იესო ქრისტე მოციქულებს არ უმალავდა იმ საშიშროებას, რაც მათ ელოდათ მომავალში, მაგრამ ამასთანავე ამხნევებდა კიდეც ღვთის განგებულების მტკიცე იმედით; იგი უკრძალავდა მათ არსებობისათვის საჭირო საზრუნავებსაც კი, და ამავე დროს ეუბნებოდა, რომ მათთვის ყოველ ქალაქში, ყველგან მოინახებოდა ისეთი სახლი, სადაც მათ მიიღებდნენ და მოასვენებდნენ სიყვარულით; იგი ეუბნებოდა მათ ხალხის სიძულვილზე, რომელიც მათ თან დაყვება ყოველთვის, მაგრამ ამასთან ანუგეშებდა, რომ ზეციური მამის ნების გარეშე თმაც კი არ ჩამოუვარდებოდათ თავიდან. აგზავნიდა რა საქადაგებლად იუდეასა და გალილიის ქალაქებში, იგი აფრთხილებდა მათ, რომ ბევრი ეყოლებოდათ მტერი, რომელთაგანაც უნდა დაეცვათ თავი, და რამდენადაც იქნებოდა შესაძლებელი, წმიდად უნდა გაფრთხილებოდნენ თავიანთ ერთგულებას უფლისადმი. თავად მან, ერთ დროს, ჩვილობისას, ინება იროდისგან დამალვა ეგვიპტეში; იგივეს ეხლა ამცნებს თავის მოწაფეებს: რაჟამს გჰსდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად, ვინც ცხადად და საჭიროების გარეშე ვარდება განსაცდელში, იგი ხდება მიზეზი თავისი მდევნელების განსჯისა, რადგან ცოდვამდე მიჰყავს ისინი; ეს საქმე სიამაყისგანაა, ამიტომ ეშმაკისა არის. ასეთი შემთხვევისას გაიქეცით, იმიტომ კი არა, რომ მტრებს შეუშინდით, არამედ იმისათვის, რომ შეიბრალოთ თვით მტრებიც კი, და კიდევ, რათა სხვები, რომლებიც მზად არიან მიიღონ თქვენი ქადაგება, არ დატოვოთ ცხონების გარეშე, თუ კი თქვენ დაიღუპებით. მაგრამ ძალიან შორს ნუ გაიქცევით, არამედ ერთი ქალაქიდან მეორეში, უახლოესში, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი, რომელშიც არ ვიქნებით. - რათა არ თქვან: თუ მდევნელებს გავექცევით, ისინი დევნას დაგვიწყებენ სხვაგან; - უფალი ეუბნება მათ: ამინ გეტყვი თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაელისა, ვერ მოასწრებთ ეხლა, პალესტინის ქალაქების მოვლას, ვიდრემდის ძე კაცისა მოვიდეს, რომ მე უკვე მოვალ თქვენთან, „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, მან არ თქვა: მე მოგარიდებთ თქვენ დევნასა და შევიწროვებას, არამედ აღუთქვა მხოლოდ თვითონ მისვლა, მისი დანახვა კი მათთვის დიდი ნუგეში იქნებოდა“.
მოწაფეებს ელოდა ხალხისაგან ბოროტი სიტყვა და ყოველგვარი წყენა, და აი უფალი ამშვიდებს მათ საკუთარი მაგალითით: არა არს მოწაფე - ვიდრე ის მოწაფეა, - უფროს მოძღურისა თვისისა, არცა მონა, ვიდრე ის მონად რჩება, - უფროს უფლისა თვისისა; ამიტომ თქვენ არა ხართ ჩემზე, როგორც მასწავლებელსა და უფალზე მეტნი. კმა არს მოწაფისა მის, უკეთუ იყოს ვითარცა მოძღუარი თვისი - თქვენთვისაც, ჩემი მოწაფეებისთვისაც, დაე ნუგეშად იქცეს ის, რომ თქვენც ისევე გაძევებენ და გლანძღავენ, როგორც მე, თქვენს მასწავლებელს; თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რომ თქვენ ამაში მემსგავსებით. უკეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროს, ასეთი სახელით განა უფრო ადრე არ უწოდებდნენ სახლეულთა მისთა? ამიტომ ნუ გაიკვირვებთ, რომ მე წინასწარ გამცნებთ თქვენ ამდენ დარდებსა და ხალხის ბოროტ ზრახვებს. ასეთი და უფრო მეტი მწუხარებანი მელის მე, თქვენს უფალსა და მასწავლებელს, - „შეხედე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორ თანდათან აცხადებს თავის თავზე, რომ იგი არის უფალი და ღმერთი, და შემოქმედი“. უნდა შევნიშნოთ, რომ მან არ თქვა: „მონები“ არამედ „სახლეულთა“, რითაც აჩვენებს განსაკუთრებულს, თითქოს ნათესაურ სიახლოვესაც კი მოციქულებთან, როგორცა თქვა სხვა დროს: „არღარა გეტყვით თქვუენ მონად... თქვუენ მეგობარნი ჩემნი ხართ“ (ინ. 15, 14-15), და უბრალოდ კი არ თქვა; ცუდს ამბობდნენ ჩემზე, არამედ აღნიშნა კიდეც, თუ ცუდს როგორ ამბობდნენ: „ბელზებულით ჰხადოდეს“.
მახარებლები არ გვეუბნებიან ჩვენ, სად მოხდა ეს: წმიდა მათე მხოლოდ იმას წერს, რომ იუდეველთა თქმით თითქოს ქრისტე ბოროტებს განდევნიდა ბელზებულის ძალით, ეშმაკების მთავრით, მაგრამ თვით მაცხოვრის დამოწმებიდან ჩანს, რომ მტრები არ ერიდებოდნენ მის აუგად ხსენებას ეშმაკების მთავრის სახელითაც. ებრაელებს ჰქონდათ ორი მიმსგავსებული სიტყვა: „ბელზებული“, რაც ნიშნავს „ღმერთი ბუზებისა“, ეს იყო ფილისტიმელთა კერპი და მეორე გაგება: ბელზებულისა ნიშნავდა „არაწმიდების მთავარს“, ან „სახლის უფალს“. ამიტომაც ებრაელნი საძულველ ფილისტიმელთა კერპის სახელს უწოდებდნენ სატანას, როგორც უწმიდურ სულთა მთავარს. როგორც მეუფეს სიბნელისა, ბოროტებისა, ცოდვისა. როგორც ჯოჯოხეთის მთავრისა, ამავე სახელით, მათი ბოროტება კადნიერდებოდა აუგად ეხსენებინა სახელი წმიდათა შორის უწმიდესი უფლისა! და აი, მან მოციქულთა დასამშვიდებლად, მიუთითა ამ სალანძღავზე: თქვენს სანუგეშოდ საკმარისია ისიც, რომ მე, თქვენს მასწავლებელსა და უფალს, მელის თქვენი მსგავსი ყვედრება და შეურაცხყოფა.
ნუ უკუე გეშინინ მათგან: ნუ შეუშინდებით მათ, რომლებიც გაძაგებენ და დაგცინიან თქვენ: მოიცადეთ ცოტა, და ყველანი გიწოდებენ ქვეყნიერების მხსნელებსა და კეთილისმყოფელებს. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჰსჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოჰსცხადნეს. დრო ყოველ დაფარულს გამოაჩენს; იგი ამხელს მტრების ცილისწამებასაც, და თქვენს სათნოებებსაც გააცხადებს. თუ თქვენ სინამდვილეში იქნებით მანათობელნი და კეთილისმოქმედნი, მაშინ ხალხი არ მიაქცევს ყურადღებას იმას, თუ რას იტყვიან თქვენი მტრები, არამედ შეხედავენ თქვენს ჭეშმარიტ საქმეებს. მაშინ ცილისმწამებლებად გამოჩნდებიან ისინი. ამიტომ ცხონების სიტყვა აუწყეთ ხალხს გაბედულად. რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, რასაც ეხლა მე მარტო თქვენ გეუბნებით ფარულად, თქუენ ჰსთქუთ ნათელსა შინა, იტყვით ყველას წინაშე, და რომელი ყურთა გესმა, რაც ეხლა ჩემგან გესმით როგორც საიდუმლო, მასზე ჰქადაგებდით ერდოთა ზედა. განცხადებულად, თამამად და ხმამაღლა, შემაღლებულ ადგილებზე, რათა ყველამ მოგისმინოთ თქვენ. „ერთ, ორ ან სამ ქალაქს კი არა, მთელ ქვეყანას უქადაგებთ, ეტყვით მეფეებსა და ხალხებს. ბრძენთა და მჭერმეტყველებს. ცხადია როცა იგი ამას ეუბნებოდა მათ, არ იყო სიბნელე, და იგი არ ეჩურჩულებოდა მათ ყურში; მათ თავის სიტყვაში მიმართა ერთგვარ გაზვიადებას, რათა სიტყვას შესძინოს მეტი ძლიერება. ეხლა იგი მათ ახლოს ესაუბრებოდა, პირისპირ განმარტოებით, პალესტინის ერთ პატარა კუთხეში. სიტყვებით: „ბნელსა შინა“ და „ყურთა გესმა“, სურდა ეჩვენებინა განსხვავება ეხლანდელ საუბარსა და იმ თამამ ქადაგებას შორის, რომელიც მათ მისგან ჰქონდათ მიღებული“, მაგრამ ასეთ გაბედულ ქადაგებას ახლდა მეტი საფრთხე, ამიტომ უფალი ასწავლის მოციქულებს მოიძულონ თვით სიკვდილი: და ნუ გეშინინ მათგან რომელთა მოჰსწყვდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელმწიფების მოკლუად, ამისთვის ქადაგებას ნუ მიატოვებთ.
„ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მათ აყენებს არა მარტო საზრუნავებზე, ბოროტ ზრახვებზე, საშიშროებებსა და ცილისწამებაზე უფრო მაღლა, არამედ არწმუნებს შეიძულონ ის, რაც ყველაზე საშინელია, შეიძულონ თვით სიკვდილი, არა უბრალოდ სიკვდილი, არამედ იძულებითი სიკვდილი. ეს თქვენ მოგაკვდინებენ, მაგრამ ვერ დაღუპავენ იმას, რაც თქვენშია საუკეთესო, რაც არ უნდა მონდომებით ეცადონ. ამიტომაც არ თქვა მან: „რომელნიც არ კლავენ“, არამედ „ვერ ხელეწიფების მოკლუად“. რადგან, თუმცა მათ სურთ ეს, მაგრამ ვერ შესძლებენ!“ ასე, რომ თუ თქვენ გეშინიათ ტანჯვისა, მაშინ გეშინოდეთ უფრო საშინელი სატანჯველისა; არამედ გეშინოდენ მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეენისა შინა. გეშინოდეთ იმისა, ვინც მოგთხოვთ ყველაფრისათვის პასუხს, რაც მისგან დავალებული გაქვთ და ვისაც აქვს ძალა-უფლება დასჯისა არა მარტო აქ, არამედ მომავალ ცხოვრებაშიც. ხალხის წინაშე შიში, ღვთის წინაშე შიშად წარმოისახეთ. დროებითი სიკვდილი, ყველასათვის რომ გარდუვალია, არაფერია საუკუნო სიკვდილთან შედარებით, სატანჯველები რომ ახლავს ცეცხლში.
ამ მოკლე სიტყვებში უფალი განამტკიცებს მოწაფეებს სულის უკვდავების სწავლაში, რათა იმ დროს, როცა მოაკვდინებენ და განგმირავენ მათ, არ ეფიქრათ, რომ ყოველივეს ითმენენ იმისათვის, რომ მიტოვებული არიან, ამიტომ უფალმა ღვთის განგებულებაზე დაიწყო საუბარი: გახსოვდეთ, რომ ღვთის განგებულება განივრცობა თვით უმნიშვნელო საგნებზედაც კი: ანუ არა ორი მაგალითად სირი ასარის განისყიდებისა? განა არ იყიდება ორი პატარა ფრინველი, ორი ბეღურა ან გვრიტი, არც ერთი მათგანი არ ხვდება დაგებულ ბადეში, ან არ ჩამოვარდება მიწაზე მკვდარი, თვინიერ მამისა თქუენისა ზეციური მამის ნების ან დაშვების გარეშე. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. „თუ მან იცის ყველაფერი რაც გხვდებათ და შეუძლია თქვენი დაცვა, რაც მას სურს, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაშინ როგორ სატანჯველებშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, არ იფიქროთ, რომ ღვთისგან ხართ მიტოვებულნი. მას ის კი არ უნდა, რომ თქვენ აგარიდოთ უბედურება, არამედ სურს შეგაზაროთ უბედურებანი. ამაში მდგომარეობს სწორედ საკუთრივ უბედურებათაგან ხსნა“. ასე, რომ ნუ გეშინინ: რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ, ღმერთმა ყოველი წვრილმანი იცის, რაც თქვენითაა დაკავშირებული, და თუ იგი არ დაუშვებს თქვენზე რაიმეს, სხვა ვერავინ შეგეხებათ. თქვენი თმებიც კი ჩემთან არიან აღრიცხულნი: ნუთუ მე მიგატოვებთ თქვენ, რომელნიც ასე მიყვარხართ?
ასე ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - იმიტომ კი არა, რომ თითქოს უფალი მართლა აღრიცხავს ჩვენს თმებს, არამედ იმისათვისაც, რათა დაგვანახოს ღმერთის ყოვლისმხედველობა და მისი დიდი ზრუნვა ადამიანებისათვის. და მართალია პირდაპირ არ ამბობს, რომ იგი არის ის, რომელსაც შეუძლია დაღუპოს სული და სხეული, მაგრამ ნათქვამიდან ცხადად ჩანს, რომ იგი არის მსაჯული. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილისა, რამეთუ ჩვენ სიცოცხლისათვის უკეთესები აღვსდგებით.