მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფალი მოციქულებს უცხადებს თავის ღვთაებრიობას და მოუწოდებს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთ

მათე 11, 27-30

მოციქულები ხარობდნენ ბავშვური სიხარულით, რომ ეშმაკები ემორჩილებოდნენ მათ უფლის სახელით, უფალმა მადლობა შესწირა ზეციურ მამას, რომელმაც თავისი მაცხონებელი განგებულება გაუცხადა გულღია ჩვილებს. მაგრამ, რათა არ ეფიქრათ, რომ მას თავად არ გააჩნდა იგივე ძალა და უფლება, რაც ჰქონდა მამას, უფალმა პირდაპირ და ცხადად უთხრა მათ: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, ისე კი არა, რომ თითქოს აქამდე არ მქონდა იგი, არამედ ისე, რომ მე და ჩემს მამას ერთი უფლება გვაქვს.

„ნუ იფიქრებ, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, - რომ მას ყოველივე მიეცა, როგორც მონას, - პირიქით, როგორც შვილს. იგი რომ მამასთან ერთად ერთი ბუნებისა არ ყოფილიყო, მაშინ არც გადაეცემოდა მას ყოველი. შეხედე, ამბობს: „ყოველივე მომეცა მე“ - არა უფლისაგან, არამედ „მამისა ჩემისა მიერ“; ანუ როგორც მშვენიერი ბავშვი, ასევე მშვენიერი მშობლისგან იშვა, ამბობს: მშვენიერება მოცემული მაქვს ჩემი მამისაგან, ასევე უნდა იქნას გაგებული ქრისტეს სიტყვები“. წმ. ათანასი ალექსანდრიელი განმარტავს: „მე მომეცა ადამიანი როგორც მკურნალს, რათა ვუმკურნალო გველისაგან მიყენებულ მის ჭრილობას; მომეცა როგორც ცხოვრებას, რათა აღვადგინო იგი მკვდრეთით; მომეცა, როგორც სინათლეს, რათა განვანათლო მისი სიბნელე“. „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (ინ. 16,15). ქრისტე ასე ამბობს ღვთის განგებულების შესაბამისად, რათა პატივი მიაგოს მამას“ (ე.ზიგაბენი).

უფალი თითქოს ასე გვეუბნება: რა არის გასაკვირი აქ, რომ მე ვარ ყოველივეს მეუფე და უფალი? მე მაქვს კიდევ უფრო მეტი. ხალხი შეიძლება დაბრკოლდეს ჩემი უბრალო შესახედაობით, შეიძლება არც კი დამიჯერონ, რადგან ისინი არ მიცნობენ მე. და არავინ იცის ძე, შექმნილ არსებათაგან არავინ, არც ადამიანებმა და არც ანგელოზებმა არ იციან, ვინ არის თავად იგი, თავის ღვთაებრივ არსში, ძე, გარნა მამამან, ეს იცის მხოლოდ ერთმა ჩემმა მამამ, ჩემმა თანაარსმა; და ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე შეურაცხვყოფ ღმერთს, როცა ვუწოდებ თავს ღვთის ძეს, მის თანაარს, თვითონ არ იცნობენ მამაჩემს: არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან - მამა, რომელიც მიუახლებელ ნათელში ცხოვრობს; ვერავის ძალუძს მთლიანად ჩაწვდეს მას და შეიცნოს, გარდა ძისა, მარადისობიდან რომ არსებობს მამის სამყოფელში. არავის აქვს მამაზე იმდენი ცოდნა, რამდენიც აქვს ძეს.

წმ. კირილე ალექსანდრიელი ასე განმარტავს უფლის სიტყვებს: „ჩვენ გაგვაჩნია თანაბარი ცოდნა: მე ვიცი მამა, მამის მცოდნემ, და მამა მიცნობს მე, ჩემი მცნობელი. ყოველი ქმნილება მოკლებულია ასეთ ცოდნას, რადგან როგორ შეუძლიათ მათ, რომელნიც ჩვენი არსების თანამონაწილენი არ არიან, მონაწილეობა მიიღონ ამ ცოდნაში? მოკლედ, ზოგიერთები ღებულობენ რაღაც სუსტ ჭვრეტას, რადგან მე, რამდენადაც შესაძლებელია, ვუხსნი მას, ვინც მე მსურს, ცოდნას მამაზე“. „ხედავ, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, მამასა და ძეს აქვთ ერთი ძალა, რადგან გვიხსნის მამაცა და ძეც. ასე გვაჩვენა მან თავისი სრული თანასწორობა მამასთან“. „უფალი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - არ გულისხმობს აქ ვიღაც გამოუცნობ ღმერთს, რომელმაც არავის გაუცხადა თავი, არამედ დაფარული სახით აჩვენებს შეუძლებლობას მისი სრული შეცნობისა, რადგან ჩვენ ძესაც არ ვიცნობთ ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ. ამაზე ცხადად ამბობს პავლე: „რამეთუ მცირე რაიმე ვიცით და მცირედ-რაიმე ვწინასწარმეტყველებთ“ (1 კორ. 13,9). შენიშნე ისიც, რომ როცა იგი ამბობს ამას: როდესაც ისინი დარწმუნდნენ საქმეებით მის ძალაში, როცა არასასწაულმოქმედნიც კი მხოლოდ უყურებდნენ მას, თავადაც მისი სახელით ახდენდნენ მსგავს სასწაულებს. შემდეგ, როცა ამბობს: „გამოუცხადე ესე ჩჩვილთა“, გვაჩვენებს, რომ ესეც არის მისი საქმე, რამეთუ - „არცა მამაი ვინ იცის“, - ამბობს იგი, - გარნა ძემან“, და რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების. ღმერთი სრულიად უცხადებს თავს ადამიანს, რამდენადაც თავად ადამიანებს ეს გაცხადება შეუძლია დაიტიოს, მაგრამ უცხადებს ძეში და ძის მეოხებით; რათა იგი შევიცნოთ ძეში, საჭიროა მისი რწმენითა და მისი სიყვარულით მივიზიდოთ ჩვენსკენ მადლი და კეთილმოსაობა ძისა. ძეს სურს ყოველ კაცს გაუცხადოს მამა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანი იყოს მომზადებული და ღირსი ასეთი გაცხადებისათვის“. - რატომ ლაპარაკობს აქ უფალი მხოლოდ თავის თავზე და მამაზე, მაგრამ გარკვევით არ თქვა წმიდა სულზეც? - „იმიტომ, - პასუხობს სახარების განმმარტებელი (ე.ზიგაბენი), რომ ჯერ კიდევ არ იყო დრო დამდგარი ესწავლებინა მასზე. საჭირო იყო უპირველესად მოწაფეთა გონებაში აღბეჭდილიყო ცნობა ძისა, ხოლო შემდეგ გაეხსნებოდათ წმიდა სულზეც“.

აჩვენა რა თავის მოწაფეებს თანასწორობა მამასთან, უფალმა წარმოსთქვა მეტად შემძვრელი, ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილი და გამოუთქმელი მოწყალების სიტყვები, რომლებიც უკვე ეკუთვნოდა არა მოციქულებს, არამედ მთელ ხალხს, კაცობრიობის მთელ მოდგმას - ყველა საუკუნესა და დროს, მათ შორის ჩვენ ცოდვილთაც: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვით-მძიმენი, - „მარტო ის ან სხვა ვინმე კი არ მოვიდეს, არამედ ჩემთან მოდით ყველანი, ამ ქვეყნიური ცხოვრებით დაღლილნი და მოქანცულნი, რომელნიც სულს ღაფავთ სჯულის უღელქვეშ და სხვადასხვა ადამიანური გადმოცემით ხართ დამძიმებულნი, ანდა ჩაძირულნი ხართ მწუხარებაში თქვენი ცოდვების გამო; ყველა, ვისაც კი სტკივა სული, როგორც მეფე დავითს, როცა ამბობდა: „ცოდუა ჩემი წინაშე ჩემსა არა მარადის, ... უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, და ვითარცა ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემ ზედა?“ მოვედით იმისათვის კი არა, რათა მე მიგცეთ  თქვენ საწამებელს, არამედ რათა მე მოგიხსნათ თქვენ ცოდვები; მოდით იმიტომ კი არა, რომ მე ვითხოვ თქვენგან დიდებას, არამედ იმისათვის, რომ მსურს თქვენი ცხონება, თქვენი სიხარული: და მე განგისუენო თქუენ! მე მოგიხსნით თქვენ ძველი აღთქმის წესებს და ადამიანურ გადმოცემებს, მე შეგიმსუბუქებთ თქვენი ავადმყოფობისა და დარდების უღელს, თქვენ გაღატაკებულ, და გაწამებულ სულს მივცემ მშვიდობას ჩემთან სიახლოვით, და თქვენ დამშვიდდებით, როგორც დაღლილი მგზავრები, ღამის გასათევად რომ მოვიდნენ და თავიანთი მძიმე ტვირთი ჩამოიხსნეს. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, გახდით ჩემი მოწაფენი, მიყურეთ და მომბაძეთ მე. ნუ გეშინიათ, ნუ შეგაშფოთებთ ჩემთან სიახლოვე, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, ამიტომ ჩემთან სიახლოვით ჰპოვოთ განსუენებაი დატანჯულ სულთა თქუენთა, მიიღებთ მოსვენებას აქვე, დედამიწაზევე, სინდისის საუფლოში, ღმრთის მადლიან სიხარულში, უმეტესად კი „მე განგისუენო თქუენ“ მომავალ, მარადიულ ნეტარებაში; არ ვმალავ თქვენგან, რომ მე გთავაზობთ თქვენ არა სიამოვნებას, არამედ უღელს, არა შეღავათებს, არამედ ტვირთს, მაგრამ არ შეგაშინოთ ამ უღელმა: რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და არ შეგაწუხოთ ამ ტვირთმა, რადგან ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

„ჩემი მცნებები არ არის მძიმე“, მე ხელს არავისა ვკრავ ცოდვის გამო სიღარიბისათვის, მე მივეშველები თითოეულს გასაჭირში, ვინც მოვა ჩემთან. პირველი ადამიანი, რომელმაც ვერ შეიფერა პატივი, ვერ შეიგნო თავისი ანგელოზებრივი მდგომარეობა და გველისგან შეცდა, „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფს. 48,13). და აი, უმძიმესი უღელი დაედგა ადამის შვილებს; ადამიანი, უგუნური პირუტყვის მსგავსად, ყოველთვის რაღაც ზრუნვაშია მოუსვენრად, შვების გარეშეა დამძიმებული, როგორც შებმულ საქონელს, არ შესწევს ძალა თავისით გაითავისუფლოს ამ უღელისგან თავი. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, პოულობს მას ქრისტე და ბოროტ, მძიმე და დამღუპველ უღელს ვნებისას, მისი მაცხოვნებელი მცნებების უღელად გარდაქმნის. ქრისტეს მცნებათა არსიც არის უღელი, რადგან პირუტყვულ ავხორცობას ალაგმავს, გამძვინვარებულ ვნებებს ანელებს; მაგრამ მცნებების უღელი არის კეთილი, რადგან ადამიანი პირუტყვული მდგომარეობიდან გადაჰყავს ნამდვილ ადამიანურ მდგომარეობაში, რომელიც არა მარტო ანგელოზთა მსგავსია, არამედ ღვთიურიც კი.

ეს ტვირთი არის მსუბუქი, რადგან უფალი, რომელიც ადგამს ადამიანს ამ ტვირთს, იმავდროულად აძლევს მადლიან ძალებს, რათა კეთილად ზიდოს იგი. და რაც უფრო ხალისიანად ეზიდება ქრისტეს ტკბილ ტვირთს ადამიანი, მით უფრო კეთილი ხდება თვითონაც, და რაც უფრო მეტ სიკეთეს იძენს, მით უფრო ადვილი ხდება მისთვის უფლის კეთილ მცნებათა დაცვა, ისე, რომ ბოლოს უფლის ნებას ის უფრო დიდი კმაყოფილებითა და სიმსუბუქით ასრულებს, ვიდრე თავისას; და ამრიგად, მის მხრებზე უღელი საერთოდ ქრება და გარდაიქმნება ფრთებად, რომლებსაც აჰყავთ იგი ზეცაში! აი, ამიტომ იყო, რომ ბევრი, გრძნობდა რა მთელი სიცხოველით ამ მადლიან სიმსუბუქეს, არა მარტო ეწეოდა მთლიანად სავალდებულო მცნებების უღელს, არამედ საკუთარი ნებით უმატებდა მას სახარებისეული რჩევების უღელსაც: ისინი განეშორნენ არა მარტო სიმდიდრის მოხვეჭას, არამედ თვით მოხვეჭასა და შეძენას; არა მარტო განცხრომანი აუკრძალეს საკუთარ სხეულს, არამედ ყველაზე აუცილებელი მოთხოვნებით შემოზღუდეს იგი.

ადამიანო, როცა იცი, რომ შენს უკან ცოდვაა - გვასწავლის მიტროპოლიტი ფილარეტი - არა ხარ დამაშვრალი და ტვირთმძიმე? გრძნობ რა შელახულ სინდისს, არ ძლიერდება შენში სურვილი იმისა, რომ გაექცე შენს თავს, დაჭრილი ირმის მსგავსად, რომელიც ტყეში გარბის? მაგრამ სად გაექცევა ჭრილობას, რომელიც მასთან არის და მხოლოდ ძალისაგან ცლის? არ ფართხალებ ზოგჯერ როგორც თევზი, რომელმაც გადაყლაპა ანკესი, და თავის გათავისუფლებასა ცდილობ უსარგებლო მოძრაობით, რადგან უღელი, შენ რომ გაბამს, შენში არის? - ნუღარ აყოვნებ, მიეახლე იესო ქრისტეს: „დავუშვათ, იღწვი! იქნებ შენცა ხარ დამაშვრალი? იქნებ შენცა ხარ დამძიმებული? სათნოებათა გზა მთაზე გადის: ციცაბო, ვიწრო და ჯაგებით სავსეა იგი; იქ, სადაც თითქოს დასრულდება ჩვენი ბრძოლა ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, იწყება ახალი ბრძოლა, „მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისა, სულთა მიმართ უკეთურებისათა“ (ეფ. 6,12). მიეახლე ქრისტეს: უფლის უღელი ტკბილია, ხოლო მისი ტვირთი მსუბუქია; მასთან ყველაზე უძლურსაც კი შეუძლია თქვას: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილ. 4,13).

ადამიანო, რომელსაც შეგემთხვა უბედურება, ტანჯვა და დარდი! შენთან აღარაა საჭირო კითხვა იმისა: ხარ თუ არა მაშვრალი და ტვირთმძიმე; მოიკრიბე შენი გაბნეული ძალები, მიეახლე ქრისტეს: მას შეუძლია მწუხარება გიქციოს სიხარულად; სწორედ მისგან იყო, რომ იობი, მთელი თავისი ქონებისა და შვილების დაკარგვის შემდეგაც კი, აკურთხევდა ღმერთს, ხოლო აუტანელი სნეულების ჟამს, როცა მთელი მისი სხეული დაჩირქებული იყო, მაშინაც ვერ ბედავდა ჩივილს, - ასევე პეტრე საპყრობილეში და ბორკილებშიც კი, როგორც დღესასწაულზე, ისე გალბოდა შუაღამის საგალობელს, - პავლე ხარობდა მწუხარებისას, კიპრიანემ თავის სასიკვდილო განაჩენზე უპასუხა: „დიდება ღმერთს“. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე - ამბობს იესო ქრისტე, - განგისუენო თქუენ“.