სახარების ისტორია ერისკაცთათვის

იესომ ტაძრიდან გამყიდველები გამოყარა

იუდეა, იერუსალიმი, აპრილი, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ახლოვდებოდა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი (ფულის გადამხურდავებლები), გააკეთა საბელის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა. აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. (ეს იყო მაშინდელი „სასანთლე“, სადაც იყიდებოდა საეკლესიო რიტუალებისთვის განკუთვნილი პირუტყვი და სხვა საგნები. რა თქმა უნდა „სასანთლე“ ეკლესიის გარეთ უნდა ყოფილიყო).

მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად“. (იოანე 2, 16) მაშინ მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური მჭამს მე.“ მიუგეს მაშინ იუდეველება იესოს: „რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა?“ (იოანე 2, 18) იესომ პასუხად თქვა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“. (იოანე 2, 19) იუდეველებმა უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ (იუდეველებს ერთი ტაძრის აშენებაზე დაჭირდათ 46 წელი იმიტომ, რომ ხან ვისთან ჰქონდათ ომი და ხან ვისთან). მაგრამ იესო გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს, ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. (დღესასწაულზე ისტორიკოსების თქმით რამდენიმე მილიონი კაცი იყრიდა თავს და დღესასწაული 8 დღემდე გრძელდებოდა). თვითონ იესო არ ანდობდა მათ თავის თავს, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა მის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანი. (იოანე 2, 13-25)

 

საუბარი ნიკოდემოსთან

იუდეა, იერუსალიმი, აპრილი, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი, რომელიც ღამით მივიდა იესოსთან (იმიტომ რომ რცხვენოდა და არ უნდოდა, სხვებს ენახათ, რომ იესოს მოწაფე იყო) და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენ მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. ხოლო იესომ მიუგო: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს“. უთხრა მას ნიკოდემოსმა: „როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც“. მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“ ხოლო იესომ პასუხად თქვა: „ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება (ნამდვილი მორწმუნე არავის განსჯის და არც თვითონ განისჯება, არა ისე, როგორც ჩვენი დროის მორწმუნეები, ერთმანეთს რომ მტრობენ), ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი“. (იოანე 3, 1-21)

 

იესოს მოწაფეები ნათლავენ იუდეაში

იუდეა, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. (იოანე 3, 22). (ნათლავდა არა იესო, არამედ მოწაფეები. იოანე ამბობდა რომ იესოს უნდა მოენათლა სულიწმიდით, ამის დრო კი ჯერ არ იყო დამდგარი. ამიტომ ნათლავდნენ მოწაფეები, სულიწმიდა კი გადმოვიდა მათზე მოგვიანებით. ეს მოხდა ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს. ეს მოვლენა კარგადაა აღწერილი „საქმე მოციქულთა“ მე-2 თავში).

 

იოანე ნათლისმცემელის ბოლო დამოწმება იესო ქრისტეზე

იუდეა, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, მოდიოდნენ და ინათლებოდნენ. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმენდის გამო.

მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, (მოძღვარო) ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან. მიუგო იოანემ და თქვა: „ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას“.

(იოანე 3, 23-36)

 

იესო ტოვებს იუდეას და მიდის გალილეაში

27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებმა გაიგეს, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფენი), დატოვა მან იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო. (იოანე 4, 1-3) (უფალი გაერიდა იუდეველებს, რომლებიც ყველაფერს მის წინააღმდეგ აკეთებდნენ. იესომ ეს გააკეთა შემდეგი მიზეზების გამო: ფარისეველებს იესოსა და იოანეს მიმდევრების წაკიდება სურდათ; არ მიცა მათ დაპირისპირებისა და შურის მიზეზი; აცალა მტრებს, იქნებ გონზე მოსულიყვნენ და არ ეპაექრებოდა უმიზეზოდ, არ ეძებდა საკუთარ განდიდებას, არამედ ეძებდა იმათ, ვინც მიიღებდა ჭეშმარიტებას).

 

შეხვედრა სამარიტელ ქალთან

სამარია, სიქარი, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამრიგად, მივიდა სამარიელთა იმ ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს, იოსებს. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ექვსი საათი იქნებოდა. (ჩვენი ჟამთააღრიცხვით VI საათი - 09 საათია).

მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, „წყალი დამალევინე“, (იოანე 4, 7) ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. უთხრა მას სამარიელმა ქალმა: „როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს?“ რამეთუ იუდეველნი ვერ იტანდნენ სამარიელებს. (სამარიელები იყვნენ ასირიელების, წარმართებისა და ებრაელების ნარევი ხალხი და რჯულიც ასეთივე არეული ქონდათ. სწორეთ რჯულის უკუღმართობის გამო ვერ იტანდნენ ებრაელები სამარიელებს). მიუგო იესომ და უთხრა მას: „რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ“. ქალმა უთხრა: „ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი? ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში. უთხრა მას ქალმა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. უთხრა მას იესომ: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი“. მიუგო ქალმა და თქვა: „ქმარი არა მყავს“. იესომ უთხრა: „მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი“. უთხრა მას ქალმა: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა“. ხოლო იესომ მიუგო: „მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. მიუგო მას იესომ: „მე ვარ, შენთან მოლაპარაკე“. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებიო? (იუდეველები სამარიელებს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ. ქრისტემ წაშალა განსხვავება ეროვნებებს შორის და ყველას გაუხსნა ცხონების გზა.) ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: „მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?“ გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: „რაბი, ჭამე!“ იესომ კი მიუგო მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: „ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?“ უთხრა მათ იესომ: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში“. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. ქალს კი ეუბნებოდნენ: „შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე“. (იოანე 4, 4-42).

 

კაპერნაუმელი დიდებულის შვილის განკურნება

გალილეის კანა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.

როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.

ასე რომ იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. იყო იქ ერთი დიდებული, რომელსაც შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.

როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ: „თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ“. დიდებულმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე. უთხრა მას იესომ: „წადი, შენი ძე ცოცხალია“. ერწმუნა კაცი და წავიდა (იოანე 4, 48-50). შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს, შენი ძე ცოცხალიაო. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთა, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ (10 საათზე). მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში. (იოანე 4, 43-54).

ეს ამბები რომ ხდებოდა, ჰეროდემ შეიპყრო იოანე ნათლისმცემელი და შემდეგ სასახლის ინტრიგების გამო მახერონტის ციხე-სიმაგრეში დააპატიმრა. (მათე 14, 3-5//მარკოზი 6, 17-20//ლუკა 3, 19-20)

 

იესოს მსახურების დაწყება გალილეაში

გალილეა 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როცა გაიგო იესომ, რომ იოანე დაპატიმრებულია, წავიდა ნაზარეთიდან გალილეას და დასახლდა ზღვის პირას, კაპერნაუმში (ზაბულონისა და ნეფთალემის მიწების საზღვარზე).

იმ დროიდან დაიწყო მან ქადაგება და ამბობდა: „გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მათე 4, 17, მარკოზი 1, 15).

მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. ასწავლიდა სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ

(მათე 4, 12-17 // მარკოზი 1, 14-15// ლუკა 4, 14-15).

 

იესოს უარყოფა ნაზარეთის სინაგოგაში

ნაზარეთი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილი იყო. შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.

მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“. (ლუკა 4, 21) ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? უთხრა მათ: „ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. (ლუკა 4, 23) ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეფთაში. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნემან ასურის გარდა“. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა. (ლუკა 4, 16-30)

 

იესო მოუწოდებს სამოციქულოდ ანდიას, პეტრეს, იაკობსა და იოანეს

გალილეის ზღვა (ტბა) კაპერნაუმის მახლობლად, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გალილეის (სხვანაირად გენესარეთის ტბის) ზღვის პირას იესო შეხვდა ორ ძმას: სიმონს, რომელსაც უკვე პეტრეს ეძახდნენ და მის ძმას - ანდრიას. ისინი თევზაობდნენ, რამეთუ მეთევზეები იყვნენ და უთხრა მათ: „მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ“. (მათე 4, 19 // მარკოზი 1, 17). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქრისტესთან მივიდა უამრავი ხალხი მის მოსასმენად და უფალი ნაპირზე იდგა და ისე ასწავლიდა მათ. ორი ნავი იდგა იქვე, მეთევზეები კი ნაპირზე ბადეებს კემსავდნენ. იესო შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონს ეკუთვნოდა, ნავი ოდნავ შეაცურებინა ტბაში და იქიდან ასწავლიდა ხალხს. როცა დაამთავრა ქადაგება, უთხრა სიმონს: „ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერად“. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს“. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ. პეტრემ ანიშნა მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო (გაკვირვებისგან პეტრეს ენა დაება და ნიშნებით მოუხმო მეორე ნავში მყოფ ამხანაგებს); ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ; ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: „ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები“. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას (მათ შორის, ზებედეს ძეებმა - მამაც. როგორც ჩანს, ზებედემ არ იწამა ქრისტესი, თორემ შვილებს გაჰყვებოდა). და მისდევდეს მას. (ლუკა 5, 1-11) (უნდა აღნიშნოს, რომ იესო ანდრიას, პეტრეს და იოანეს ადრეც იცნობდა, მაგრამ ისინი მუდმივად მასთან არ იყვნენ, თავიანთი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი და იესოს დროდადრო ხვდებოდენ. 12 მოციქულის გამორჩევის შემდეგ ისინი უკვე მუდმივად მასთან იყვნენ). (მათე 4, 18-22 // მარკოზი 1, 16-20//ლუკა 5, 1-11).

 

ეშმაკეულის განკურნება კაპერნაუმის სინაგოგაში

კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როცა იესო შევიდა კაპერნაუმში, გალილეის ქალაქში, შაბათობით ასწავლიდა მათ. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: „ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო“. შერისხა იგი იესომ და თქვა: „ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან“. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე, რომ არაფერი უვნია მისთვის. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“ და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს. (მარკოზი 1, 21-28 //ლუკა 4, 31-37)

 

პეტრეს სიდედრის განკურნება

კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამის შემდეგ, შაბათ საღამოს იესომ განკურნა პეტრეს სიდედრი, რომელიც იქვე, კაპერნაუმში ცხოვრობდა. შეახო ხელი და იგი მეყვსეულად განიკურნა მხურვალებისაგან და ემსახურებოდა მათ (ქრისტეს და მის მოწაფეებს). (მათე 8, 14-15 // მარკოზი 1, 29-31 // ლუკა 4, 38-39). (უნდა შევნიშნოთ, რომ პეტრეს ოჯახი ჰყოლია. ასევე ოჯახები ჰყავდათ უმეტეს მოციქულებს).

 

ბევრი ეშმაკეულისა და ავადმყოფის მორჩენა შაბათ საღამოს კაპერნაუმში

კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იმავე საღამოს, მზის ჩასვლისას, ქალაქის მთელმა მოსახლეობამ მოიყვანა თავისი ავადმყოფები და იესომ ყველა განკურნა მხოლოდ სიტყვით და ხელის შეხებით, რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი. მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რათა ეშმაკებს არ გაემჟღავნებინათ, რომ ის არის ქრისტე. (მათე 8, 16-17// მარკოზი 1, 32-34 //ლუკა 4, 40-41). (მოსახლეობა საღამოს იმიტომ მივიდა, რომ მათი აზრით, უკვე კვირადღე იწყებოდა და ამდენად განკურნებაც შესაძლებელი იყო. უფლის ქადაგება, რა თქმა უნდა, არავის აინტერესებდა.)

 

ხარება და მსახურება გალილეაში

გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ადგა იესო მეორე დილას გარიჟრაჟზე კაპერნაუმში (კაპერნაუმი გალილეის ქალაქი იყო), განმარტოვდა უდაბურ ადგილას და ლოცულობდა ყველასთვის. პეტრე და მასთან მყოფებმა იპოვეს იგი და უთხრეს, რომ ყველანი ეძებენ მას. შეკრებილ ხალხს უნდოდა კიდევ დარჩენიყო მათთან იესო, მაგრამ უფლმა უთხრა კაპერნაუმელებს, რომ უნდა წასულიყო სხვა დასახლებულ ადგილებში, რათა ყველგან ექადაგა, რადგან ამისთვის იყო მოვლინებული.

და მოიარა იესომ გალილეა და ასწავლიდა შესაკრებლებში (სინაგოგებში) და ქადაგებდა სახარებას და განკურნავდა ყოველგვარ დაავადებას. განითქვა მისი დიდება ახლო მდებარე ოლქებში და მოსაზღვრე ქვეყნებში. (მათე 4, 23-25 // მარკოზი 1, 35-39 // ლუკა 4, 42-44).

 

კეთროვანის განკურნება

გალილეა, ერთ-ერთი ქალაქი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გალილეის ერთ-ერთ ქალაქში მას შეხვდა კეთროვანი, რომელიც მიწაზე დაემხო, თაყვანი სცა და შეევედრა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. უფალმაც გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: „მნებავს, განიწმინდე“. და მყისვე განიკურნა კეთრისაგან. იესომ უთხრა განკურნებულს: „იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად“.

(მათე 8, 2-4 // მარკოზი 1, 40-45 // ლუკა 5, 12-16). ხოლო განკურნებულმა მთელ ქვეყანას მოსდო. ისე რომ, იესო უდაბურ ადგილებში განმარტოვდებოდა ხოლმე სალოცავად და იქაც აგნებდნენ.

 

უძლურის განკურნება

კაპრნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

რამდენიმე დღის შემდეგ იესო შევიდა ნავში და წყლით მოვიდა კაპერნაუმში. როგორც კი გაიგეს მაცხოვრებლებმა, რომელ სახლშიც გაჩერდა, მაშინვე იქ მივიდნენ იმდენნი, რომ კართან მიახლოებაც არ შეიძლებოდა და იესო ასწავლიდა მათ. სხვათა შორის იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად. მოიყვანეს უძლური საკაცეთი და რადგან ვერ შეძლეს იესოსთან მიახლოვება ხალხის სიმრავლის გამო, ახადეს სახურავი და ჭერიდან ჩამოუშვეს ავადმყოფი საკაცით.

იხილა რა იესომ სარწმუნოება მათი, უთხრა დავრდომილს: „გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: „ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?“ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: „ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი? მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა“, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: „შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში“. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.

განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი აღიარებდნენ, რომ ამგვარი არასოდეს არ ენახათ, ამგვარი ძალმოსილება ადამინისა: „საოცრებანი ვიხილეთო დღეს“ (მათე 9, 1-8 // მარკოზი 2, 1-12 //ლუკა 5, 17-26). (უნდა აღინიშნოს ფარისეველთა და მწიგნობართა გულქვაობა. ხომ მრავალჯერ დაამტკიცა იესომ საქმეებით, რომ მესია იყო, მაინც არ სჯეროდათ, რადგან სხვაგვარ მესიას ელოდებოდნენ, ისეთს, რომლიც მათ რომის მმართველობისგან გაათავისუფლებდა. რადგან იესო ამგვარი არ იყო, ამიტომაც მოკლეს)

 

იესო მოუწოდებს მათეს

კაპრნაუმი, საზვერე, (საბაჟო) 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იქიდან გამოსული იესო, გავიდა ზღვის სანაპიროზე და ასწავლიდა ხალხს. სანაპიროდან წამოსულმა იხილა კაცი, რომელი იჯდა საზვერეს, მათე (ლევი, ალფეს ძე, მეზვერე, ანუ დღევანდელი მდგომარეობით მებაჟე) და უთხრა მას: „გამომყევი“. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას. გაუმართა თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და იესოს მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? მიუგო იესომ და უთხრა მათ: „კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ, თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად“. (მათე 9, 9-13 // მარკოზი 2, 13-17 // ლუკა 5, 27-32).

 

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები და ფარისევლების მოწაფეები
ეკითხებიან იესოს მარხვის შესახებ

კაპრნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იოანე ნათლისმცემლისა და ფარისეველთა მოწაფეები გაძლიერებულად მარხულობდნენ, იესოსი კი არა. მათაც პირდაპირ ვერ აკადრეს, შეპარვით კი კითხეს მიზეზი. იესომ უთხრა მათ: „განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ. უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს. არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო“. (მათე 9, 14-17 // მარკოზი 2, 18-22 // ლუკა 5, 33-39) (იესომ ეს იგავ-არაკი იმიტომ უამბო იოანე ნათლისმცემელისა და ფარისევლების მოწაფეებს, რომ აგრძნობინა, ჩემი მოწაფეები ჯერ სუსტები არიან, მკაცრ ღვაწლს ვერ იტვირთავენ, ხოლო როცა გამოიწრთობიან, მეტსაც ვანდობო. ახალი საკერებელი და ახალი ღვინო ნიშნავს ახალი აღთქმის ახალ ადამიანს თავისი ძალმოსილებით, ძველი საკერებელი და ძველი ღვინო კი ძველი აღთქმის ძველ ადამიანს, რომელიც უნდა შეიმოსოს ახალი აღთქმით და განახლდეს, რათა არ დაიღუპოს. აქვე იმასაც შენიშნავს უფალი, რომ ძველი ღვინო, ისევე როგორც გამოცდილი ადამიანი, სჯობს გამოუცდელს).