მეტად ღრმა და ამაღლებულ ღვთის სასუფევლის საიდუმლოთ გვაუწყებდა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. ყველაფერი არ შეიძლებოდა რომ პირდაპირ და ცხადად ემცნო ხალხისათვის, რომელიც დაავადებული იყო ცრურწმენითა და ყალბი წარმოდგენებით მომავალი მესიის სასუფეველზე. მაგრამ უფალს თავისი მტრების დატოვებაც კი არ სურდა დამოძღვრისა და შეგონების გარეშე: მისმა ღვთაებრივმა სიყვარულმა თავისი სიბრძნით გამოძებნა საშუალება, რათა თავისი სწავლება ხალხისათვის გადაეცა მათთვის საჭირო ზომით: ეს მან შეძლო იგავებით.
სიტყვა „იგავი“ ფართო გაგებით ნიშნავს ხატოვან სიტყვას, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობით იგი აღნიშნავს მართლად მიმსგავსებულს, მთლიან მოთხრობას ადამიანის ცხოვრებიდან ან ბუნებიდან, რაც მოყავთ იმისათვის, რომ ახსნან რწმენის ჭეშმარიტება, ანდა წესი სულიერი ცხოვრებისა. ღმერთი არის ერთი შემოქმედი ხილული და უხილავი ქვეყნისა; ერთიც და მეორეც მან შექმნა თავისი დიდი სიბრძნისა და სიკეთის თანხმობით; როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში აღბეჭდა თავისი ღვთაებრივი სრულყოფილება, თავისი ღვთიური კანონები. ამიტომაცაა, რომ ხილულ და უხილავ სამყაროთა შორის საკვირველი ერთობა და მსგავსებაა; ხილული სამყარო ამცნებს ჩვენს გულს, ჩვენს გონებას უხილავი ქვეყნის კანონებზე. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა“ (ფს. 18.2), ამბობს წინასწარმეტყველი დავითი. „რამეთუ უხილავი იგი... სამარადისო იგი ძალი და ღმრთაებაი“ (რომ. 1.20), „დაბადებიდან სოფლისათ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების“. ასე, მთელი ხილული სამყარო, თავისი მზითა და მთვარით, სინათლითა და სიბნელით, თესვითა და მკით, დაბადებითა და სიკვდილით, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ჩვენი გრძნობებისათვის არის მისაღწევი, არის შთამბეჭდავი იგავი, არის დავითის დიდებული წიგნი, რომელშიც ღმერთმა ცოცხალი სახეებით დაგვიხატა უდიდესი სულიერი ჭეშმარიტებანი იმისათვის, რომ ისინი კეთილად დახმარებოდნენ ჩვენს რწმენასა და გონიერებას. იგავი არ არის არაკი: არაკებში დაშვებულია ბევრი უმსგავსოებანი, მაგალითად, - ცხოველებისა და მცენარეების საუბარიც კი; ისეთ გამონაგონებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ბუნების კანონებს, უფალი არ იყენებდა. იგავები გვაგონებენ ისეთ შედარებებს და მიმსგავსებებს, როგორებიც გვხვდება ანდაზებში: რაც ანდაზაში მოკლედაა გამოთქმული, რამოდენიმე სიტყვაში, ამას იგავი გამოთქვამს მთელ მოთხრობაში. აი, რატომ იყო, რომ ბრძენი ხალხი უძველესი დროიდან სარგებლობდა იგავებით, როცა სურდა ცხადად გამოეხატა რაიმე ზნეობრივი სიმართლე. აღმოსავლეთში მცხოვრებთ განსაკუთრებით უყვართ იგავებით საუბარი, ხატოვანი გამოთქმებით, როცა საუბარი სულიერ ღირებულებებთანაა დაკავშირებული.
ადამიანურ იგავებს შორის არ არის იმათზე უფრო უკეთესი, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიაში, ხოლო ბიბლიურ იგავთა შორის არ მოიძებნება უფრო უკეთესი, ვიდრე უფალი ჩვენი იესო ქრისტეს იგავები. ისინი მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ყოველი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანისთვის, ადვილად გასაგებია პატარა ბავშვისთვისაც კი, მაგრამ თითოეულ მათგანში ბევრი რამაა ისეთი, რაზეც შეუძლია ჩაფიქრება ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანსაც კი. „უფალი საუბრობს იგავებით, - განმარტავს წმ. ოქროპირი, იმისათვის, რათა თავისი სიტყვები გახადოს უფრო გამომხატველი, ჭეშმარიტებას შემოსოს ცოცხალი სახე, ღრმად აღბეჭდოს იგი ჩვენს აზროვნებაში, და თვალისთვისაც გახადოს დასანახი“. იგავი მარტო გონებაზე კი არ მოქმედებს, არამედ გულზეც და მსმენელის წარმოსახვაზეც, ამიტომ ჭეშმარიტება, როგორც სურათი, ადვილად ინახება მახსოვრობაში. თუმცა ზოგჯერ მსმენელები იგავის შინაარსს ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ თვით იგავი მათში მაინც რჩებოდა, როგორც კეთილი თესლი, რომელიც მაშინვე ღვივდებოდა, როგორც კი გულს შეეხებოდა ყოველივეს განმაცხოველებელი მადლი სული წმიდისა. „უფლის იგავები, - ამბობს ერთი განმმარტებელი, სხვა არაფერია, თუ არა შესანიშნავი ქსოვილი, გააზრებული და შედგენილი სიყვარულითა და სიბრძნით, რათა მან არ დააბრმავოს ვინმეს სუსტი თვალები, ნაწილობრივ კი ყურადღების გასაღვივებლად იმისადმი, რაც დაფარულია ამ ღამის საფარველით. იმათ სწორედ ეს სიბნელე, და ზოგი რამ ამოუცნობლობა იზიდავდა იესოსთან გახსნისათვის“.
მას დღესა შინა გამოვიდა, - წერს წმიდა მახარებელი მათე, იმ დღეს, როცა უფალმა ამხილა ფარისეველნი, რომლებიც მისგან ითხოვდნენ სასწაულებს, იესო სახლისა მისგან, სადაც მას უთხრეს, რომ მას ეძებდნენ დედა და ძმები, და დაჯდა იგი ზღვის კიდესა, გალილიის ზღვის ნაპირას: „იგი დაჯდა ზღვის ნაპირას, - ამბობს წმ. ოქროპირი, რათა დაეჭირა და თავისკენ მიეზიდა ხალხი, რომელიც იჯდა მიწაზე“. ტბის დამრეც ნაპირზე დიდძალი ხალხი შეგროვდა: და შეკრბა მისა ერი მრავალი. მსმენელთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ იმათ შეავიწროვეს ღვთაებრივი მასწავლებელი; ვიდრე შესლუადმდე მისა ნავად. იესომ საჭიროდ ჩათვალა ნავში შესვლა, იგი ყველაზე ამაღლებულ ადგილზე დაჯდა, ისე რომ ყველანი თვალწინ ჰყოლოდა. და ყოველი იგი ერი ზღვის-კიდესა ჰსდგა. და ზღვის ნაპირიდან ოდნავ მოცილებულმა დაიწყო ხალხის სწავლება; და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით. მთელ სახარება-ოთხთავში არ გვხვდება ამდენი იგავი ერთად თავმოყრილი, - ასე სრულად ასხმული მძივი მარგალიტებისა, როგორც აქ, მე-13 თავში მათეს სახარებისა. მაცხოვრის მზერას, რომელიც შესაძლოა რომელიმე ბორცვისკენ იყო მიმართული, ადვილად შეეძლო წარმოედგინა მთავრის სანახები, რომელიც თესდა მის მიერ დამუშავებულ მინდორში. და აი, თითქოს იმას მიუთითებდაო, უფალმა დაიწყო თავისი პირველი საკვირველი იგავი, და ჰრქუა: ყურადღებით! ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად, და თესვასა მას მისსა, რომელიმე დაჰვარდა გზასა ზედა, სადაც მიწა არ იღო ფხვიერი და ამიტომ თესლს არ შეეძლო მიწაში ჩაღრმავება, გამვლელ-გამომვლელისაგან გაითელა, ანდა აკენკილ იქნა ფრინველებისაგან, რომლებიც ყოველთვის ბლომად დაყვებიან მთესვარს აღმოსავლეთში და ცდილობენ მიიტაცონ მიწაზე მოხვედრილი თესლი: და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შეჰსჭამეს იგი. „უფალმა არ თქვა, რომ მთესველმა განზრახ გადააგდო გზაზე მარცვალი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, არამედ ის, რომ თესლი თავისთავად მოხვდა იქ“.
იყო სხვა მარცვალიც, რომელიც თავიდან აღმოცენდა. შემდეგ კი ისიც დაიკარგა: და სხუა დაჰვარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა ფრიად, სადაც ერთიან კლდეზე მხოლოდ მცირე ფენა იყო მიწისა დადებული, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა, რადგან ქვა არ აძლევდა ფესვს იმის საშუალებას, რომ სიღრმეში ჩასულიყო. მზე რა აღმოჰხდა, მცენარემ ვერ გაუძლო მის მცხუნვარებას და მაშინვე შეჭკნა: დაჰსცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, ფესვებით, რითაც უნდა გამოკვებილიყო მიწის სინესტისაგან, განჰხმა. და სხუა იგი დაჰვარდა ეკალთა შორის, რაც იქ ადვილად შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, რადგან მინდვრებს ხშირად ჰყოფდნენ ეკლიანი ღობეებით, და აღმოჰსცენდეს ეკალნი, გაიზარდა ჯეჯილთან ერთად, და შეაშთუეს იგი, ეს ჯეჯილი, რადგან როგორც კი წამოიზარდა იგი, მოაკლო ჰაერი და სინათლე, თავისი ძლიერი ფესვებით შეიწოვა მთელი სინესტე და ეს მარცვალიც დაიკარგა მიწის მოქმედისათვის, მაგრამ ყველა მარცვალი როდი დაიღუპა; მიწის მუშას ასაზრდოებდა იმედი, რომ ღვთის კურთხევით, უქმად არ ჩაივლიდა მისი შრომა, რომ ნაწილი დათესილი თასლისა, სიკეთეს შესძენდა მას გაწეული შრომისათვის და მართლაც: და რომელიმე დაჰვარდა ქუეყანასა კეთილსა, და მოჰსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამე-ოცსა, რომელიმე ოცდა-ათსა, იმისდა მიხედვით, დათესილის ნიადაგი რამდენად იყო საამისოდ მომზადებული და მორგებული. ასმაგი მოსავალი აღმოსავლეთში არ იყო უცხო და გაუგონარი: „დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს, და აკურთხა იგი უფალმა“ (შექ. 26,12). აღნიშნული იგავის დასასრულს ღვთაებრივი მასწავლებელი ბრძანებს: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ვისაც სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, ვინც არ ახშობს თავის თავში საკუთარი სინდისის ხმას, დაე იგი ჩაუფიქრდეს აღნიშნული იგავის სიბრძნეს და გაითავისოს...