1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისევლები და მწიგნობრები და უთხრეს:
2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას? რადგან არ იბანენ ხელებს, როცა პურს ჭამენ.
3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი გადმოცემით?
4. რადგან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას; და ვინც ბოროტს იტყვის მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს. (გამ. 20,12; 21,16.)
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ვინც ეტყვის მამას ან დედას, ძღვენია, (ძღვენი - იგულისხმება შესაწირავი, რომელსაც ებრაელები ტაძარს სწირავდნენ და ამით თავიდან იცილებდნენ მშობლებზე მზრუნველობას) რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა,
6. და პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას, - ამით აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით.
7. თვალთმაქცნო, კარგად იწინასწარმეტყველა თქვენზე ესაიამ, რომელიც ამბობდა:
8. მიახლოვდება მე ეს ერი თავისი პირით და ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან.
9. ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებას და მცნებას. (ეს. 29,13.)
10. და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ:
11. პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებს კაცს.
12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები, როცა ისმენდნენ ამ სიტყვას, დაბრკოლდნენ?
13. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დანერგა ჩემმა ზეციერმა მამამ, აღმოიფხვრება.
14. აცალეთ მათ; ბრმები არიან ბრმათა წინამძღვრები; ხოლო თუ ბრმა ბრმას წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.
15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ჩვენ ეს იგავი.
16. ხოლო იესომ უთხრა: თქვენც ისევ უგულისხმონი ხართ?
17. არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელში ჩადის და გასავალში გადის?
18. ხოლო პირიდან გამომავალი გულიდან გამოდის, და ის შეაგინებს კაცს.
19. რადგან გულიდან გამოდის ბოროტი გულისზრახვა, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, პარვა, ცილისწამება, გმობა.
20. ესენი არიან, რომლებიც შეაგინებენ კაცს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ შეაგინებს კაცს.
21. და გამოვიდა იქიდან იესო, გაშორდა და წავიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეს.
22. და აჰა, ქანანელი დედაკაცი გამოვიდა იმ საზღვრებიდან, ღაღადებდა და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისაო, ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულია.
23. ხოლო მან სიტყვაც არ მიუგო მას; და მივიდნენ მასთან მოწაფეები, სთხოვეს მას და უთხრეს: გაუშვი იგი, რადგან ღაღადებს და მოგვდევს ჩვენ.
24. მან მიუგო და უთხრა: არა ვარ მოვლინებული სხვებისთვის, არამედ - მხოლოდ ისრაელის სახლის წარწყმედილი ცხვრებისთვის.
25. ხოლო იგი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო, შემეწიე მე.
26. მან მიუგო და უთხრა: არ არის კარგი პურის აღება შვილებისგან და ძაღლებისთვის დაგდება.
27. ხოლო მან უთხრა: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც ცვივა მათი ბატონების ტაბლიდან.
28. მაშინ მიუგო იესომ და უთხრა მას: ო, დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, მოგეგოს შენ, როგორც გინდა. და განიკურნა მისი ასული იმ დროიდან.
29. და წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას და ავიდა მთაზე და დაჯდა იქ.
30. და მივიდა მასთან მრავალი ხალხი, რომლებსაც თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, საპყრები და სხვა მრავალი. დასხეს ისინი მის ფეხთით, და განკურნა ისინი,
31. ისე რომ უკვირდა ხალხს, როცა ხედავდნენ, რომ მუნჯები მეტყველებდნენ, კოჭლები დადიოდნენ, საპყრები იკურნებოდნენ, ბრმები ხედავდნენ; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, მელოდება მე და არაფერი აქვთ, რა ჭამონ; და მათი გაშვება უჭმელად არ მინდა, ვაითუ დაუძლურდნენ გზაში.
33. და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან გვაქვს ჩვენ უდაბნოში ამდენი პური, რომ გავაძღოთ ამდენი ხალხი?
34. უთხრა მათ იესომ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი, და ცოტა თევზი.
35. და უბრძანა ხალხს დაჯდომა მიწაზე.
36. და აიღო შვიდი პური და თევზები, მადლობდა, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
37. ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები შვიდი კალათი სავსე.
38. ხოლო ვინც ჭამა, იყო ოთხი ათასი მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.
39. და როცა გაუშვა ხალხი, ავიდა ნავში და მივიდა მაგდალას საზღვრებთან.
1. და მივიდნენ ფარისევლები და სადუკევლები, ცდიდნენ მას და მოითხოვდნენ, ზეციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის.
2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: როცა მოსაღამოვდება, ამბობთ: დარი იქნება, რადგან წითელია ცა;
3. და განთიადისას - დღეს ავდარი იქნება, რადგან წითელია მოქუფრული ცა. თვალთმაქცნო, ცის სახის ცნობა იცით, ხოლო ჟამთა ნიშნების გამოცნობა არ შეგიძლიათ.
4. მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. და დატოვა ისინი და წავიდა.
5. და როცა გავიდნენ მისი მოწაფეები გაღმა, დაავიწყდათ პურის წაღება.
6. იესომ უთხრა მათ: უფრთხილდით და ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს;
7. ისინი კი თავისთვის ფიქრობდნენ და ამბობდნენ: რადგან პური არ წამოვიღეთ;
8. გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ თქვენთვის, მცირედმორწმუნენო, რომ პური არ წამოიღეთ?
9. ვერ ხვდებით, არც გახსოვს ხუთი პური ხუთი ათასისა? და რამდენი გოდორი აიღეთ?
10. არც შვიდი პური ოთხი ათასისა? და რამდენი კალათი აიღეთ?
11. როგორც ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ გითხარით თქვენ: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?
12. მაშინ მიხვდნენ, რომ არ უთხრა მათ, მორიდებოდნენ პურის საფუარს, არამედ - ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13. და როცა მივიდა იესო ფილიპეს კესარიის მხარეში, ეკითხებოდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: რას ამბობენ ჩემზე ადამიანები, ვინ არის ძე კაცისა?
14. ხოლო მათ უთხრეს: ზოგი ამბობს - იოანე ნათლისმცემელი, ხოლო სხვები - ელია, და სხვები - იერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
15. უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე, ვინ ვარ?
16. და მიუგო სიმონ-პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.
17. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა მას: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა (ბარ იონა - არამ. იონას ძე), რადგან ხორცმა და სისხლმა არ გამოგიცხადა შენ, არამედ - ჩემმა ზეცათა მამამ.
18. და მე გეუბნები შენ, რომ: შენ ხარ პეტრე (პეტრე - ფუძით უკავშირდება მომდევნო სიტყვას, კლდეს; აზრობრივად კი კლდეში იგულისხმება პეტრეს აღიარება, ანუ ჭეშმარიტი რწმენა, რომელზედაც არის აშენებული ეკლესია), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას.
19. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის კლიტეებს, და რასაც შეკრავ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში; და რასაც გახსნი ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.
20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთვის ეთქვათ, რომ ის არის ქრისტე.
21. ამიერიდან დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისთვის, რომ ჰმართებს მას იერუსალიმში ასვლა და მრავალი ვნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, და მოკვლა მათგან, და მესამე დღეს აღდგომა.
22. და გაიყვანა იგი პეტრემ, დაუწყო მას შეპასუხება და უთხრა: შეიწყალე შენი თავი, უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის.
23. ხოლო იგი მიუბრუნდა და უთხრა პეტრეს: გამშორდი, სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას.
24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: თუ ვინმეს უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
25. რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის, ის იპოვის მას.
26. ან რა სარგებელი ექნება კაცს, თუ მთელს სოფელს შეიძენს, ხოლო თავის სულს ავნებს? ან რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
27. რადგან უნდა მოვიდეს ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიაგებს თითოეულს მისი საქმისამებრ.
28. ამინ გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი სუფევით.
1. და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, ძმა მისი, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
2. და ფერი იცვალა მათ წინაშე, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე; ხოლო მისი სამოსი გახდა თეთრი, როგორც ნათელი.
3. და აჰა, ეჩვენათ მათ მოსე და ელია, რომლებიც საუბრობდნენ მასთან.
4. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთს - შენთვის, ერთს - მოსესთვის და ერთს - ელიასთვის.
5. და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ხმა იყო ღრუბლიდან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ.
6. და როცა გაიგონეს მოწაფეებმა პირქვე დაემხნენ და შეშინდნენ ძლიერ.
7. და მივიდა იესო და შეეხო მათ და უთხრა: ადექით და ნუ გეშინიათ.
8. და როცა გაახილეს თავისი თვალები, ვერავინ ნახეს იესოს გარდა.
9. და როდესაც ჩამოდიოდნენ მთიდან, უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ნურავის ეტყვით ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
10. და ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ ელიას მართებს პირველად მოსვლა?
11. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს ყოველივეს.
12. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ; და ასევე ძეს კაცისასაც ელის ვნება მათგან.
13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე უთხრა მათ.
14. და როდესაც მივიდნენ ისინი ხალხთან, მოვიდა მასთან ერთი კაცი, მუხლი მოუდრიკა მას და უთხრა:
15. უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, რადგან მთვარეულია და საშინლად იტანჯება; ხშირად ვარდება ცეცხლში და ხშირად - წყალში.
16. და მოვუყვანე იგი შენს მოწაფეებს, და ვერ შეძლეს მისი განკურნება.
17. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო და უკუღმართო, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი აქ.
18. და შერისხა იგი იესომ, და გავიდა მისგან ეშმაკი, და განიკურნა ყრმა იმ დროიდან.
19. მაშინ მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და განმარტოებით უთხრეს: რატომ ვერ შევძელით ჩვენ მისი განდევნა?
20. ხოლო იესომ უთხრა მათ: თქვენი მცირედმორწმუნეობის გამო; რადგან, ამინ გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლისოდენა, და ეტყვით ამ მთას: გადადექი აქედან იქით, გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვეთვის.
21. ხოლო ეს მოდგმა არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით.
22. და როცა იმყოფებოდნენ ისინი გალილეაში, უთხრა მათ იესომ: ელის ძეს კაცისას გადაცემა კაცთა ხელში.
23. და მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. ხოლო ისინი შეწუხდნენ ძლიერ.
24. და როდესაც მივიდნენ ისინი კაპერნაუმში, მოვიდნენ დიდრაქმის (დიდრაქმა - ორდრაქმიანი; დრაქმა - ვერცხლის ბერძნული მონეტა. ტაძრისთვის დადგენილი გადასახადი ყოველ პირმშოზე) ამკრეფნი პეტრესთან და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
25. ხოლო მან თქვა: ჰო. და როცა შევიდა სახლში, დაასწრო მას იესომ და უთხრა: რას ფიქრობ შენ, სიმონ, ამ ქვეყნის მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან გადასახადს, თავისი შვილებისგან თუ უცხოებისგან?
26. უთხრა მას პეტრემ: უცხოებისგან. მიუგო მას იესომ: ამიტომ თავისუფლები არიან შვილები;
27. ხოლო რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, მიდი ზღვასთან, ჩააგდე ანკესი და თევზი, რომელიც პირველად ამოჰყვება, აიღე და გაუღე მას პირი და იპოვი სტატირს (სტატირი - ოთხი დრაქმა), მოიტანა ის და მიეცი მათ შენთვის და ჩემთვის.
1. იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ არის უფრო დიდი ცათა სასუფეველში?
2. და მოუხმო იესომ ყრმას და დააყენა იგი მათ შორის
3. და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
4. რადგან ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, იგი უფრო დიდი იქნება ცათა სასუფეველში;
5. და ვინც შეიწყნარებს ერთ ასეთ ყრმას ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს;
6. ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ დაეკიდოს წისქვილის დოლაბი მას ქედზე და დაინთქას ზღვის უფსკრულში.
7. ვაი ამ სოფელს საცდურთაგან, რადგან გარდაუვალია საცდურთა მოსვლა; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
8. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობესია შენთვის, შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში ხეიბარი ან კოჭლი, ვიდრე ორი ხელი და ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9. და თუ შენი თვალი გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობესია შენთვის, ერთი თვალით შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩავარდე ცეცხლის გეენაში.
10. იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეცათა მამის პირს;
11. რადგან მოვიდა ძე კაცისა საცხონებლად წარწყმედილისა.
12. რას ფიქრობთ თქვენ: რომ ჰყავდეს ერთ კაცს ასი ცხვარი და დაიკარგოს ერთი მათგანი, არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს მთაში, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს?
13. და როცა იპოვის მას, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ უფრო გაიხარებს მის გამო, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტისა, რომლებიც არ დაკარგულან.
14. ასევე, არ არის ნება თქვენი ზეციერი მამისა, რომ წარწყმდეს ერთი ამ მცირეთაგანი.
15. ხოლო თუ შეგცობდებს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის იქნებით მარტო. თუ შეისმინა შენი, შეიძინე შენ ძმა;
16. ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17. ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე.
18. ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში; და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.
19. კვლავ ამინ გეუბნებით თქვენ, რომ თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა მამისგან;
20. რადგან სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის.
21. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენგზის შემცოდოს მე ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?
22. უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ - სამოცდაათჯერ შვიდგზის.
23. ამიტომ ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც ინება ანგარიშის გასწორება თავის მონებთან.
24. და როდესაც დაიწყო მან ანგარიშის გასწორება, წარუდგინეს მას ერთი მოვალე ათი ათასი ტალანტისა (ტალანტი - ებრაული მონეტა, რომელიც უდრიდა 6000 დრაქმას).
25. და რადგან არ ჰქონდა მას, რომ გადაეხადა, უბრძანა მას ბატონმა, გაეყიდა თავისი ცოლი, შვილები და ყველაფერი, რაც ჰქონდა, და გადაეხადა.
26. მაშინ დავარდა მონა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ, ბატონო, და ყველაფერს გადაგიხდი შენ.
27. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა იგი და ვალიც აპატია მას.
28. და როცა გავიდა ის მონა, ნახა ერთი თავისნაირი მონა, რომელსაც ემართა მისი ასი დინარი (დინარი - ძველ ქართულად დრაჰკანი - ოქროს რომაული მონეტა, იწონიდა ოთხ გრამს). შეიპყრო იგი, ახრჩობდა და ეუბნებოდა: გადამიხადე, რაც გმართებს.
29. ფეხებში ჩაუვარდა მას თავისნაირი მონა, ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი შენ;
30. ხოლო მან არ ისურვა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე არ გადაუხდიდა ვალს.
31. და როცა ნახეს მისნაირმა მონებმა, რაც მოხდა, ძლიერ შეწუხდნენ, მივიდნენ და აუწყეს თავის ბატონს ყველაფერი, რაც მოხდა.
32. მაშინ უხმო მას მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ, მთელი ის ვალი გაპატიე შენ, რადგან მევედრებოდი მე;
33. არ გმართებდა, შენც შეგეწყალებინა შენნაირი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?
34. და განურისხდა მისი ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე არ გადაუხდიდა მთელს ვალს.
35. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეცათა მამა, თუ არ მიუტევებთ თითოეული მთელი თქვენი გულით თქვენს ძმას მის შეცოდებებს.
1. და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, წავიდა გალილეიდან და მივიდა ჰურიასტანის საზღვრებთან იორდანის გაღმა.
2. და გაჰყვა მას მრავალი ხალხი, და განკურნა ისინი იქ.
3. და მივიდნენ მასთან ფარისევლები, ცდიდნენ მას და ეუბნებოდნენ: თუ შეიძლება კაცისთვის გაშვება თავისი ცოლისა ნებისმიერი მიზეზით?
4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ ვინც დაჰბადა, დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? (დაბ. 1,27.)
5. და თქვა: ამის გამო დატოვებს კაცი მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს; და იქნებიან ორივენი ერთხორცნი. (დაბ. 2,24.)
6. ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ - ერთხორცნი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.
7. უთხრეს მას: რატომღა ბრძანა მოსემ განტევების წერილის მიცემა და გაშვება?
8. უთხრა მათ იესომ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაგრთოთ თქვენ ნება, გაგეშვათ თქვენი ცოლები, ხოლო დასაბამიდან არ იყო ასე.
9. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც გაშვებულს შეირთავს, ისიც მრუშობს.
10. უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: თუ ასეთია მამაკაცის დანაშაული დედაკაცის მიმართ, უმჯობესია, არ დაქორწინდეს.
11. ხოლო მან უთხრა მათ: ყველა ვერ იტყვის ამ სიტყვას, არამედ - რომელთაც მიცემული აქვთ.
12. რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასე; და არიან საჭურისები, რომლებიც დასაჭურისდნენ კაცთაგან; და არიან საჭურისები, რომლებმაც დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისთვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.
13. მაშინ მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ხელები დაედო მათთვის და ეკურთხებინა, ხოლო მოწაფეები კიცხავდნენ მათ.
14. ხოლო იესომ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ აბრკოლებთ მათ, რომ მივიდნენ ჩემთან, რადგან ასეთების არის სასუფეველი ცათა.
15. და დაადო მათ ხელები და წავიდა იქიდან.
16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?
17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.
18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,
19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია?
21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.
22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი.
23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში;
24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
25. როდესაც გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა, განცვიფრდნენ ძლიერ და ამბობდნენ: ვიღას შეუძლია ცხონება?
26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.
27. მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ; რა იქნება ჩვენთვის?
28. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ რომლებიც გამომყევით მე, მომავალი შობისას, როცა დაჯდება ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს;
29. და ყველა, ვინც დატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემი სახელისათვის, ასწილად მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს.
30. ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.
იგავი ვენახის მუშაკებზე და მათ საზღაურზე
1. რადგან მსგავსია სასუფეველი ცათა კაცისა, სახლის პატრონისა, რომელიც გამოვიდა განთიადისას მუშაკების დასაქირავებლად თავის ვენახში.
2. და შეუთანხმდა მუშაკებს დინარზე დღეში და გაგზავნა ისინი თავის ვენახში.
3. და გავიდა მესამე ჟამნზე (ჟამნი - ერთი საათის ხანგრძლივობის დროის მონაკვეთი. დღე, რომელიც გრძელდებოდა დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე, იყოფოდა 12 ჟამად) და ნახა სხვები, უქმად მდგარნი მოედანზე,
4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მოგცემთ თქვენ; ხოლო ისინი წავიდნენ.
5. შემდეგ გავიდა მეექვსე და მეცხრე ჟამზე და ასევე მოიქცა.
6. ხოლო მეთერთმეტე ჟამზე გავიდა და იპოვა სხვები, უქმად მდგარნი, და უთხრა მათ: რას დგახართ აქ მთელი დღე უქმად?
7. უთხრეს მას: იმიტომ რომ არავინ დაგვიქირავა ჩვენ. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და სამართლიანად მიიღებთ.
8. და როდესაც მოსაღამოვდა, უთხრა ვენახის პატრონმა თავის მოურავს: დაუძახე მუშაკებს და მიეცი მათ საზღაური; დაიწყე უკანასკნელიდან პირველამდე.
9. და მივიდნენ მეთერთმეტე ჟამისანი და მიიღეს თითო დინარი;
10. მივიდნენ პირველებიც და ეგონათ, რომ მეტს მიიღებდნენ, და მიიღეს მათაც თითო დინარი.
11. და როცა მიიღეს, დრტვინავდნენ სახლის პატრონზე
12. და ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა ერთი ჟამი იღვაწეს, და გაგვითანაბრე ისინი ჩვენ, რომლებმაც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე.
13. ხოლო მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მოყვასო, უსამართლოდ არ გექცევი შენ; განა დინარზე არ შემითანხმდი მე?
14. აიღე შენი და წადი. ხოლო მე მინდა, ამ უკანასკნელსაც მივცე, როგორც შენ.
15. განა არ შეიძლება, როგორც მინდა, ისე მოვექცე ჩემსას? თუ თვალი შენი ბოროტია, იმის გამო, რომ მე კეთილი ვარ?
16. ასე იქნებიან უკანასკნელები პირველები და პირველები - უკანასკნელები, რადგან ბევრია მოწოდებული და ცოტა - რჩეული.
17. და როდესაც ადიოდა იესო იერუსალიმში, წაიყვანა თორმეტი მოწაფე განმარტოებით და გზაში უთხრა მათ:
18. აჰა, ავდივართ იერუსალიმში, და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს.
19. და გადასცემენ მას წარმართებს, რათა დასცინონ, გვემონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.
20. მაშინ მივიდა მასთან დედა ზებედეს ძეებისა თავის ძეებთან ერთად, თაყვანი სცა და ითხოვა რაღაცა მისგან.
21. ხოლო მან უთხრა მას: რა გინდა? უთხრა მას: თქვი, რომ დაჯდეს ეს ჩემი ორი ძე ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ შენს სასუფეველში.
22. მიუგო იესომ და უთხრა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა, ან ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს ვიღებ, ნათელიღოთ? უთხრეს მას: შეგვიძლია.
23. და უთხრა მათ იესომ: ჩემს სასიმსს შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელვიღებ, ნათელსიღებთ, ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ - ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
24. და როცა გაიგონა იმ ათმა, განრისხდა ორ ძმაზე.
25. ხოლო იესომ მოუხმო მათ და უთხრა: იცით, რომ წარმართთა მთავრები ხელმწიფობენ მათზე?
26. ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ რომელსაც უნდა თქვენ შორის, დიდი იყოს, იყოს თქვენი მსახური;
27. და რომლასც უნდა თქვენ შორის, იყოს პირველი, იყოს თქვენი მონა;
28. როგორც ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ - ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.
29. და როცა გამოვიდნენ ისინი იერიქოდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.
30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, რომ იესო მოდიოდა, შეჰღაღადეს და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო;
31. ხოლო ხალხი რისხავდა მათ, რათა გაჩუმებულიყვნენ; მაგრამ ისინი უფრო მეტად ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო.
32. და შეჩერდა იესო, მოუხმო მათ და უთხრა: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?
33. უთხრეს მას: უფალო, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალები.
34. და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ თვალები, და გაჰყვნენ მას.
1. და როდესაც მიუახლოვნენ იერუსალიმს და მივიდნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე
2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და კვიცს მასთან ერთად; ახსენით და მომიყვანეთ მე.
3. და თუ ვინმე გეტყვით თქვენ რამეს, უთხარით, რომ მათს უფალს სჭირდება, და მაშინვე გამოგზავნის მათ.
4. ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულდეს ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, მეუფე შენი მოდის შენთან, მშვიდი, და ზის ვირზე და კვიცზე, სახედრის ნაშობზე. (ეს. 72,11; ზაქ. 9,9.)
6. ხოლო მოწაფეები წავიდნენ და გააკეთეს, როგორც უბრძანა მათ იესომ,
7. მიუყვანეს ვირი და კვიცი, და დააგეს მათზე თავისი სამოსი, და დაჯდა მასზე.
8. და დიდძალი ხალხი უფენდა თავის სამოსს გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ რტოებს ხეებიდან და უფენდნენ გზაზე;
9. ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და რომელიც მიჰყვებოდა, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს; კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. ოსანა მაღალთა შინა.
10. და როდესაც შევიდა იგი იერუსალიმში, შეიძრა მთელი ქალაქი და ამბობდა: ვინ არის ეს?
11. ხოლო ხალხი ამბობდა: ეს არის იესო წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.
12. და შევიდა იესო ღვთის ტაძარში, და გამოყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა (მეკერმე - მოვაჭრე, ფულის გადამხურდავებელი) მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომლები დაამხო,
13. და უთხრა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს, ხოლო თქვენ იგი გიქცევიათ ავაზაკთა გამოქვაბულად. (ეს. 56, 7; ირ. 7,11.)
14. და მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში, და განკურნა ისინი.
15. და როცა ნახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასაწაულები, რომლებიც მოახდინა და ბავშვები, რომლებიც ღაღადებდნენ ტაძარში და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს, განრისხდნენ
16. და უთხრეს მას: გესმის, ესენი რას ამბობენ? ხოლო იესომ უთხრა მათ: ჰო, არასდროს წაგიკითხავთ, რომ ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე ქება? (ფს. 8,3.)
17. და დატოვა ისინი, და გავიდა ქალაქის გარეთ, ბეთანიაში, და დარჩა იქ.
18. და განთიადისას, როცა ბრუნდებოდა ქალაქში, მოშივდა;
19. და დაინახა ერთი ლეღვის ხე გზაზე, მივიდა მასთან, და ვერაფერი იპოვა მასზე, არამედ - მარტო ფოთლები, და უთხრა მას: ნუღარ გამოვა შენგან ნაყოფი საუკუნოდ; და გახმა უცბად ლეღვის ხე.
20. და როდესაც ნახეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: როგორ უცბად გახმა ლეღვის ხე.
21. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ ლეღვის ხის გახმობას შეძლებთ, არამედ ამ მთასაც თუ ეტყვით: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, იქნება ასე;
22. და ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვისას რწმენით, მოგეცემათ.
23. და როცა მოვიდა იგი ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ერის უხუცესები, და უთხრეს: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას, და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?
24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და თუ მეტყვით მე, მეც გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.
25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო, ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდან, გვეტყვის ჩვენ: რატომ არ ირწმუნეთ მისი?
26. ხოლო, თუ ვიტყვით - კაცთაგან, გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ აღიარა იოანე, როგორც წინასწარმეტყველი.
27. და მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცით. უთხრა მათ მანაც: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
28. როგორ გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ჰყავდა ორი შვილი; მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ჩემს ვენახში.
29. ხოლო მან მიუგო და უთხრა: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.
30. და მივიდა მეორესთან და უთხრა ასევე; ხოლო მან მიუგო და უთხრა: მივდივარ, ბატონო; და არ წავიდა.
31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? უთხრეს მას: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მეზვერეები და მეძავები წინ წაგიძღვებიან თქვენ ღვთის სასუფეველში.
32. რადგან მოვიდა იოანე თქვენთან სიმართლის გზით, და არ ირწმუნეთ მისი; მეზვერეებმა და მეძავებმა კი ირწმუნეს მისი. ხოლო თქვენ იხილეთ და არ შეინანეთ ბოლოსაც, რომ გერწმუნათ მისი.
33. სხვა იგავი ისმინეთ: ერთი კაცი იყო, სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი და ღობე შემოავლო მას და ამოთხარა მასსი საწნახელი, ააშენა გოდოლი, გადასცა იგი მიწათმოქმედებს და გაემგზავრა.
34. ხოლო როდესაც მოახლოვდა ჟამი ნაყოფისა, გაგზავნა თავისი მონები მიწათმოქმედებთან თავისი ნაყოფის ასაღებად.
35. და შეიპყრეს მიწათმოქმედებმა მისი მონები; ზოგს სცემეს, ზოგი მოკლეს, ხოლო ზოგი ჩაქოლეს.
36. კვლავ გაგზავნა სხვა მონები, პირველებზე მეტი, და მოექცნენ მათაც ასევე.
37. და ბოლოს გაუგზავნა მათ თავისი ძე და თქვა: მოერიდებათ ჩემი ძისა.
38. ხოლო მიწათმოქმედებმა, როდესაც დაინახეს ძე, თქვეს თავისთვის: ეს არის მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ იგი და დავეუფლოთ მის სამკვიდრებელს.
39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
40. როდესაც მივა ვენახის პატრონი, რას უზამს იმ მიწათმოქმედებს?
41. უთხრეს მას: ბოროტებს ბოროტად ამოწყვეტს და ვენახს გადასცემს სხვა მიწათმოქმედებს, რომლებიც მისცემენ მას ნაყოფს თავის დროზე.
42. უთხრა მათ იესომ: არასდროს წაგიკითხავთ წერილში (წერილი - იგულისხმება საღმრთო წერილი, ბიბლია): ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა თავკიდურად, უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია ჩვენს თვალში. (ფს. 11,22; ეს. 28,16; 8,14.)
43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ თქვენ სასუფეველი ღვთისა და მიეცემა მოდგმას, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს (მის ნაყოფს - იგულისხმება სასუფევლის ნაყოფი, ანუ უფლისადმი მორჩილება და მასთან ერთობა).
44. და ვინც დაეცემა ამ ლოდზე, შეიმუსრება; და ვისაც დაეცემა, გასრესს მას.
45. და როცა გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მისი იგავები, მიხვდნენ, რომ მათზე თქვა;
46. და ეძებდნენ მას შესაპყრობად და ეშინოდათ ხალხისა, რადგან წინასწარმეტყველად აღიარებდნენ მას.