სახარების ისტორია ერისკაცთათვის
იერუსალიმის გარეუბანი, კვირა, 9 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, (რიჟრაჟზე) მოვიდნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, მარიამ იაკობისი (იაკობ მოქიულის დედა. ეს იაკობი 70-თაგანი იყო), სალომე (ზებედეს ძეთა, იაკობისა და იოანეს დედა), იოანა (ხუზის ცოლი) და სხვები მათთან ერთად ნაყიდი და გამზადებული ნელსაცხებლებით, რათა ეცხოთ იესოს სხეულისთვის. სამარხში. მათ მისვლამდე საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა (ამ დროისთვის უფალი უკვე აღმდგარი იყო, ლოდი კი მენელსაცხებლე დედებისთვის გადააგორა ანგელოზმა). სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი (რომაელი ჯარისკაცები) მკვდრებს დაემსგავსნენ (უნებური მოწმეები გახდნენ ამ დიდებული მოვლენებისა). ქალები გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? მაგრამ როცა მივიდნენ ადგილზე, დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. აქ ისტორია ორად იყოფა:
1. სხვა ქალებს გაასწრო და პირველი მივიდა მარიამ მაგდალელი. აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა ამ ქალს, რომლისგანაც ადრე გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან (იოანესთან), რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს (ანუ არ იცოდა, რომ სხვა ქალებს ანგელოზები შეხვდნენ). გამოვიდნენ პეტრე და იოანე და სამარხს მიაშურეს. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. მაშინ შევიდა შიგნით იოანეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან და იფიქრა, რომ იესოს სხეული მოეპარა ვიღაცას, რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა, მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ (პეტრემ და იოანემ ირწმუნეს მაცხოვარის აღდგომა და აღარ დაიწყეს იესოს სხეულის ძებნა). ხოლო მარიამ მაგდალელი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
2. მარიამ მაგდალელი, პეტრე და იოანე ასცდნენ დანარჩენ მენელსაცხებლე დედებს, რომელთაც მიმართა ანგელოზმა (პირველმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლოდი გადააგორა): ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. შევიდნენ სამარხში და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, მიუახლოვდათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი (ანგელოზი), ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი (პირველმა ანგელოზმა ლოდი გადააგორა და სამარხში შეყვა ქალებს, მეორე კი შემდეგ წარმოუდგა მათ და მარჯვნივ იდგა). რაკი ისინი (მენელსაცხებლე დედები) შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. და გაახსენდათ მისი სიტყვები. და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. მაშ, დაუყოვნებლივ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას როგორც გაუწყათ თქვენ. აჰა, გითხარით თქვენ, ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშით ცახცახს და ძრწოლას მოეცვა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის. გზად არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ. ისიც წავიდნენ და აუწყეს მოციქულებს და მასთან მყოფთ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. მათ კი, თუმცა გაიგეს, რთმ ცოცხალია და მენელსაცხებლე დედებმა იხილეს იგი, არ ირწმუნეს, ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები. (მათე 28, 1-10 // მარკოზი 16, 1-11 // ლუკა 24, 1-12 // იოანე 20, 1-18)
რომაელი ჯარისკაცების მოქრთამვა
იერუსალიმის გარეუბანი, კვირა, 9 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და როცა ისინი (მენელსაცხებლე დედები) წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი. და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე (მათე 28, 11-15).
აღმდგარი იესო ქრისტეს ეცხადება 2 მოწაფეს ემაუსისკენ მიმავალ გზაზე
გზად ემაუსისკენ, იერუსალიმიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, კვირა, 9 აპრილი,
30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, - სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. თუმცა ჩვენი დედაკაცებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც დედაკაცებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ
(მარკოზი 16, 12-13//ლუკა 24, 13-35).
აღმდგარი იესო ქრისტე ეცხადება მოცუქლებს, თომას გარდა (თომა იქ არ იყო)
იერუსალიმი, კვირა, 9 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა (ეს ხდებოდა იმავე კვირა დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო. 10 მოციქული კი ინახად იჯდა). ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. მაგრამ იესომ დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც იესო აღმდგარი იხილა. უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. როცა მოვიდა, დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ. (მარკოზი 16, 14 //ლუკა 24, 36-49 // იოანე 20, 19-25)
აღმდგარი იესო ქრისტეს ეცხადება 12 მოცუქლს
იერუსალიმი, კვირა, 16 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოანე 20, 26-29).
აღმდგარი იესო ქრისტეს გამოცხადება ტიბერიადის (გალილეის) ტბასთან
ტიბერიადის, გალილეის ტბა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს (იოანემ), პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? (იოანე მართლაც არ მომკვდარა. მისივე თხოვნით, ცოცხალი დამარხეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამარხი გახსნეს და იოანე იქ აღარ იყო) (იოანე 21, 1-23)
მოციქულების კურთხევა მსოფლიო ქადაგებაზე
რომელიღაც მთა გალილეაში, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ზეთისხილის მთა მთა ბეთანიასთან, ხუთშაბათი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი (აქამდე ჯვარცმის შემდეგ 40 დღის პერიოდში დროდადრო ეცხადებოდა მათ და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა). ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე. ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. როცა მოციქულები ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ 2 კაცი თეთრი სამოსით. უთხრეს: „გალილეველო კაცები რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესოა, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“. მოციქულები დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. 50-ე დღის შემდეგ კი როცა მათზე გადმოვიდა სულიწმინდა, წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ (მარკოზი 16, 19-20//ლუკა 24, 50-53//საქმე მოციქულთა 1, 1-11).
ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
(იოანე 20, 30-31; იოანე 21, 24-25)