მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა... იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, ეკრძალებოდეთ კაცთაგან...

მათე 10, 16-18

აგზავნიდა რა თავის მოციქულებს საქადაგებლად, ქრისტე მაცხოვარმა თავიდან „აღჭურვა ისინი სასწაულებით, უზრუნველყო საარსებო ნუგეშით, გაათავისუფლა ქვეყნიური საზრუნავებისაგან“ (წმ. ოქროპორი), და მხოლოდ ამის შემდგომღა იწყო მათთან საუბარი იმ უბედურებებზე, რაც ელოდათ მოღვაწეობისას და შეამზადა ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რაც მათ გადახდებოდათ შემდგომში. ეს საჭირო იყო პირველ რიგში იმისათვის, რომ მოციქულებს კიდევ ერთხელ ეცნოთ ძალა მისი წინასწარი ხედვისა; მეორედ კიდევ იმისთვის, რომ არავის ეფიქრა, თითქოს ეს უბედურებანი ხდებოდა მათი მასწავლებლის უძლურების გამო; მესამედ იმისთვის, რათა მოწაფეებს არ შეშინებოდათ უბედურებების, როგორც რაღაც მოულოდნელისა და გაუთვალისწინებლის; მეოთხედ კი იმისთვის, რომ არ შეძრწუნებულიყვნენ ისინი, როცა დადგებოდა მისი ჯვარზე წამების ჟამი, როგორც ეს დაეუფლა მოციქულებს იმ დროს, როცა უფალმა ამხილა ისინი, და უთხრა მათ: „არამედ ამას გეტყოდი თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (ინ 16,6). მოკლედ, თავის თავზე ახლა იგი ჯერ კიდევ არაფერს ამბობს, რათა არ ააფორიაქოს დროზე ადრე მათი გულები, არამედ მხოლოდ იმაზე აუწყებს, რაც მათ უნდა გადახდეთ.

და აი, რათა შეაგნებინოს, რომ მათ უნდა მიეღოთ სულიერი ბძოლის ახალი კანონი, იგი ამბობს: აჰა მე, როგორც ყოვლისშემძლე, როგორც სრულუფლებიანი მეუფე ახალი აღთქმისა, როგორც უფალი მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. „აი, - განმარტავს წმ. ოქროპირი, როგორც უნდა წახვიდეთ საქადაგებლად: გამოაჩინეთ ცხვრის სიმშვიდე, თუმცა თქვენ მგლებს უნდა შეეწინააღმდეგოთ, და არა მარტო შეეწინააღმდეგოთ, არამედ მგლებში უნდა იყოთ; იქონიეთ არა მარტო ცხვრის სიმშვიდე, არამედ მტრედის უბოროტება. მე გაჩვენებთ ჩემს სიმტკიცეს განსაკუთრებით იმაში, რომ ცხვრები სძლევენ მგლებს და იქნებიან რა მგლებს შორის და მიიღებენ რა იმათგან ურიცხვ შემოტევას, არა მარტო არ მოისპობიან, არამედ მათაც სასიკეთოთ გარდაქმნიან. და ეს მაშინ, როცა ცხვრები სულ რაღაც თორმეტნი იქნებიან. ხოლო მგლებით სავსე იქნება მთელი ქვეყანა! „მეცა წარგავლინებ თქუენ“ (ინ. 20,21) ეს საკმარისია თქვენს დასამშვიდებლად და გასამხნევებლად, რათა თქვენ არ გეშინოდეთ თქვენი მოწინააღმდეგენისა... მე შემეძლო ლომზე უფრო ძლიერად მექციეთ თქვენ... მაგრამ უმჯობესია ყველაფერი იყოს ასე, რადგან ეს თქვენ მოგიტანთ მეტ დიდებას, და იქადაგებს ჩემს ძლიერებას: რამეთუ ძალი ჩემი უძლურებისა შინა სრულ-იქმნების“ (2 კორ. 12,9).

„ამრიგად, უნდა შეგვრცხვეს, - გვამცნებს წმ. ოქროპირი, - როცა ჩვენ თავს ვესხმით მტრებს, როგორც მგლები. ვიდრე ვიმოქმედებთ როგორც ცხვრები, ვიქნებით გამარჯვებულნიც, მგლების ურიცხვი ხროვაც რომ გვესიოს გარს. ხოლო თუ მგლებივით მოვიქცევით, აუცილებლად ვიძლევით, რადგან მწყემსისგან შეწევნას მოვაკლდებით... ამას უნდა შეეძრწუნებინა მოციქულნი უფრო მეტად, რადგან მიუხედავად მათთვის მიცემული უფლებისა აღედგინათ მკვდრები, მათ მოუწევდათ საშინელი განსაცდელების გადატანა. რა იქნებოდა ამ მძიმე განსაცდელებში მათი ნუგეში? - ძალა მიმავლინებელისა: „მე წარგავლინებ თქვენ“. მაგრამ რათა ყოველივე არ გამოჩენილიყო მადლის საქმედ, რათა მათ არ ეფიქრათ, რომ გვირგვინებს მიიღებდნენ არაფრისათვის, უფალი ეუბნება: იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო ვითარცა ტრედნი. მაგრამ მოციქულებს შეეძლოთ ეთქვათ: განა ჩვენი სიბრძნე შეგვეწევა ასეთ განსაცდელებში? და შეიძლება კი იქონიოთ რაიმე სიბრძნე, ასეთ გამძვინვარებულ ტალღებში? რაც გინდა ბრძენი იყოს ცხვარი, რა შეუძლია მას მგლებში მოიმოქმედოს, და ისიც მგლების ასეთ ხროვაში? როგორც უნდა უბოროტო იყოს, ტრედი, რა უნდა ქნას მან, როცა თავს დაესხმიან უამრავი ქორები? - დიახ, პირუტყვთათვის აქ არ იქნებ არანაირი სარგებელი, თქვენთვის კი - ბევრი. როგორ სიბრძნეს ითხოვს აქ უფალი? - გველის სიბრძნეს! როგორც გველი არაფერს უფრთხლდება, როცა მის სხეულს კვეთენ ნაწილებად, გარდა თავისა, ასევე შენც, ყველაფერი მიეცი: ქონებაც, სხეულიც და თვით სულიც კი, გარდა რწმენისა, რადგან სარწმუნოება არის ყოველივეს თავი და საფუძველი; თუ შენ დაიცავ მას, კიდეც რომ დაჰკარგო ყველაფერი, ყოველივეს ისევ შეიძენ მეტი დიდებით“. - „მსგავსადვე, - გვიხსნის წმ. თეოფილაქტე, როგორც გველი იძრობს ტყავს, ძვრება ვიწრო ხვრელში და იქ ტოვებს თავის ძველ სამოსს, ასევე ჩვენც უნდა მოვიშოროთ ძველი ადამიანი, გავივლით რა ვიწრო გზას; მაგრამ როგორც გველი ერთდროულად მავნეა და ბოროტი, ქრისტე მაცხოვარი გვიბრძანებს ვიყოთ მრთელნი, ანუ უბრალონი, უბოროტონი და უვნებელნი, როგორც მტრედნი“. არაფერი სარგებელი მოაქვს სიბრძნეს, თუ იგი უბოროტებასთან არ არის შეერთებული. „ჩვენ გველის სიბრძნე გვაქვს განსაზღვრული, - ამბობს ღირსი სინკლიტიკია, რათა არ დაიფაროს ჩვენგან ბოროტის ეშმაკობა, რადგან მსგავსი ადვილად შეიცნობა მსგავსით. ხოლო მტრედის უბოროტება ჩაგვაგონებს სისუფთავეს ჩვენს საქმეებში“.

ქრისტე მაცხოვარი რა თქმა უნდა, ჩააგონებდა მოციქულებს იმას კი არა, რომ გველის ხელოვნებით ემტროთ თავიანთი მტრებისათვის, არამედ იმას, რომ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ ჩაეგდოთ თავი განსაცდელებში, რადგან მათი სიცოცხლე საჭირო იყო სხვათა გადასარჩენად. ასევე იქცეოდნენ მოციქულნიც. წმიდა პავლეს სიკვდილი ახარებდა, რათა დამკვიდრებულიყო ქრისტესთან, მაგრამ ხედავდა რა იმას, რომ მისი სიცოცხლე მორწმუნეებს ჭირდებოდა, არა ერთხელ წარმატებით დაიცვა თავი განსაცდელისაგან. ეს სიბრძნე იმისათვის იყო საჭირო, რათა პასუხი გაეცათ იმ ქვეყნის ბრძენთათვის: ასეთი პასუხის მაგალითად გამოდგება პავლე მოციქულის სიტყვა ათენელებისადმი.

„ასე რომ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ნუ ჩათვლით, რომ ეს მოთხოვნანი ძნელად შესასრულებელია. უფალმა ყველაზე უკეთ იცის საგნების ბუნება; მან იცის, რომ თავხედობა ისპობა არა თავხედობით, არამედ კრძალვითა და სიმშვიდით. წაიკითხე „საქმე მოციქულთას“ წიგნი და დაინახავ, რამდენჯერ, როცა იუდეველები აღსდგენ მოციქულების წინააღმდეგ კბილების ღრჭენითაც კი, ისინი, როგორც მტრედნი, სიმშვიდით პასუხობდნენ და ამით ახშობდნენ მათ მძვინვარებას. როცა იუდეველები ეუბნებოდნენ მათ: „არა მცნებით გამცენით თქუენ, რათა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით?“ (საქ. 5,28), მოციქულებმა, რომელთაც ჰქონდათ მიცემული ურიცხვი სასწაულების მოხდენის ძალა, არაფერი უხეში არ მიუგეს და არც მოიმოქმედეს, არამედ მთელი სიმშვიდით იცავდნენ თავს და ამბობდნენ: „უკეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა, თქუენი სმენა უფროს, ანუ ღმრთისა, საჯეთ?’’ (საქ 4,19). ხედავ, მტრედისებრ სიმშვიდეს? მაგრამ აი გველის სიბრძნეც: „რამეთუ ჩვენ ვერ ხელგუეწიფების, რომელი იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“ (საქ. 4,20). შეხედე, როგორი სიმტკიცეა ყველაფერში საჭირო, რათა უბედურების ჟამს არ მოუნდეთ და განრისხებით არ გავღიზიანდეთ, ამიტომაც ამბობს მაცხოვარი შემდეგ: ეკრძალებოდეთ კაცთაგან, ამ ქვეყნის მკვიდრთაგან, რომლებიც ვერ გიტანენ თქუენ: რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ, გცემდენ მათრახებითა და ჯოხებითა, და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყუანნენ თქუენ ჩვენთვის - და რადგანაც უფალს განზრახული ჰქონდა თავისი მოწაფეების გაგზავნა არა მარტო იუდეველებთან, არამედ წარმართებთანაც, ამიტომაც თქვა: საწამებელად მათთა და წარმართთა, ანუ ყველას სამხელად, რომელთაც არა სწამთ, რათა შემდგომ არ ეთქვათ, რომ მათ სახარება გაგონილი არ ჰქონდათ, როცა სახარების მქადაგებლებს აწამებდნენ ისინი“.