წიგნი რუთისი

1

1. და იყო, დღეთა მათ მსაჯულთა შჯასა იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და წარვიდა კაცი ბეთლემის ჰურიასტანისაჲთ მწირობად სოფელსა მას მოაბასასა, იგი და ცოლი მისი და ორნი ძენი მისნი.

2. და სახელი მისი ელიმელექ და სახელი ცოლისა მისისაჲ ნოომინ, და სახელი ორთა მათ ძეთა მისთა: მაალონ და ქელეონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ, და წარვიდეს ქუეყანასა მას მოაბისასა, იყოფოდეს მუნ.

3. და მოკუდა ელიმელექ, ქმარი იგი ნოომინისი, და დაშთა იგი და ორნი ძენი მისნი.

4. და მოიყვანნეს ძეთა მათ მისთა თავისა თჳსისა ცოლნი მოაბელნი, სახელი ერთისა მის ურიფა და სახელი მეორისა მის რუთ. და იყოფოდეს მუნ ვიდრე ათად წლადმდე.

5. და მოსწყდეს ორნივე იგი ძენი მისი, მალონ და ქალეონ. და დაშთა მარტო დედაკაცი იგი ქმრისაგან თჳსისა და ორთაგან ძეთა მისთა.

6. და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე იგი ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგინი ქუეყანით მოაბისაჲთ სოფლად ჰურიასტანისა, რამეთუ ესმა მათ ქუეყანასა მას მოაბისასა, ვითარმედ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა მოცემად ნაყოფისა.

7. და გამოვიდა იგი მიერ ქუეყანით და ორნი ძის ცოლნი მისნი მის თანა. და მოვიდეს იგინი გზასა მოქცევად ქუეყანას მას ჰურიასტანისასა.

8. და ჰრქუა ნოომინ ორთა მათ ძის ცოლთა მისთა: წარვედით და მიიქეცით თქუენ სახიდ მამისა თჳსისა! და ყავნ უფალმან თქუენ თანა წყალობაჲ, ვითარცა-იგი ჰყავთ მკუდართა მათ თანა და ჩემ თანა!

9. და მოგაგენ თქუენ უფალმან კეთილისა მაგის წილ და პოვეთ თქუენ განსუენებაჲ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა! და ამბორს-უყო მათ და უჯმნიდა; და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს.

10. და ჰრქუეს მას: არა ეგრე, არამედ შენ თანა მივიდეთ ერისა შენისა.

11. და ჰრქუა მათ ნოომინ: მიექეცით, ასულნო ჩემნო, და წარვედით! რაჲსათჳს მოხუალთ თქუენ ჩემ თანა? ნუუკუე ამიერითგან შჳლნი არიან მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქუენდა?

12. არამედ აწ წარვედით, ასულნო ჩემნო, ამისთჳს, რამეთუ დავბერდი, და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად, უკუეთუმცა გარქუ თქუენ, ვითარმედ შე-ღა-მძლებელ ვარ და შე-ღა-ვეყო ქმარსა, და ვშუნე მე ძენი? გ.

13. და ამათ ელოდით თქუენ, ვიდრემდე განორძნდენ, და დაგიყენნე თქუენ, რათა არა ისხნეთ ქმარ? ნუ ეგრე, ასულნო ჩემნო, რამეთუ განმწარდა ჩემთჳს უფროჲს თქუენსა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ გამოვიდა ჩემ ზედა.

14. და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მერმეცა ტიროდეს-ვე. და ამბორს-უყო ურიფა დედამთილსა თჳსსა და მიაქცია წარვიდა იგი ერისა თჳსისა. ხოლო რუთ შეუდგა და მოსდევდა მას.

15. და ჰრქუა ნოომინ რუთს: აჰა ეგერა, მიიქცა მოყუასი შენი ერისა თჳსისა და ღმერთთა თჳსთა, მიიქეც შენცა მოყუსისა შენისა თანა!

16. მიუგო და ჰრქუა მას რუთ: ნუ შემემთხუევინ მე ეგე ყოფად, ვითარმცა დაგიტევე მე შენ და მივიქეც და წარვედ შენგან, არამედ ვიდრეცა მიხჳდე, მივიდე და სადაცა იყოფოდე, ვიყოფოდე მეცა შენ თანა, ერი შენი ერი ჩემი არს და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს.

17. და სადაცა მოჰკუდე, მოვკუდე მეცა და მუნ დავეფლა. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, რამეთუ სიკუდილმან განმწვალოს შენ შორის და ჩემ შორის.

18. ხოლო მან ვითარცა იხილა, რამეთუ დაამტკიცა ესრჱთ მისლვად მის თანა, დასცხრა მიერითგან სიტყუად მის თანა.

19. და წარმოვიდეს მიერ ორნივე და მოვიდეს ბეთლემდ. და იყო, ვითარცა მოიწინეს იგინი ბეთლემდ, ოხრიდა ყოველი იგი ქალაქი მათ ზედა და თქუეს: უკუეთუ ნანდჳლ ნოომინ არს ესე?

20. და ჰრქუა მათ: ნუ მრქუათ მე ნოომინ, არამედ მარქუთ მე სიმწარე, რამეთუ განამწარა ძლიერმან ჩემ ზედა,

21. რამეთუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან, რაჲსათჳს მრქუათ მე ნოომინ? და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე.

22. და მოიქცა ნოომინ და მოვიდა და რუთ მოაბელი, ძის ცოლი მისი მის თანა, მოვიდეს ქუეყანით მოაბისაჲთ. და ესენი მოვიდეს ბეთლემდ დასაბამსა ოდენ მკისასა ქრთილისასა.

2

1. და ნოომინის ქმრისაჲ იყო კაცი მეცნიერი, და კაცი ესე იყო ძლიერ ძალითა ნათესავისაგან ელიმელექისა და სახელი მისი ბოოზ. და მისცა ნოომინს სახელი ქვრიობისა საყოფელად მისსა.

2. და ჰრქუა რუთ მოაბელმან ნოომინს: განვიდე ველად, დავკრიბო თავი ჴუვილისაჲ შემდგომად, სადაცა ვპოო მადლი წინაშე თუალთა მისთა. და ჰრქუა მას ნოომინ: განვედ, ასულო.

3. და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ჴუვილისაჲ ყანასა შიდა შემდგომად მომკალთასა. და მიემთხჳა იგი მიმთხუევით ნაწილსა მას ყანასა ბოოზისსა, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან ელიმელექისი.

4. და, აჰა ესერა, ბოოზ მოვიდა ბეთლემით და ჰრქუა მომკალთა მათ: უფალი თქუენ თანა! და მათ ჰრქუეს მას: გაკურთხენინ შენ უფალმან!

5. და ჰრქუა ბოოზ მონათა მას მისსა, ზედა-მდგომელსა მას მომკალთასა: ვინ არს ჭაბუკა ესე?

6. მიუგო მონამან მან, რომელი-იგი ზედაადგა მომკალთა მათ და ჰრქუა ბოოზს: დედაკაცი ეგე არს მოაბელი, რომელი მოვიდა ნოომისის თანა ქუეყანით მოაბისაჲთ.

7. და თქუა: ვიკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭელეულსა შემდგომად მომკალთა. და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე აქამომდე, და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შიდა.

8. და ჰრქუა ბოოზ რუთს: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ კრებად სხჳსა ყანასა და ნუცა განეშორები, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.

9. და თუალნი შენნი იგენ ყანასა მას, სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა, მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რათა არა გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭლად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.

10. და დავარდა რუთ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოზს: რაჲ არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ?

11. მიუგო მას ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შობისა შენისა და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღუნ?

12. მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისა, რომლისა მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.

13. ხოლო მან თქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისსა, და მე ვიყო ამიერითგან, ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.

14. და ჰრქუა მას ბოოზ: ჟამთა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური, და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი და ჭამა და განძღა და დაუშთა.

15. და აღდგა კრებად თავისა და ამცნო ბოოზ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რათა მჭელეულსაცა შორის იკრიბოს თავი, და ნუ ჰკდემთ მას.

16. და თავს-დებით თავს-იდევით ეგე! და მისცით მაგას საჭმლისაგან თქუენისა და უტევეთ იგი, და ჭამდეს და კრებდეს თავსა და ნუ რისხავთ მაგას.

17. და კრიბა ყანასა მას შიდა ვიდრე მწუხრადმდე და გამოწმიდა, რომელი-იგი შეეკრიბა და იყო სათხოელ ერთ ქრთილი იგი.

18. და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა დედამთილმან მან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა. და გამოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.

19. და ჰრქუა დედამთილმან მან მისმან: სადა ჰკრიბე დღეს, ასულო? და სადა დაჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა სახელი კაცისა მის, რომლისა თანა ვკრიბე დღეს, ჰრქჳან ბოოზ.

20. ჰრქუა ნოომინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ მისი ცოცხალთა თანა და მკუდართა თანა. და ჰრქუა ნოომინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა ჩუენდა არს.

21. ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: და მრქუაცა მე, ვითარმედ: შეეყავ მჴევალთა ჩემთა, ვიდრემდე აღასრულონ ყოველი სამკალი, რავდენიცა არს ჩემი.

22. და ჰრქუა ნოომინ რუთს, ძის ცოლსა თჳსსა: კეთილ, ასულო, რამეთუ განხუედ მჴევალთა მისთა თანა და არა მიხუედ შენ სხჳსა ყანასა.

23. და შეეყო რუთ მჴევალთა მათ ბოოზისთა კრებად თავისა, ვიდრემდე დაასრულეს მკაჲ ქრთილისაჲ, და შევიდა რუთ და იყოფოდა დედამთილისა თჳსისა თანა.

3

1. ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რათა კეთილი გეყოს შენ?

2. და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.

3. და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა.

4. და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა.

5. ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო.

6. და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო მას დედამთილმან თჳსმან.

7. და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა.

8. და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა.

9. ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ.

10. ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა.

11. და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.

12. და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა,

13. იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე.

14. და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას.

15. და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად.

16. და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან.

17. და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა.

18. ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.

4

1. აღვიდა ბოოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და, აჰა ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოზ. და ჰრქუა ბოოზ: მოაქციე და დაჯედ აქა საჲდუმლოო! და მოაქცია და დაჯდა მუნ.

2. და მოიყვანა ბოოზ ათი კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ჰრქუა მათ: დასხედით! დასხდეს.

3. და ჰრქუა ბოოზ ნათესავსა მას: ნაწილი იგი ქუეყანისაჲ მის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელიქისი, მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანის მოაბისაჲთ

4. და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოიგე ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა. უკუეთუ ეშჳლები, ეშჳლე. უკუეთუ არა ეშჳლები, მითხარ მე, რათა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ, და შემდგომად შენსა ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვერ ვეშჳლო.

5. და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.

6. ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.

7. და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.

8. და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოზს: მიიღე თავისა შენისა საშჳლებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.

9. ჰრქუა ბოოზ მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელიქისი და ყოველი, რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი, ჴელისაგან ნოომისი

10. და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.

11. და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.

12. და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი! დ

13. და მოიყვანა ბოოზ რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ.

14. და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შჳლებულებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის.

15. და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყუარა შენ, შვა ძე, რომელ არს უმჯობეს შენდა უფროჲს შჳდთა ძეთა.

16. და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.

17. და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.

18. და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,

19. ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,

20. და ამინადაბ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმუნ,

21. და სალმუნ შვა ბოოზ, და ბოოზ შვა იობედ,

22. და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი.