მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იესო ქრისტე ნაზარეთის სინაგოგაში

მათე 13, 53-58

და იყო, რაჟამს დაასრულნა იესო იგავნი ესე - იგავები საგანძურზე, მარგალიტსა და ბადეზე, წარვიდეს მიერ, კაპერნაუმიდან წავიდა. მისი სასწაულების შესახებ ცნობა სწრაფად გავრცელდა მთელ გალილიასა და იუდეაში; ამან ნაზარეთამდეც მიაღწია, სადაც იყო იგი აღზრდილი და აი, მან ინება გამოჩენილიყო თავის მშობლიურ ქალაქში: და მოვიდა მოწაფეებთან ერთად მამულად თვისად, თავისი დედისა და მამობილის სამშობლოში; ჩვეულების თანახმად შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და ასწავებდა მათ, ნაზარეთის მცხოვრებთ, შესაკრებელთა შორის მათთა. მახარებელი ლუკა (4, 16-22) დაწვრილებით გვაუწყებს, რომ მას მიართვეს ისაია წინასწარმეტყველის წიგნი, გახსნა იგი, მოძებნა და წაიკითხა ადგილი (ის. 61, 1-2), სადაც წინასწარმეტყველი აუწყებს უფლის სასურველ დროს, სიხარულისა და სიმშვიდის დროს ღვთის ხალხისათვის, ქრისტეს მოსვლით გამოწვეულს, მაგრამ ამასთან ამცნებს იმასაც, რომ ქრისტე კეთილს ამცნებს არა ქედმაღალთა და ამპარტავანთ, არამედ სულით გლახაკებს; იგი განკურნავს, ოღონდ გულით შემუსვრილებს, იქადაგებს ტყვეთა განთავისუფლებას, ცოდვისა და ეშმაკის ტყვეობაში მყოფებისას, აუწყებს უსინათლოთ მხედველობის დაბრუნებას, რომლებიც თვითონ აღიარებენ თავიანთ სულიერ სიბრმავეს, სიბნელის მთავრის ტყვეობიდან გაათავისუფლებს იმათ, რომელთაც ექნებათ ამის სურვილი.

წაკითხულმა სინაგოგაში მყოფნი აიძულა დიდი ყურადღებით შეეხედათ ღვთაებრივი მქადაგებლისათვის. ყველანი განაბული სუნთქვით უსმენდნენ მის სიტყვას, ის კი უხსნიდა მათ, რომ თავად იგი იყო ის მესია, რომელზეც იუწყებოდა დიდი წინასწარმეტყველი 700 წლის წინათ. მისი სიტყვები გაისმოდა სიყვარულით, უფლებით, ძალით და მსმენელებში იწვევდა გაოცებას: ვიდრემდის განუკვირდებოდა მათ მადლიანი სიტყვების მოსმენა, რომლებიც მის ბაგეთაგან გამოდიოდა. და იტყოდეს: ვინა არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? უგუნურ ნაზარეველებს არ სურდათ იმის გაგება, რომ ქრისტე იყო იპოსტასური ღვთის ძალა და ღვთიური სიბრძნე. თავიანთი უკრძალველობის გამო ისინი ფიქრობდნენ, „რომ არაკეთილშობილება და დამდაბლებული მდგომარეობა წინაპრებისა, ხელს უშლიდა მას, რომ ღვთისათვის მოსაწონი ყოფილიყო. დავუშვათ, - მსჯელობს ნეტარი თეოფილაქტე, რომ იესო იყო უბრალო ადამიანი, როგორც ისინი ფიქრობდნენ, რას შეიძლებოდა რომ ამის გამო მისთვის ხელი შეეშალა ყოფილიყო დიდი სასწაულმოქმედი?“ „შემდგომ დროშიც კი, - ამბობს წმ. ოქროპირი, ბევრი შემთხვევა იყო, როცა უბრალო მშობლებს ცნობილი შვილები ყავდათ. თუნდაც დავითი, იყო შვილი უბრალო მიწისმოქმედ იესესი; ამოსი, თხების მწყემსისაგან იშვა და თავადაც თხებსა მწყსიდა; თვით მოსე სჯულისმდებელსაც უბრალო მამა ჰყავდა. ნიშანდობლივია, რომ ქრისტეს წინაშეც ჰქონოდა ადგილიკეთილმოსაობასა და უფრო მეტად კი განცვიფრებას, რომ ჰყავდა რა ისეთი მშობლები, უჩვეულოდ მსჯელობდა. ეს ცხადად აჩვენებდა მასში არა ადამიანურ განსწავლულობას, არამედ ღვთიურ მადლს“. მისით უნდა გაეხარათ, რომ მათმა ქვეყანამ ასეთი ნაყოფი გამოიღო, რომ აღთქმული მესია მათი ნაკლებად ცნობილი ქალაქიდან გამოვიდა. მაგრამ შური და ბოროტება შეითქვნენ, მათ გაუხეშებულ და უკრძალველ გულებში, და აი, კეთილკრძალული გაკვირვების ნაცვლად, მათ თვალებში უკვე გაიელვა სიძულვილმა, გაისმა დრტვინვა აღშფოთებისა და სიძულვილისა: ანუ არა ესე არსა ხუროსა მის ძე? და ვინ არის თავად იგი? ჩვენი მეზობელი, უბრალო ხურო!.. ანუ არა დედასა მისსა ჰრქვიან მარიამ?..

„შეხედეთ, - შენიშნავს მიტროპოლიტი ფილარეტი: მათ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ თქვან: იოსები, დავითის ძე, მარიამი, დავითის ასული; მათ იციან მხოლოდ ის, რასაც ხედავდნენ თვალით: - რომ იოსები იყო ხელოსანი, რომ მარიამი იყო მარიამი. როგორ არ იციან ისიც კი, რასაც ებრაელები ასეთი მონდომებით ცდილობდნენ სცოდნოდათ თავიანთ თავზე და სხვებზეც? როგორ არ იციან მარიამის ნათესავები და წარმოშობა? - სხვანაირად ძნელია ამის ახსნა, თუ არა იმით, რომ ყოვლადწმიდა ქალწულს, არ სურდა რა ხალხთან რითიმე გამოჩენილიყო, არ ეძიებდა რა არავითარ ადამიანურ ნუგეშს, ისიც კი არ სურდა, რომ თავის დამამცირებელ სიღატაკეში ხალხის წინაშე თავი თავისი დიდებული ჩამომავლობით მაინც მოეწონებინა და ამით თავი ოდნავ მაინც ენუგეშებინა; იგი თავის წარმოშობას ისევე არ აცხადებდა, როგორც სათნოებებს და მადლს, რაც ასე უხვად იყო მასთან“. და ძმანი მისნი, არ ცხრებოდნენ ნაზარეველები, ისინი ხომ ისეთივე ხელოსნები არიან, როგორიც იყო მამა მათი - მათ ყველას ჩვენ კარგად ვიცნობთ, ესენია იაკობ და იოსე, და სვიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ისინი ხომ ჩვენს შორის ცხოვრობენ? - „ასე, რომ, - ამბობს წმ. ოქროპირი: სწორედ ამას განსაკუთრებით უნდა მოექცია სარწმუნოებაზე. მაგრამ ბოროტი შური ხშირად თვით საწინააღმდეგოსაც ამბობს. ეს იყო სწორედ გასაოცარი, და გასაკვირი, საკმარისი იმისათვის, რათა მოეზიდა ისინი; სწორედ იმან კი დააბრკოლა ისინი“. ჩვენ, ამბობდნენ ისინი, ისიც ვიცით, რომ მისი ოჯახშიც კი არ სწამთ, ვინა უკუე არს ამისა ესე ყოველი? საიდან აქვს ასეთი დამაჯერებელი და უფლებით წარმოთქმული სიტყვები ამ ხუროს? ან რა უფლება აქვს მას, რომ ჩვენ ასე გვასწავლოს? საიდან იცის მან საღვთო წერილი, როცა არსად, ჩვენს რაბინებთან არ უსწავლია მას?.. და დაჰბრკოლდებოდეს მისთვის.

უფალი მშვიდად უსმენდა მათ ბობოქრობას; იგი მათ გულებში კუთხულობდა: ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქვენ მე უეჭველად მეტყვით ამ ანდაზას: ექიმო, განიკურნე თავი შენი, აქაც იგივე მოახდინე, შენს სამშობლოში, რაც ჩვენ გავიგეთ, რომ მოახდინე კაპერნაუმში. მაგრამ იქ იყო რწმენა, და მეც ვახდენდი სასწაულებს; თქვენ კი არა გწამთ ჩემი, ამიტომ არა ხართ სასწაულების ღირსნი. სასწაულები არ ხდება მარტო ქვეყნიური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისათვის. მოკლედ, თქვენზე მართლდება ის სამწუხარო ჭეშმარიტება, რომელიც უკვე არა ერთგზის გამეორდა ისტორიაში: არა არს წინასწარმეტყუელი შეურაცხ, არსად, ისე მცირე პატივი არ მიეგება წინასწარმეტყველს, გარნა სოფელსა თვისსა და სახლსა შინა თვისსა. ასე იყო წინასწარმეტყველ ილიასთვისაც, ასე ექცეოდნენ ელისე წინასწარმეტყველსაც. როგორც ისინი, როცა მათი არ სჯეროდათ ისრაელებს, თავიანთ კეთილმსახურებას უწევდნენ უცხოებს, წარმართებსაც კი; ილია შეეწია სარეპტელ ქვრივს, ელისე კი - კეთროვან სირიელ ნეემანს: ასევე მიხდება გაკეთება მეც. „ნახე ღვთაებრივი მასწავლებლის შემწყნარებლობა, - ამბობს წმ. ოქროპირი; იგი არ საყვედურობს მათ, მაგრამ უდიდესი სიმშვიდით ამბობს: „არა არს წინასწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თვისსა“, ამაზეც არ ჩერდება, არამედ დასძენს: „და სახლსა შინა თვისსა“, გულისხმობდა რა თავის ძმებს, რომლებსაც, იოანე მახარებლის თქმით, მაშინ ჯერ კიდევ არ სჯეროდათ მისი. მაგრამ როგორც არ უნდა მშვიდი ყოფილიყო მაცხოვრის ეს სიტყვები, ნაზარეთის მცხოვრებნი, მაინც ხედავდნენ, რომ უფალი მათ აყენებდა წარმართებზე ქვევით, კეთროვანებზე დაბლა, რადგან ისინი რწმენით ღებულობდნენ ძველად წინასწარმეტყველთ; ამან საბოლოოდ აღაშფოთა ისინი; დაკარგეს რა საკუთარი თავის მართვის უნარი, ისინი წამოცვივდნენ თავიანთი ადგილებიდან, ხმაურით გარს შემოეხვივნენ იესო ქრისტეს, შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ქალაქგარეთ, წაათრიეს ციცაბო კლდის წვერზე, რათა იქიდან გადაეგდოთ; მაგრამ მოწყალე უფალმა თავად მოარიდა ისინი საშინელ დანაშაულს: რადგან ჯერ არ იყო დამდგარი ჟამი მისი კაცთა გამომხსნელი სატანჯველისა, ამიტომ მან მშვიდად გაიარა თავის გააფთრებულ თანამემამულეთა შორის და გაშორდა იქაურობას. ასე რომ, უფალი ჩვენი „თვისთა თანა მივიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს“ (ინ. 1,11).

ყოველივე ამას დაწვრილებით გვაუწყებს წმიდა მახარებელი ლუკა; მათე კი უფრო მოკლედ ამბობს: და არა ქმნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათვის; ხოლო მარკოზ მახარებელი უმატებს, რომ უფალმა, ალბათ, უწინაც კი, როცა მოინახულა სინაგოგები, მხოლოდ მცირეოდენ ავადმყოფებს თუ შეახო ხელი, განკურნა ისინი, და არ შეეძლო მოეხდინა იქ რაიმე დიდი სასწაული, რადგანაც გაკვირვებული იყო იმათი ურწმუნოებით - „მათი ურწმუნოების გამო, - წერს ნეტარი თეოფილაქტე, უფალმა აქ არ მოახდინა სასწაულები, რითაც შეიბრალა თავად ისინი, რათა ამით დიდ სასჯელს არ მისცემოდნენ ისინი, თუ კი სასწაულების შემდგომაც დარჩებოდნენ ურწმუნოებაში, მაგრამ რამოდენიმე სასწაული მან მაინც მოახდინა, რათა არ შეძლებოდათ თქმა: უმნიშვნელო სასწაული რომ მაინც მოეხდინა, მაშინ ვირწმუნებდითო“. იგი ხედავდა, რომ ამ ხალხისათვის სასწაულებიც კი უსარგებლო იყო: „არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“ (ლკ. 16,31).

„ყოვლისშემძლეობა ღვთისა, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, ყოველთვის რჩება უძლეველად, მაგრამ ან გამძვინვარებული გული არ მიიღებს მადლიან ძალას, მსგავსად უხეში, არაკეთილშობილი ქვისა, რომელსაც არ შეუძლია სინათლის მიღება; ანდა წმიდა ძალა, მწყალობელი სიფრთხილისა გამო, არ ეხება უღირსს, როგორც ცეცხლი - თივას, რათა იგი მისით არ გაქრეს. რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ სასწაულებს? - კითხულობს მღვდელმთავარი და პასუხობს: ვისაც შეუძლია, დაე მან სხვანაირად მიპასუხოს, მე კი მგონია, რომ ჩვენ საჭიროების გამო მივედით ამ პასუხამდე: ვერ ვხედავთ სასწაულებს, ანდა იშვიათად ვხედავთ, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ, როგორც ნდობაში უღირსებს, გვეფარებიან, ანდა იმისათვის, რომ არ ხდება ისინი ჩვენი ურწმუნოების ან მცირედმორწმუნეობის გამო. როგორ იმოქმედებს სასწაულებრივად ლოცვა ჩვენზე, როცა ჩვენი ლოცვა ცივია და ხანმოკლე, უყურადღებოა, და არა იმდენად რწმენითა და მამა-შვილური სიყვარულითაა ღვთისადმი აღვლენილი, რამდენადაც მისი ნების მორჩილებისადმი უნებური აღსრულებით? როგორ იმოქმედებს ჩვენზე სასწაულებრივად სულიერი სიტყვა, როცა ჩვენი გული, როგორც ღვარძლისაგან გაველურებული სავანე, მჭიდროდაა დათესილი და მოდებული ამაოების სიტყვებით, ხორციელი სურვილებით, უსჯულო ზრახვებით? როგორ იმოქმედებენ ჩვენზე სასწაულებრივად წმიდა საიდუმლოებები, როცა ჩვენ მათ ვიღებთ მხოლოდ გარდუვალი აუცილებლობით, წინასწარ საგანგებო განწმედისა და მომზადების გარეშე, ღმერთთან შეერთების ანთებული მისწრაფების გარეშე? მოციქული პავლე, ამხელს რა კორინთელებს ქრისტეს ხორცისა და სისხლის უღირსად ზიარებაში, ასკვნის: „ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (1 კორ. 11,30), ანუ ბევრი ისჯება უეცარი სიკვდილით, სიწმიდეთა შელახვისათვის. მე ვფიქრობ, ბევრი ჩვენთაგანისთვის ღვთის უდიდესი მოწყალება უკვე არის სასწაული, თუ მსგავს შემთხვევებში ჩვენ ღვთისაგან არ ვისჯებით“.