მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ... და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან...რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხოვნდეს...

მათე 10, 19-22

„შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ქრისტე მაცხოვარი ყოველ დარდსა და მწუხარებას როგორ ურთავს შესაფერის დასამშვიდებელს. მათზე, რომლებიც არ მიიღებენ, ამბობს: „უმოლხინებ იყოს ქუეყანა იგი სოდომისა და გომორისა დღესა მას საჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“. ასევე აქაც, როცა ამბობს: „წინაშე მთავართა და მეფეთა მოგიყუანნენ თქვენ“, მიუსადაგა: „ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა!“ ქრისტესათვის წამება და წარმართთა მხილებისათვის წამება, ეს არ არის ცოტა. ამით ის ამშვიდებდა, რომ ის, რომელიც ყოველივეს წინასწარ ხედავდა და აუწყებდა, იქნებოდა ყველგან მათ შორის, და რომ ისინი, დაითმენდნენ არა როგორც დამნაშავენი და ბოროტმოქმედნი“. ამათ გარდა მან სხვა ბევრიც დაურთო მათ დასამშვიდებლად: და რაჟამს, ამბობს იგი, მიგცნენ თქვენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ: რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა იგი იტყოდეთ. რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისა, რომელი იტყოდეს თქუენ შორის. მაგრამ რატომაა, რომ ის, რომელმაც თქვა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ“, პეტრე მოციქულის მეშვეობით გვიბრძანებს: „განმზადებულ იყუნეთ მარადის სიტყვის-მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა“ (1 პეტ. 3,15). ამაზე პასუხობს ნეტარი თეოფილაქტე: „როცა განზრახული გვაქვს მორწმუნეთა შორის საუბარი, ასეთ დროს ჩვენ გვმართებს ადრევე ზრუნვა და მომზადება საპასუხოდ, როგორც გვასწავლის მოციქული პავლე, მაგრამ გახელებულ ხალხთან ან მეფეებთან ურთიერთობისას, უფალი თავის ძალას გვთავაზობს, რომ ჩვენ არ შევშინდეთ“, - რათა მოციქულებს არ ეთქვათ: როგორ უნდა დავამოწმოთ ჭეშმარიტება ასეთ ვითარებაში, როცა იგი უბრძანებდა მამაცურად დაეცვათ თავი, როგორც ნათქვამია ლუკას სახარებაში: „რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე“(ლკ. 21,15), აქ მას აჰყავს ისინი წინასწარმეტყველებით ღირსებაში. ამიტომ როცა თქვა მათთვის მიცემულ ძალაზე, ამასთან ლაპარაკობს უბედურებებსა და მკვლელობაზეც: რამეთუ მიჰსცეს ურწმუნო ძმამან მორწმუნე ძმაი სიკუდილად, და ურწმუნო მამამან მისცეს მორწმუნე შვილი; და აღსდგენ ურწმუნო შვილნი მორწმუნე მამა-დედათა და მოჰკლვიდენ მათ. ასეთი ძალა ექნება თქვენს ქადაგებას, რომელიც ჩემს მიმართ ისე განაწყობს მორწმუნეებს, რომ ჩემი გულისათვის ყურადღებას აღარ მიაქცევენ თვით ბუნებას, მშობლებს, შვილებს. ამ უბედურებათაგან თქვენ ბევრი მწუხარება შეგხვდებათ: და იყუენით თქუენ მოძულებულ ყოველთაგან ამ სოფლის მოყვარეთაგან, ურწმუნოთაგან, მაგრამ თავი დაიმშვიდეთ იმით, რომ ამ სიძულვილს თქვენ მოითმენთ სახელისა ჩემისათვის. ჩვეულებრივ ხდება ხილმე, რომ ბევრი საქმეს იწყებს დიდი მონდომებით, შემდეგში კი დუნდება, მე კი ვუყურებ ბოლოს: ხოლო რომელმან დაითმინოს, ყოველგვარი სატანჯველები სრულიად, და რწმენაში შეურყეველი დარჩება, იგი სცხონდეს, იგი მიიღებს ნეტარების გვირგვინს ზეციურ სასუფეველში.

„რა სარგებელია, - ამბობს წმ. ოქროპირი, ისეთ მცენარეში, რომელიც ჯერ ყვავის, შემდეგ კი უცებ ჭკნება? მართალია, მე მოგარიდებთ თქვენ პირველ საშიშროებას, მაგრამ მე შემოგინახავთ თქვენ უფრო უარესისათვის, რომელთაც კიდევ მოყვება ახალ-ახალი და ასე შეწყდება თქვენს წინააღმდეგ ცილისწამებანი, ბოროტი განზრახვანი, და ასე იქნება სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. - როგორი დიდია იმისი ძალა, ვინც ასე ამბობდა! როგორ არ მოერიდნან ეს გაუბედავი მეთევზენი, რომლებიც არ გაშორებოდნენ თავიანთ ზღვას, როცა მოისმინეს ეს სიტყვები? როგორ არ იფიქრეს თავიანთ თავზე: სად გავიქცეთ ჩვენ? ჩვენს წინააღმდეგ არის სამართალი, ჩვენ გვეწინააღმდეგებიან მეფენი და მთავარნი, ებრაელთა სინაგოგები, ელინელნიც... შენ აღმართე ჩვენს საპირისპიროდ მთელი სამყარო. ჩვენს წინააღმდეგ აღჭურვე ქვეყნიერების მკვიდრნი... ხალხი ჩვენს გამო შეიქმნა ძმათამკვლელი, შვილებისმკვლელი და მამათმკვლელი... როგორ გვიწამებენ ჩვენ სხვები, როცა დაინახავენ, რომ ჩვენს გამო მშობლები დახოცავენ თავიანთ შვილებს, ძმები, ძმებს? განა არ დაგვიწყებენ ყველგან დევნას, როგორც ბოროტ დემონებს, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და დამღუპველთ, როცა ნახავენ მიწას, მშობლიური სისხლით გაჟღენთილს? კარგი იქნება კი ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მათ მივცემთ, როცა სახლებში უხვად იქნება მკვლელობანი? ჩვენ რომ უფრო ბევრნი ვიყოთ და არა თორმეტნი, ჩვენ რომ ვიყოთ მეფენი, გვყავდეს მხედრობა, და გვქონდეს დიდძალი სიმდიდრე, მაშინაც კი როგორ შევძლებდით ვინმეს დარწმუნებას, როცა აჩაღებენ ასეთ საშინელ ბრძოლებს?..

ასე შეეძლოთ ეფიქრათ მოციქულებს, მაგრამ მათ არ უფიქრიათ რაიმე ამის მსგავსი, არამედ უფალს მხოლოდ ეთანხმებოდნენ და ემორჩილებოდნენ, განსაკუთრებით მაკვირვებს მათში ის, - მსჯელობს წმ. ოქროპირი, რომ ისინი არ ირყეოდნენ, არ თხოულობდნენ განსაცდელებისაგან განთავისუფლებას, როცა უნდა მოეთმინათ ისინი არა ორი ან სამი წელი, არამედ მთელი ცხოვრება. თვით უფალი გვეუბნება ამას სიტყვებით „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი სცხონდეს“. მას უნდა, რომ არა მარტო გამოვლინდეს მისი ძალა, არამედ მათაც რომ ემოქმედათ, აი შეხედე: ზოგს თავად იგი ახდენს, ზოგს კი - მოწაფენი. სასწაულთა მოხდენა - ეს მისი საქმეა, ხოლო არაფრის მოხვეჭა - არის მოწაფეთა საქმე; გახსნას მათთვის ყველა სახლის კარი, - ეს არის უმაღლესი მადლის საქმე, ხოლო არაფრის მოთხოვნა, აუცილებლის გარდა - ეს არის მათი ბრძნული სიყვარულის ნაყოფი. მშვიდობის მოცემა - ეს ღვთის მადლია, ხოლო ღირსეულთა მოძიება და არა ყველასთან განურჩევლად მისვლა - ეს არის მათი თავშეკავების შედეგი. მათი დასჯა, ვინც არ მიიღებდა მოციქულთა ქადაგებას - ღვთის საქმეა, ხოლო ასეთებისაგან გარიდება მშვიდობით, გაკიცხვისა და დასჯის გარეშე - ეს არის საქმე მოციქულთა უბრალოებისა; მათთვის სულის ბოძება და საზრუნავისგან გათავისუფლება, ისიც, თუ როდის რა ეთქვათ, - ეს არის მათი მომავლინებლის საქმე, ხოლო ის, რომ უნდა ყოფილიყვნენ მსგავსი ცხვრებისა და მტრედებისა, და რომ ყოველივე უნდა დაეთმინათ სულგრძელებით, - ეს არის საქმე მათი სიმტკიცისა და კეთილგონიერებისა; ყოფილიყვნენ ყველასათვის საძულველნი, და მაინც არ გაეტეხათ გული და მოეთმინათ - ეს მათი საქმეა, ხოლო მაჭირვებელთა გადარჩენა - ეს იყო საქმე მათი მომავლინებელისა.

ნამდვილად, დიდებული საქმეა, როცა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ტბის ნაპირზე ტრიალებდა, ანდა გადასახადებს კრეფდა, შედიოდა მჯდომარე მეფეებთან, რომელთა წინაშეც წარსდგებოდნენ წარჩინებულნი და დიდებულნი შიშველი ხმლებით, და ყოველი ხალხი კი - შებორკილი, თავჩაღუნული, გახსნილი ბაგენით... მოციქულებს იმის ნებასაც კი არ აძლევდნენ, რომ დაეცვათ თავიანთი მოძღვრება, არამედ იღებდნენ მხოლოდ საწამებლად, როგორც წარმწყმედელთ ქვეყნიერებისა... ყოველივე ეს გადახდათ პეტრეს, პავლეს და დანარჩენთაც. მათ ყველგან კიცხავდნენ, როგორც აღმაშფოთებლებსა და სიახლეთა შემომტანებს, მაგრამ მათ არა მარტო უარყვეს ასეთი წარმოდგენა თავიანთ თავზე, არამედ სხვებიც კი აიძულეს სრულიად საპირისპიროდ ეფიქრათ მათზე, როგორც მხსნელებზე, მზრუნველებსა და კეთილისმოქმედებზე. და ყოველივე ეს მათ მოიმოქმედეს უდიდესი მოთმინებით. ამიტომაც ამბობს პავლე: „მარადღე მოვკუდებით“ (1 კორ. 15,31). - ასე მსჯელობს წმ. ოქროპირი მოციქულებზე.

ჩვენთვისაც, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი; „მოთმინების გარეშე არ არის გმირობანი, გმირობის გარეშე კი - სათნოებები, არ არის სულიერი ღირებულებანი და არ არის ცხონებაც, რადგან „სასუფეველი ღვთისა იიძულების“. ჩვენი ცხონების მეთავემ გადარჩენა აღუთქვა ბოლომდე დამთმენს, და არა მოუთმენელსა და განსაცდელებში გამოუცდელს. ამიტომ, ჩვენ ყველამ, თუ გვსურს ცხონება, უნდა შევიძინოთ მოთმინება და ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ იგი. დამიჯერეთ, რომ მოთმინება საჭირო იყო სამოთხეშიც კი, სადაც ხილულად თითქოს არც კი იყო რაიმე მოსათმენი. ჩვენს შორეულ დედას რომ ჰქონოდა საკმარისი მოთმინება და რომ არ ეპასუხა გამომცდელი გველისთვის, პირველივე ყალბ სიტყვაზე არ სცემოდა აკრძალული ხის ნაყოფს, შეჩერებულიყო და კარგად გაეაზრა, იყო თუ არა სახიფათო, რომ არ ერწმუნა ღვთისა, ვიდრე გველისა, შეთანხმებოდა თავის ქმარს: ცხადია, ასეთ შემთხვევაში ცოდვასაც არ ჩაიდენდა, და სიკვდილსაც აიცილებდა თავიდან, არ ეყოთ მოთმინება ჩვენს შორეულ წინაპრებს და ამიტომაც დაეცნენ და თან გაიყოლეს მთელი მომავალი მოდგმა კაცობრიობისა. როგორი ზარალი, მწუხარება და განსაცდელები დაითმინა მართალმა იობმა! და როგორ ღირსეულად და უხვად იქნა მისი მოთმინება დაჯილდოებული! როგორი სასტიკი და ხანგრძლივი დევნა-შევიწროება დაითმინა დავითმა და როგორ დიდებულად დაფასდა მოთმინება მისი!“

„ასე, რა შეიძლება წაადგეს ჩვენი ცხონების საქმეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა ვუყურებთ ამგვარ მაგალითებს, მშვიდობის ჟამსაც კი ვდუნდებით და ვეცემით? არავინ ჩვენს წინააღმდეგ არ იბრძვის, ჩვენ კი ვიგმირებით; არავინ ჩვენ არ გვდევნის, ჩვენ კი ვართ ძალ-ღონე გამოლეულნი და მოქანცულნი; ჩვენ მშვიდობიანობისას განგვისაზღვრა გადარჩენა, და ვერ ვახერხებთ ამასაც! მოციქულები მაშინაც კი, როცა იწვოდა მთელი ქვეყანა, დადიოდნენ ცეცხლის ალებში: დამწვართ ცეცხლიდან აგდებდნენ, ჩვენ კი საკუთარ თავთაც კი ვერ ვიცავთ! ყოველივე ამის შემდეგ თავს როგორღა გავიმართლებთ? როგორ მივიღებთ პატიებას? ჩვენ არ გვაშინებენ არც ჭრილობები, არც საპყრობილეები, არც ხელისუფალნი, არც სინაგოგები; რადგან ჩვენი მეფენი და ხელისუფალნი უმეტესად არიან ღვთისმოსავნი, და ქრისტიანებიც იმყოფებიან პატივსა და ღირსებაში და ტკბებიან სიმშვიდით, და ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვერ ვიმარჯვებთ... ეხლა, რომ ატყდეს ბრძოლა და ეკლესიის დევნა (რასაც ნურასოდეს ინებებს უფალი), წარმოიდგინე რამდენი იქნებოდა დამცირება, ლანძღვა-გინება; ვინ განდიდდება ბრძოლისას გმირობით, თუ იგი თავს არ შეამზადებს ამისათვის? ამიტომ შეეწინააღმდეგე შენს ვნებებს, მხნედ გადაიტანე სულიერი ტკივილები, რათა შეძლო და გადაიტანო ხორციელი სატკივრებიც. ნეტარი იობიც, კარგად რომ არ ყოფილიყო მომზადებული განსაცდელთა გმირულად გადატანისთვის, ასე არ გაბრწყინდებოდა გმირობით“. აი, რატომაა წერილში ნათქვამი: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2,1).

ასევე ამზადებდნენ თავს ღვთისმოსაობის მოშურნენი. წმ. ოქროპირის დროს, შორეულ უდაბნოში დიდხანს აწრთობდა თავს ღირსი იერაკსი... ერთხელ ხილულად მივიდნენ მასთან ეშმაკები და უთხრეს: „მოხუცო, შენ კიდევ იცოცხლებ ორმოცდაათ წელს: განა ღირს ამდენი მოთმინება ამ უკაცრიელ უდაბნოში? წადი აქედან”. ამაზე მოხუცმა უპასუხა: „დიდად სწყენია, რომ ასე ცოტა დამრჩა სიცოცხლე დედამიწაზე, მე კი ვემზადებოდი კიდევ ორას წელს მოთმინებისათვის“. მოხუცი ბერის ამ სიტყვებზე ეშმაკები გაუჩინარდნენ. ეს ნიშნავს, რომ წმიდა მოღვაწეს განზრახული ჰქონდა მოეთმინა ყოველგვარი გასაჭირი, მეუდაბნური ცხოვრების ყველა სიმძიმენი სიცოცხლის ბოლომდე. ჩანს, მტკიცედ ახსოვდა მას მაცხოვრის სიტყვები: „მოთმინებითა თქვენითა, მოიპოვნეთ სულნი თქუენნი; რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსხონდეს“.