მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

მკაცრი განაჩენი მოუნანიებელ ქალაქებზე. დიდება მამა ღმერთისა

მათე 11, 20-26

მოწყალების უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა გალილეაში, განსაკუთრებით გალილეის ტბის მიდამოებში, ზღვისპირა ქალაქებში: ხორაზინში, ბეთსაიდასა და კაპერნაუმში. და მიუხედავად „სასწაულთა ზღვისა, მიუხედავად მისი ღვთაებრივი სწავლების საკვირველი ძალისა, რომელსაც შეეძლო განეახლებინა ადამიანთა გულები, უხუცესთა, მწიგნობართა, და ფარისეველთა გულები, ხალხის წინამძღოლებად რომ იყვნენ დადგენილნი, რჩებოდნენ გაავებულები: ისინი თავიანთ ურწმუნოებაში უდრეკნი იყვნენ... და აი უფალმა იწყო მათი ყვედრება, დაიწყო იმის „დატირება, როგორც გამოთქვამს წმ. ოქროპირი, რაც მუქარაზე უფრო მეტი იყო“.

მაშინ, ამბობს წმინდა მათე, იწყო იესო ყუედრებად ქალაქებისა მის, საყვედური მათი, წუხილი იმ ქალაქებზე, სადა იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი - სასწაულები - მისნი, რამეთუ არა შეინანეს. ვაი შენდა ხორაზინ! და ვაი შენდა... ბეთსაიდა! რამეთუ ტვიროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, თუკი ამ წარმართულ ქალაქებშიც კი, სადაც კერპთაყვანისცემა იყო გამეფებული, მოხდებოდა სასწაულები, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. „ტვიროსისა და სიდონის მკვიდრებმა დაარღვიეს მხოლოდ ბუნებითი სჯული, მხოლოდ ის კანონი, რომელიც შემოქმედმა ჩადო ბუნებაში, ადამიანის სინდისში, თქვენ კი ამის გარდა დაარღვიეთ კიდევ ის მცნება, რომელიც ღვთისგან მოგეცათ მოსეს გზით. მათ არ უხილავთ ჩემი სასწაულები, თქვენ კი იხილეთ და მხოლოდ შეურაცხყავით ისინი“ (ნეტარი თეოფილაქტე). ხოლო გეტყვი თქუენ: რამეთ ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ჩემს მიერ ქვეყნიერების განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ. - ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე ამაღლდები, შენ, რომელიც ასე ამაღლებული ხარ სიმდიდრითა და ხალხის სიმრავლით, და რომელიც ახლა უფრო იმით განიდიდე, რომ მე ჩემს სამკვიდრებლად გამოგირჩიე და უამრავი სასწაულის მოწმე გაგხადე, შენ უმადურად მოეკიდე ღვთის ამდენ მოწყალებას, შენი ურწმუნოებისა და სისასტიკის გამო. - არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰხდე, დაიქცევი, დაირღვევი და განადგურდები! რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, ამ გახრწნილ ქალაქშიც კი რომ გამოვლენილიყო ღვთის ყოვლისშემძლეობის ძალა, რომელნი იქმნეს შენს შორის, ჰგიანმცა დღეინდელად დღემდე - ქალაქი დღემდე დარჩებოდა უვნებელი. შენ კი გყავდა ასეთი მკვიდრი და არ ისურვე მიგეღო მისგან სარგებელი! ხოლო გეტყვი თქუენ, კაპერნაუმში მცხოვრებთ, რამეთუ ქუეყანა იგი სოდომისა უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ, უბედურო ქალაქო!

ო, როგორ საოცრად აღსრულდა უფლის ეს მკაცრი სიტყვები მის მიერ განსჯილ ქალაქებზე. არ გასულა 40 წელიც კი ამ მეტად მკაცრი, ღვთაებრივი განაჩენიდან, რომ ყველა ეს ქალაქი სრულიად დაინგრა, რომაელთა მიერ იქნა განადგურებული. და ახლაც კი, მოგზაურნი კამათობენ, თუ რომელ ადგილზე რომელი ქალაქი იდგა. სხვათა შორის, ამ ქალაქების მკვიდრნი, როგორც შენიშნავს წმ. ოქროპირი, ბუნებით არ იყვნენ ბოროტები: ბეთსაიდიდან გამოვიდა ხუთი მოციქული: პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე და ფილიპე; ე.ი. ღვთის სასუფეველი, ქრისტეს მადლი ახლოს იდგა ამ ქალაქების მოქალაქეებთან, და მათ მაინც მოირიდეს იგი, და ამან კიდევ უფრო გაზარდა მათი დანაშაული... ისინი გახდნენ, - ოქროპირის თქმით, „ყველაზე უარესები არა მარტო თანამედროვეთა შორის, არამედ იმ ბოროტ ადამიანთა შორისაც კი, ვინც კი საერთოდ ყოფილა ქვეყანაზე“, - სოდომელებზე უარესებადაც იქცნენ ისინი. ადრე, მათი მხილებისას, უფალი მიუთითებდა ნინეველებზე და სავსაკის დედოფალზე, რომელთაც გამოაჩინეს კეთილი მოქმედების მაგალითი, ახლა კი განიკითხავს მათ, უწოდებს რა უდიდეს ცოდვილთ, რაც უფრო საშიშია.

„ყურად ვიღოთ ეს ჩვენც, - გვამცნებს წმ. ოქროპირი, რადგან მაცხოვარმა მარტო ურწმუნოებს კი არ განუსაზღვრა სასჯელი, არამედ ჩვენც განგვიმზადა იგი და უფრო მკაცრი, ვიდრე სოდომელებისა, თუკი ჩვენ არ შევასრულებთ მის მცნებებს“. ჩვენც გვეუბნება ქრისტე - თავისი წმიდა სახარებითა და ეკლესიის მასწავლებელთა და წმიდა სულებზე მადლიანი ზემოქმედებით; არც ჩვენთანაა იმაზე ნაკლებ ახლოს, ვიდრე იყო კაპერნაუმელებთან, ვისთანაც ცხოვრობდა იგი, რადგან ჩვენ გვითხრა მან: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ“ (მთ. 28,29). გვეშინოდეს ცოდვებისა, რომელთა გამოც მან კაპერნაუმის მკვიდრნი ჯოჯოხეთამდეც კი გაასამართლა. ერთხელ ღირსი მამა მაკარი დიდი შეეკითხა გარდაცვლილი კერპთმსახურის თავის ქალას: „არის იმაზე უფრო მწარე სატანჯველი, რაც კერპთაყვანისმცემლებს აქვთ მისჯილი?“ - და უპასუხა მას თავის ქალამ: „ჩვენ, რომელთაც არ გვიხილავს ჭეშმარიტი ღმერთი, მცირედ განვიცდით ჩვენზე მის მოწყალებას, მაგრამ ჩვენს ქვევით, ქვესკნელში, უფრო მძიმე და გამოუთქმელი ტკივილებით იტანჯებიან ისინი, რომელთაც იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ განეშორნენ მას და არ დაიცვეს მისი მცნებები“. ასე, „რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისა, და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად“ (ლკ. 12,47).

წმ. მახარებელი ლუკა წერს, რომ ამ დროს უფალთან დაბრუნდა სამოცდაათი მოციქული, რომელთაც სიხარულით აუწყეს, რომ ეშმაკებიც კი ემორჩილებოდნენ მისი სახელით. ეს იყო სატანის მეფობაზე გამარჯვების დასაწყისი, და აი იგი ხარობდა სულით, როგორც ამბობს წმ. ლუკა, და სურდა იმავე დროს, რომ თავისი მოწაფენი დაეცვა თვითდაჯერებისა და საკუთარ თავზე წარმოდგენისაგან, ამიტომ მიმართა თავის ზეციურ მამას ლოცვა-ვედრებით, საიდანაც მოწაფეებმა ცხადად დაინახეს, რომ მათი გამარჯვება ბოროტ სულებზე მოხდა მხოლოდ ღვთის ძალით, რომელმაც გაუცხადა მათ თავისი სასუფევლის საიდუმლო.

მას ჟამსა შინა, წერს წმ. მათე, იტყოდა იესო და ჰსთქუა: აღგიარებ, გმადლობ, შენ მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო! რამეთუ დაჰფარე ესე, ეს უდიდესი საიდუმლო ადამიანის ცხონების ღვთიური განგებულებისა კაცთაგან, დაფარე იგი ბრძენთაგან და მეცნიერთა, ყველა იმათგან, რომელნიც თავიანთ თავს თვლიან ბრძენად და გონიერად, თუმცა მათი სიბრძნე ამ ქვეყნისაა და ყალბია, - ამ მწიგნობრებისა და ფარისევლებისაგან, და გამოუცხადე ესე ჩვილთა, ამ უბრალო მეთევზეების სულებს, რომელნიც ბავშვური მიამიტობით მიენდვნენ შენს ღვთიურ მოწოდებას! ისინი არ ბრძნობენ თავიანთებურად; მოციქულები უყურებენ შენი სასწაულების სიდიადეს და კეთილი გულებით წვდებიან სიღრმეს ღვთაებრივი მოძღვრებისა, რომელსაც მე ვაუწყებ მათ, და ისინიც სიხარულით ტოვებენ ყველაფერს და მე მომყვებიან. მათ არ აშფოთებთ ის, რომ მესია, რომელსაც მოელოდნენ როგორც დიდებულ მეფეს, ასე დამდაბლებული მოევლინა. მართალია, ისინი ჯერ ჩვილნი არიან, მაგრამ შენი მადლი, მამაო ჩემო, გაზრდის მათ და აქცევს სრულ მამაკაცად. ამ ქვეყნის ბრძენთ უცნაურად მოეჩვენებათ, რომ მათ არ გაეხსნათ საიდუმლონი ღვთის სასუფევლისა, მაგრამ თვით საქმე აჩვენებს და მთელი ქვეყანა შეიგნებს, რომ ეს შენ მოახდინე ბრძნულად. ჰე, მამაო! რამეთუ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე, ასეთი იყო შენი კეთილი ნება, შენთვის ასე სჯობდა, ყოვლადბრძენო, რომელი ყოველივეს სიკეთისაკენ წარმართავ, ხშირად იმ გზებითაც, რაც ქვეყნისათვის მიუღწეველია!..

სიტყვა „დაჰფარე“, - ამბობს წმ. ოქროპირი, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი იყო მიზეზი ამ დაფარვისა, არამედ იგივე მნიშვნელობითაა ნათქვამი, როგორითაც პავლემ თქვა: „მიჰსცენა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა“ (რომ. 1,28). მათი აზროვნების სიბნელე, არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ამას ახდენდეს ღმერთი, არამედ ეს იმ ხალხისგანაა, რომელთაც ჰქონდათ ამისი მიზეზი. რატომ დაჰფარა მათგან იგი? მისმინე, რას ამბობს ამაზე პავლე: „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად, და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“ (რომ. 10,3). ასე, ნუთუ ქრისტე ხარობს სხვათა დაღუპვით და მათაც, რომ მათ ეს არ იცოდნენ? არანაირად, მაგრამ საუკეთესო გზა ცხონებისა მდგომარეობს იმაში, რომ მათ, რომელთაც სძულთ შეთავაზებული სწავლა და არ სურთ მისი მიღება - ძალა არ დაატანოს, რადგან თუ შეიძულეს სწავლება, თვით მათი განდგომით მათშივე გააჩინოს გლოვა“.

„ღმერთმა დაჰფარა დიდი საიდუმლონი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, მათგან, რომელთაც თავი მიაჩნდათ ბრძნად იმიტომ კი არა, რომ არ სურდა მათთვის ამისი გაცხადება, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამისათვის უღირსნი გახდნენ, რადგან გონიერებად მიაჩნდათ თავი. რამეთუ, ვინც თავს გონიერად თვლის და ეყრდნობა საკუთარ გონებას, იგი უკვე აღარ ევედრება ღმერთს. ხოლო ვინც არ ევედრება ღმერთს, ღმერთიც არ ეხმარება ასეთს და არც უხსნის დაფარულ საიდუმლოს. ამასთან, ღმერთი ისედაც ბევრს არ უცხადებს თავის საიდუმლოს, უმეტესად კაცთმოყვარებისა გამო, რათა მათ დიდი სასჯელი არ დაიმსახურონ იმის მოუფრთხილებლობისათვის, რაც ცნობილი გახდა მათთვის“. ბრძენსაც შეუძლია ჩაწვდეს ღვთის საიდუმლოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის წინაშე თავს დაიმდაბლებს, როგორც ჩვილი ბავშვი, თავის გონებას მოსდრეკს სარწმუნოების მორჩილებაში და გულს განიწმენდს ბოროტი ვნებებისაგან, უმეტესად კი სიამაყისა და ეჭვისაგან. „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს“ (სიბრ. 1,4). მხოლოდ გულით წმიდანი იხილავენ ღმერთს. „ღმერთი სიყვარული არს“ (ინ. 4,8). ამიტომაც იგი შეიცნობა, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, არა გონებით, არამედ გულით, - სიყვარულით; „რომელსაც არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი“ (1 ინ. 4,8), - ამბობს უფლის საყვარელი მოწაფე იოანე, რომელსაც მოციქულთა შორის გამორჩევით ეწოდა ღვთისმეტყველი, რადგან როგორც სიყვარულის მოწაფემ, ყველაზე მეტად შეაღწია ღვთის საიდუმლოთა სიღრმეში.

„რატომღა მადლობს უფალი მამა ღმერთს, - კითხულობს წმ. ოქროპირი, როცა მან თავად შექმნა ეს? მას სურს ამით გვიჩვენოს, რომ ფარისევლები მარტო მას კი არ ჩამოშორდნენ, არამედ მამასაც, ყოველივე ამაში მას სურს დაგვანახოს თავისი ნება და ნება მამისა: თავისი, როცა მადლობს და მომხდარით ხარობს; მამისა, როცა აჩვენებს, რომ მამამ ეს იმიტომ კი არ მოიმოქმედა, რომ ლოცვით გამოსთხოვეს, არამედ თავად ისურვა ასე. - შემდეგ კი უფალი გვასწავლის იმასაც, რომ სიამაყეს განვეშორნეთ და მოშურნენი უბრალოებაში ვიყოთ. ამიტომაც წერს პავლე: „უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმნენინ, რათა იყოს იგი ბრძენ“ (1 კორ. 3,18). ასე იხსნება ღვთის მადლი!“