და მიჰსდევდა მას ერი მრავალი, - მოგვითხრობს წმ. მათე, - და განჰკურნა იგი ყოველნი. მწყალობელი არავის ეუბნებოდა უარს მის ღვთიურ შეწევნაზე და გარშემო ყველას უამრავ სასწაულს აფრქვევდა. განკურნეულთაგან იგი მხოლოდ ერთს თხოულობდა, - რათა მომხდარი არ გაეცხადებინათ: და ამცნო მათ, რათა არა გამოაცხადონ იგი. საუკუნეების წინ აღთქმული მესია, ყველაფერში ისეთად კი არ აჩენდა თავს, როგორზედაც ოცნებობდნენ ურიები, რომ ეხილათ, არა მრისხანე მბრძანებლად ან მეფედ, არამედ ისეთად, როგორც მას ახასიათებდნენ ძველი წინასწარმეტყველნი, განსაკუთრებით კი მათ შორის გამორჩეული, ძველი აღთქმის მახარებლად წოდებული ესაია: რათა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინასწარმეტყველისა, რომელი ღვთის პირით იტყვის: აჰა ესერა, ძე ჩემი, რომელი მე სათნო ვიყავ გამოვირჩიე ადამიანთა გადასარჩენად, რომელმაც თავი დაიმდაბლა, მიიღო სახე მონისა, გახდა საყუარელი ჩემი, რომელი ჰსთნავს სულსა ჩემსა; მასში და მის მიერაა ჩემი კეთილმოსაობა, ჩემი ნება ხალხის გადარჩენისა. იგი, როგორც უსაყვარლესი, ყველაფერს ახდენს მისი შემყვარებლის ნებით. დავჰსდუა სული ჩემი მის ზედა, მის ადამიანურ ბუნებაზე მთელი სისრულით გადმოვაფრქვევ წმიდა სულის ყოველ მადლს, და სამართალი წარმართთა მიუთხრას, მისი მეშვეობით წარმართი ხალხებიც შეიცნობენ საკვირველ მსჯავრს ღვთისა, ადამიანებზე ღვთის განგებულებას, ღვთის მცნებებს და ღვთის სიმართლეს, ურჩი ებრაელებისგან მორიდებით. იგი იქნება სულგრძელი და უბოროტო. არა ჰხლდებოდეს, არ შეუბრუნებს სიტყვას და არც იჩივლებს, არცა ღაღადებდეს, იგი მშვიდად დაითმენს ყოველგვარ წყენას, არ დაიწებს წინააღმდეგობასა და ურჩობას, პატივმოყვარე კაცის მსგავსად; არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმა მისი; ადამიანური დიდების გამო იგი არ გამოვა ქადაგებებით ყველას წინაშე მოედნებსა და ხმაურიან ქუჩებში, როგორც ამას აკეთებენ ფარისევლები; იგი იქადაგებს ტაძარში, სინაგოგებში, უდაბნოებში, მთებსა და ზღვისპირა ადგილებში. ლელწამი შემუსრვილი არა განსტეხოს, მას შეეძლო იუდეველთა შემუსრვა, როგორც გატეხილი ლერწმისა, მაგრამ არ იზამს ამას, თავისი დიდი მოთმინების გამო. ის ხელს არ ჰკრავს, არამედ მხარს დაუჭერს მათ, შეაგონებს, განამტკიცებს და დაამშვიდებს ყველას, ვინც კი დაჩაგრულია, ცხოვრებისაგან გატეხილია, რომელიმე ვნებისადმი მიდრეკილია, რის გამოც წუხს და სურს მისგან თავის დაღწევა. და პატრუქი მბრღვინვარე არა დაჰშრიტოს. მას ადვილად შეეძლო თავისი მტრების ბოროტების ჩაქრობა, როგორც აქრობენ მხრჩოლავ სანათურს, მაგრამ არ ჩააქრობს, არამედ მოითმენს, რათა მოთმინებით გვაჩვენოს ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული. იგი არ შეიზარებს იმასაც, რომელიც თუმცა სუსტი, არასრული მონდომებით, მაგრამ მაინც ცდილობს შეასრულოს მისი წმიდა მცნება, არ ჩააქრობს სულ მცირე ნაპერწკალსაც კი ამ წმიდა სურვილისა. ასე იქნება იქამდე, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი, ვიდრე ბოლომდე არ მიიყვანს თავის სიმართლეს, ვიდრე მისი სიმართლე, მისი სახარება მის მტრებზე არ გაიმარჯვებს; მხოლოდ მაშინ შემუსრავს მათ, როგორც არაწმიდებით სავსე ჭურჭელს რკინის კვერთხით, ულმობელი რომაელებისგან, ვესპასიანესა და ტიტეს წინამძღოლობით. მაგრამ იგი ამითაც არ შემოიფარგლება: იგი თავისკენ მიიზიდავს მთელ ქვეყანას: და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ, მისგან ექნებათ იმედი დახმარებისა, გამოსყიდვისა და ცხონებისა.
მაშინ, აგრძელებს მახარებელი, მოჰგუარეს მას ეშმაკეული, ბრმა და ყრუ; „ოი, ბოროტება ეშმაკისა! - ამბობს წმ. ოქროპირი, - ადამიანს დაუხშო ორივე კარი, საიდანაც მას უნდა მიეღო რწმენა - ხედვა და სმენა“. ამავე დროს ეს ავადმყოფი თავისი თავით წარმოადგენდა შესაბრალის სახეს უფლის იმ გახელებული მტრებისა, რომელთაც ჰქონდათ თვალები, რომ მისი საქმენი დაენახათ, მაგრამ ვერ ხედავდნენ მაში ღვთის ძალას; ყურები ესხათ, რათა მისი სწავლებისათვის მოესმინათ, მაგრამ არ ისურვეს იმის გაგება; ჰქონდათ გული, მაგრამ იგი ღვთის მოძულეთათვის მიეცათ. და მოწყალე უფალმა განჰკურნა იგინი, ვითარმედ ყრუ იგი და ბრმა ჰხედვიდა და იტყოდა, და განუკვირდებოდა ერსა მას. უბრალო ხალხმა, წინასწარ რომ არ იყო დარწმუნებული, ამ ერთი სასწაულით სამი კურნება იხილა; მათ უნებურად გაახსენდათ ისაიას წინაწარმეტყველება მესიის მოსვლის დროზე, როცა „აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ეს. 35,5-6). ისინი თვალით უყურებდნენ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და მათ გულებში უკვე იშვებოდა რწმენა, ჯერ მერყევი, ჯერ კიდევ გაოცების გამო მღელვარე, ამიტომაც განუკვირდებოდა ერსა მას, და იტყოდეს: ნუ უკუე ესე არს ძე დავითისი?
„არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ უთქვამს ხალხს, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, - თუმცა ფარისევლებმა ესეც ვერ აიტანეს. მათ უფალი ეშმაკზე მეტად შეიჯავრეს. ისინი თავს ესხმოდნენ მას ხან მოსაკლავად, ხან ცილის საწამებლად, და როცა ეს არ ხერხდებოდა, სურდათ მისი დიდება შეებღალათ“. ხოლო ფარისეველთა მათ, ვითარცა ესმა ესე, რასაც ხალხი ამბობდა, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთათა. ქრისტეს სასწაულები ისეთი ცხადი გახდა ყველასათვის, რომ შეუძლებელი იყო მათი უარყოფა. და აი, ფარისევლები მათ ხსნიან ეშმაკთა მთავრის ძალით, რათა ხალხში უფლის რწმენის ნაცვლად, აღეძრათ მისდამი შიში და სირცხვილი სატანასთან კავშირისათვის. თუ იესო კურნავდა ეშმაკეულებს სატანასთან სიახლოვით, რათა შეეცდინა ხალხი, გამოდიოდა რომ იგი, სატანის მეგობარი, მოქმედებდა არა ღვთიური ძალით. ფარისევლებმა ადრეც დაადანაშაულეს უფალი ამაში, მაგრამ მაშინ უფალმა არ ამხილა ისინი, რათა მიეცა დრო, რომ დიდი სასწაულებით ეცნოთ მისი ძალა, მისი სწავლებიდან კი - მისი დიდებულება. მაგრამ ფარისევლები იმეორებდნენ თავიანთ ჯოჯოხეთურ, ღვთის საგმობ ცილისწამებას, და ამიტომაც ახლა მის წინააღმდეგ აღსდგა უფალი თავისი ძალითა და სიმშვიდით, რითაც გვასწავლა, რომ ჩვენც მშვიდად უნდა მოვეპყრათ ჩვენს მტრებს და დიდი მოთმინებით დავიცვათ თავი. და, უპირველესად, თავის ღვთაებრიობას უფალი იმით ადასტურებს, რომ აცხადებს მათ დაფარულ ზრახვებს; ეშმაკეულისთვის არაა დამახასიათებელი აჩვენოს ასეთი დიდი სიმშვიდე და იცოდეს კაცის გულის ზრახვები. იგი არ ამხელს მათ ბოროტებას, მაგრამ უარყოფს მათ მოსაზრებებს, აძლევს რა მათ სინდისით მხილების საშუალებას.
იცოდა იესო ზრახუანი იგი გულისა მათისანი, და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფება, რომელი განევლთას თავსა თვისსა, მოოხრდის; და ყოველი ქალაქი, გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცოს. თუ მე ეშმაკეული ვარ და მისი მეშვეობით განვდევნი ეშმაკებს, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არის შუღლი, უთანხმოება, რომ ისინი ებრძვიან ერთმანეთს; და თუ ეს ასეა, მაშინ დაიღუპება და დაიმსხვრევა მათი ძალა. და უკეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰხდის, თავსა თვისსა განევლთა: ვითარ დაჰმტკიცნეს მეუფება მისი? დაეხმარება კი ეშმაკთა მთავარი ადამიანს ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში? შესაძლებელია კი ასეთი კაცთმოყვარება მისი მხრიდან, ვინც იმთავითვე კაცისმკვლელია? თავად იხილეთ, როგორი აჩქარებულია თქვენი ბრალდებანი, როგორი უგუნურია ისინი, როგორი წინააღმდეგობებია მათში! თუ ადამიანი ეშმაკის უფლებაში იმყოფება, მაშინ როგორ განდევნის ეშმაკს? მასთან ეშმაკებს მარტო მე როდი განვდევნი. და უკეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ძენი თქუენნი, თუნდაც ჩემი მოციქულები და თქვენი მოწაფენიც კი, რაითა განასხმენ? რით დაამტკიცებთ, რომ არა იმავე ბელზებულის ძალით აკეთებენ ამას? მაშინ რატომ არ ადანაშაულებთ მათ, არამედ მხოლოდ მე? - ცხადია, რომ ამას შურით აკეთებთ. თუ ისინი ბოროტს განდევნიან ღვთის ძალით, მით უფრო ეს ითქმის ჩემზე: ჩემი მოწაფენი ამას ჩემი სახელით აკეთებენ. ამისთვის, სწორედ იმის გამო, რომ მათ, თქვენმა შვილებმა შეიცნეს ჭეშმარიტება, თქვენ კი არ ისურვეთ იგი, იგინივე მსაჯულ თქუენდა იყუნენ, ისინი გამხელენ თქვენ ღვთის მართალ სამსაჯავროზე ჩემი ასეთი ცილისწამებისათვის. უკეთუ მე სულითა ღმრთისათა განვასხამ ეშმაკთა, და ამასთან არა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ ხელმწიფებით ვუფლებ მათზე, როგორც ძე ღვთისა, ცხადია მოსამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისა. „უფალი პირდაპირ არ ამბობს: მე მოვედი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, რათა არ გააღვივოს მათში სიძულვილი, არამედ მხოლოდ მიანიშნებს ამაზე სიტყვებით: „მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისა“, დადგა დრო თქვენი ნეტარებისა. - ანუ, ვითარ ვის ხელეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლუად, აგრძელებს უფალი და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეჰკრას ძლიერი იგი? და მაშინღა სახლი მისი იავარჰყოს. მე არა მარტო არ მინდა მყავდეს ეშმაკის თანამოაზრენი, არამედ ვებრძვი კიდევ მათ, და ვბოჭავ მას. ხედავთ, რამდენ მსხვერპლს ვიტაცებ მე, ჩემი ხელით, სატანის ხელიდან? ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, თუ ჯერ არ შევბოჭავდი სატანას. უფალმა სატანას უწოდა ძლიერი იმიტომ კი არა, რომ ის მართლა ასეთია, არამედ იმის მისანიშნებლად, რომ იგი მტკიცედ აიძულებდა და იმონებდა დაუდევართ.
ფარისეველთა ცილისწამების მხილების დასასრულს, უფალმა წარმოსთქვა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს, ჩემს კუთვნილს. ჩემი განზრახვაა - მივიყვანო ხალხი ღმერთთან, ვასწავლო მათ სათნოებები, ვაუწყო მათ სასუფეველი; და რა სურთ სატანასა და ეშმაკებს? - ყოველივე საწინააღმდეგო. ვინც არ არის ჩემსკენ, როგორ დამეხმარება მე? და რას ვამბობ მე: დახმარებას? იგი ცდილობს ჩემიც გაფლანგოს. როგორ განდევნის იგი ეშმაკებს ჩემთან ერთად? - ასე დაანახა უფალმა ყველას თავისი დიდი და შეურიგებელი მტრობა ეშმაკთან! მაგრამ, უფლის ეს მკაცრი სიტყვა მარტო ეშმაკისადმი არ არის განკუთვნილი. შესაძლოა შენ არაფერი სამტრო არ გაგიკეთებია მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ გულგრილი ხარ შენი ცხონებისადმი, თუ შეგიძლია, მაგრამ არ გინდა იმოქმედო მოყვასის გადარჩენისთვის, მაშინ არც შენ შეკრებ ქრისტესთან, და რადგან არ კრებ, მაშინ აუცილებლად განაბნევ, ე.ი. მიდიხარ ქრისტეს საწინააღმდეგოდ. როგორი მკაცრი გაფრთხილებაა ყოველი დაუდევარისათვის.