წიგნი მარკოზისა

თავი 13

იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და მეორედ მოსვლის შესახებ (მთ. 24,1-51; ლკ. 21,5-36)

1. და როდესაც გამოდიოდა იგი ტაძრიდან, უთხრა მას ერთმა თავისმა მოწაფეთაგანმა: მოძღვარო, ნახე, როგორი ქვებია და როგორი ნაგებობები.

2. და მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდ ნაგებობებს? არ დარჩება აქ ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.

3. და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ, ეკითხებოდნენ მას განმარტოებით პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია:

4. გვითხარი ჩვენ, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, როდესაც ეს ყოველივე უნდა აღსრულდეს?

5. ხოლო იესომ მიუგო და დაიწყო საუბარი მათთან: გაფრთხილდით, ვინმემ არ გაცდუნოთ თქვენ;

6. რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარ. - და მრავალს აცდუნებენ.

7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული.

8. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და იქნება შიმშილი და არეულობა; ეს არის ტკივილების დასაწყისი.

9. ხოლო გაუფრთხილდით თქვენ თქვენს თავებს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ და მთავართა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემ გამო მათთვის დასამოწმებლად,

10. და ყველა წარმართისათვის ჯერ უნდა იქადაგოს სახარება.

11. ხოლო როდესაც მიგიყვანენ თქვენ და გადაგცემენ, წინასწარ ნუ ზრუნავთ და ნუ უღვწით, რა თქვათ, არამედ, რაც მოგეცემათ თქვენ იმ დროს, ის თქვით; რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სულიწმიდა.

12. და გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა - შვილს და აღდგებიან შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.

13. და იქნებით მოძულებულნი ყველასგან ჩემი სახელის გამო. და ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.

14. ხოლო როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, თქმულს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ - მდგომარეს, სადაც არ არის მართებული - ვინც წაიკითხავს, მიხვდეს. მაშინ ჰურიასტანში მყოფნი, გაიქცნენ მთაში (დან.9,27).

15. ხოლო ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა სახლში, ნურც შევა რამის ასაღებად თავისი სახლიდან;

16. და ველზე მყოფი ნუ მობრუნდება უკან თავისი სამოსის ასაღებად.

17. ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში.

18. არამედ ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქვევა ზამთარში;

19. რადგან იქნება ის დღეები გაჭირვებისა, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან შექმნისა - როცა შექმნა ღმერთმა - აქამდე, და არც იქნება.

20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ხორციელი; არამედ რჩეულთათვის, რომლებიც გამოირჩია, შეამოკლა დღეები.

21. და მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან აჰა, - იქ, - ნუ ირწმუნებთ;

22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ სასწაულებს და ნიშებს, რომ აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულებიც.

23. ხოლო თქვენ გაფრთხილდით; აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ ყველაფერი.

24. არამედ იმ დღეებში, იმ გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს.

25. და ვარსკვლავები ჩამოცვივა ზეციდან და ძალები, რომლებიც იქნება ცაში, შეიძვრება (ეს.13,10; ეზეკ.32,7).

26. და მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით (დან.7,13).

27. და მაშინ გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ოთხ ქართაგან, ქვეყნის კიდიდან ცის კიდემდე.

28. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება და გამოვა ფოთოლი, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული;

29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან.

30. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.

31. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.

32. ხოლო იმ დღის ან ჟამის შესახებ არავინ იცის: არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მამამ.

33. გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის იქნება ჟამი.

34. როგორც კაცი, გზად მიმავალი, ტოვებს თავის სახლს და აძლევს თავის მონებს ძალაუფლებას და თითოეულს მის საქმეს და მეკარეს უბრძანებს, რომ იფხიზლოს.

35. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.

36. ვაითუ მოვიდეს უეცრად და გიპოვოთ თქვენ მძინარენი.

37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას გეუბნებით: იფხიზლეთ!

- .:. -
იგავი ათ ქალწულზე; იგავი მოცემულ ტალანტებზე; საყოველთაო აღდგომისა და სამსჯავროს შესახებ (მთ. 25,1-46)
- ·:· -

 

თავი 14

1. ხოლო იყო პასექი და უფუარობა ორი დღის შემდეგ. და ეძიებდნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები იესოს, როგორ შეეპყოთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ;

2. და ამბობდნენ: არა დღესასწაულზე, რათა არ იყოს შფოთი ერში.

იესოსთვის ნელსაცხებლის ცხება ბეთანიაში (მთ. 26,6-13; ინ. 12,3-8)

3. და როდესაც იყო იგი ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახით იჯდა იგი, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი სუფთა ნარდის ნელსაცხებლით, ძვირფასი; და გატეხა ალაბასტრი და დაასხა მას თავზე.

4. ხოლო იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც მრისხანებდნენ თავისთვის და ამბობდნენ: რისთვის დაიხარჯა ეს ნელსაცხებელი?

5. რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და მიცემა გლახაკებისთვის, - და კიცხავდნენ მას.

6. ხოლო იესომ უთხრა: აცადეთ მაგას; რატომ აწუხებთ მას? კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის;

7. რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან და, როცა მოინდომებთ, შეგიძლიათ სიკეთე გაუკეთოთ მათ; ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან.

8. რაც ჰქონდა მას, გააკეთა - წინასწარ სცხო ნელსაცხებელი ჩემს სხეულს დასამარხავად.

9. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება, მთელ ქვეყანაზე, რაც გააკეთა მან, ითქმება მის მოსახსენებლად.

იუდას გარიგება მღვდელმთავრებთან (მთ. 26,14-16; ლკ. 22,3-6)

10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რომ გადაეცა იგი მათთვის.

11. ხოლო მათ, როდესაც გაიგონეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. და ეძებდა, როგორ გადაეცა იგი ხელსაყრელ დროს.

საიდუმლო სერობა (მთ. 26,17-25; ლკ. 22,7-16)

12. და უფუარობის პირველ დღეს, როდესაც პასექს კლავდნენ, უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: სად გინდა, წავიდეთ და მოგიმზადოთ, რომ ჭამო პასექი?

13. და გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ თქვენ კაცი, რომელსაც დოქით წყალი მიაქვს; და გაჰყევით მას.

14. და სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის ჩემი სავანე, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად შევჭამ?

15. და ის თქვენ გიჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, მოფარდაგებულს და გამზადებულს; და იქ მოამზადეთ ჩვენთვის.

16. და გამოვიდნენ მისი მოწაფეები და მივიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც უთხრა მათ, და მოუმზადეს პასექი.

17. და როდესაც მოსაღამოვდა, მივიდა თორმეტთან ერთად.

18. და როცა ინახით ისხდნენ ისინი და ჭამდნენ, უთხრა იესომ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ერთი თქვენგანი გამცემს მე, ვინც ჭამს ჩემთან ერთად.

19. ხოლო მათ დაიწყეს წუხილი და ეუბნებოდა მას თითოეული: ნუთუ მე ვარ? და სხვა: ნუთუ მე ვარ?

20. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩაყოფს ხელს ჩემთან ერთად ჯამში, ის გამცემს მე.

21. ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ, ხოლო ვაი იმ კაცს, ვის მიერაც ძე კაცისა გაიცემა; უმჯობესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო ის კაცი.

პურისა და ღვინის კურთხევა სისხლად და ხორცად - ზიარების საიდუმლოს დადგენა (მთ. 26,26-29; ლკ. 22,17-20)

22. და როდესაც ჭამდნენ ისინი, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი.

23. და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და დალია მისგან ყველამ,

24. და უთხრა მათ: ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.

25. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ აღარ შევსვამ ვენახის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ მას, ახალს, ღვთის სასუფეველში.

- .:. -
საუბარი საიდუმლო სერობაზე (ლკ. 22,21-30; 35-38; ინ. 13,31-17,26)
- ·:· -

26. და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილი მთაზე.

- .:. -
წინასწარი უწყება პეტრეს მიერ იესოს უარყოფის შესახებ (მთ. 26,31-35; ლკ. 22,31-34)
- ·:· -

27. და უთხრა მათ იესომ: ყველანი დაბრკოლდებით ჩემ მომართ ამ ღამეს, რადგან წერია: დავცემ მწყემსს და განიბნევიან სამწყსოს ცხვრები (ზაქ.13,7).

28. მაგრამ ჩემი აღდგომის შემდეგ წაგიძღვებით თქვენ გალილეისკენ.

29. ხოლო პეტრემ უთხრა მას: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს, მაგრამ მე არა.

30. და უთხრა მას იესომ: ამინ გეუბნები შენ, რომ შენ დღეს, ამ ღამეს, მამლის მეორედ ყივილამდე, სამგზის უარმყოფ მე.

31. ხოლო პეტრე უფრო მეტს ეუბნებოდა: თუნდაც მომიწიოს მე სიკვდილი შენთან ერთად, არ უარგყოფ შენ. და ამგვარად ამბობდა ყველა.

იესოს ლოცვა გეთსიმანიაში (მთ. 26,36-46; ლკ. 22,39-46)

32. და მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: დასხედით აქ, ვიდრე ვილოცებ.

33. და თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე და დაიწყო ძრწოლა და ურვა.

34. და უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული სიკვდილამდე; გაჩერდით აქ და იფხიზლეთ.

35. და წავიდა ცოტა წინ და დავარდა მიწაზე და ლოცულობდა, რომ თუ შეიძლებოდა, არიდებოდა მას ეს ჟამი;

36. და ამბობდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი მე. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც - შენ.

37. და მივიდა და ნახა ისინი მძინარე და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთხანს გეფხიზლა?

38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო ხორცი - უძლური.

39. და კვლავ წავიდა და ლოცულობდა და იგივე სიტყვა თქვა.

40. და მობრუნდა და ნახა ისინი კვლავ მძინარე, რადგან მათ თვალები დამძიმებული ჰქონდათ, და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.

41. და მივიდა მესამედ და უთხრა მათ: დაიძინეთ ცოტა კიდევ და დაისვენეთ; მოახლოვდა დასასრული და მოვიდა ჟამი. აჰა, გადაეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.

42. ადექით, წავიდეთ; აჰა, გამცემი ჩემი მოახლოვდა.

იესოს გაცემა და შეპყრობა (მთ. 26,47-56; ლკ. 22,47-53; ინ. 18,3-12)

43. და მაშინვე, ვიდრე იგი ამას ამბობდა, მივიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად მრავალი ხალხი მახვილებითა და კეტებით მღვდელმთავრებისაგან, მწიგნობრებისა და ერის უხუცესებისაგან.

44. და მისცა მათ ნიშანი მისმა გამცემმა და უთხრა: ვისაც ვეამბორები, ის არის; შეიპყარით იგი და წაიყვანეთ დაცვით.

45. და მაშინვე მივიდა და მიუახლოვდა მას და უთხრა: რაბი, რაბი. - და ეამბორა მას;

46. ხოლო მათ დაადეს მას ხელი და შეიპყრეს იგი.

47. ხოლო ერთმა, წინ მდგომმა, იშიშივლა მახვილი და დაარტყა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას ყური.

48. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკზე, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?

49. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში, გასწავლიდით და არ შემიპყარით მე; არამედ აღსრულდეს წერილი.

50. და ვიღაც ერთი ჭაბუკი, რომელსაც შეემოსა ტილო შიშველ სხეულზე, მისდევდა მას; და შეიპყრეს იგი სხვა ჭაბუკებმა;

51. ხოლო მან შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.

იესო სინედრიონის სამსჯავროზე (მთ. 26,57-58; ლკ. 22,54-61; 63-65; ინ. 18,13-15; 19-24)

53. და მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან და შეიკრიბა მასთან ყველა მღვდელმთავარი და უხუცესი და მწიგნობარი.

54. და პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის შიდა ეზომდე და დაჯდა მსახურებთან და თბებოდა ცეცხლთან.

55. ხოლო მღვდელმთავრები და მთელი საკრებულო ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ მოწმობას, რათა მოეკლათ იგი, და ვერ პოულობდნენ;

56. რადგან მრავალი ცრუდ მოწმობდა მის წინააღმდეგ და ერთნაირი მოწმობები არ იყო.

57. და ზოგიერთები დგებოდნენ და ცრუდ მოწმობდნენ მის წინააღმდეგ და ამბობდნენ:

58. ჩვენ გავიგონეთ მაგის ნათქვამი: მე დავანგრევ ამ ხელით ქმნილ ტაძარს და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს, ავაშენებ.

59. და არც მათი მოწმობა იყო ერთნაირი.

60. და დადგა მღვდელმთავარი შუაში, ჰკითხა იესოს და უთხრა: არაფერს მიუგებ იმაზე, რასაც ესენი შენ წინააღმდეგ მოწმობენ?

61. ხოლო იგი დუმდა და არაფერი მიუგო. კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა მას და უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?

62. ხოლო იესომ უთხრა: მე ვარ; და იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ცის ღრუბლებზე (დან. 7,13; ფს. 110,1).

63. ხოლო მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი კვართი და თქვა: რაღად გვჭირდება მოწმეები?

64. გაიგონეთ ყველამ გმობა მაგისგან; თქვენ როგორ გგონიათ? და ყველამ მსჯავრი დასდო მას, რომ ღირსი იყო სიკვდილისა.

65. და დაუწყეს ზოგიერთებმა ფურთხება მას და აფარებდნენ მას სახეზე და მუშტით სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ჩვენ, ქრისტე, ვინ არის, ვინც დაგარტყა შენ? და მსახურები ყვრიმალში სცემდნენ მას.

პეტრეს მიერ იესოს უარყოფა (მთ. 26,69-75; ლკ. 22,55-62; ინ. 18,16-18; 25-27)

66. და როცა იყო პეტრე ქვემოთ, ეზოში, მივიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი

67. და როდესაც ნახა პეტრე, რომელიც თბებოდა, შეხედა მას და უთხრა: შენც იყავი იესო ნაზარეველთან.

68. ხოლო მან უარყო და უთხრა: არ ვიცი, არც მესმის, რასაც შენ ამბობ. და გამოვიდა გარეთ, წინა ეზოში, და მამალმა იყივლა.

69. და კვლავ ნახა მხევალმა იგი და დაუწყო საუბარი იქ მდგომთ; ესეც იმათგანია.

70. ხოლო მან უარყო. და ცოტა ხნის შემდეგ, ვინც გარშემო იდგა, კვლავ ეუბნებოდნენ პეტრეს: ჭეშმარიტად იმათგანი ხარ, რადგან გალილეველი ხარ და შენი ლაპარაკითაც ჰგავხარ.

71. ხოლო მან დაიწყო შეჩვენება და ფიცი: არ ვიცნობ ამ კაცს, რომელზეც ამბობთ. -

72. და მყისვე მამალმა მეორედ იყივლა. და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, რომელიც უთხრა მას იესომ: მამლის მეორედ ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე. - და დაიწყო ტირილი.

 

თავი 15

იესო პილატეს სამსჯავროზე (მთ. 27, 11-14)

1. და მაშინვე, განთიადისას, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან და მწიგნობრებთან ერთად და მთელმა საკრებულომ; და შეკრეს იესო და წაიყვანეს და გადასცეს იგი პილატეს.

2. და ჰკითხა მას პილატემ: შენ ხარ მეუფე ჰურიათა? ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: შენ ამბობ.

3. და ბევრს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები.

4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას და უთხრა: არაფერს მიუგებ? აჰა, რამდენს გაბრალებენ შენ.

5. ხოლო იესომ აღარაფერი მიუგო, ისე რომ, უკვირდა პილატეს.

- .:. -
იუდას აღსასრული (მთ. 27,3-10; საქ. 1,16-20)
იესოს გაგზავნა ჰეროდე მეფესთან (ლკ. 23,6-12)
- ·:· -

6. და ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა  მათთვის ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდნენ.

7. ხოლო იყო ვინმე, რომელსაც ერქვა ბარაბა, მეამბოხეებთან ერთად შეპყრობილი, რომელსაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაედინა.

8. და აყვირდა ხალხი და დაიწყო თხოვნა იმისა, რასაც მუდამ აკეთებდა მათთვის.

9. ხოლო პილატემ მიუგო მათ და უთხრა: გინდათ, გაგითავისუფლოთ თქვენ მეუფე ჰურიათა? -

10. რადგან იცოდა, რომ შურის გამო გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა.

11. ხოლო მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რომ უმჯობესი იყო, ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.

12. ხოლო პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: რა გინდათ, რომ ვუყო, ვისაც უწოდებთ ჰურიათა მეუფეს?

13. ხოლო მათ კვლავ იყვირეს: ჯვარს აცვი იგი!

14. ხოლო პილატე ეუბნებოდა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა? ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ: ჯვარს აცვი იგი.

15. ხოლო პილატეს სურდა ხალხის მომადლიერება და გაუთავისუფლა მათ ბარაბა და იესოს შოლტით სცემა და გადასცა, რათა ჯვარმულიყო.

იესო ქრისტეს დამცირება პრეტორიუმში (მთ. 27,27-31)

16. ხოლო ჯარისკაცებმა წაიყვანეს იგი შიდა ეზოში, რომელიც არის პრეტორიუმი, და მოუხმეს მთელ მხედრობას.

17. და შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს მას დაწნული ეკლის გვირგვინი;

18. და დაუწყეს მისალმება მას: გიხაროდეს, მეუფე ჰურიათა;

19. და ურტყამდნენ მას თავში ლერწამს და აფურთხებდნენ მას და მუხლს იყრიდნენ და თაყვანს სცემდნენ მას.

20. და როდესაც შეურაცხყვეს იგი, გახადეს მას ძოწეული და შემოსეს იგი თავისივე სამოსით და გაიყვანეს იგი, რათა ჯვარსეცვათ.

სვლა გოლგოთისკენ და ჯვარცმა (მთ. 27,32-45; ლკ. 23,26-44; ინ. 19,17-27)

21. და აიძულეს ვინმე გამვლელი, სიმონ კვირინელი, მომავალი მინდვრიდან, მამა ალექსანდრესი და რუფესი, რომ აეღო მისი ჯვარი.

22. და მიიყვანეს იგი გოლგოთაზე, ადგილზე, რომელიც ითარგმნება: თხემის ადგილი.

23. და აძლევდნენ მას შემურვილ ღვინოს; ხოლო მან არ მიიღო.

24. და ჯვარს აცვეს იგი და იყოფდნენ მის სამოსს და წილს იყირდნენ იმაზე, ვის რა აეღო (ფს. 21,18).

25. ხოლო იყო ჟამი მესამე და ჯვარს აცვეს იგი.

26. და იყო წარწერა მისი ბრალდებისა, დაწერილი: მეუფე ჰურიათა.

27. და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და ერთი - მარცხნივ.

28. და აღსრულდა დაწერილი, რომელიც ამბობს: უსჯულოებთან შეირაცხა.

29. და გამვლელები გმობდნენ მას, აქნევდნენ თავებს და ამბობდნენ: ეჰა, რომელიც ანგრევ ტაძარს და სამ დღეში აშენებ.

30. იხსენი შენი თავი და გადმოდი ჯვრიდან.

31. ასევე, მღვდელმთავრებიც დასცინოდნენ ერთმანეთში, მწიგნობრებთან ერთად და ამობდნენ: სხვები იხსნა, ხოლო თავისი თავის ხსნა არ ძალუძს.

32. ქრისტე, მეუფე ისრაელისა, გადმოვიდეს ახლა ჯვრიდამ, რომ ვნახოთ და ვირწმუნოთ იგი. და მასთან ერთად ჯვარცმულნიც კიცხავდნენ მას.

33. და როცა იყო ჟამი მეექვსე, დაბნელდა მთელ ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.

იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე და სიკვდილი (მთ. 27,46-54; ლკ. 24,45-49; ინ. 19,28-37)

34. და მეცხრე ჟამზე, შეღაღადა იესომ დიდი ხმით და თქვა: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც ითარგმნება: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად დამტოვე მე? (ფს. 21,1)

35. და ზოგიერთმა წინ მდგომმა გაიგონა და ამბობდა: აჰა, ელიას უხმობს.

36. ხოლო გაიქცა ვიღაცა და აავსო ღრუბელი ძმრით, დააგო ლერწამზე, ასმევდა მას და ამბობდა: აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია, რომ გადმოხსნას იგი.

37. ხოლო იესომ შეღაღადა დიდი ხმით და განუტევა სული.

38. და კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ.

39. როდესაც იხილა ასისთავმა, რომელიც იდგა მის პირდაპირ, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე ღვთისა იყო.

40. ხოლო იყვნენ დედაკაცებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ და რომლებთანაც იყო მარიამ მაგდალელი და მარიამ იკობ მცირისა და იოსეს დედა და სალომე.

41. რომლებიც, როდესაც იყო გალილეაში, გაჰყვნენ მას და ემსახურებოდნენ მას, და სხვაც მრავალი, ვინც მასთან ერთად ავიდა იერუსალიმში.

იესოს დაკრძალვა (მთ. 27,57-61; ლკ. 23,50-56; ინ. 19,38-42)

42. როდესაც მოსაღამოვდა - რადგან პარასკევი იყო, რომელიც არის შაბათზე წინ -

43. მოვიდა იოსები არიმათიიდან, ჩინებული მრჩეველი, რომელიც ასევე მოელოდა ღვთის სასუფეველს, და გაბედა შესვლა პილატესთან და გამოითხოვა სხეული იესოსი.

44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მომკვდარიყო და მოუხმო ასისთავს და ჰკითხა მას: დიდი ხანია, რაც მოკვდა?

45. და როცა გაიგო ასისთავისგან, უბოძა სხეული იოსებს.

46. და იყიდა სუდარა და გადმოხსნა იგი, შემოახვია სუდარა და დადო იგი საფლავში, რომელიც გამოკვეთილი იყო კლდეში, და მიაგორა ლოდი საფლავის კართან.

47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი უყურებდნენ, სად დადეს.

 

თავი 16

მენელსაცხებლე დედები იესოს საფლავთან (მთ. 28,1-8; ლკ. 24,1-9; ინ. 20,1-2)

1. და როდესაც გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა და მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.

2. და ადრე განთიადისას, ერთშაბათს, მივიდნენ საფლავზე მზის ამოსვლისას

3. და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ გადაგვიგორებს ჩვენ ლოდს საფლავის კარიდან?

4. და შეხედეს და დაინახეს, რომ გადაგორებული იყო ლოდი, რომელიც იყო ძალიან დიდი.

ხარება ანგელოზის მიერ იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ (მთ. 28,2-7; ლკ. 24,1-10; ინ. 20,1)

5. და როცა შევიდნენ საფლავში, იხილეს ჭაბუკი, მჯდომარე მარჯვნივ, შემოსილი თეთრი სამოსლით, და გაოცდნენ.

6. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ გაოცდებით; იესოს ეძებთ, ნაზარეველს, ჯვარცმულს? აღდგა, არ არის აქ; აჰა, ადგილი, სადაც დადეს იგი.

7. არამედ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ წინ გიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას, როგორც გითხრათ თქვენ.

8. და გამოვიდენენ და გაიქცნენ საფლავიდან, რადგან იყვნენ აკანკალებულნი და გაოგნებულნი და არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.

იესოს პირველი გამოცხადება აღდგომის შემდეგ (მთ. 29,9-10)

9. ხოლო როცა აღდგა განთიადისას, პირველ შაბათს, გამოეცხადა პირველად მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც განდევნილი ჰყავდა შვიდი ეშმაკი.

10. და იგი წავიდა და აუწყა მათ, ვინც მასთან იყო, რომლებიც გლოვობდნენ და ტიროდნენ;

11. და მათ, როცა გაიგეს, რომ ცოცხალია და ეჩვენა მათ, არ ირწმუნეს.

- .:. -
მცველების მიერ უწყება იესოს აღდგომის შესახებ და მათი მოსყიდვა (მთ. 28,11-15)
მარიამ მაგდალელის დაბრუნება საფლავთან პეტრესთან და იოანესთან ერთად (ლკ. 24,12; ინ. 20,3-10)
იესოს გამოცხადება მარიამ მაგდალელთან (ინ. 20,11-18)
- ·:· -

იესოს გამოცხადება ემაუსის გზაზე (ლკ. 24,13-35)

12. ხოლო ამის შემდეგ ორ მათგანს, მიმავალს, გამოეცხადა სხვა სახით, როდესაც მიდოდნენ სოფელში;

13. და ისინი მივიდნენ და აუწყეს დანარჩენებს, და არც მათი ირწმუნეს.

იესოს გამოცხადება მოწაფეებთან (ლკ. 24,36-49; ინ. 20,19-23)

14. ბოლოს ინახით მჯდომ იმ თერთმეტს გამოეცხადა და გაკიცხა მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან, ვინც იხილა იგი აღმდგარი, მათი არ იწმუნეს.

- .:. -
იესოს გამოცხადება თომა მოციქულთან და სხვა მოწაფეებთან (ინ. 21,24-29)
იესოს გამოცხადება გალილეის ტბაზე (ინ. 21,1-13)
იესოს მიერ პეტრეს მოწოდება მომავალი სამღვდელმთავრო მსახურებისთვის (ინ. 21,15-22)
- ·:· -

იესო ქრისტეს ბოლო დარიგება ზეთისხილის მთაზე (მთ. 16-20)

15. და უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყანაზე და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.

16. ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება.

17. ხოლო ვინც ირწმუნა, მათ თან სდევთ სასწაულები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალ ენებზე ამეტყველდებიან,

18. გველებს აიყვანენ და, თუ სასიკვდილო რამეს დალევენ, არ ავნებს მათ; სნეულებს ხელს დაადებენ და კარგად გახდებიან.

იესო ქრისტეს ამაღლება (ლკ. 24,50-53)

19. ხოლო უფალი, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღვთისა.

20. ხოლო ისინი გამოვიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით და სიტყვას ამტკიცებდნენ სასწაულებით, რომლებიც თან სდევდა მას. ამინ.