მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?

მათე 12, 46-50

რას არ იგონებენ მწიგნობრები და ფარისევლები, რათა უფლისაგან მოერიდებინათ ხალხი, რომ დაემდაბლებინათ იგი: როგორ გააჩუმებდნენ მათ? რანაირ ცილისწამებებს არ ავრცელებდნენ მასზე? ისინი იესოზე ამბობდნენ, რომ მას უყვარდა ჭამა და ღვინის სმა, რომ მასში მკვიდრობდა თვით ბელზებელი, ეშმაკთა მთავარი, რომ მან დაკარგა საღი გონიერება, და ამიტომ არ შეიძლებოდა მისი მოსმენა, და ეს უსირცხვილო ცილისწამებანი მათ სურდათ მიეტანათ მის უწმიდეს დედასა და ძმებთან - იოსების შვილებთან, რომლებიც ნაზარეთში ცხოვრობდნენ, სადაც ხშირად ჩადიოდა უფალი. ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ უფლის ხორციელ ძმებს, უნებურად შერყეოდათ წარმოდგენა: იქნებ მართლაც ახლოსაა სინამდვილესთან ის, რასაც იესოზე ამბობენ ყველასგან პატივცემული მწიგნობრები და უხუცესნი? მახარებელი იოანე შენიშნავს, რომ იმ დროს ქრისტეს ხორციელ ძმებს ჯერ კიდევ არ სწამდათ მისი, როგორც მესიისა, ისვე გადმოგვცემს მათ არაკეთილგონიერ სიტყვებს, რითაც მოუწოდებდნენ იესო ქრისტეს იერუსალიმში, რათა მისი სასწაულებით თავად განდიდებულიყვნენ: „თუ შენ ასეთ საქმეებს ახდენ“, ამბობდნენ ისინი, „გამოუცხადე შენი თავი სოფელს“. ცხადია, რომ ამ დროს ისინი ჯერ კიდევ ოცნობებდნენ დიდებულ მესიაზე, - დამპყრობელ მეუფეზე, და ალბათ თავიანთ ძმას - იესოსაც სწორედ ასეთად ისურვებდნენ რომ ეხილათ.

და აი, მათ გაიგეს, რომ მან თითქოს დაკარგა გონი, რომ საჭიროა მისი თვალის დევნება, რადგან გონიერებას იყო მოკლებული. გასაგებია, რომ ისინი კაპერნაუმში გაეშურებოდნენ იმ განზრახვით, რომ იქნება როგორმე ეზრუნათ თავიანთი ძმისთვის. ყოვლადწნიდა ქალწულმა კი მოციქულებზე უწინ იცოდა თავისი კურთხეული ძის ღვთაებრივ ღირსებათა შესახებ, მას სწამდა იგი, როგორც ჭეშმარიტი ძე ღვთისა, მარტო ის რწმენაც კი, რითაც მან მიიღო იგი, ხორციელად ჩასახვამდე და შობამდე, მთავარანგელოზისგან ხარების დროს, უკვე გარდაემატებოდა ყველა მორწმუნის რწმენას. როცა იესო, ყრმობისას, ბაგაში მწოლარე, მწყემსებმა იცნეს, როგორც მხსნელი და მაცხოვარი, რწმენის გარეშე სხვა რით შეიძლებოდა რომ მის კურთხეულ დედას გულში დაემარხა ანგელოზის სიტყვები? იქამდეც კი, ვიდრე იგი სასწაულებით გამოაჩენდა თავის დიდებას, მოწაფეებმა იგი ირწმუნეს; იესოს დედას უკვე იმდენად სწამდა მისი ღვთაებრივი ძალა, რომ პირველი სასწაულის მოხდენა კანას გალილიაში, სწორედ მან ჩააგონა იესოს. ასე, მან სხვებზე უწინ, სხვებზე უსრულესად, ირწმუნა მისი, და იცნობდა მას.

შეიძლებოდა, რომ მას, თუნდაც ერთი წუთით დაეჯერებინა ქრისტეს მტრების ცილისწამება? და მან, რა თქმა უნდა, გულისწყრომით უარყო ყველა ეს ღვთისსაგმობი ბრალდება. მაგრამ მისი, დედობრივი, მოყვარული გული ავადმყოფურად ეკვროდა იმ აზრს, რომ თუ კი სინამდვილეში ფარისევლები მის უსაყვარლეს შვილს, როგორც გონდაკარგულს წარუდგენდნენ იერუსალიმის ხელისუფალთ, ხომ არ ელოდა მას ახალი საფრთხე? ამიტომ იგი იოსების შვილებს თავადაც გაყვა, რათა უკეთ დარწმუნებულიყო, რომ მის შვილს განსაცდელი არ ელოდა. ფარისევლებს ეხლა მიეცათ მარჯვე შესაძლებლობა, რათა ხალხისთვის მიეთითებინათ, თუ როგორი უგუნურობა იქნებოდა იესოს მესიად მიჩნევა, რომელსაც ისეთი უბრალო ნათესავები ყავდა, როგორც ეს გალილეველები, უბრალო ხელოსნები ნაზარეთიდან...

ნათესავები უფალთან მივიდნენ იმ დროს, როცა მოხდენილი სასწაულით განცვიფრებული ხალხი, რომელსაც სრულიად გაევსო მთელი სახლი და ეზო, უდიდესი ყურადღებით ისმენდა სასწაულმოქმედის ყოველ სიტყვას; როცა მიუახლოვდნენ შეკრებილ ხალხს, ნახეს, რომ მათთვის ძნელი იქნებოდა ხალხის გარღვევა და სახლში შესვლა, ამიტომ წინ, იესოსთან ახლოს მდგომთ დაუწყეს თხოვნა, რათა ენიშნებინათ ქრისტესთვის, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურდათ. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას: აჰა ესერა, დედა მისი და ძმანი მისნი ჰსდგეს გარე, და ეძიებდეს მას სიტყუად, მაშინ ჰრქუა ვინმე მას; შესაძლოა ეს ვიღაც ერთი იმ ფარისეველთაგანი იყო, რომელიც ალბათ გახარებული იყო იმის გამო, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა შეეწყვიტა იესოსგან მათი მწარე მხილება: აჰა დედა შენი და ძმანი შენნი ჰსდგანან გარეშე და უნებს რამე სიტყუად შენდა, შენთან სურთ დალაპარაკება.

„შეხედე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, მათ ეკუთვნოდათ მოცდა, თუ კი არ სურდათ და არც შეეძლოთ შესვლა, ვიდრე საუბარს დაასრულებდა უფალი. მაგრამ ისინი მას ეძახიან გარეთ, და ამასთან სხვების თანდასწრებით, რითაც სურდათ ეჩვენებინათ, რომ ისინი მასზე უფლებით მბრძანებლობდნენ. იმაზე მახარებელიც მიანიშნებს სიტყვებით: „ვიდრე იგი ეტყოდა ერსა მას“. მახარებელი თითქოს ასე ამბობს: ნუთუ არ იყო ამისთვის სხვა დრო? და საერთოდ რაზე სურდათ საუბარი? თუ თავიანთ საქმეებზე, მაშინ ასე დაჟინებით არ მოითხოვდნენ ამას. თუ იესო ქრისტემ არ მისცა ნება თავის მოწაფეს, რომ წასულიყო მამის დასამარხად, რათა იგი უფალთან სიახლოვეს არ განეშორებინა, მით უფრო არ უნდა შეეწყვეტინებინათ მისთვის საუბარი ხალხთან, რაღაც უმნიშვნელო საქმეებისთვის. ამიტომაც, ეხლაც უფალმა ინება მათი შეგონება: ხოლო იესო მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?

მაცხოვრის ეს სიტყვები ითხოვს განსაკუთრებულ ახსნას. როცა უფალი თითქოს განეშორა თავის ხორციელ ძმებს, რომლებიც ხორციელად იყვნენ შობილნი, მან კი არ უარყო რაიმე ქვეყნიური სინამდვილე, არამედ მხოლოდ დაამტკიცა თავისი ღვთიური შობის ზეციური ჭეშმარიტება. მისი ძმები, მართლაც ვითომ ძმები იყვნენ მისთვის, რადგან ისინი იყვნენ შვილები მისი მამობილის - იოსებისა; მაგრამ როგორ მოხდა, რომ უფლის დედასაც მისი ძმების მსგავსი ხვედრი ერგუნა? იგი არ იყო დედობილი, არამედ მისი ნამდვილი დედა ადამიანურად, და მისი ეს მაღალი ღირსება არასოდეს დაუმცირებია მას შვილისადმი, როგორც ღვთის ძისადმი ურწმუნოებით. სხვათა შორის, იგი თითქოს ერიდება კიდეც, რომ ნახოს იგი: „ვინ არს დედა ჩემი?“ „უფალო, - კეთილკრძალვით მსჯელობს მიტროპოლიტი ფილარეტი, შენს საქმეებს კი არა ვწამებთ, არამედ გვსურს შენი მხსნელი სიბრძნე ვისწავლოთ. ნუ ჩაგვაყენებ საღვთო წერილის გამოცდის სასჯელში, არამედ მოგვეცი მისი შემეცნების მადლი. - საჭიროა მართლმადიდებელ ქრისტიანეთა დაცვა, რათა მათ არ იფიქრონ, რომ უფალი სრულად არ აღიარებს თავის ყოვლადკურთხეულ დედას? ყველასთვის ცნობილია მისი სიტყვა: „ნუ იფიქრებთ, რომ მე მოვედი სჯულის დასარღვევად, ანდა წინასწარმეტყველთა, არა დასარღვევად მოველ, არამედ აღსასრულებლად“. ამიტომაც, უდავოა, რომ კი არ დაარღვია, არამედ აღასრულა მცნება: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“... შეეძლო კი მას თავისი დედისთვის პატივი არ ეცა? - „მას რომ მოენდომებინა თავისი დედისგან განდგომა, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაშინ უნდა მორიდებოდა მას მაშინ, როცა იუდეველებმა დაამდაბლეს იგი. პირიქით, იგი ისე დიდად ზრუნავდა მასზე, რომ ჯვარზე გაკრულმაც კი, დედა ჩააბარა თავის უსაყვარლეს მოწაფეს. ეხლა კი, ვინაიდან მისი ძმები მასზე ფიქრობენ როგორც უბრალო ადამიანზე, და ცუდად მედიდურობდნენ, ამიტომ აღმოფხვრის ამ მანკიერებას ისე. რომ იმათ არ შეურაცხყოფს, არამედ გამოასწორებს“.

გულთამხილავმა იცოდა თავისი ძმების ცუდმედიდური აზრები, და არ სურდა, რომ თავის უწმიდეს დედას შეხებოდა მცირედი ჩრდილიც კი მისი ძმების ზრახვებთან თანაზიარობისა. და ამ შემთხვევაშიც, უფალი ამოდიოდა თავისი კურთხეული დედის სურვილიდან - ყოველმხრივ მორიდებოდა ადამიანურ დიდებას და არაფრით გამორჩეულიყო სხვათაგან. ამასთან, იგი საქმით აღასრულებდა იმას, რასაც სიტყვით ასწავლიდა: „რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ (მთ. 10,37). მან საქმით გვაჩვენა, რომ თავისი ქვეყნიური დედა მთელი სიყვარულით უყვარდა, მაგრამ არა უმეტეს თავისი ზეციური მამისა, და თავისი, როგორც შვილის სიყვარული, მან მსხვერპლად მიუძღვნა ღვთის საქმეს, რომელსაც იგი აღასრულებდა. იგი რომ დამორჩილებოდა თავისი ნათესავების ნებას, მაშინ მისი მტრები, როგორც ცილისწამებისთვის საჭირო დასაბუთებას, გამოიყენებდნენ ამას, რომ თითქოს მას ჭირდებოდა იმათგან ზრუნვა. უფალი თითქოს ასე ამბობდა: რატომ გინდათ, რომ ჩემი ქვეყნიური დედის ნებით განმაშოროთ ზეციური მამის ნების შესრულებას? როცა ეს ორი ნება სხვადასხვა მხარეს მიიმართება, მე ვიცი, და ეხლავე გაჩვენებთ, თუ რომელს უნდა გაყვეს კაცი მონდომებით ამ ორიდან. ვტოვებ ქვეყნიურ შობას და ნათესაობას, ისე, თითქოს, იგი დამავიწყდა, ისე თითქოს იგი სულაც არ ყოფილა: სრულიად მინდობილი ვარ ზეციური მამის ნებას, და მის საქმესა, და მის სასუფეველს; აი, აქ ვეძიებ მე ნათესავს, თუკი ეს საჭიროა: „ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ - და მიჰყო ხელი მისი მოწაფეთა მიმართ თვისთა, მიუთითა ყველაზე, ვინც კი მას თავის მასწავლებლად თვლიდა, ხოლო საკუთარ თავს უფლის მოწაფედ, და ჰსთქუა: აჰა, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი. თუ დედაჩემს სურს იყოს ნეტარი, მან უნდა შეასრულოს ჩემი მამის ნება“.

„როგორი პატივია, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორი დიდია სათნოება, რა სიმაღლეზე აჰყავს მას მისი გზით მავალი! რამდენი დედა შენატროდა ამ წმიდა ქალწულს და სურვილი ჰქონდათ ყოფილიყვნენ ისეთი დედები და ყველაფერი მიეტოვებინათ! რა ეწინააღმდეგებოდა მათ? და აი იესო ქრისტემ გვაჩვენა ჩვენ ფართო გზა, არა მარტო დედებს, არამედ მამებსაც, რათა შეძლონ მიაღწიონ ამ დიდებულ პატივს, და უფრო მეტსაც“. - „როცა მშობლები, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, ნათესავები, მოძღვრები, უფროსები ითხოვენ ჩვენგან იმას, რაც ჩვენს სიბრძნეს ეწინააღმდეგება, მაგრამ საჭიროა, სასარგებლოა ანდა უკიდურეს შემთხვევაში სავნო არაა, შესწირეთ თქვენეული სიბრძნე, გაიხსენეთ იესო, სიბრძნე მისი, რომელიც ხურო იოსებს ემორჩილებოდა. მაგრამ თუ არასასურველი მაგალითი თქვენი მშობლებისა და ნათესავებისა, და მათი სურვილები, ისეთი საქმეებისკენ მიგიზიდავენ, რომლებიც სჯულს ეწინააღმდეგება და არღვევს სინდისის სიმშვიდეს, მაშინ თქვენც იესოს მსგავსად იკითხეთ: „ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ გახსოვვდეთ, რომ ღმერთი მამაა თქვენი, ეკლესია კი - თქვენი დედა, ხოლო წმინდანები - თქვენი ძმები; ნუ დაიმცირებთ თავს ამ დიდებული ნათესაობის წინაშე, ნუ გამოეყოფით ამ კეთილ და მშვენიერ ოჯახს; თქვენც, ადამიანურის ნაცვლად, შეასრულეთ ღვთის კეთილი ნება, რათა თქვენსკენ მოუთითოს უფალმა და თქვას: „აჰა დედა ჩემი და ძმანი ჩემნი“.