წიგნი მათესი

თავი 8

კეთროვნის განკურნება
(მკ. 1, 40-45; ლკ. 5, 12-16)

1. და როდესაც ჩამოდიოდა იგი მთიდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.

2. და აჰა, კეთროვანი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

3. და გაიწოდა იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისაგან.

4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და უჩვენე შენი თავი მღვდელს და შესწირე ძღვენი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.

ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში
(ლკ. 7, 1-10.)

5. და როცა შევიდა იგი კაპერნაუმში, მივიდა მასთან ასისთავი, ევედრებოდა მას

6. და ეუბნებოდა: უფალო, ჩემი მსახური წევს სახლში, დავრდომილი, და ძლიერ იტანჯება.

7. უთხრა მას იესომ: მე მოვალ და განვკურნავ მას.

8. მიუგო ასისთავმა და უთხრა: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

9. რადგან მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ჩემს ხელქვეით მეომრები და ვეუბნები ამას: წადი! და მიდის. და სხვას: მოდი! და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს! და აკეთებს.

10. და როცა გაიგონა იესომ, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მიჰყვებოდა: ამინ გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა.

11. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და ინახით დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.

12. ხოლო სასუფევლის ძენი გაიყრებიან ბნელ გარესკნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

13. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და, როგორც ირწმუნე, მოგეგოს შენ. და განიკურნა მისი მსახური იმ დროიდან.

პეტრეს სიდედრისა და სხვათა განკურნება
(მკ. 1, 29-34; ლკ. 4, 38-41.)

14. და მივიდა იესო პეტრეს სახლში და იხილა მისი სიდედრი, დავრდომილი ცხელებისკენ;

15. შეეხო მის ხელს, და დატოვა იგი ცხელებამ, ადგა და ემსახურებოდა მას.

16. ხოლო როცა მოსაღამოვდა, მოჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით და ყველა ავადმყოფი განკურნა;

17. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან უძლურებანი ჩვენი თავს იდო და სნეულებანი იტვირთა. (ეს. 53, 4.)

18. როდესაც იხილა იესომ მრავალი ხალხი თავის გარშემო, უბრძანა გაღმა გასვლა.

- .:. -
ქვრივი დედაკაცის ძის აღდენა ნაინში (ლკ. 7, 11-17)
იოანე ნათლისმცემლის მიერ მოწაფეების გაგზავნა იესოსთან (მთ. 11, 2-19; ლკ. 7, 18-35)
იესო სიმონ ფარისევლის სახლში (ლკ. 7, 36-50)
- .:. -

უფალთან ერთად სვლის შესახებ
(ლკ. 9, 57-62)

19. და მივიდა ერთი მწიგნობარი და უთხრა მას: მოძღვარო, გამოგყვები შენ, სადაც წახვალ.

20. უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები, ხოლო ძეს კაცისას არა აქვს, სად მოიდრიკოს თავი.

21. ხოლო სხვა მისმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი მე, ჯერ წავიდე და დავმარხო მამა ჩემი.

22. ხოლო იესომ უთხრა მას: გამომყევი მე და აცალე მკვდრებს დამარხვა თავისი მკვდრებისა.

23. და ავიდა იგი ნავზე, და გაჰყვნენ მას მისი მოწაფეები.

ზღვისა და ქარის დამორჩილება იესოს მიერ
(მკ. 4, 35-41; ლკ. 8, 22-25.)

24. და აჰა, დიდი ღელვა იყო ზღვაზე, ისე რომ ნავი იფარებოდა ტალღებით; ხოლო მას ეძინა.

25. და მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, გვიხსენი ჩვენ, ვიღუპებით.

26. და უთხრა მათ: რა სულმოკლენი ხართ, მცირედმორწმუნენო? მაშინ ადგა და შერისხა ქარები და ზღვა, და დადგა დიდი მყუდროება.

27. ხოლო ადამიანები გაოცდნენ და თქვეს: ვინ არსი ეს, რომ ქარებიცა და ზღვაც ემორჩილებიან მას?

გერგესელი (გადარინელი) ეშმაკეულის განკურნება
(მკ. 5, 1-20; ლკ. 8, 26-39)

28. და როდესაც გავიდა იგი გაღმა, გერგესელთა მხარეში, შეხვდა მას ორი ეშმაკეული, რომლებიც საფლავებიდან გამოვიდნენ, მეტად საზარელნი, ისე რომ არავის შეეძლო ამ გზით გავლა.

29. და აჰა, შეჰღაღადეს და თქვეს: რა გინდა ჩვენგან შენ, იესო, ძეო ღვთისაო? მოხვედი აქ დროზე ადრე ჩვენს სატანჯველად?

30. და მათგან შორს ღორების დიდი კოლტი ძოვდა.

31. ხოლო ეშმაკები ევედრებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: თუ განგვდევნი ჩვენ, გვიბრძანე, შევიდეთ ღორების კოლტში.

32. და უთხრა მათ: წადით! ხოლო ისინი გავიდნენ და შევიდნენ ღორების კოლტში; და აჰა, გადაეშვა ღორების მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში და შთაინთქა წყალში.

33. ხოლო მწყემსები გაიქცნენ, და როცა მივიდნენ ქალაქში, აუწყეს ყველაფერი და ეშმაკეულებზეც.

34. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად, და როცა ნახეს იგი, შეევედრნენ, რომ წასულიყო მათჲ საზღვრებიდან.

 

თავი 9

დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
(მკ. 2, 1-12; ლკ. 5, 17-26.)

1. და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.

2. და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: განხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი ცოდვები.

3. და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავისთვის: ეს გმობს.

4. და იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს თქვენს გულში?

5. რადგან რა უფრო ადგილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე?

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

7. და ადგა და წავიდა თავის სახლში.

8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

იესოს მიერ მათე მეზვერის მოწოდება
(მკ. 2, 13-17; ლკ. 5, 27-32.)

9. და წამოვიდა იესო იქიდან, და იხილა კაცი, რომელიც იჯდა საზვერეში, მათედ წოდებული, და უთხრა მას: გამომყვევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.

10. და იყო, როდესაც იგი ინახით იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მეზვერე და ცოდვილი მივიდა და დაჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან.

11. და როდესაც ნახეს ფარისევლებმა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან თქვენი მოძღვარი?

12. ხოლო როდესაც იესომ გაიგონა, უთხრა მათ: არ სჭირდებათ ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ - ავადმყოფებს.

13. ხოლო თქვენ წადით და ისწავლეთ, რა არის: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, რადგან მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ - ცოდვილთა სინანულისთვის.

იოანეს მოწაფეების შეკითხვა მარხვის შესახებ
(მკ. 2, 18-22; ლკ. 5, 33-39.)

14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები ბევრს, ხოლო შენი მოწაფეები არ მარხულობენ?

15. და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ სიძის ძეებს გლოვა, ვიდრე მათთან არის სიძე? მოვა დღეები, როვა ამაღლდება მათგან სიძე, და მაშინ იმარხულებენ.

16. არავინ ადებს ახალი ნაჭრის სადგმელს ძველ სამოსს, რადგან დაირღვევა სამოსის მთლიანობა და უფრო დაიხევა.

17. არც ასხამენ ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ დასკდება თხიერები, და ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება. არამედ ასხამენ ახალ ღვინოს ახალ თხიერებში, და ორივე ინახება.

იაიროსის ასულის აღდგენა და სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება
(მკ. 5, 21-43; ლკ. 8, 40-56.)

18. და როდესაც იგი ამას ეუბნებოდა მათ, აჰა, ერთი მთავარი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ამბობდა: ჩემი ასული ახლახან აღესრულა; მაგრამ მოდი და დაადე შენი ხელი მას და გაცოცხლდება.

19. და ადგა იესო და გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.

20. და აჰა, დედაკაცი, რომელსაც  ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი, მივიდა უკნიდან და შეეხო მისი სამოსის კიდეს,

21. რადგან ამბობდა თავის გულში: მხოლოდ მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.

22. ხოლო იესო მიბრუნდა, იხილა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იმ დროიდან.

23. და როდესაც მივიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მესაკრავენი და შეშფოთებული ხალხი, უთხრა მათ:

24. გაშორდით, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს; და დასცინოდნენ მას.

25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, შევიდა და მოჰკიდა ხელი მას, და ადგა გოგონა.

26. და გავრცელდა მისი ამბავი მთელს იმ ქვეყანაში.

ორი ბრმის და მუნჯი ეშმაკეულის განკურნება
(ლკ. 11, 14-15.)

27. და როდესაც წამოვიდა იქიდან იესო, მოსდევდა მას ორი ბრმა, ღაღადებდნენ და ამობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, ძეო დავითასაო.

28. და როდესაც შევიდა სახლში, მივიდნენ მასთან ბრმები, და უთხრა მათ იესომ: გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება? უთხრეს მას: ჰო, უფალო.

29. მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ.

30. და აეხილათ მათ თვალები; და მკაცრად მიმართა მათ იესომ და უთხრა: იცოდეთ, არავინ გაიგოს.

31. ხოლო ისინი გამოვიდნენ და გაუვრცელეს ეს ამბავი მთელს იმ ქვეყანაში.

32. და როდესაც გამოვიდნენ ისინი, აჰა, მოჰგვარეს მას კაცი მუნჯი და ეშმაკეული.

33. და როცა განდევნა ეშმაკი, ამეტყველდა მუნჯი, და გაოცდა ხალხი და ამბობდა: არასდროს არ ყოფილა ამგვარი რამ ისრაელში.

34. ხოლო ფარისევლები ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.

35. და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათს შესაკრებლებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა და ყველა უძლურებას ერში.

36. და როდესაც იხილა ხალხი, შეებრალა ისინი, რადგან იყვნენ დამაშვრალნი და დაცემულნი, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი.

37. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: სამკალი ბევრია, ხოლო მუშაკი - ცოტა;

38. ევედრეთ სამკალის პატრონს, რომ გამოიყვანოს მუშაკები თავის სამკალში.

 

თავი 10

თორმეტი მოწაფის გამორჩევა და გაგზავნა საქადაგებლად
(მკ. 6, 6-13; ლკ. 9, 1-6.)

1. და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა უძლურება.

2. ხოლო თორმეტი მოციქულის სახელები ესენია: პირველი - სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი; იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი;

3. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მეზვერე, იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოსი.

4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

თორმეტი მოწაფის დარიგება

5. ეს თორმეტი გაგზავნა იესომ და ამცნო მათ და უთხრა: წარმართთა გზაზე ნუ წახვალთ და სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვალთ;

6. არამედ მიდით უპირატესად ისრაელის სახლის წარწყმედილ ცხვრებთან.

7. ხოლო როცა მიხვალთ, უქადაგეთ და უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

8. უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.

9. ნუ გექნებათ ოქრო, ნურც ვერცხლი, ნურც რვალი თქვენ სარტყელებში,

10. ნურც აბგა გზაზე, ნურც ორი პერანგი, ნურც ხამლი, ნურც კვერთხი, რადგან ღირსია მუშაკი თავისი საზრდოსი.

11. რომელ ქალაქშიც და სოფელშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის მასში ღირსი და იქ გაჩერდით, სანამ გამოხვალთ.

12. ხოლო როცა შეხვალთ სახლში, მოიკითხეთ იგი და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

13. და თუ იქნება ის სახლი ღირსი, მივა თქვენი მშვიდობა მასზე; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე მოგიბრუნდებათ.

14. და თუ არავინ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენს სიტყვებს, როცა გამოხვალთ, დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან.

15. ამინ გეუბნებით თქვენ, უფრო შვება ექნება სოდომისა და გომორის ქვეყანას განკითხვის დღეს, ვირე იმ ქალაქს.

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის; ამიტომ იყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი.

17. უფრთხილდით ადამიანებს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ;

18. და მთავართა და მეფეთა წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.

19. და როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ან რა თქვათ, რადგან მოგეცემათ თქვენ იმ დროს, რა თქვათ.

20. რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სული თქვენი მამისა, რომელიც იმეტყველებს თქვენში.

21. რადგან გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა - შვილს; და აღდგებიან შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.

22. და იქნებით მოძულებულნი ყველასაგან ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.

23. როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში. რადგან, ამინ გეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე მოვა ძე კაცისა.

24. არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე მეტი, არც მონა - თავის ბატონზე მეტი.

25. საკმარისია მოწაფისათვის, რომ იყოს, როგორც თავისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც თავისი ბატონი. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, რამდენად უფრო - მის სახლეულს?

26. ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, და არც საიდუმლო, რომელიც ცნობილი არ გახდება.

27. რასაც გეუბნებით თქვენ ბნელში, თქვით ნათელში, და რასაც ყურით ისმენთ, იქადაგეთ ერდოებზე.

28. და ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც კლავენ სხეულს, ხოლო სულის მოკვლა არ შეუძლიათ; არამედ გეშინოდეთ უფრო იმისი, ვისაც შეუძლია სულიც და სხეულიც წარწყმიდოს გეენაში.

29. განა ორი ჩიტი ასარად არ იყიდება? და ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე თქვენი მამის გარეშე.

30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია.

31. ნუ გეშინიათ, რადგან მრავალ ჩიტზე უმჯობესნი ხართ თქვენ.

32. ყველას, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე.

33. ხოლო ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე.

34. ნუ გგონიათ, რომ მოვედი მშვიდობის მოსაფენად ქვეყანაზე. მოვედი არა მშვიდობის მოსაფენად, არამედ - მახვილისა.

35. რადგან მოვედი გასაყოფად კაცისა თავისი მამისაგან და ასულისა - თავისი დედისაგან და რძლისა - თავისი დედამთილისაგან.

36. და მტერი კაცისა იქნება მისი სახლეული.

37. ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი.

38. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი ღირსი.

39. ვინც მოიპოვებს თავის სულს, წარწყმედს მას; და ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემ გამო, იპოვის მას.

40. ვინც შეგიწყნარებთ თქვენ, მე შემიწყნარებს; და ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

41. ვინც შეიწყნარებს წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც შეიწყნარებს მართალს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.

42. და ვინც დაალევინებს ერთ ამ მცირეთაგანს ერთ სასმისს ცივ წყალს მოწაფის სახელით, ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.

 

თავი 11

1. და იყო, როცა დაასრულა იესომ დარიგება თავისი თორმეტი მოწაფისა, წავიდა იქიდან დასამოძღვრად და საქადაგებლად მათს ქალაქებში.

იოანე ნათლისმცემლის მიერ თავისი მოწაფეების გაგზავნა იესოსთან
(ლკ. 7, 18-35.)

2. ხოლო როცა იოანემ გაიგო საპყრობილეში ქრისტეს საქმეები, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე

3. და უთხრა მას: შენ ხარ, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიდით და აუწყეთ იოანეს, რაც გესმით და ხედავთ:

5. ბრმები ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და გლახაკებს ეხარებათ;

6. და ნეტარია, ვინც არ დაბრკოლდება ჩემ მიმართ.

7. და როდესაც ისინი წავიდნენ, დაიწყო იესომ საუბარი ხალხთან იოანეზე: რის სანახავად გამოხვედით უდაბნოში? ლერწმისა, ქარისაგან შერხეულისა?

8. ან რის სანახავად გამოხვედით? კაცისა, ნატიფი სამოსით შემოსილისა? აჰა, რომლებიც ნატიფ სამოსს ატარებენ, მეფეთა სახლებში არიან.

9. ან რის სანახავად გამოხვედით, წინასწარმეტყველისა? ჰო, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე უმეტესისა.

10. რადგან ეს არის, რომლის შესახებ წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.

11. ამინ გეუბნებით თქვენ: არ აღმდგარა დედაკაცის ნაშობთა შორის იოანე ნათლისმცემელზე უდიდესი, ხოლო უმცირესი ცათა სასუფეველში უდიდესია მასზე.

12. და იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი იძულებით მიიღწევა, და რომლებიც აიძულებენ თავს, მიიტაცებენ მას;

13. რადგან ყველა წინასწარმეტყველმა და სჯულმა იოანემდე იწინასწარმეტყველეს;

14. და თუ გინდათ მიღება, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.

15. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

16. ხოლო ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? მსგავსია ყრმებისა, რომლებიც სხედან მოედნებზე და უხმობენ თავის მეგობრებს

17. და ეუბნებიან: გიკრავდით თქვენ და არ ცეკვავდით; ვგოდებდით თქვენთვის და არ გლოვობდით. (ეკ.3,4.)

18. რადგან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულია;

19. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. და გამართლდა სიბრძნე თავის შვილთაგან.

ქალაქების გაკიცხვა
(ლკ. 10, 13-15.)

20. მაშინ დაიწყო იესომ გაკიცხვა იმ ქალაქებისა, რომლებშიც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალები, რადგან არ შეინანეს;

21. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდა; რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც თქვენში გამოვლინდა, დიდი ხანია, ძაძაში და ნაცარში მსხდომარენი შეინანებდნენ.

22. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ ტვიროსსა და სიდონს უფრო შვება ექნებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.

23. ხოლო შენ, კაპერნაუმო, ცამდე არ ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე ჩაინთქმები, რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც შენში გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა;

24. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის ქვეყანას უფრო შვება ექნება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.

25. იმ დროს ამბობდა იესო და თქვა: გაღიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყანისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთაგან და სწავლულთაგან, და გამოუცხადე ეს ჩვილებს.

26. ჰო, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენ წინაშე.

27. ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ. და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ინებებს ძე გამოცხადებას.

28. მოდით ჩემთან ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე, და მე მოგასვენებთ თქვენ.

29. აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და იპოვით თქვენი სულების მოსვენებას,

30. რადგან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

 

თავი 12

თავთავების მოწყვეტა და სიტყვა შაბათის შესახებ
(მკ. 2, 23-28; ლკ. 5, 1-5.)

1. იმ დროს, შაბათს, მიდიოდა იესო ნათესებში; ხოლო მის  მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.

2. ფარისევლებმა რომ დაინახეს, უთხრეს მას: აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რისი კეთებაც არ შეიძლება შაბათს.

3. ხოლო მან უთხრა მათ: არ ამოგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა და მათ, ვინც მასთან იყო;

4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამა არ შეიძლებოდა მისთვის და არც მათთვის, ვინც მასთან იყო, არამედ მხოლოდ მღვდლებისთვის?

5. ან არ ამოგიკითხავთ სჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში შაბათს შეურაცხყოფენ და უდანაშაულონი არიან?

6. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ: ტაძარზე უდიდესი არის აქ.

7. რომ გცოდნოდათ, რა არის: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, არ განსჯიდით უდანაშაულოებს.

8. რადგან ძე კაცისა არის უფალი შაბათისაც.

9. და წამოვიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში;

10. და აჰა, იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა; ჰკითხეს მას და უთხრეს: თუ შეიძლება შაბათს განკურნება? რათა დაესმინათ იგი.

11. ხოლო მან უთხრა მათ: ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელსაც ეყოლება ერთი ცხვარი, და თუ ჩაუვარდება იგი შაბათს ორმოში, არ მოჰკიდებს მას და არ ამოიყვანს?

12. რამდენად უმჯობესია კაცი ცხვარზე? ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.

13. მაშინ უთხრა იმ კაცს: გაშალე შენი ხელი, და გაშალა და გაუმრთელდა, როგორც მეორე.

14. გამოვიდნენ ფარისევლები და ბჭობა გამართეს მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი; ხოლო იესომ გაიგო და გაშორდა იქაურაობას;

15. და გაჰყვა მას მრავალი ხალხი, და განკურნა ისინი ყველა.

16. და უბრძანა მათ, რომ არ გაეცხადებინათ იგი,

17. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

18. აჰა, ყრმა ჩემი, რომელიც გამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც სათნოა ჩემი სულისთვის. დავდებ ჩემს სულს მასზე, და სამართალს აუწყებს წარმართებს;

19. არ იკამათებს, არც იღაღადებს, არც გაიგონებს ვინმე მოედნებზე მის ხმას;

20. შემუსვრილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე ძლევამდე არ მიიყვანს სამართალს.

21. და მისი სახელის მიმართ სასოება ექნებათ წარმართებს. (ეს.42,1-4.)

ბრმა და მუნჯი ეშმაკეულის განკურნება და იესოს მიერ ფარისეველთა მხილება
(მკ. 3, 20-30; ლკ. 11, 14-36.)

22. მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმა და მუნჯი, და განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი მეტყველებდა და ხედავდა;

23. და გაოგნებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: ნუთუ ეს არის ქრისტე, ძე დავითისა?

24. ხოლო როცა ფარისევლებმა გაიგონეს, თქვეს: ეს ვერ განდევნის ეშმაკებს, თუ არა ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით.

25. იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, რომელიც თავის წინააღმდეგ გაიყო, მოოხრდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, რომელიც თავის წინააღმდეგ გაიყო, ვერ განმტკიცდება;

26. და თუ ეშმაკი ეშმაკს განდევნის, თავის თავში გაიყო; როგორღა განმტკიცდება მისი მეფობა?

27. და თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძეები რითღა განდევნიან? ამიტომ ისინივე იქნებიან თქვენი მსაჯულები.

28. ხოლო თუ მე ღვთის სულით განვდევნი ეშმაკებს, მაშასადამე, მოიწია თქვენზე სასუფეველი ღვთისა.

29. ან როგორ შეძლებს ვინმე შესვლას ძლიერის სახლში და მისი ქონების გატაცებას, თუ პირველად არ შეკრავს ძლიერს? და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.

30. ვინც არ არის ჩემთან, ჩემ წინააღმდეგ არის; და ვინც არ შეკრებს ჩემთან, განაბნევს;

31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, ხოლო სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ ადამიანებს.

32. და ვინც იტყვის სიტყვას წინააღმდეგ ძისა კაცისა, მიეტევება მას, ხოლო ვინც იტყვის წინააღმდეგ სულიწმიდისა, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.

33. ან სცანით, რომ ხე კეთილია და ნაყოფი მისი კეთილია; ან სცანით, რომ ხე უვარგისია და ნაყოფი მისი უვარგისია, რადგან ნაყოფით იცნობა ხე.

34. იქედნეთა ნაშობნო, როგორც შეგიძლიათ კეთილის თქმა, როდესაც ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისაგან ამბობს პირი.

35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისაგან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისაგან გამოაქვს ბოროტი.

36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ მის გამო განკითხვის დღეს.

37. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენი სიტყვებით დაისჯები.

38. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა და უთხრა: მოძღვარო, გვინდა შენგან სასწულის ხილვა.

39. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს, და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა,

40. რადგან, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე იქნება ძე კაცისა მიწის გულში სამი დღე და სამი ღამე.

41. ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განსჯიან მას, რადგან შეინანეს იოანას ქადაგებით; და აჰა, იონაზე მეტი არის აქ.

42. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგამასთან ერთად და განსჯის მას, რადგან მოვიდა ქვეყნის კიდიდან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, სოლომონზე მეტი არის აქ.

43. ხოლო როცა არაწმიდა სული გადის კაცისგან, მოივლის უწყლო ადგილებს და ეძებს მოსვენებას, და ვერ პოულობს.

44. მაშინ იტყვის: მივბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დასუფთავებულს და შემკულს;

45. მაშინ წავა და თან მოიყვანს სხვა შვიდ სულს, თავისზე უბოროტესს, და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იქნება იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი. აქ იქნება ამ უკეთური მოდგმისთვისაც.

იესოს დედისა და ძმების მოსვლა სასაუბროდ იესოსთან
(მკ. 3, 31-35; ლკ. 8, 19-21.)

46. როცა იგი ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ხალხს, აჰა, დედა მისი და მისი ძმები იდგნენ გარეთ, და ეძებდნენ მას სიტყვის სათქმელად.

47. მაშინ უთხრა მას ვიღაცამ: აჰა, დედა შენი და შენი ძმები დგანან გარეთ და გეძებენ, რომ დაგელაპარაკონ შენ.

48. ხოლო მან მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: ვინ არის დედა ჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?

49. და გაიწოდა თავისი ხელი მოწაფეებისკენ და თქვა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები,

50. რადგან ვინც აღასრულებს ნებას ჩემი ზეცათა მამისას, ის არის ძმა და და, და დედა ჩემი.

 

თავი 13

1. იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.

2. და შეიკრიბა მასთან მრავალი ხალხი, ისე რომ იგი ნავზე ავიდა და დაჯდა, და მთელი ხალხი ზღვის პირას იდგა.

იგავი მთესველზე
(მკ. 4, 2-9; ლკ. 8, 4-9.)

3. და ეუბნებოდა მათ მრავალს იგავებით და უთხრა: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.

4. და როცა თესავდა იგი, ზოგი დავარდა გზასთან, და მივიდნენ ცის ფრინველები და შეჭამეს იგი.

5. და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე.

6. და როდესაც მზე ამოვიდა, დაჭკნა, და რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა.

7. და სხვა ჩავარდა ეკლებში, და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი.

8. და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი: ზოგმა - ასი, ზოგმა - სამოცი და ზოგმა - ოცდაათი.

9. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

10. და მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?

11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რადგან თქვენ მოგეცათ, შეიცნოთ ცათა სასუფევლის საიდუმლო, ხოლო მათ არ მიეცათ;

12. რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და მიემატება; ვისაც არა აქვს, რაც აქვს ისიც წაერთმევა მას.

13. ამიტომ იგავებით ველაპარაკები მათ, რადგან ხედავენ და არ ხედავენ, ესმით და არ ესმით, ვერც იგებენ.

14. და სრულდება მათზე წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით გესმოდეთ და ვერ გაიგოთ, ხედვით ხედავდეთ და ვერ იხილოთ;

15. რადგან გაქვავდა ამ ხალხის გული, და ყურით ძნელად ისმინეს და თვალები დახუჭეს, რომ არასდროს იხილონ თვალით და ისმინონ ყურით და გაიგონ გულით და მოიქცნენ, და განვკურნო ისინი. (ეს. 6, 9-10.)

16. ხოლო ნეტარია თქვენი თვალები, რადგან ხედავენ და თქვენი ყურები, რადგას ესმით.

17. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს სურდა, ეხილა, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა; და ესმინა, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინა.

განმარტება იგავისა მთესველზე
(მკ. 4, 14-20; ლკ. 8, 11-15.)

18. ამიტომ თქვენ ისმინეთ იგავი მთესველისა.

19. ყველასთან, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას და არ გაიგებს, მივა უკეთური და მოიტაცებს დათესილს მისი გულიდან. ეს არის, რომელიც გზასთან დაითესა.

20. ხოლო კლდოვანზე დათესილი, ეს არის: ვინც ისმენს სიტყვას და მყისვე სიხარულით იღებს მას;

21. და რადგან ფესვი არა აქვს თავის თავში, არამედ დროებითია, და როდესაც იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდება.

22. ხოლო ეკლებში დათესილი, ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და ამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს სიტყვას და უნაყოფო ხდება.

23. ხოლო კარგ მიწაზე დათესილი, ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და გაიგებს; ვინც გამოიღებს ნაყოფს და აქცევს ზოგი ასად, ზოგი - სამოცად, ზოგი - ოცდაათად.

იგავი ხორბალსა და ღვარძლზე
(მკ. 4, 26-29.)

24. სხვა იგავი შესთავაზა მათ და თქვა: ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, რომელმაც დათესა კარგი თესლი თავის ყანაში;

25. და როცა კაცებს ეძინათ, მოვიდა მისი მტერი და ჩათესა ღვარძლი ხორბალს შორის და წავიდა;

26. ხოლო როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღვარძლიც.

27. და როცა მივიდნენ სახლის პატრონის მონები, უთხრეს მას: ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდან არის ღვარძლი?

28. ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააეკთა ეს. მონებმა უთხრეს მას: გნებავს, რომ მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?

29. ხოლო მან უთხრა: არა, ვაითუ ღვარძლის შეგროვებისას ამოგლიჯოთ მასთან ერთად ხორბალიც.

30. აცალეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკამდე, და მკის დროს ვეტყვი მომკალებს: შეაგროვეთ პირველად ღვარძლი და შეკარით ძნებად, რომ დაიწვას იგი, ხოლო ხორბალი შეკრიბეთ ჩემს ბეღელში.

იგავები მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
(მკ. 4, 30-34)

31. სხვა იგავი შესთავაზა მათ და უთხრა: მსგავსია სასუფეველი ცათა მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;

32. უმცირესია ყველა თესლზე, ხოლო როცა გაიზრდება, ყველა მხალზე დიდი იქნება და იქცევა ხედ, ისე რომ მოვლენ ცის ფრინველები და მის რტოებში დაიბუდებენ.

33. სხვა იგავიც უთხრა მათ: მსგავსია სასუფეველი ცათა საფუარისა, რომელიც აიღო დედაკაცმა და შეურია სამ საწყაო ფქვილს, ვიდრე მთლიანად არ აფუვდა.

34. ყველაფერ ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ.

35. რათა აღსრულდეს ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გავხსნი იგავით ჩემს პირს და ვიტყვი დაფარულს სოფლის დასაბამიდან. (ფს. 78, 2.)

განმარტება იგავისა ხორბალსა და ღვარძლზე

36. მაშინ დატოვა იესომ ხალხი და შევიდა სახლში; მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ჩვენ იგავი ყანის ღვარძლისა.

37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ვინც თესავს კარგ თესლს, არის ძე კაცისა;

38. ხოლო ყანა არის ეს სოფელი; კარგი თესლი, ეს არის სასუფევლის ძეები, ღვარძლი კი არის უკეთურის ძეები;

39. ხოლო მტერი, რომელმაც დათესა იგი, არის ეშმაკი, მკა არის დასასრული საუკუნეთა, ხოლო მომკალნი არიან ანგელოზები;

40. ამიტომ, როგორც გამოარჩევენ ღვარძლს და ცეცხლში დაწვავენ, ასევე იქნება დასასრული საუკუნეთა"

41. გამოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მისი სამეფოდან ყველა საცდურს და უსჯულოების მოქმედთ;

42. და შეყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

43. მაშინ მართლები მზესავით გაბრწყინდებიან თავისი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

სხვა იგავები ცათა სასუფეველზე

44. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა საუნჯისა, რომელიც ყანაშია დაფლული, და რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და სიხარულით წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა, და იყიდა ის ყანა.

45. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს კარგ მარგალიტებს;

46. და რომელმაც იპოვა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წავიდა და გაყიდა ყოველივე, რაც ჰქონდა, და იყიდა იგი.

47. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა მოსასმელი ბადისა, რომელიც ზღვაშია ჩაგდებული და რომელმაც ყველა სახეობიდან შეკრიბა.

48. და როდესაც აივსო, ამოიტანეს იგი ნაპირზე, და როცა დასხდნენ, შეაგროვეს კარგები ჭურჭელში, ხოლო უვარგისები გარეთ გადაყარეს.

49. ასე იქნება საუკუნეთა დასასრულს: მოვლენ ანგელოზები და გამოარჩევენ უკეთურებს მართლებისაგან.

50. და ჩაყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

51. უთხრა მათ იესომ: გაიგეთ ეს ყველაფერი? უთხრეს მას: ჰო, უფალო.

52. და უთხრა მათ: ამიტომ ყველა მწიგნობარი, ცათა სასუფეველს დამოწაფებული, მსგავსია კაცისა, სახლის პატრონისა, რომელსაც გამოაქვს თავისი საუნჯიდან ახალი და ძველი.

53. და იყო, როდესაც დაასრულა იესომ ეს იგავები, წავიდა იქიდან.

54. და როცა მოვიდა თავის მამულში, ასწავლიდა მათს შესაკრებელში, ისე რომ განცვიფრებულნი იყვნენ ისინი და ამბობდნენ: საიდან აქვს ამას ეს სიბრძნე და ძალა?

55. განა ეს არ არის ძე ხუროსი? განა მის დედას არ ჰქვია მარიამი? და მისი ძმები არ არიან იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა?

56. და მისი დები, ყველანი ჩვენთან არ არიან? საიდან აქვს მას ეს ყველაფერი?

57. და ბრკოლდებოდნენ მის მიმართ. ხოლო იესომ უთხრა მათ: არსად არის წინასწარმეტყველი შეურაცხყოფილი, გარდა თავისი მამულისა და სახლისა.

58. და არ მოახდინა იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

 

თავი 14

იოანე ნათლისმცემლის შეპყრობა და თავის მოკვეთა
(მკ. 6, 14-29; ლკ. 9, 7-9.)

1. იმ დროს გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა იესოს ამბავი

2. და უთხრა თავის მსახურებს: ეს არის იოანე ნათლისმცემელი. იგი აღდგა მკვდრეთით, და ამის გამო ძალები მოქმედებენ მის მიერ.

3. რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა იგი და საპყრობილეში ჩასვა ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის გამო.

4. რადგან ეუბნებოდა მას იოანე: არ შეიძლება, რომ გყავდეს შენ იგი.

5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ეშინოდა ხალხისა, რადგან როგორც წინასწარმეტყველს, აღიარებდნენ მას.

6. ხოლო როცა ჰეროდეს დაბადების დღე იყო, როკავდა ჰეროდიას ასული წვეულთა შორის და მოეწონა ჰეროდეს;

7. რის გამოც ფიცით აღუთქვა მას, რომ მისცემდა, რასაც ითხოვდა.

8. ხოლო იგი წინასწარ იყო დარიგებული თავისი დედისგან და უთხრა: მომეცი მე აქ ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.

9. და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო ბრძანა, მიეცათ მისთვის.

10. და გაგზავნა და თავი მოჰკვეთა იოანეს საპყრობილეში.

11. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ასულს, და მიუტანა თავის დედას.

12. და მივიდნენ მისი მოწაფეები, აიღეს გვამი და დამარხეს იგი, და მოვიდნენ და უთხრეს იესოს.

13. ეს რომ გაიგო იესომ, გაშორდა და წავიდა იქიდან ნავით უდაბურ ადგილას მარტო; და როცა გაიგო ხალხმა, გაჰყვა მას ფეხით ქალაქებიდან.

ხუთი ათასი კაცის დაპურება
(მკ. 6, 32-44; ლკ. 9, 10-17; ინ. 6, 1-14.)

14. და გამოვიდა იესო, იხილა მრავალი ხალხი და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

15. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და დრო უკვე გასულია; გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ გარშემო სოფლებში და იყიდონ თავისთვის საჭმელი.

16. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ სჭირდებათ წასვლა; თქვენ მიეცით მათ საჭმელი.

17. ხოლო მათ უთხრეს მას: არაფერი გვაქვს აქ, გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა.

18. და უთხრა მათ: მომიტანეთ მე ისინი აქ.

19. და უბრძანა ხალხს დაჯდომა ბალახზე, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, აიხედა ცისკენ, აკურთხა და გატეხა და მისცა მოწაფეებს პურები, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.

20. და ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები თორმეტი გოდორი სავსე.

21. ხოლო ვინც ჭამა, იყო ხუთი ათასამდე მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.

22. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და გასულიყვნენ მასზე ადრე გაღმა, ვიდრე გაუშვებდა ხალხს.

23. და როცა გაუშვა ხალხი, ავიდა მთაზე სალოცავად განმარტოებით. და როდესაც მოსაღამოვდა, მარტო იყო იქ.

ზღვაზე სვლა
(მკ. 6, 45-52; ინ. 6, 15-21.)

24. ხოლო ნავი უკვე გაშორებული იყო ხმელეთს მრავალ უტევანზე და ირყეოდა ტალღებისაგან, რადგან იყო საპირისპირო ქარი.

25. და ღამის მეოთზე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით.

26. ხოლო როდესაც მოწაფეებმა დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენებაა, და შიშისაგან შეჰყვირეს.

27. მაშინვე დაელაპარაკა მათ იესო და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.

28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე მე, მოვიდე შენთან წყალზე სვლით.

29. ხოლო მან უთხრა: მოდი. და გადავიდა ნავიდან პეტრე და წყალზე სვლით წავიდა იესოსკენ;

30. მაგრამ როდესაც იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, და დაიწყო ჩაძირვა, შეჰყვირა და თქვა: უფალო, მიხსენი მე.

31. და მყისვე გაუწოდა იესომ ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: მცირედმორწმუნევ, რად დაეჭვდი?

32. და როდესაც ავიდნენ ისინი ნავში, დაცხრა ქარი.

33. ხოლო რომლებიც ნავში იყვნენ, მივიდნენ, თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ შენ.

34. და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.

35. და იცნეს იგი იმ მხარის კაცებმა, გაგზავნეს მთელს იმ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი.

36. და ევედრებოდნენ მას, რომ მხოლოდ შეხებოდნენ მისი სამოსის კიდეს; და რამდენიც შეეხო, განიკურნა.

- .:. -
იესოს სიტყვა ზეციდან გადმოსულ პურზე (ინ. 6, 24-69.)
- .:. -