წიგნი მსაჯულთა, რომელსა ებრაულად ეწოდების სოფეტიმ

16

1. და წარვიდა სამსონ გაზად და იხილა მუნ დედაკაცი მეძავი და მივიდა მისა.

2. და უთხრეს გაზელთა და ჰრქუეს, ვითარმედ მოსრულ არს სამსონ აქა! და გარემოადგეს და უმზირდეს მას ღამე ყოელ ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და დადუმნეს ღამე ყოელ და თქუეს: ვიდრე განთენებადმდე ხვალისა ვჰგებდეთ, მოვკლათ იგი.

3. და დაიძინა სამსონ ვიდრე შუაღამეს ოდენ. და შებმა-უყო, კართა მის ქალაქისათა და აღიხუნა იგინი წყირთხლითურთ და მოქლონით, და დაისხნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა და აღიხუნა იგი თხემსა ზედა მის მთისასა, რომელ არს წინაშე ქებრონსა.

4. და იყო ამისა შემდგომად, და შეიყუარა სამსონ დედაკაცი იგი ჴელსა მას სორექისასა, რომელსა სახელი ერქუა დალილა.

5. და აღვიდეს მისა მთავარნი იგი უცხოთესლთანი და ჰრქუეს ცოლსა მას სამსონისსა: შეაცთუნე იგი და იხილე, თუ რაჲსაგან არს ძალი იგი მისი დიდი, რათა შეუძლოთ ჩუენ შეპყრობაჲ იგი მისი, და შევკრათ და დავამდაბლოთ იგი და ჩვენ მიგცეთ შენ კაცად-კაცადმან ათას-ათასი ვეცხლი.

6. და მიერითგან იწყო დალილა სიტყუად სამსონისა და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲთა არს ძალი ეგე შენი დიდი და რაჲთა შეიკრა და დამსდაბლდე?

7. მიუგო სამსონ და ჰრქჱუა მას: უკუეთუ შემკრა მე შვიდითა ძარღჳთა ნედლითა, რომელი არღა განრყუნილ იყოს, მაშინ მოუძლურდე მე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

8. და მოართუეს მას მთავართა მათ უცხოთესლთა შჳდი ძარღჳ ნედლი, რომელი არა განრყუნილ იყო. და შეკრა იგი მით და მზირნი.

9. იგი სხდეს სენაკსა შინა. და ჰრქუა მას დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა და განხეთქნა ძარღუნი იგი, ვითარცა განწყდეს მკედი, რაჟამს ეცის სული ცეცხლისაჲ და ვერ საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.

10. და ჰრქუა დალილა სამსონს: აჰა ესერა, შეურაცხ-მყავ, მეტყოდე მე ტყუვილით, აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ!

11. და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ შემკრან მე საბლითა ახლითა მანქანისათა. რომლითა არა ქმნილ იყოს საქმე, მოუძლურდე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

12. და მოიღო დალილა საბელი მანქანისაჲ ახალი და შეკრა იგი მით და ჰრქუა მას: უცხოთესლნი შენ ზედა სამსონ! და მზირნი იგი სხდეს დამალულნი სენაკსა შინა. და აღდგა სამსონ და განხეთქნა იგინი მკლავითგან მისთა, ვითარცა მკედი.

13. და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.

14. და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.

15. და ჰრქუა მას დალილა: ვითარ სთქუ, ვითარმედ შეგიყუარე შენ და გული შენი არა არს ჩემ თანა. ესე სამგზის შეურაცხ-მყავ მე და არა მითხარ მე, რაჲსაგან არს ძალი ესე შენი დიდი.

16. და იყო რაჟამს მოაშრო იგი სიტყჳთა მისითა ღამე ყოელ და შეაურვა მას, და სულმოკლე იქმნა იგი ვიდრე სიკუდიდმდე.

17. და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.

18. და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.

19. და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.

20. და ჰრქუა დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და განიღჳძა ძილისა თჳსისაგან სამსონ და თქუა: განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ! და მან არა უწყოდა, რამეთუ განეშორა მისგან ძალი მისი.

21. და შეიპყრეს იგი უცხოთესლთა მათ და აღმოჰჴადნეს თუალნი მისნი და წარიყვანეს იგი გაზად და შეკრეს იგი ბორკილითა რვალისაჲთა, და ფქჳდა იგი სახლსა შინა საპყრობილისასა.

22. და ვითარცა იწყო თმამან თავისა მისისამან აღმოსლვად, რომელ-იგი დაეყჳნა;

23. და შეკრბეს მთავარნი უცხოთესლთანი შეწირვად მსხუერპლისა დიდისა დაგონის ღმრთისა მათისა, და იხარებდეს და თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა სამსონ, მტერი ჩუენი.

24. და იხილა იგი ერმან მან და აქებდეს ღმერთთა, რამეთუ თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან მტერი ჩუენი ჴელთა ჩუენთა, რომელი მოაოჴრებდა და ქუეყანასა ჩუენსა, რომელმან განამრავლნა წყლულებანი ჩუენნი.

25. და იყო, რაჟამს განმხიარულდა გული მათი ღჳნითა, თქუეს: მოუწოდეთ სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მოუწოდეს სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და ემღერდეს და დაადგინეს იგი შორის ორთა მათ სუეტთა.

26. და ჰრქუა სამსონ ჭაბუკსა მას, რომელსა ეპყრა ჴელი მისი: განმიტევე და შევახო ჴელი ჩემი სუეტთა ამათ, რომელთა ზედა სახლი ესე დამტკიცებულ არს, და უკუნვეყრდნა მათ!

27. ხოლო ტაძარი იგი სავსე იყო მამებითა და დედებითა და მუნ იყუნეს ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი. და ერდოსა ზედა დგა ვითარ სამ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი, და ხედჳდეს და ემღერდეს იგინი სამსონს.

28. და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.

29. და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.

30. და თქუა სამსონ: მოკუედინ თავი ჩემი უცხოთესლთა ამათ თანა! მოზიდა ძალითა და დაეცა ტაძარი იგი მთავართა მათ ზედა უცხოთესლთასა და ყოველსავე მას ერსა, რომელნი იყვნეს მას შინა. და იყვნეს მომწყდარი იგი, რომელნი მოსრნა სამსონ სიკუდილსა უფროს, რომელნი მოსრნა ცხორებასა მისსა.

31. და შთავიდეს ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისაჲ და წარმოიღეს იგი და დაფლეს შორის სარასა და შორის ერთაულსა საფლავსა მის თანა მანუესა, მამისა თჳსისა. და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.

17

1. და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.

2. და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს, მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ!

3. და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი დედასა თჳსსა.

4. და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა მიქაჲსსა.

5. და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა მღდელად.

6. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა.

7. და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ.

8. და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა.

9. და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.

10. და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი.

11. და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.

12. და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა.

13. და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე.

14. მღდელ. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის.

18

1. და დღეთა მათ ოდენ ტომი დანისი ეძიებდა სამკჳდრებელსა თავისა თჳსისასა დამკჳდრებად, რამეთუ არღა ეცა მათ ნაწილი ვიდრე მოდღენდელად დღედმდე შორის ძეთა ისრაჱლისათა.

2. და წარავლინეს ძეთა დანისთა გუნდისაგან მათისა ხუთნი კაცნი ძენი ძლიერებისანი სასარაჲთ და ესთაულით განმსტურობად ქუეყანისა და ძიებად მისა. და ჰრქუეს მათ: წარვედით და იძიეთ ქუეყანაჲ! და მიიწინეს მთასა ეფრემისსა ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა და დაადგრეს მუნ.

3. და ვითარ იყვნეს იგინი სახლსა შინა მიქაჲსსა, იცნეს მათ ჴმაჲ იგი ყრმისა მის ლევიტელისაჲ, და მიაქციეს მუნ და ჰრქუეს: ვინ მოგიყვანა შენ აქა? და შენ რასა ზამ და რაჲ ძეს შენი აქა?

4. და ჰრქუა მათ: ესრე და ესრეთ მიყო მიქა და სასყიდლით დამიდგინა მე და ვიქმენ მისა მღდელად.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: გჳკითხეღა ჩუენ ღმერთისა მიერ და ვცნათ, უკუეთუ წარგუემართოს ჩუენ გზაჲ იგი ჩუენი, რომელსა მივალთ ჩუენ მუნ!

6. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: წარვედით მშჳდობით, რამეთუ წინაშე უფლისა არს გზაჲ თქუენი, რომელსა მიხუალთ თქუენ მუნ.

7. და წარვიდეს ხუთნი იგი კაცნი და მიიწინეს ვიდრე ლესადმდე. და იხილეს ერი იგი დამკჳდრებული მას ზედა და მსხდომარე სასოებით მსგავსად წესისა მის სიდონელთაჲსა დაყუდებულად გულდებულად, და ვერ შემძლებელ იყუნეს თხრობად ვისამე სიტყჳსა, რამეთუ. შორს იყუნეს სიდონისაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ ასურეთისა თანა.

8. და მოვიდეს ხუთნი ესე კაცნი ძმათა მათთა სარაად და ესთაოლდ. და ჰრქუეს ძმათა მათთა: რაჲსათჳს სდუმთ თქუენ და სხედთ?

9. აღდეგით და აღხჳდეთ მათ ზედა და რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ქუეყანაჲ იგი და იგი კეთილ არს ფრიად. და თქუენ სდუმთ და სხედთ, ნუ გცონის მისლვად და შესლვად. ქუეყანასა მას და დამკჳდრებად მისა.

10. და რაჟამს მიხჳდეთ თქუენ, მიუჴდეთ ერსა, რომელი სასოებით სხდეს, და ქუეყანაჲ იგი ფართო არს ფრიად, რამეთუ მოგცა იგი უფალმან ჴელთა თქუენთა ადგილი ეგე, რომლისა ნაკლულევანებაჲ არა არს მუნ ყოვლისავე კეთილისაჲ, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ზედა.

11. და წარმოიძრნეს მიერ ნათესავისაგან ტომისა დანისნი სარაჲთ და ესთუალთ ექუსასნი კაცნი შეჭურვილნი ჭურჭლითა საბრძოლისაჲთა.

12. და აღმოვიდეს და დაიბანაკეს კარიათიარიმს, ქუეყანასა იუდაჲსა, ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილისაჲ მის საბანაკოჲ დანისი ვიდრე აქა დღედმდე, რომელ-იგი არს ზურგით კერძო კარიათიარიმსა.

13. და წარვიდეს მიერ ვიდრე მთადმდე ეფრემისა.

14. და მიიწინეს ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა. და მიუგეს და ჰრქუეს ხუთთა მათ კაცთა, რომელნი წარსულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და უთხრეს ძმათა მათთა: უკუეთუ უწყით, რამეთუ არს სახლთა ამათ შინა ევფუდი და თერაფინი და გამოქანდაკებული და შებერული? და აწ განიზრახეთ, რაჲ ვყოთ!

15. და მიაქციეს მუნ და შევიდეს სახლსა მას ყრმისა მის ლევიტელისა სავანედ მიქაჲსა და მოიკითხეს იგი მშჳდობით.

16. და ექუსასნი იგი კაცნი ჭურვილნი საჭურველითა საბრძოლისა მათისაჲთა დგეს ბჭეთა ზედა სახლისა მისისაჲთა ძეთაგან დანისთა.

17. და აღვიდეს ხუთნი იგი კაცნი, რომელნი წარსრულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და შევიდეს მუნ და გამოიღეს ევფუდი იგი და თერაფინი და კერპი იგი გამობერული. და მღდელი დგა წინაშე კართა ზედა მის ბჭისათა და ექუსასნი კაცნი, რომელთა ემოსა საჭურველი ბრძოლისაჲ.

18. და ესენი შესრულ იყუნეს სახლსა მიქაჲსსა და გამოიღეს კერპი იგი და ევფუდი და თერაფინი და გამობერული იგი. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: რად ეგრე, ანუ რაჲსა ეგრე ჰზამთ?

19. ხოლო მათ ჰრქუეს: დუმენ და დაიდევ ჴელი პირსა შენსა და მოვედ შენ ჩუენ თანა, და მექმენ ჩუენ მამა და მღდელ! ესე ნუ უმჯობეს არსა შენდა მღდელობაჲ სახლისა კაცისა ერთისაჲ, ანუ მღდელობაჲ ტომისა თავადისაჲ და ნათესავისა ერისა ისრაჱლსა შორის?

20. და განმხიარულდა გული მღდელისაჲ მის და მოიღო ევფუდი იგი და თერაფინი და გამოქანდაკებული იგი და გამობერული, და შევიდა იგი შორის ერისა მის.

21. და მიაქციეს და წარვიდეს და დასცეს ყოვლად სახლი იგი და მონაგები მისი დიდებული, რომელი იყო წინაშე მათსა.

22. და იგინი ვითარ გან-ოდენ-ეშორნეს სახლსა მას მიქაჲსა, ღაღადებდეს და ეწეოდეს ძეთა დანისთა.

23. და მოიქცინეს ძეთა დანისთა პირნი მათნი, და დადგეს

24. და ჰრქუეს მიქას: რაჲ ჰყავ შენ, რამეთუ ჰღაღადებ? და ჰრქუა მათ მიქა: რამეთუ ღმერთნი ჩემნი, რომელ ვიქმნენ თავისა ჩემისად, წარიხუენათ და მღდელი იგი წარიყუანეთ, და წარხუალთ და ჩემდა რაჲღა აწ? და მეტყჳ მე, რაჲსა ჰღაღადებ?

25. და ჰრქუეს მას ძეთა დანისთა: ნუღარა ისმის ჴმაჲ შენი, ნუუკუე გემთხჳნენ თქუენ კაცნი ტკივნეულნი გულითა და დართო თავი შენი და თავი სახლისა შენისაჲ.

26. და წარვიდეს ძენი დანისნი გზასა თჳსსა და ვითარცა იხილა მიქა, რამეთუ უძლიერეს არიან მისა, და მოიქცა იგი სახიდ თჳსა.

27. და მათ წარიღეს, რავდენ-რაჲ ექმნა მიქას, და მღდელი იგი მისი და მივიდეს იგინი ლესად ერსა ზედა დაყუდებულსა და მსხდომარესა სასოებით. და მოსრეს იგი პირითა მაჱჳლისაჲთა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.

28. და არა ვინ იყო მათა განმარინებელ, რამეთუ შორს იყუნეს სიდონელთაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ კაცისა ვის თანამე. და ესე იყო ღელესა მას შიდა სახლისა ჰროობისსა და აღაშენეს ქალიქი იგი და დაემკჳდრნეს მას შინა.

29. და უწოდეს სახელი ქალიქისა მის დანისი მსგავსად სახელისა მის დანისი, მამისა მათისა, რომელი-იგი იქმნა ისრაჱლისად და იყო პირველ სახელი ქალაქისაჲ მის ლეს.

30. და აღმართეს თავისა თჳსისა ძეთა დანისთა გამოქანდაკებული იგი მათი. და იონათან და ძენი მისნი იყუნეს მღდელ ტომისა მის დანისა ვიდრე წარტყუენადმდე ქალაქისა და აღჰმართეს და დააწესეს თავსა მათისა გამოქანდაკებული იგი მიქაჲსა, რომელი-გი ექმნა მას ყოველთა, რავდენთა იყო ტაძარი იგი ღმრთისაჲ სელომს.

19

1. და ამათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის. და იყო კაცი ლევიტელი, რომელი მწირობდა ადგილთა მთისა ეფრემისათა და მოიყვანა თავისა თჳსისა ცოლად დედაკაცი ბეთლემელი, რომელ არს იუდაჲსი.

2. და განურისხნა მას ცოლი იგი მისი და წარვიდა იგი მისგან და მივიდა სახიდ მამისა თჳსისა ბეთლემდ. და იყო იგი მუნ ოთხ თუე.

3. და აღდგა ქმარი იგი მისი და წარვიდა შედგომად მისა სიტყუად მისა მსგავსად ნებისაებრ გულისა მისისა, რათა დაიგოს იგი მუნ, და მონაჲ იგი მისი თანა და ორი კარაული და მოვიდა იგი სახლსა მამისა მის დედაკაცისასა. და იხილა იგი მამამან მის ქალისამან და გამოვიდა შემთხუევად მისა.

4. და შეიყვანა იგი სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, და იყოფოდა იგი მის თანა სამ დღე. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მუნ.

5. და იყო, დღესა მეოთხესა აღიმსთუეს განთიად და აღდგა და განემზადა წარსლვად. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან სიძესა თჳსსა: განიმაგრე გული შენი პურითა და ამისა შემდგომად წარვედით.

6. და დასხდეს, ყოველნი ერთბაშად და ჭამეს და სუეს. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან კაცსა მას: აღდეგ და მიმოვლე და განსცხერ და განმხიარულდინ გული შენი!

7. და აღდგა კაცი იგი და წარემართა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა, ხოლო სიმამრმან მისმან აღიძულა და დაიყენა იგი და დაადგრა იგი და იყო მუნ.

8. და აღიმსთო იუალისგან დღესა მას მეხუთესა, რათამცა წარვიდა. ჰრქუა მას მამამან მის დედაკაცისამან: განიმაგრე გული შენი პურითა და იქცეოდე, ვიდრემდის მოდრკეს მზე დღეს! და მერმეცა ჭამეს და სუეს ყოველთავე.

9. და აღდგა კაცი იგი და წარვიდეს იგინი და ცოლი იგი მისი და მონაჲ იგი მისი და ჰრქუა მას სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, აჰა ესერა, მიდრკა მზე და მწუხრ არს. დაადგერ აქა და უმხიარულეს იყოს გული შენი და აღიმსთუეთ ხვალისაგან და წარვედით გზასა თქუენსა და მივედით საყოფელად თჳსა!

10. და არა ინება კაცმან მან დადგრომად, და აღდგა და წარვიდა და მოვიდა მახლობელად წინაშე იებუსსა, ესე იგი არს იჱრუსალემი, და მის თანა ორნი იგი კარაულნი დასხმულნი, და ცოლი იგი მისი მის თანა.

11. და იგინი მი-ოდენ-იწინეს იებუსად და დღე მიდრეკილ იყო ფრიად, ჰრქუა მონამან მან უფალსა თჳსსა: მოვედ და მივაქციოთ ქალაქსა ამას იებუსელთასა, და დავადგრეთ მუნ!

12. და ჰრქუა მას უფალმან მისმან: არა შევიდეთ ჩუენ ქალაქსა მას უცხოთესლთასა, სადა-იგი არავინ არს ძეთაგან ისრაჱლისათა, არამედ თანაწარვჰჴდეთ და მივიდეთ ვიდრე გაბადმდე.

13. და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: მოგუალე და მივეახლნეთ ერთსა ადგილთაგანსა ჩუენსა და ვიყუნეთ გაბაას გინა რამას!

14. და თანაწარჴდეს და წარვიდეს და დაუჴდა მათ მზე მახლობელად გაბაასა, რომელ არს ბენიამენისი.

15. და მიაქციეს და შევიდეს მუნ და დაადგრეს გაბაას. და შერ-რაჲ-ვიდა იგი, სხდეს უბანთა ზედა ქალიქისათა და არავინ იყო კაცი, რომელმანცა შეიყვანა იგი სახიდ და და-მცა-ადგინა.

16. და აჰა, კაცი მოხუცებული შემოვიდოდა ველით სიქმისაგან თჳსისა მწუხრი და კაცი იგი იყო მთისაგან ეფრემისი, მკჳდრობდა იგი გაბაას შინა, ხოლო კაცნი იგი მის ადგილისანი იყვნვს ძენი ბენიამენისნი.

17. და აღიხილნა თუალნი მოხუცებულმან მან და იხილა კაცი იგი მოგზაური უბანთა ზედა ქალაქისათა. და ჰრქუა მოხუცებულმან მან: ვინაჲ მოხუალ, ანუ ვიდრე ხუალთ?

18. ხოლო მან ჰრქუა მას: მოვალთ ჩუენ ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსი, და მოვალთ ვიდრე ადგილმდე მთისა ეფრემისა, რამეთუ მე მიერ ვალ და წარსრულ ვიყავ ვიდრე ბეთლემდმდე იუდაჲსსა, და აწ წარვალ სახლად ჩემდა და არა ვინ არს, რომელმანცა ჩუენ სახლსა შემიყვანნა და დამადგინნა.

19. და ბზე და საზრდელი მაქუს ჩუენ კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნოჲ, ჩუენთჳს, და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა მისთჳს და მონათა შენთა, არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისაგან საჴმრისა.

20. და ჰრქუა მას კაცმან მან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ იყავნ! დაღათუ რაჲმე გაკლს შენ, ჩემდამო იყავნ, გარნა უბანთა ზედა ნუ იყოფი.

21. და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა; და დაჰბანნა ფერჴნი მათნი, და ჭამდეს და სუმიდეს.

22. და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა ესერა, კაცნი იგი მის ქალაქისანი ძენი უსჯულოებისანი გარემოადგეს სახლსა მას მისსა, ჰრეკდეს კარსა მას და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა უფალსა მის სახლისასა და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი იგი, რომელი შევიდა სახლსა შენსა, რათა ვიცნათ იგი!

23. და გამოვიდა კაცი იგი უფალი მის სახლისაჲ და ჰრქუა მათ: ნუსადა ნურას ბოროტსა იქმთ, ვინაჲთგან ერთვე შემოვიდა კაცი ესე სახლსა ჩემსა, ნუ იქმთ უგუნურებასა მაგას.

24. აჰა ესერა, ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოგგუარნე იგინი თქუენ, და დამდაბლენით იგინი თქუენ, და ყავთ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა თქუენთა, ხოლო კაცსა მას ნურას უყოფთ სიტყუასა უგნურებისასა!

25. ხოლო მათ არა ინებეს სმენად მისი. და კაცმან მან უპყრა ჴელი ცოლსა თჳსსა და გამოჰგუარა იგი მათ გარე; და იცნეს და დაამდაბლეს იგი და მოკიცხეს იგი ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, და განუტევეს იგი აღმოსლვასა ოდენ ცისკრისასა.

26. და მოვიდა დედაკაცი იგი განთიად და დაეცა იგი კართა ზედა სახლისა მის კაცისათა, სადაცა იყო უფალი იგი მისი, და სულნი წარჰჴდეს.

27. და აღდგა უფალი იგი მისი განთიად, განახუნა კარნი მის სახლისანი და გამოვიდა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა და, ესერა, დედაკაცი იგი ცოლი მისი დაცემულ იყო კართა ზედა და ჴელნი მისნი დაესხნეს წინაშე კართა.

28. და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვიდეთ! და არა რაჲ მიუგო მას სიტყუაჲ, რამეთუ მომკუდარ იყო და აღიღო იგი და აღჰკიდა კარაულსა. და აღდგა კაცი იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.

29. და მოიღო მახჳლი და უპყრა ცოლსა მას მისსა და განყო იგი ასოდ-ასოდ ათორმეტად ნაწილად და მიუძღუანა იგი ყოველსა ტომსა ისრაჱლისასა.

30. და იყო, ყოველმან, რომელმან იხილის იგი, თქჳს: არცა ყოფილ სადა იყო და არცა ეხილვა ესრეთ, ვინაჲთგან გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქჳეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქა დღედმდე! აწ ყავთ ზრახვაჲ ამისთჳს და თქუთ: რაჲ ვყოთ?

20

1. და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად.

2. და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი.

3. და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე საქმე?

4. მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი

5. გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა.

6. და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე ისრაჱლსა შორის.

7. აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ.

8. და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა.

9. და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას წილის-გდებით.

10. და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის.

11. და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან.

12. და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის?

13. და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა.

14. და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

15. და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა.

16. რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს.

17. და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი მბრძოლნი.

18. და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად.

19. და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბაასა თანა.

20. და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა.

21. და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს.

22. და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა.

23. და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: აღვედით მისა!

24. და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა.

25. და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

26. და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ.

27. და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა.

28. და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა!

29. და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა.

30. და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ.

31. და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან.

32. და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე.

33. და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბაასა.

34. და მოექცეს იგინი პირისპირ წინაშე, გაბაასათ ათასი კაცი რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა, და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა, და მათ არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა.

35. და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაჱლისასა და მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოცდახუთი ათასი და ასი კაცი ყოველნივე ესე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

36. და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან ადგილსცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს გარემო გაბაასა,

37. და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბაასა შინა და შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისათა.

38. და შეთქმულ იყუნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა მაჱჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა.

39. და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად, და ბენიამენს ეწყო ოდენ მურვად წყლულებითა კაცთა ზედა ისრაჱლისათა ვითარ ოცდაათ ოდენ კაც, რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტოდიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ.

40. და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან სუეტი იგი კუამლისაჲ და მოიხილა ბენიამენ ზურგით კერძო მისა და, აჰა ესერა, აღვიდოდა აღსასრული ქალაქისაჲ მის ზეცად.

41. და ძეთა ისრაჱლისათა მიაქციეს და ისწრაფეს, და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

42. ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი იგი, და მიაქციეს გზასა მას უდაბნოსასა და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ, და რომელნი-იგი იყუნეს ქალაქთა მათ შინა და მოსრვიდეს. მათ შორის მათსა.

43. და დაეცნეს ძენი ბენიამენისნი, და დევნა-უყვეს... შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე პირისპირ გაბაანსა მზის აღმოსავალით.

44. და დაეცნეს ბენიამენისაგანნი ათურამეტ ათასნი კაცნი, ყოველნივე იგი ძლიერნი.

45. და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა, და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი, და დევნა-უყუეს კუალსა მათსა ვიდრე. გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ ათასი კაცი.

46. და იყუნეს ყოველნი, რავდენნი დაეცნეს შორის ბენიამენისა ოცდახუთი ათასი კაცნი მახჳლოსანნი მას დღესა შინა, ყოველნივე ესე კაცნი ძლიერებისანი.

47. და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა ოთხ თუე, და ძენი ისრაჱლისანი მოიქცეს

48. ძეთაგან ბენიამენისთა, და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომითი შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და ყოველი, რომელი იპოვა ყოველსა მას ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელი დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა.

21

1. და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად.

2. და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა.

3. და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი?

4. და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ,

5. და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი.

6. და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან.

7. რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა?

8. და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად

9. იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა.

10. და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი.

11. და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და მათ ყვეს ეგრეთ.

12. და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა.

13. და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ მშჳდობად.

14. და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრე.

15. და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა, რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა.

16. და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი?

17. და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის.

18. და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს.

19. და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა.

20. და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა შინა.

21. და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა.

22. და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.

23. და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.

24. და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა.

დიდებაჲ შენდა, უფალო! დაესრულა წიგნი მსაჯულთაჲ.