მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იგავი ღვარძლზე

მათე 13, 24-30

მდიდარი სახლის მეპატრონის მსგავსად, რომელიც უხვად უმასპინძლდება სტუმრებს, იესო ქრისტემ მთესვარზე იგავის შემდეგ სხვა იგავი დაუდვა მათ, თავის მსმენელებს, და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისა კაცისა, რომელმან დაჰსთესა თესლი კეთილი, სუფთა, გასუფთავებული მარცვალი, აგარაკსა თვისსა. მას კარგი მოსავალის დიდი იმედი ჰქონდა. მაგრამ ამ კაცს ჰყავდა მოშურნე-მტერი; იგი ფხიზლად ადევნებდა თვალს, თუ როდის დაასრულებდა თესვას მისი მეზობელი; როგორც კი დადგა ღამე და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი, და ისე, რომ ვერავინ შეამჩნია, დასთესა ღვარძლი შორის იფქლსა მას, დასთესა სარეველები და შხამიანი ბალახებიც კი, რომლებიც გარეგნულად ხორბალს წააგავდნენ, და წარვიდა, ხოლო ოდეს აღმოჰსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო, გამოჩნდა თავთავი, მხოლოდ მაშინ გამოჰსჩნდა ღვარძლი იგი, რომელიც ადრე ძნელად თუ გამოირჩეოდა ხორბლისაგან. მოვიდეს მონანი იგი და გაკვირვებულმა უთხრეს სახლისა-უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო! ჩვენ დავათვალიერეთ შენი მინდორი; ანუ არა თესლი კეთილი დაჰსთესე აგარაკსა შენსა? მაგრამ აი, ჩვენ იქ ვნახეთ სარეველა ბალახები: ვინა აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: რა თქმა უნდა თავისით არ ამოვიდოდა: მტერმან კაცმან ჰყო იგი, ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რათა გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, არ არის საჭირო, არ შეიძლება, თავთავისთავის იქნება საზიანო: ხორბლისა და ღვარძლის ფესვები ისეა ერთმანეთში ჩახლართული, რომ ეხლა მათი გამოცალკავება საშიშია, ნუ უკუე შეკრებასა ღვარძლისასა, აღმოჰფხურათ იფქლიცა, - როგორ მოვიქცეთ? – სჯობს აცადეთ იგი თანა აღორძინებად ურთიერთარს ვიდრე ჟამამდე მკისა. როცა მოწიფდება მარცვალი და ღვარძლი, მაშინ უფრო მოსახერხებელი იქნება მათი გარჩევა ერთმანეთისაგან, და ეს საზიანო არ იქნება თავისათვის; და ჟამსა მკისასა, უბრძანო მომკალთა მათ: შეჰკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი, და შეჰკართ ძნეულად, რათა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეჰკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.