და დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა და დაეცნეთ წინაშე მტერთა თქუენთა, და გდევნიდენ თქუენ მოძულენი თქვენნი და ივლტოდით თქუენ თჳნიერ მდევართა.

18. უკუეთუ აქამომდე არა ისმინოთ ჩემი და შევსძინო სწავლად თქუენდა შჳდწილ ცოდვათა თქუენთა ზედა.

19. და შევმუსრო გინებაჲ იგი ამპარტავნებისაჲ და ვყო ცაჲ თქუენ ზედა ვითარცა რკინაჲ და ქუეყანა ვითარცა რვალი.

20. და ცუდად იყოს ძალი თქუენი და ქუეყანამან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან ველისა თქუენისამან არა მოგცეს ნაყოფი მისი.

21. უკუეთუ ამისა შემდგომად ხვიდოდითღა თქუენ დრკუდ ჩემდა მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი, შეგძინო თქუენ ტანჯვაჲ შჳდი ცოდვათა თქუენთაებრ.

22. და მოვავლინო თქუენ ზედა მჴეცი მძჳნვარე ქუეყანისაჲ და შეგჭამდეს თქუენ, და აღჴოცოს საცხოვარი თქუენი და შეგამცირნეს თქუენ და ოჴერ იყუნენ გზანი თქუენნი.

23. და უკუეთუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქუენ,

24. არამედ ხჳდოდითღა ჩემდა მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქუენ თანა გულისწყრომითა გულარძნილითა და გგუემნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა მათ თქუენთათჳს.

25. და მოვჴადო თქუენ ზედა მახჳლი და შურისმეძიებელი საშჯელად შჯულისა და შეევედრნეთ თქუენ ქალაქებსა თქუენსა და მოვავლინო სიკუდილი თქუენ ზედა და მიეცნეთ ჴელთა მტერთა თქუენთასა.

26. და გჭირდეს თქუენ იფქლისა და პურისათჳს და აცხობდენ ათნი დედანი თქუენგანნი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდენ თქუენ პურსა თქუენსა სასწორით, ჰჭამდეთ და ვერ განძღებოდით.

27. უკუეთუ ამათ ზედაცა არა ისმინოთ ჩემი, არამედ ხჳდოდითვე დრკუდ.

28. მეცა ვიდოდე თქუენ თანა გულისწყრომითა დრკუჲთა და გასწავლნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა თქუენთათჳს.

29. და ჰჭამდეთ თქუენ ჴორცთა ძეთა თქუენთასა და ჴორცთა ასულთა თქუენთასა.

30. და მოვიხუნე ძელისანი ჴელითქმნილნი თქუენნი და დავსხნე გუამნი თქუენნი გუამთა თანა კერპთა თქუენთასა, და მოგიწყინნეს თქუენ სულმან ჩემმან

31. და დავსხნე ქალაქნი თქუენნი ოჴრად და მოვაოჴრო სიწმიდე თქუენი, და არა ვიყნოსო სულნელებაჲ მსხუერპლთა თქუენთაჲ.

32. და მოვაოჴრო ქუეყანა თქუენი და უკჳრდეს ამას ზედა მტერთა თქუენთა, რომელნი მკჳდრ იყუნენ მას ზედა.

33. და მიმოდაგთესნე თქუენ წარმართთა შორის, და აღგჴოცნეს თქუენ მომავალმან მან მახჳლმან თქუენ ზედა და იყოს ქუეყანა თქუენი უდაბნო და ქალაქნი თქუენნი - ოჴერ.

34. და მაშინ სათნო იყოს ქუეყანამან შაბათი თჳსი ყოველთა მათ დღეთა ოჴრებისა მისისათა.

35. და თქუენ იყუნეთ ქუეყანასა მტერთა თქუენთასა. და მაშინღა შაბათობდეს ქუეყანა და სათნო იყოს შაბათი მისი. ყოველსა ჟამსა ოჴრებისა მისისასა შაბათობდეს, რომელ არა შაბათობდა შაბათთა მათ შინა თქუენთა, რაჟამს მკჳდრ იყვენით მას ზედა.

36. და დაშთომილთა მათ ზედა თქუენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქუეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეს მათ ჴმაჲ ფურცლისაჲ მოღებული ქარითა. და ივლტოდიან, ვითარცა ვინ ივლტინ მბრძოლისაგან და დაეცნენ თჳნიერ მდევართა.

37. და უგულებელ-ყოს ძმამან ძმაჲ, ვითარცა ბრძოლასა შინა, დაღათუ არა ვინ სდევნიდეს მათ და ვერ გეძლოს წინადადგომად მტერთა თქუენთა.

38. და წარსწყმდეთ თქუენ წარმართთა შორის და შეგჭამდეს თქუენ ქუეყანაჲ იგი მტერთა თქუენთაჲ.

39. და რომელნი დაშთნენ თქუენგანნი, განიჴრწნენ ცოდვითა თქუენითა და დადნებოდიან ქუეყანასა მტერთა მათთასა.

40. და მიუთხრობდენ ცოდვათა მათთა და ცოდვათა მამათა მათთასა, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა და დამივიწყეს მე, და ვიდოდეს წინაშე ჩემსა დრკუდ.

41. და მეცა ვიდოდე მათა მიმართ დრკუდ და წარვწყმიდნე იგინი ქვეყანასა მას მტერთა მათთასა. და მაშინ ჰრცხუენოდის გულსა მათსა წინადაუცუეთელსა, და მაშინ სათნო იყუნენ ცოდვანი მათნი.

42. და მაშინ მოვიჴსენო მე აღთქმა იგი იაკობის თანა, და აღთქმაჲ იგი ისაკის თანა და აღთქმაჲ იგი აბრაჰამის თანა მოვიჴსენო და ქუეყანისაჲ მის მოვიჴსენო.

43. და ქუეყანა იგი თქუენი დაშთეს. და მაშინ შეიწყნაროს ქუეყანამან შაბათი მისი მოოჴრებითა მით მისითა ამისთჳს და მათ მოიხუნენ თჳსნი იგი უშჯულოებანი ამისთჳს, რამეთუ სამართალნი ჩემნი უგულებელს-ყუნეს, ბრძანებანი ჩემნი მოიწყინნა გულმა მათმან.

44. და იყუნეს ღათუ ქუეყანასა მტერთა მათთასა, არა უგულებელ-ვყვენ იგინი და არცა მოვიწყინე მოჴოცად მათა და განქარვებად აღთქმათა ჩემთა მამათა მიმართ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.

45. და მოვიჴსენო მე აღთქმაჲ იგი პირველი, რაჟამს გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა წინაშე ყოველთა ნათესავთა, რაჲთა ვიყო მე მათა ღმერთ. მე ვარ უფალი. ესე სამართალნი და მშჯავრნი და შჯული, რომელ მოსცა უფალმან შორის მისსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა მთასა სინასა ჴელითა მოსესითა.

27

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რომელმან ილოცოს ლოცვაჲ მიცემად სასყიდელი სულისა თჳსისაჲ ღმერთსა,

3. და იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ოცით წლითგან ვიდრე სამეოც წლადმდე, იყოს სასყიდელი მისი ერგასისი სატირი ვეცხლისაჲ სასწორითა წმიდითა

4. ხოლო ქალისაჲ იყოს თანა სასყიდელი ოცდაათი სატირი.

5. უკეთუ ხუთისა წლისაჲთგან ვიდრე ოცად წლადმდე იყოს, სასყიდელი წულისაჲ - ოცი სატირი.

6. ხოლო ქალისაჲ - ათი სატირი. და თთჳთ ერთითგან ვიდრე ხუთად წლადმდე იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ხუთი სატირი ვეცხლისაჲ,

7. ხოლო ქალისაჲ - სამი სატირი ვეცხლისაჲ. უკეთუ სამეოცისა წლისა უზეშთაეს იყოს, წულისაჲ მის იყოს ათხუთმეტ სატირი ვეცხლისაჲ.

8. უკუეთუ ქალი იყოს - ათ სატირ. უკუეთუ უპოვარ იყოს სასყიდლისა, დადგეს წინაშე მღდელისა მის და დასდვას მღდელმან მან სასყიდელი, რაოდენცა შემძლებელ იყოს ჴელი მისი, რომელმან-იგი აღუთქვა, ეგრეცა დასდვას სასყიდელი მღდელმან მან.

9. უკუეთუ საცხოვართაგანსა რომელსა შესწირვიდენ მსხუერპლად ღმრთისა, რომელმან შეწიროს ამათგანი უფლისა, იყოს იგი წმიდაჲ.

10. არა განსცვალო კეთილი ხენეშად, უკუეთუ განცვალებით განსცვალო იგი საცხოვარი საცხოვრად და ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ.

11. უკეთუ ყოველივე პირუტყჳ არაწმიდაჲ იყოს, რომელთაგანი არა შეიწირვის მსხუერპლად ღმრთისა, დაადგინოს საცხოვარი იგი წინაშე მღდელისა მის

12. და დასდვას სასყიდელი მღდელმან მან შორის კეთილსა და შორის ხენეშსა მას, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა ეგენ.

13. უკუეთუ ჴსნით იჴსნეს იგი, შესძინენ მეხუთე იგი სასყიდელსა მისსა. და უკუეთუ კაცმან განწმიდოს სახლი თჳსი წმიდად უფლისა, დასდვას სასყიდელი შორის ხენეშსა, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა დაემტკიცენ.

14. უკუეთუ შემდგომად განწმედისა მის იჴსნიდეს სახლსა მას თჳსსა, შესძინოს ნახუთალი ვეცხლისა სასყიდელსა მისსა და იყოს მისა სახლი იგი.

15. უკუეთუ ყანაჲ სამკჳდრებელისა მისისაჲ წმიდა-ყოს კაცმან ღმრთისა

16. და იყოს სასყიდელი მისი მსგავსად სათესავისა მისისა ოცდაათისა გრივისა ქრთილისაჲ ერგასისი სატირი ვეცხლი.

17. უკუეთუ წელიწადსა მას მიტევებისა წმიდა-ყოს ყანაჲ თჳსი, მსგავსად სასყიდელისა მის დაემტკიცოს.

18. უკუეთუ შემდგომად მიტევებისა მის წმიდა ყოს ყანაჲ თჳსი, ეგრეცა შეურაცხ-ყოს მღდელმან ვეცხლი მისი წელთა მათ დაკლებულთა ვიდრე მუნ წლადმდე მიტევებისა დააკლოს სასყიდელსა მას მისსა.

19. უკუეთუ იჴსნიდეს ყანასა მას თჳსსა, შემდგომად განწმედისა მისისა შესძინოს მეხუთე იგი ვეცხლისაჲ სასყიდელსა მისსა, და იყოს იგი მისავე.

20. უკუეთუ არა იჴსნეს ყანაჲ თჳსი და მისცეს იგი კაცსა სხუასა, არღარა იჴსნეს იგი.

21. არამედ იყოს ყანაჲ იგი გამოსრულ მიტევებასა მას წმიდა, იყოს საქებელ ღმრთისა, ვითარცა-იგი ქუეყანაჲ განჩემებული, მღდელისა იყოს იგი სამკჳდრებელ.

22. უკუეთუ ყანაჲ იგი, სადა მოუგიეს, რომელ არა არს სამკჳდრებელისაგან მისისა და იგი წმიდა-ყოს ღმრთისა.

23. შეურაცხოს მას მღდელმან მან სასყიდელისაგან მისისა ვიდრე წელიწადადმდე მიტევებისა მის და მისცეს სასყიდელი იგი მისი მას დღესა, წმიდა-ყოს ღმრთისა.

24. და წელიწადსა მას მიტევებისასა კუალად მოეგოს ყანაჲ იგი კაცსა მას, რომლისაგან მოიყიდა, რომლისაჲცა იყო ქუეყანაჲ იგი სამკჳდრებელად.

25. და ყოველივე სასყიდელი იყოს სასწორთა წმიდათა, ოცი დანგი იყოს სატირი იგი.

26. და ყოველივე პირმშოჲ საცხოვართა შორის, რომელი იყო ღმრთისა, ნუ ვინ შესცვალებნ გინა თუ ჴბოჲ, გინა თუ ცხოვარი უფლისად იყოს.

27. უკუეთუ ოთხფერჴთაგანი არაწმიდათაჲ შესცვალო, შემსგავსებულად სასყიდელისა მისისა შესძინოს ნახუთალი მისი მას ზედა. და იყოს იგი მისავე, უკუეთუ არა იჴსნეს, განიყიდოს მსგავსად სასყიდელისა მისისა.

28. და ყოველივე აღნათქუემი, რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან, რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, არა განყიდოს, არცა იჴსნეს იგი, ყოველივე შენაჩუენები წმიდაჲ წმიდათა იყოს უფლისა.

29. და ყოველივე, რომელი შეიწიროს კაცთაგან, არა იჴსნეს ჴსნით, არამედ სამკჳდრებელით მოკუდეს.

30. ყოველივე ათეული თესლისაგან ქუეყანისა ნაყოფითგან ხისაჲთ წმიდა იყოს უფლისა ღმრთისა.

31. უკუეთუ ჴსნით იჴსნეს კაცმან ათეული თჳსი, მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა, და იყოს იგი მისა.

32. ყოველივე ათეული ზროხათა და ცხოვართაჲ და ყოველივე, რაოდენი განვიდეს რიცხუსა მას კუერთხსა ქუეშე, ათეული იგი იყოს წმიდაჲ უფლისა.

33. არა შესცვალო კეთილი ბოროტად, არცა ბოროტი კეთილად. უკუეთუ შეცვალებით შესცვალო იგი, ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ, არღარა იჴსნეს.

34. ესე არიან მცნებანი, რომელნი ამცნო ღმერთმან მოსეს ძეთა მიმართ ისრაჱლისათა მთასა ზედა სინასა.