სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი.
მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა „ბენ“ (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტყვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა. შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.
მათეს სახარებაში გენეალოგია ებრაელი ერის მამამთავრის - აბრაამის სახელით
იწყება, ხოლო ლუკას სახარებაში - პირველი კაციდან, ადამიდან. ორივე მახარებელთან
მაცხოვრის გენეალოგია იოსებ მართლის სახელით მთავრდება.
ქრისტეს გენეალოგია მოუმზადებელი ადამიანისთვის მძიმე წასაკითხია; იგი მას ვრცელი,
მოსაწყენი და სრულიად უსარგებლო ეჩვენება. მაგრამ შემთხვევით არაა, რომ სახარებაში
გადმოცემულია სრული გენეალოგია; უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას
ქრისტიანობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
უკვე 2000 წელია, რაც მსოფლიოში არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე. მოდავეთა შორის უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად ისტორიული პიროვნებაა და არა „ქრისტიანულ მითოლოგიაში შეთხზული გმირი“. მოდავენი ასევე პატივს სცემენ მის მოძღვრებას. მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რაც სახარების სულს და უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს: რომ სწორედ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია! მათ არ ესმით, რატომ არიან ასე დარწმუნებულები ქრისტიანები იმაში, რომ ჯერ კიდევ ადამისთვის აღთქმული სამყაროს გამომხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტეა. ადამიანებისთვის, რომლებიც ბიბლიის ავტორიტეტს აღიარებენ, ამის დასტურია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი. ბიბლია, რომელიც იესო ნაზარეველის შობამდე ბევრად ადრე დაიწერა, შეიცავს წინასწარმეტყველებებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობას გამოიხსნის ქვეყნად მოვლენილი მესია - ქრისტე (ქართ. - ცხებული). წინასწარმეტყველებებში მკითხველი აღმოაჩენს „გენეალოგიურ“ მტკიცებულებასაც, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტი მესიის შეცნობაში. ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, შემდეგ კი ისრაელის მეფე დავითს, რომ მაცხოვარი სოფლისა - მესია სწორედ მათი შთამომავალი გახდება. ამიტომ ძველი იუდეველები თავისი მოდგმის გაგრძელებას ზედმიწევნითი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ბავშვის დაბადებას ისრაელელები ღვთის კურთხევად მიიჩნევენ. ყოველ ოჯახში აუცილებლად იწერებოდა გენეალოგია. განეალოგიური ცხრილები ინახებოდა ოჯახებშიც და ასევე იერუსალიმის ტაძარშიც. ნებისმიერმა ისრაელელმა კარგად იცოდა, თუ რომელ თორმეტ იუდეურ ტომთაგანს მიეკუთვნებოდნენ მისი წინაპრები. ამიტომ სახარებაში დაფიქსირებული გენეალოგიის ზედმიწევნითი სიზუსტე ეჭვგარეშეა და თავადვეა იესო ქრისტეს მესიანობის ყველაზე ცხადი არგუმენტი.
როდესაც მოციქულების წინაშე დადგა საკითხი, გაჰყოლოდნენ თუ არა ქრისტეს, გამხდარიყვნენ თუ არა მისი მიმდევრები, - ამაზე პასუხს ისინი, როგორც ებრაელი ერის შვილები, - ბიბლიის წიგნებში ეძიებდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას: მართალია, რომ იესო პატარა ქალაქ ნაზარეთიდან მეფე დავითის შთამომავალია? ქრისტეს გენეალოგია ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. აღსანიშნავია, რომ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და მესიის წარმომავლობა აბრაამისა და დავითის ტომიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ყველა დანარჩენი ნიშანიც, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ მესია, - იესო ქრისტეს პიროვნებას ემთხვეოდა. ამიტომ მოციქულთათვის ცხადი გახდა, რომ მათ წინაშეა მხსნელი სოფლისა. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე არ იყო არც წარჩინებული, არც რელიგიური სკოლები ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ხელობით კი უბრალო დურგალი იყო, - მისი მაინც ირწმუნეს და მისი მიმდევრები გახდნენ.
ამრიგად, ქრისტიანთა პირველი თაობისათვის იესოს განეალოგია უეჭველ არგუმენტად იქცა. და ეს არგუმენტი თავის აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ადამიანები იმეცნებენ ქრისტეს გენეალოგიას, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რათა გადაწყვიტონ თავისთვის, მოვიდა თუ არა ნამდვილად ისრაელის მიწაზე 2000 წლის წინათ მესია და არა ვინმე ნიჭიერი მქადაგებელი და მორალისტი.
თუმცა, მაცხოვრის გენეალოგიას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებიც გააჩნია. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ძველი და ახალი აღქმის განუყოფელ კავშირს. ისინი აცხადებდნენ: „ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტი, სასტიკი და შურისმაძიებელი დემონია; ახალი აღთქმის ღმერთი კი - სიყვარულისა და ურთიერთშენდობის კეთილი ღმერთია.“ საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოველივე ამისადმი მოციქულ პავლეს, რომელიც არის ძველი აღთქმის ახლით შეცვლის ყველაზე თანმიმდევრული მქადაგებელი. მან ყოველივეს „დედაბერებრთა ზღაპარნი“ (1. ტიმ. 4, 7) უწოდა. ამგვარი მეზღაპრეებისთვის საუკეთესო პასუხი არის სწორედ მაცხოვრის გენეალოგია. იგი ნათლად წარმოაჩენს, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა.
და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წარმოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაში სახელების ჩამოთვლით წარმოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ. გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ქრისტეს შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენთაგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის!
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“