წიგნი მარკოზისა

თავი 5

გერგესეველი ეშმაკეულის განკურნება
(მთ. 8,28-34; ლკ. 8,26-39)

1. და გავიდა ზღვის გაღმა, გერგესეველთა მხარეში.

2. და როდესაც გადმოვიდა იგი ნავიდან, მაშინვე მიეგება მას საფლავებიდან კაცი, ვისთანაც იყო არაწმიდა სული,

3. რომელსაც სამყოფელი ჰქონდა საფლავებში, და ჯაჭვებითაც არავის შეეძლო მისი შეკვრა.

4. რადგან იგი მრავალგზის იყო ბორკილებითა და ჯაჭვებით შეკრული; და იგლეჯდა ჯაჭვებს და ბორკილებს ამსხვრევდა და არავის შეეძლო მისი მოთოკვა;

5. და ყოველთვის, ღამე და დღე, საფლავებსა და მთებში იყო და ყვიროდა და იცემდა ქვებს.

6. და როდესაც დაინახა იესო შორიდან, გამოიქცა და თაყვანი სცა მას

7. და შეღაღადა დიდი ხმით და უთხრა: რა გინდა ჩემგან შენ, იესო, ძეო ღვთისა მაღლისაო? გაფიცებ შენ ღმერთს, ნუ მტანჯავ მე.

8. რადგან ეუბნებოდა მას: გადი, სულო არაწმინდაო, მაგ კაცისგან.

9. და ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? და მიუგო და უთხრა: ლეგეონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.

10. და ევედრებოდა მას ძლიერ, რათა არ განედევნა ისინი იმ მხარიდან.

11. და იყო იქ, მთასთან, ღორების დიდი კოლტი, მძოვარი.

12. და ევედრებოდა მას ყველა ეშმაკი და ეუბნებოდა: გაგვიშვი ჩვენ ღორებთან, რომ მათში შევიდეთ.

13. და უბრძანა მათ და გავიდნენ არაწმინდა სულები და შევიდნენ ღორებში; და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში - და იყო დაახლოებით ორი ათასამდე - და შთაინთქა ზღვაში.

14. ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს; და გამოვიდნენ, რათა ენახათ, რა მოხდა.

15. და მივიდნენ იესოსთან და ნახეს ეშმაკეული, რომელთანაც იყო ლეგეონი, მჯდომარე, შემოსილი და გონსმოსული, და შეეშინდათ.

16. და უამბობდნენ მათ, ვინც ნახა, რა შეემთხვათ ეშმაკეულს და ღორებს.

17. და დაუწყეს ვედრება მას, რომ წასულიყო მათი საზღვრებიდან.

18. და როცა ავიდა იგი ნავში, ევედრებოდა მას, ვინც ადრე ეშმაკეული იყო, რომ მასთან ყოფილიყო.

19. და ნება არ დართო, არამედ უთხრა მას: წადი შენს სახლში, შენიანებთან და შეატყობინე მათ, რაც უფალმა შენ გაგიკეთა და შეგიწყალა შენ.

20. და წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში იმისა, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.

იაიროსის გარდაცვლილი ასულის აღდგენა და
სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება (მთ. 9,18-26; ლკ. 8,40-56)

21. და გავიდა იესო ნავით კვლავ გაღმა და შეიკრიბა მრავალი ხალხი მასთან, და იყო ზღვის პირას.

22. და აჰა, მოვიდა ერთი შესაკრებელის მთავართაგანი, სახელად იაიროსი, და დაინახა იგი და ჩაუვარდა მას ფეხებში

23. და ევედრებოდა მას ძლიერ და ეუბნებოდა: ჩემი ასული აღესრულება, გთხოვ, მოდი და ხელი დაადე მას, რათა გადარჩეს და იცოცხლოს.

24. და წავიდა იესო მასთან. და მიჰყვებოდა მას მრავალი ხალხი და ავიწროებდნენ მას.

25. და ვიღაც დედაკაცს ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი,

26. და ბევრი იტანჯა მრავალი მკურნალისაგან და დახარჯა, რაც ჰქონდა, ყველაფერი და არაფერმა არგო, არამედ უფრო უარესად გახდა.

27. და როდესაც გაიგონა იესოს  შესახებ, მივიდა მასთან ხალხში, უკნიდან და შეეხო მის სამოსს,

28. რადგან ამბობდა თავის გულში: მის სამოსსაც რომ შევეხო, გადავრჩები.

29. და როდესაც შეეხო, მყისვე გაუშრა მას სისხლის წყარო და იგრძნო სხეულით, რომ განიკურნა სატკივარისაგან.

30. ხოლო იესომ მყისვე გულისხმაყო თვითონ თავისგან გასული ძალა, მიბრუნდა ხალხში და თქვა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?

31. და ეუბნებოდნენ მას მისი მოწაფეები: ხედავ ხალხს, რომელიც გავიწროებს შენ, და ამბობ: ვინ შემეხო მე?

32. და მიმოიხედა გარშემო, რომ დაენახა, ვინ გააკეთა ეს.

33. ხოლო დედაკაცი შეშინდა და აკანკალდა; იცოდა, რაც მოხდა, მივიდა და დავარდა მის წინაშე და უთხრა მთელი სიმართლე.

34. ხოლო მან უთხრა მას: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა შენ; წადი მშვიდობით და იყავი განკურნებული შენი სატკივარისაგან.

35. და როდესაც იგი ჯერ კიდევ ამას ამბობდა, მოვიდნენ შესაკრებლის მთავრისგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა, რაღას აწუხებ მოძღვარს?

36. ხოლო იესომ, როცა გაიგონა ეს სიტყვა, უთხრა შესაკრებლის მთავარს: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს.

37. და არავის დართო ნება, რომ მას გაჰყოლოდა, გარდა პეტრესი და იაკობისა და იოანესი, იაკობის ძმისა.

38. და მივიდა შესაკრებლის მთავრის სახლში და იხილა შფოთი, და ტიროდნენ და ყვიროდნენ ძლიერ.

39. და შევიდა და უთხრა მათ: რად შფოთავთ და ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, არმაედ სძინავს.

40. და დასცინოდნენ მას. ხოლო მან გამოყარა ყველა და შეიყვანა მამა ბავშვისა და დედა და თავისთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.

41. და მოჰკიდა ხელი ბავშვს და უთხრა: ტალითა, კუმი! - რაც ითარგმნება, შენ გეუბნები, ადექი!

42. და მყისვე ადგა გოგონა და გაიარა, რადგან იყო თორმეტი წლისა. და გაოგნდნენ დიდი გაოგნებით.

43. და უბრძანა მათ მრავალგზის, რათა არავის გაეგო ეს; და უთხრა, რომ მიეცათ მისთვის საჭმელი.

 

თავი 6

იესო ნაზარეთის შესაკრებელში
(მთ. 13,54-58; ლკ. 4,16-30)

1. და გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის მამულში და მიჰყვებოდნენ მას თავისი მოწაფეები.

2. და იყო შაბათი და დაიწყო სწავლება შესაკრებელში; და მრავალი, ვისაც ესმოდა, განცვიფრებული ამბობდა: საიდან აქვს ამას ეს? და რა სიბძნეა მოცემული მისთვის და ასეთი ძალები, რომლებიც მისი ხელით იქმნება?

3. განა ეს არ არის ხურო, ძე მარიამისა და ძმა იაკობისა და იოსესი და იუდასი და სიმონისა? და მისი დები ყველანი აქ, ჩვენთან, არ არიან? - და ბრკოლდებოდნენ მის მიმართ.

4. და ეუბნებოდა მათ იესო: არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და თავისი ნათესავებისა და თავისი ხალხისა.

5. და ვერ შეძლო იქ აღსრულება ვერც ერთი სასწაულისა, მხოლოდ მცირერიცხოვან სნეულებს დაადო ხელი და განკურნა;

6. და უკვირდა ურწმუნოება მათ. და დადიოდა გარშემო დაბებში და ასწავლიდა.

თორმეტი მოწაფის გაგზავნა საქადაგებლად
(მთ. 10,1-42; ლკ. 9,1-6)

7. და მოუწოდა თორმეტს და დაიწყო მათი გაგზავნა ორ-ორად და აძლევდა მათ ძალაუფლებას არაწმიდა სულებზე;

8. და ამცნებდა მათ, რომ არაფერი წაეღოთ გზაში, არამედ მხოლოდ კვერთხი; არც პური, არც აბგა, არც სარტყელში რვალი,

9. არამედ ჩაეცვათ სანდლები და არ შეემოსათ ორი კვართი.

10. და ეუბნებოდა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქ გაჩერდით, ვიდრე არ გამოხვალთ იქიდან.

11. და ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენსას, როცა გამოხვალთ იქიდან, დაიბერტყეთ მტვერი, რომელიც თქვენს ფეხქვეშ არის, მათზე დასამოწმებლად. ამინ გეუბნებით თქვენ: მეტი შვება ექნება სოდომსა და გომორს განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

12. და გამოვიდნენ და უქადაგებდნენ, რათა შეენანათ;

13. და მრავალი ეშმაკი განდევნეს და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ.

ჰეროდე მეფის წარმოდგენა იესო ქრისტეზე (მთ. 14,1-2; ლკ. 9,7-9)

14. და გაიგო ჰეროდე მეფემ - რადგან გაცხადდა მისი სახელი - და ამბობდა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამის გამო მოქმედებენ ძალები მის მიერ.

15. სხვები ამბობდნენ: ელია არის, სხვები კი ამბობდნენ: წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

16. ხოლო როდესაც გაიგო ჰეროდემ, თქვა: ვისაც მე თავი მოვკვეთე, იოანეს, იგი აღდგა მკვდრეთით.

ჰეროდე მეფის მიერ იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთა (მთ. 14,3-12)

17. რადგან ამ ჰეროდემ გაგზავნა და შეიპყრო იოანე და ჩაკეტა იგი საპყრობილეში ჰეროდიას - თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის - გამო, რადგან იგი შეირთო ცოლად.

18. რადგან ეუბნებოდა იოანე ჰეროდეს: არ არის მართებული შენთვის, რომ ცოლად გყავდეს შენი ძმის ცოლი.

19. ხოლო ჰეროდია გულმოსული იყო მასზე და უნდოდა მისი მოკვლა და ვერ შეძლო;

20. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა, რომ იგი მართალი და წმინდა კაცი იყო, და იცავდა მას და ისმენდა რა მისას, ბევრს უკეთებდა და სიამოვნებით უსმენდა მას.

21. და იყო ხელსაყრელი დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ნადიმი გაუმართა თავის დიდებულებსა და ათასისთავებს და გალილეის წარჩინებულებს.

22. და შევიდა ასული ჰეროდიასი და როკავდა; და მოეწონა ჰეროდეს და მის თანამეინახეებს და უთხრა მეფემ ქალიშვილს: მთხოვე მე, რაც გინდა, და მოგცემ შემ.

23. და შეჰფიცა მას: რასაც ითხოვ ჩემგან, მოგცემ შენ, ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი.

24. ხოლო იგი გავიდა და უთხრა თავის დედას: რა ვთხოვო? ხოლო მან უთხრა: თავი იოანე ნათლისმცემლისა.

25. და შევიდა მაშინვე სწრაფად მეფესთან და სთხოვა და უთხრა: მსურს, რომ ახლავე მომცე მე ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.

26. და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო არ ინება, უარის თქმა მისთვის.

27. და მაშინვე გაგზავნა მეფემ მცველი და უბრძანა მისი თავის მოტანა.

28. და წავიდა და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში და მოიტანა მისი თავი ლანგრით და მისცა იგი ქალიშვილს და ქალიშვილმა მისცა იგი თავის დედას.

29. და გაიგეს მისმა მოწაფეებმა და მივიდნენ და აიღეს მისი ცხედარი და დადეს იგი საფლავში.

თორმეტი მოწაფის დაბრუნება (ლკ. 9,10-11)

30. და შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და აუწყეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.

31. და უთხრა მათ: მოდით თქვენ თვითონ, მარტო, უდაბურ ადგილას და დაისვენეთ ცოტა; რადგან იყო მრავალი მომსვლელი და წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.

32. და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტო.

33. და დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და იცნო ბევრმა და ყველა ქალაქიდან ფეხით მირბოდნენ იქ და მივიდნენ მათთან.

ხუთი ათასი კაცის დაპურება
(მთ. 14,14-21; ლკ. 9,12-17; ინ. 6,1-14)

34. და გამოვიდა იესო და იხილა მრავალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგან იყვნენ, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და დაიწყო და ბევრს ასწავლიდა მათ (რიცხვ. 27,17).

35. და დიდი დრო გავიდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და ეუბნებოდნენ: უდაბურია ეს ადგილი და უკვე დიდი დროა გასული;

36. გაუშვი ესენი, რომ წავიდნენ გარშემო სოფლებში და დაბებში და იყიდონ თავისთვის საჭმელი, რადგან არაფერი აქვთ, რომ ჭამონ;

37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: მიეცით მათ თქვენ საჭმელი. და უთხრეს მას: წავიდეთ და ვიყიდოთ ორასი დინარის პური და მივცეთ მათ, რომ ჭამონ?

38. ხოლო მან უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? მიდით და ნახეთ. - და ნახეს და უთხრეს: ხუთი პური და ორი თევზი.

39. და უბრძანა მათ, დაესხათ ყველა ჯგუფ-ჯგუფად მწვანე ბალახზე.

40. და დასხდა რიგ-რიგად ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.

41. და აიღო ხუთი პური და ორი თევზი და აიხედა ცისკენ და აკურთხა და გატეხა პურები და აძლევდა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ მათთვის, და ორი თევზიც გაუყო ყველას.

42. და ჭამა ყველამ და გაძღა.

43. და აიღეს ნატეხები თორმეტი გოდორი, სავსე, და თევზიც.

44. და იყო, ვინც ჭამა, ხუთი ათასამდე კაცი.

45. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავზე და ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე იგი გაუშვებდა ხალხს.

46. და გაშორდა მათ და ავიდა მთაზე სალოცავად.

იესოს სვლა ზღვაზე (მთ. 14,23-34; ინ. 6,16-21)

47. და როდესაც მოსაღამოვდა, იყო ნავი შუა ზღვაში და თვითონ მარტო იყო მიწაზე.

48. და იხილა ისინი, რომ უჭირდათ ცურვისას, რადგან იყო ქარი მათ საპირისპიროდ. და ღამის მეოთხე სახმილავზე მოვიდა მათთან ზღვაზე სვლით და უნდოდა გვერდის ავლა მათთვის.

49. ხოლო მათ, როცა იხილეს იგი, ზღვაზე მავალი, ეგონათ, რომ მოჩვენებაა, და შეყვირეს,

50. რადგან ყველამ იხილა იგი და შეძრწუნდა; და მაშინვე დაელაპარაკა მათ და უთხრა მათ: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.

51. და ავიდა მათთან ნავში და დაცხრა ქარი; და უფრო მეტად გაოგნდნენ და უკვირდათ თავის გულში,

52. რადგან ვერ მიხვდნენ პურებით, იმიტომ რომ მათი გული გაქვავებული იყო.

53. და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.

54. და როდესაც გამოვიდნენ ისინი ნავიდან, მაშინვე იცნეს იგი.

55. და შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით ავადმყოფების მოყვანა, სადაც იგებდნენ, რომ იქ არის.

56. და როდესაც შედიოდა დაბებში ან ქალაქებში, ან სოფლებში, მოედნებზე აწვედნენ უძლურებს და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და რამდენიც შეეხო მას, გადარჩა.

 

თავი 7

სიტყვა კაცთა სწავლების და ღვთის მცნების ურთიერთმიმართების შესახებ ფარისეველთა სამხილებლად (მთ. 15,1-20)

1. და შეიკრიბნენ ფარისევლები და ზოგიერთი მწიგნობარი, მოსულები იერუსალიმიდან;

2. და დაინახეს ზოგიერთი მისი მოწაფე არაწმინდა ხელებით, ესე იგი, დაუბანელით, ჭამდა პურს, და კიცხავდნენ,

3. რადგან ფარისევლები და ყველა იუდეველი, თუ გულმოდგინედ არ დაიბანენ ხელებს, არ ჭამენ, იცავენ რა ხუცესთა გადმოცემას.

4. და სავაჭროდან როცა მოდიან, თუ არ დაიბანენ, არ ჭამენ; და სხვაც მრავალია, რაც მიიღეს დასაცავად: გარეცხვა სასმისებისა და ქილებისა და ქვაბებისა და ტახტებისა.

5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ მისდევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, არამედ დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს?

6. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: კარგად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებზე, როგორც წერია: ეს ერი ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან;

7. ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებებსა და მცნებებს (ეს. 29,13).

8. რადგან დაგიტოვებიათ მცნება ღვთისა და იცავთ კაცთა გადმოცემას - რეცხავთ ქილებსა და სასმისებს და სხვა მრავალ ამის მსგავსს აკეთებთ.

9. და ეუბნებოდა მათ: უარს კარგად ამბობთ ღვთის მცნებებზე, რომ თქვენი გადმოცემა დაიცვათ;

10. რადგან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და: ვინც იტყვის ბოროტს მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს (გამ. 20,12; 21,1).

11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ ეტყვის კაცი მამას ან დედას: კორბანი, რაც არის ძღვენი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -

12. და უშვებთ, რომ მან არაფერი გაუკეთოს მამას ან დედას, -

13. აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც ასწავლით; და ამის მსგავს მრავალს აკეთებთ.

14. და მოუხმო მთელ ხალხს და ეუბნებოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყველამ და გაიგეთ.

15. არაფერია კაცის გარეთ, შემავალი მასში, რასაც შეუძლია მისი შეგინება, არამედ, რაც გამოდის მისგან, ის არის, რაც შეაგინებს კაცს.

16. თუ ვინმეს აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.

17. და როდესაც შევიდა სახლში ხალხთან, ეკითხებოდნენ მას მისი მოწაფეები იგავზე.

18. და უთხრა მათ: თქვენც ასევე უგულისხმონი ხართ? არ იცით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შეგინება?

19. რადგან არ შედის იგი გულში, არამედ მუცელში და გასავალში გადის და გაწმენდს მთელ საჭმელს;

20. და ამბობდა: რაც კაცისგან გამოდის, ის შეგინებს კაცს,

21. რადგან კაცთა გულის შიგნიდან ბოროტი გულისზრახვები გამოდის: მრუშობა, სიძვა, მკვლელობა,

22. პარვა, ანგარება, უკეთურება, მზაკვრობა, გარყვნილება, ავთვალობა, გმობა, ამპარტავნება, უგუნურება;

23. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და შეაგინებს კაცს.

ასურელი ფინიკიელი (ქანანელი) დედაკაცის ასულის განკურნება (მთ. 15,21-28)

24. და იქიდან ადგა და წავიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებთან და შევიდა სახლში და არ უნდოდა, რომ გაეგო ვინმეს, და ვერ შეძლო დამალვა;

25. რადგან მაშინვე გაიგო მის შესახებ ვიღაც დედაკაცმა, რომლის ასულიც არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი, მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა მას;

26. ხოლო დედაკაცი იყო წარმართი, წარმოშობით ასურელი ფინიკიელი; და სთხოვდა მას, რათა განედევნა ეშმაკი მისი ასულისგან.

27. და იესომ უთხრა მას: აცალე, ჯერ გაძღნენ შვილები, რადგან არ არის კარგი პურის აღება შვილებისგან და ძაღლებისთვის დაგდება.

28. ხოლო მაინ მიუგო და უთხრა მას: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნამცეცებს.

29. და უთხრა მას: მაგ სიტყვის გამო წადი, გავიდა ეშმაკი შენი ასულისგან.

30. და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი იწვა სარეცელზე და ეშმაკი გასულიყო.

ყრუ და ენაბრგვილი კაცის განკურნება (მთ. 15,29-31)

31. და კვლავ გამოვიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებიდან და მივიდა გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის.

32. და მოუყვანეს მას ყრუ და ენაბრგვნილი და ევედრებოდნენ მას, რომ დაედო მისთვის ხელი.

33. და გაიყვანა იგი ხალხიდან განმარტოებით და დაადო თავისი თითები მას ყურებზე და დაანერწყვა და შეახო მის ენას,

34. და ახედა ცას, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! - რაც არის: გაიხსენი!

35. და მაშინვე გაეხსნა მას სასმენელი და აეხსნა მას ბორკილი ენისა და ამეტყველდა გამართულად.

36. და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ, და რაც უფრო მეტს უბრძანებდა მათ, მით უფრო მეტს ქადაგებდნენ;

37. და კიდევ უფრო განცვიფრებულები ამბობდნენ: ყველაფერს კარგს აკეთებს: ყრუებს ანიჭებს სმენას და მუნჯებს - მეტყველებას.

 

თავი 8

ოთხი ათასი კაცის დაპურება (მთ. 15,32-39)

1. იმ დღეებში კვლავ ბევრი ხალხი იყო და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ; მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ:

2. მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, მელოდებიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ;

3. და თუ გავუშვებ მათ უჭმელებს თავის სახლში, დაუძლურდებიან გზაში, რადგან ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული.

4. და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან შეგვიძლია ამდენი ხალხის გაძღომა პურით აქ, უდაბნოში?

5. და ჰკითხა მათ: რამდენი გაქვთ პური? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.

6. და უბრძანა ხალხს დასხდომა მიწაზე; და აიღო შვიდი პური, მადლობდა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ; და დაურიგეს ხალხს.

7. და ჰქონდათ ცოტა თევზი; ისიც აკურთხა და უთხრა, დაერიგებინათ ისიც.

8. და ჭამეს და განძღნენ და აიღეს დარჩენილი ნატეხები შვიდი კალათი.

9. ხოლო იყო, ვინც ჭამა, ოთხი ათასამდე; და გაუშვა ისინი.

ფარისეველთაგან სასწაულის მოთხოვნა (მთ. 16,1-4)

10. და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდა დალმანუთის მხარეში.

11. და გამოვიდნენ ფარისევლები და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან სასწაულს ზეციდან და ცდიდნენ მას.

12. და ამოიოხრა თავისი სულით და თქვა: რისთვის ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ამინ გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა ამ მოდგმას სასწაული.

ფარისეველთა და ჰეროდიანთა საფუარის შესახებ (მთ. 16,5-12)

13. და დატოვა ისინი და კვლავ ავიდა ნავზე და გავიდა გაღმა.

14. და დაავიწყდათ პურის წაღება და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ თან ნავში.

15. და უბრძანა მათ და უთხრა: უფრთხილდით და ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.

16. ხოლო ისინი ბჭობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: პური არა გვაქვს.

17. და გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ბჭობთ თქვენს გულში, მცირედმორწმუნენო, რომ პური არა გაქვთ? კიდევ არ იცით, ვერც ხვდებით? გაქვავებული გაქვთ თქვენ გულები?

18. თვალები გაქვთ და არ ხედავთ და ყურები გაქვთ და არ გესმით? და არ გახსოვთ (იერ. 5,21; ეზ. 12,2),

19. როდესაც ხუთი პური გავტეხე ხუთ ათასისთვის და რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს მას: თორმეტი;

20. ხოლო როდესაც შვიდი - ოთხი ათასისთვის, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.

21. და ეუბნებოდა მათ: როგორ ვერ ხვდებით?

ბრმის განკურნება ბეთსაიდაში

22. და მივიდა ბეთსაიდაში. და მიუყვანეს მას ბრმა და ევედრებოდნენ მას, რათა შეხებოდა მას.

23. და მოჰკიდა ხელი ბრმას და გაიყვანა იგი დაბის გარეთ და დაანერწყვა მის თვალებს, დაადო ხელები მას და ჰკითხა მას: თუ ხედავ რამეს?

24. და აიხედა და თქვა: ვხედავ ადამიანებს, როგორც მიმომავალ ხეებს.

25. შემდეგ კვლავ დაადო ხელები მის თვალებს და აუხილა; და აღუდგა მას და ხედავდა ნათლად ყველაფერს.

26. და გაგზავნა იგი მის სახლში და უთხრა: წადი შენს სახლში და ნურავის ეტყვი დაბაში.

იესოს აღიარება ქრისტედ (მთ. 16,13-20; ლკ. 9,18-21)

27. და გამოვიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის დაბებში; და გზაში ეკითხებოდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: რას ამბობენ ჩემზე ადამიანები: ვინ ვარ?

28. ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელი და სხვები ამბობენ: ელია, ხოლო სხვები - ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

29. და მან უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე: ვინ ვარ? და მიუგო მას პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე.

30. და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ.

განგება ღვთისა და განზრახვა კაცისა (მთ. 16,21-28)

31. და დაიწყო სწავლება მათი, რომ მართებს ძეს კაცისას მრავალი ვნება და შეურაცხყოფა უხუცესებისაგან, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან და მოიკვლება და სამი დღის შემდეგ აღდგება;

32. და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა იგი პეტრემ და დაუწყო მას შეპასუხება.

33. ხოლო იგი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას.

34. და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: თუ ვინმეს უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

35. რადგან, ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის და სახარებისთვის, გადაარჩენს მას.

36. რადგან რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და ავნებს თავის სულს?

37. რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

38. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძეს კაცისასაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად.