მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

წმ. იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემელის თავის კვეთა

მათე 14,1-13

მას ჟამსა შინა, როცა იესო ქადაგებდა გალილეის ტბის ნაპირას, მასზე ხმამ მიაღწია გალილიის მმართველ იროდი ანტიპამდე, რომელმაც მოკლა უფლის წინამორბედი იოანე. იროდს შეეძლო ადრეც გაეგო მასზე, ალბათ კიდეც ესმა, მაგრამ თავისი უზრუნველობისა და ფუჭი ცხოვრების გამო საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმას, ვინც უბრალო ნაზარეველ რაბინად მიიჩნია. ეხლა კი მასში დამნაშავე სინდისი ამეტყველდა: ესმა ჰეროდეს ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა ამბავი იესოსი, და ჰრქუა მონათა თვისთა, თავის მსახურებს სასახლეში; ვინ არის ის, ვიზედაც მესმის ამდენი საკვირველებანი? ალბათ, ესე არს იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე მოვკვეთე თავი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით და მისთვის - რადგან იგი არაა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ მკვდრეთით აღდგომილი, - იქმნებიან ძალნი ესე მის თანა; მის მიერ ხდება ასეთი სასწაულები. რა მოხდება თუკი იგი იფიქრებს ხალხის აღშფოთებას, რათა სამაგიერო გადამიხადოს მისი სიკვდილისათვის?

„ასე ეშინია ბოროტ ადამიანს მიცვალებულისაც კი, ხოლო კეთილისმოქმედი კაცი აღვივებს თავის თავში შიშს ცოცხლების მიმართ, თავისი გარდაცვალების შემდგომაც კი“, - შენიშნავს ერთი ძველი განმმარტებელი. „შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, შიშის ძლიერი მოქმედება: იროდი ვერ ბედავს ყველას წინაშე გაცხადებას, ამიტომაც უთხრა თავის მსახურებს: „იგი თითქოს ეძიებდა იმათში დარწმუნებასა და დამშვიდებას, რომ იესო არ იყო მკვდრეთით აღდგომილი იოანე, და ამიტომაც მისი შიშისათვის საბაბი არ არსებობდა. მახარებელი ლუკა (9,9) ამბობს, რომ იროდი ეძიებდა შემთხვევას, რათა იესო ქრისტე ენახა, მაგრამ იესო განერიდა გალილიას.

შემდეგ წმ. მათე გვიყვება თვით მომხდარს. „რატომ არ აღწერა მან ეს აქამდე? - კითხულობს წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: იმიტომ, რომ მის ერთად-ერთ მიზანს წარმოადგენდა ესაუბრა მხოლოდ ქრისტეს საქმეებზე, მახარებლები კი ზედმეტს არაფერს ამობობდნენ; ეხლაც მომხდარის შესახებ არაფერს იტყოდნენ, იგი ქრისტესთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, და იროდსაც რომ არ ეთქვა, რომ იოანე აღსდგაო“. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოანე და შებორკილა იგი, ბორკილები დაადო მას, და საპყრობილესა შეაყენა სიბნელეში ჩასვა მახერონის ციხეში, რომელიც მდებარეობდა უდაბნოში, არაბეთის საზღვართან, მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანის იქით. წამხდარ მმართველს არ შეეძლო დაეთმინა მეუდაბნოე-წინასწარმეტყველის მკაცრი მხილებანი, ჰეროდიასთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა, რომელიც მან წაართვა ცოცხალ ქმარს: რამეთუ ეტყოდა მას იოანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარცა გესუა იგი ცოლად. „ამხელდა რა იროდს, წმ. იოანეს სურდა ეხსნა მისი სული, რომელიც ცოდვას შეეკრა, იროდმა კი ის შებორკა, რომელსაც მისი ხსნა სურდა; მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველი, შებორკილიც არ წყვეტდა საუბარს, და საპყრობილეში ჩაგდებულიც კი, აგრძელებდა მხილებასა და სწავლებას“ (წმ. ოქროპირი). თავის მოწაფეებთან და სხვა მსმენელებთან საუბრებისას, რაც დაშვებული იყო დატყვევებულისათვის, არც თუ იშვიათად გაისმოდა იროდის მამხილებელი მისი სიტყვა. ამის შესახებ ადვილად გაიგებდა იროდიადა, რომელსაც ეს აღაშფოთებდა და ჩააგონებდა, რომ დაჟინებით მოეთხოვა იროდისათვის სიკვდილი მამხილებელი წინასწარმეტყველისა. არ შეიძლებოდა, რომ იროდს არ მოესმინა ბოროტი თხოვნა-შეგონებანი თავისი თანამეცხედრისა, და თავადაც იქნებოდა იმის მოსურნე, რათა გათავისუფლებულიყო მისი მოძულისა და მამხილებლისაგან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა თავისი განზრახვის შესრულება. და უნდა ღათუ მისი მოკვლაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი, რადგან იგი სინამდვილეში იყო მეტი, ვიდრე წინასწარმეტყველი. იყო წუთები, როცა თვით იროდიც კი, ეს უსინდისო გემოთმოყვარე, არაფრად რომ არ მიაჩნდა ღვთის კანონები, უნებურად ყურადღებით ღებულობდა პირდაპირ, იოანეს შთაგონებულ სიტყვას და მას ბევრ რამეში კიდეც უგდებდა ყურს, როგორცა წერს წმ. მახარებელი მარკოზი. ასეთი იყო სულის სიდიადე დედათაგან შობილთა შორის უმეტესისა!

მიუხედავად ამისა, იროდი აგრძელებდა იოანეს საპყრობილეში ყოფნას, შესაძლოა იმის გამოც, რომ იგი იროდიადას ბოროტი სურვილისაგან დაეფარა; და კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ხალხი ნელ-ნელა თუ მთლად არ დაივიწყებდა წინასწარმეტყველს, უკიდურეს შემთხვევაში მის მიმართ უფრო გულგრილი გახდებოდა, ეს სრულიად ეთანხმებოდა ანტიპას ხასიათს, რომელსაც ქრისტე მაცხოვარმა უწოდა მელა; მაგრამ შურისმაძიებელმა იროდიადამ, ამ ახალმა იეზაბელამ, ნახა შესაფერისი შემთხვევა დაეჩქარებინა სისხლიანი შურისგება თავის უშიშარ მამხილებელზე. თავის ყოფილ სიმამრთან, არაბეთის მთავარ არეთასთან ბრძოლის გამო, რომელიც მეზობელ მეუდაბნოე ტომებთან ერთად, შურს იძიებდა თავისი ასულის უპატივცემობისათვის, იროდი გადავიდა ტიბერიადან მახერონში. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი მან ლხინი გამართა დიდებულთათვის, რომის ლეგიონის ათასისთავებისათვის, რომლებიც მას ეხმარებოდნენ არეთას წინააღმდეგ ბრძოლაში, და გალილეველი უხუცესებისათვის. ებრაელებს არ ჰქონდათ ჩვევად დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ იროდის სურდა ყველაფერში მიმსგავსებოდა აღმოსავლეთის მპყრობელებს, რომელნიც დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ თავიანთი დაბადების დღეს. რომაელთა წესის მიხედვით, სტუმრების გასართობად მიწვეულნი იყნვენ მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები და მოცეკვავეები. მაგიდები სავსე იყო ნუგბარი საჭმელ-სასმელით, ღვინო იღვრებოდა მდინარესავით. თვით იროდიადა, აღმოსავლური წესისამებრ, არ ესწრებოდა ლხინს, მაგრამ იგი შეეცადა თავისი მეუღლე - მეფე ესიამოვნებინა მოულოდნელი კმაყოფილებით, რასაც აღფრთოვანებაში უნდა მოეყვანა საპატიო სტუმრებიც. ლხინის დასასრულს, როცა იროდის თანამესუფრეთა გულები ღვინით იყო აღგზნებული, უცებ გამოჩნდა სალომეა - იროდიადას შვილი ფილიპესგან, რომელმაც მუსიკაზე დაიწყო ცეკვა, რითაც იქ დამსწრეებში ვნებიანი გრძნობები გააღვივა. როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვანი იგი მისი.

„სატანური სანახაობა იყო, - ამბობს წმ. ოქროპირი. ამის აღმძვრელი იყო უზომო სმა და გემოთმოყვარება; მაყურებელი იყო წამხდარი ხალხი, ხოლო ლხინის მომწყობი - ყველაზე უნამუსო კაცი; უგუნური გართობა იყო; ქალიშვილი, ვისი მეშვეობითაც იროდის ქორწინება იყო სჯულის საწინააღმდეგო, და რომელსაც ეკუთვნოდა, რომ ყველას მორიდებოდა, რათა არ შეერცხვინა დედამისი, თამამად გამოჩნდა შეკრებილ ხალხში, მოირიდა რა ქალწულებრივი სირცხვილი, თავისი როკვით დაჩრდილა ყველა მეძავი“. „და მოიგო გული იროდისა და მისი სტუმრებისა“. - უბადრუკმა ხელისუფალმა შესძახა: „რაიცა ითხოვო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა“ (მრკ. 6,23) რომლისათვის ფიცით აღუთქვა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს.

აი სადამდე შეიძლება დაბნელდეს ვნება! იროდი პირდება ნახევარი სამეფოს მიცემას, მაგრამ რისთვის? - უსირცხვილო ქალწულის ცეკვისათვის! მან არავითარი სურვილი არ გამოთქვა ბიძასთან, არამედ მაშინვე გავიდა დარბაზიდან თავის დედასთან და მიმართა მას კითხვით: „რაი ვითხოვო?“ (მრკ. 6,24). ძნელი წარმოსადგენია, როგორი სატანური სიხარულით აუძგერდა გული იროდიადას ამ სიტყვებზე. პასუხი მას დიდი ხანია ჰქონდა მომზადებული. დადგა მისთვის ნანატრი ჟამი, როცა შეეძლო დაეცხრო მტანჯველი წყურვილი მისი მამხილებელი წინასწარმეტყველის სისხლით!.. და აი, იროდიადამ საჩქაროდ დასტაცა ხელი სინს, რომელიც კი მოხვდა ხელში, მიაჩეჩა იგი თავის ქალიშვილს ხელში და იროდისთან გაგზავნა შემდეგი სიტყვებით: რათა ეხლავე, ნადიმზე, ამ სინზე მოგცეს იოანე ნათლისმცემლის თავი! „რა შეიძლება იყოს ამ მხეცობაზე უფრო უარესი, - ამბობს წმ. ოქროპირი, თხოვნა მკვლელობაზე, როგორც მოწყალებაზე, თხოვნა ყოვლად უკანონო მკვლელობისა, თხოვნა მკვლელობისა სადღესასწაულო ლხინზე, თხოვნა მკვლელობისა უსირცხვილოდ?“. და მაინც, ქალწულმა მორჩილად შეასრულა თავისი დედის ბოროტი ნება: ხოლო იგი წინასწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და მაშინვე, საჩქაროდ გაეშურა მეფისაკენ და გულცივად, დაეკარგა რა ყოველგვარი ადამიანური გრძნობა სიკეთისა, - და ჰრქუა: მომეც მე აქა, უბრძანე სასწრაფოდ მომიტანონ მე აქა აი ამ ლაკნითა თავი იოანე ნათლის-მცემლისაი.

„ხედავ, - გაკვირვებული ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ დაკარგა მან ყოველგვარი სირცხვილი, როგორ მიეცა ეშმაკს მთელი არსებით? ახსოვს ნათლისმცემლის ღირსებაც, მაგრამ მაინც არ შერცხვა, არამედ ისე თითქოს რაღაც საჭმელი სურდა, მოითხოვა სინით მიეტანათ მისთვის თავი წმიდა და ნეტარი იოანესი. არც კი ისურვა აღენიშნა მიზეზი, რადგან ასეთი არ გააჩნდა მას. არამედ უბრალოდ გამოთქვა სურვილი, რათა მის საპატივსაცემოდ ბოროტება გაეკეთებინათ იოანესთვის. არა თქვა: მოიყვანე იგი აქ და მოჰკალი, რადგან ვერ გადაიტანდა შეუპოვრებას იოანესგან, რომელიც იქნებოდა სიკვდილისათვის მზადებაში; მას ეშინოდა მკაცრი ხმა სიკვდილმისჯილისა, რადგან იცოდა, რომ იოანე არ გაჩუმდებოდა თავის მოკვეთის წინაც კი. ამიტომაც თქვა: „მომეც მე აქა ლაკნითა“. მინდა დავინახო ეს ენა დადუმებული! მას არა მარტო სურდა გათავისუფლებულიყო მხილებისაგან, არამედ ფეხიც კი დაედგა წაქცეულისათვის და დაეცინა მისთვის“.

იროდმა შეცბუნების გარეშე ვერ მოისმინა მისი საშინელი სურვილი. და შეღათუ-წუხნა მეფე იგი. „იგი, შესაძლოა ვარაუდობდა, რომ იროდიადას ასული მოსთხოვდა მას რაიმე მომხიბვლელ და ბრწყინვალე საჩუქარს: ძვირფას კაბას, სამკაულს, სასახლესა და კიდევ მსგავსს; მაგრამ შეცდა, როცა დაინახა ბოროტება, რომელიც გოგონასგან გამოვიდა „შეღათუ-წუხნა“... რატომ შეწუხდა? - ასეთია სათნოება, რომ ბოროტი ადამიანების განსჯის მიხედვითაც იგი ღირსია გაკვირვებისა და შექებისა“. - მაგრამ გულწრფელი იყო კი იროდის წუხილი, ხომ არ იყო იგი მოჩვენებითი? „შეხედე, -ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, როგორი განუსჯელობაა იროდისთან: მან დაიფიცა, რომ მოცეკვავე გოგოს ყველაფერს მისცემდა, რასაც კი მოსთხოვდა, მაგრამ მისცემდა უგუნური, მას თავის თავს, მას რომ მოეთხოვა?“ იროდის არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლეოდა ვიღაცისათვის საჩუქრად მიერთმია. აი, ამიტომაც ნეტარი იერონიმე პირდაპირ ამბობს, რომ იროდს მწუხარება მხოლოდ სახეზე ჰქონდა...

„ანტიპას ეშინოდა რომ ფიცისგამტეხად არ მიეჩნიათ, ხოლო არაადამიანური ქცევა არ აშინებდა; აშინებდა მისი ფიცისგამტეხვის მოწმეთა ყოლა, ხოლო ყოვლად უკანონო მკვლელობის მოწმეთა ასეთი სიმრავლის ყოლა შიშს არ გვრიდა“ (წმ. ოქროპირი). არამედ ფიცისა მისთვის და მისთანა მეინახეთა, სტუმრების გამო, ვისთანაც ერთად ილხენდა, იროდიმ გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ძმისშვილისათვის და ბრძანა მიცემად იგი მას, ვისაც ითხოვდა. მან მაშინვე იხმო თავისთან მცველი, და უბრძანა დაუყოვნებლივ მოეტანათ თავი იოანესი და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოანეს საპყრობილესა შინა. წინასწარმეტყველის წმიდა თავს ჯერ კიდევ ასდიოდა სისხლის ორთქლი, როცა იგი შეიტანეს სასახლეში. და მოართუეს თავი მისი ლაკნითა, როგორც მიჰქონდათ იქ მყოფთათვის სხვადასხვა საჭმელი. და მიჰსცეს ქალსა მას... „ვინ არ შეძრწუნდებოდა, ამ წმიდა თავის შემხედვარე, რომელიც მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი? - ამბობს წმ. ოქროპირი. რა უნდა ეგრძნოთ იქ მყოფთ, როცა საერთო მხიარულებისას დაინახავდნენ სისხლს, მოკვეთილი თავიდან რომ მოწვეთავდა?“ „ამას დიდხანს ვერ დაითმენდნენ ღვინით გამომთვრალი იროდის თანამოსუფრენიც კი; მაგრამ არ შეცბუნებულა მოცეკვავე ქალწული; თვითონ; საკუთარი ხელებით აიღო სინი იოანეს თავით და როგორც ძვირფასი საჩუქარი მიართუა დედასა თვისსა. ამ სისხლისმსმელმა ქალმა კი, ბოროტი სიხარულით გამოსტაცა შვილს სინი და როგორც წერს ნეტარი იერონიმე, ნემსით დაიწყო ენას ჩხვლეტა, რომლითაც იოანე ამხელდა მის უსჯულოებას...

„ჭეშმარიტად ეშმაკისეული ლხინი იყო ეს, - წამოიძახებს წმ. ოქროპირი: სატანური შესარცხვენი! უსჯულო როკვა, და ამისთვის ჯილდო - ყოვლად უკანონო! დაე მიაქციონ ამას ყურადღება ქალწულთაგან იმათ, განსაკუთრებით გათხოვილ ქალთაგან მათ, რომელნიც არ ერიდებიან სხვათა ქორწინებაზე თავიანთ შერცხვენას! ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ იმ მამაკაცებმაც, რომელთაც უყვართ უხვი დროსტარება და ზედმეტი სმა! უნდა შეუშინდნენ ისინი იმ უფსკრულს, რომელსაც ეშმაკი უმზადებს მათ! მაგრამ როგორ უღვთოდაც არ მოიქცა იროდი, მისი ცოლი უსჯულოებაში მას ბევრად აღემატა. მისი ქალიშვილი უღირსად სწორედ მისი ჩაგონებით მოიქცა, იცეკვა და მოკვლაც მოითხოვა. ხედავ, როგორ სამართლიანად თქვა ქრისტემ: „რომელსა უყუარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ (მთ. 10,37). იროდიადას ქალიშვილს რომ დაეცვა ეს მცნება, მაშინ არ ჩაიდენდა ამ საზარელ მკვლელობას.

და ღმერთმაც ყოველივე ეს მოითმინა, არ დაუშვა ზემოდან გამანადგურებელი ელვა, არ უბრძანა მიწას გაპობა და ჩაყლაპვა ამ ბოროტი კრებულისა, რათა მართალი კიდევ უფრო განედიდებინა და მათთვისაც, რომელთაც მომავალში მოუწევდათ უსამართლობათა გადატანა, დიდი ნუგეში მიენიჭებინა“. „უშვებს რა მართალთა უდანაშაულო ტანჯვას, უფალი ჩვენ გვაჩვენებს იმასაც, თუ როგორ მკაცრად განიკითხავს იგი ცოდვილთ, თუკი ტანჯვით გამოცდის მართალთა ცხოვრებას, რომელთაც იგი აღავსებს ქება-დიდებით“ (წმ. გრიგოლი დიდი). სინამდვილეში: წმიდა იოანეს ტანჯვა განა შეედრება იმ დიდებას, რომელიც მიეგება მას ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე? წმიდა ეკლესია ვერ ნახულობს სიტყვებს, რათა ღირსეულად შეაქოს წინამორბედი და ნათლისმცემელი უფლისა - უპატიოსნესი წინასწარმეტყველებში და დედათაგან შობილთა შორის უმეტესი. იგი ქრისტეზე უწინ ჩავიდა ჯოჯოხეთში, და ახარა იქ ღმერთი, რომელიც განსხეულებული მოივლინა და ანუგეშა მართალთა სულები. „იოანეს ხრწნადი ჭურჭელი დათრგუნვილ იქნა დედამიწაზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაგრამ მისი სულის ჩაუქრობელმა ლამპარმა გააბრწყინვა რწმენის კაშკაშა ნათელით ჯოჯოხეთში მყოფნიც კი“. როცა ჯოჯოხეთი იქნა დამხობილი, იოანე იქიდან გამოვიდა ქრისტესთან ერთად, და ღირსი გახდა ზეციური გვირგვინებისა, როგორც ქალწული, როგორც უდაბნოში მოღვაწე, როგორც მქადაგებელი სინანულისა, როგორც წინასწარმეტყველი, როგორც ქრისტეს წინამორბედი და ნათლისმცემელი, და ბოლოს, - როგორც მოწამე.

თავმოკვეთილი მისი სხეული, როგორც დასჯილის გვამი, ციხის კედლებიდან გადააგდეს უდაბნოში, მაგრამ იგი არ დარჩა დაუმარხავი: და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი, გადაასვენეს სამარიაში, და დაჰფლეს იგი პატივით, დაკრძალეს ამ ქალაქის მახლობლად, ელისე და აბდია წინასწარმეტყველებთან ერთად. უდიდესი მწუხარებით შეძრული იოანეს მოწაფენი, ნუგეშის მიღების იმედით, წავიდნენ იოანეს ღვთაებრივ მეგობართან: და მოვიდეს და უთხრეს იესოს, ყოველივე შეატყობინეს, რაც მოხდა, და ამასთან ისიც გააფრთხილეს, რომ იროდისგან მასზედაც იყო მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მას თვლიდა მკვდრეთით აღდგომილ იოანედ. ყოვლისმხილველმა, რა თქმა უნდა იცოდა ყველაფერი, რაც შეემხვა იოანეს, მაგრამ როგორც ჭეშმარიტ ადამიანს, არ შეეძლო ღრმა მწუხარების გარეშე მიეღო ცნობა, თავისი მეგობრის და ნათესავის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. გრძნობდა იმასაც, რომ მისი მტრები, მწიგნობრები და ფარისევლები იროდის მასზედაც ცუდს ჩააწვეთებდნენ, რომ თითქოს იგი თავს ასაღებდა მესიად და მეფედ. და, რადგან ჯერ არ იყო დამდგარი დრო მისი წამებისა, ამის გამო, ხოლო, ესმა რა ესე იესოს, განეშორა მიერ, გალილეის საზღვრებიდან, ნავითა, გალილეის ტბით, უდაბნოსა ადგილსა ბეთსაიდას მახლობლად, თვისაგან, მაგრამ ხალხს არ სურდა მასთან განშორება: და ვითარცა ესმა ერსა მას, მიჰსდევდეს მას მკვირცხლ, ქალაქებისაგან ნაპირის გასწვრივ.

ღვთის რისხვამ მალე უწია იროდსა და მის უწმიდურ ოჯახს წინამორბედის სიკვდილის გამო და თვით უფლის გაკიცხვისათვის, მისი წამების დღეს. გადმოცემა ამბობს, რომ იროდი ვერსად პოულობდა სიმშვიდეს, რადგან აწამებდა დამნაშავე სინდისი: ნადიმებზე, ტკბილეულით სავსე ლანგარზე, თუ ღვინის სასმისში - ყველგან ელანდებოდა იოანეს თავი, და ესმოდა მისი მკაცრი, მამხილებელი ხმა: არ უნდა გესვას შენ ძმის ცოლი! - მისმა ღვიძლმა ძმისწულმა, რომის იმპერატორთან ბიძას ცილი დასწამა რომაელთა ღალატში, და იროდმა დაკარგა მეფობა. იგი გადასახლებაში იქნა გაგზავნილი თავიდან გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში, სადაც თან გაყვნენ მას იროდიადა და სალომეა. ერთხელ, ზამთარში, სალომეა გაყინულ მდინარეზე სიკორისზე გადადიოდა; შუა მდინარეში მას ყინული ჩაუტყდა და იგი წყალში ჩაიფლა, ისე, რომ ყინულმა მას თავი გადაუჭრა... დაღუპულის გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი იროდისა და იროდიადას მიუტანეს; ხოლო იროდი და იროდიადა, გადმოცემის თანახმად ცოცხლად მიწამ შთანთქა.

წმიდა იოანეს თავის კვეთაზე საუბრის დასასრულს, წმ. ოქროპირი ამბობს: „რაც უფრო ცდილობ ცოდვის მიმალვას, იროდიადას მსგავსად, მით უფრო გამოაჩენ. რადგან ცოდვა იფარება არა ცოდვის დართვით, არამედ სინანულითა და აღსარებით. შეხედე კიდევ ერთ რამეს: მახარებელი ყოველივეს როგორ მშვიდად მოგვითხრობს, ამასთან შეძლებისამებრ, ზოგი რამის გამართლებასაც ცდილობს. იროდზე თქვა: „ფიცისა მისთვის და მისთანა მეინახეთა“, და „შეღათუჰსწუხნა“; ხოლო ქალწულის შესახებ ამბობს, რომ „იგი წინასწარ ბირებულ-იყო დედისაგან“ და „მან მოართვა დედასა თვისსა“, რითაც თითქოს სურდა ეთქვა, რომ შვილი ასრულებდა დედის ბრძანებას. მართლაც, ყველა მართალი და წმიდანი განიცდის არა იმათზე ვინც ითმენს, არამედ იმაზე, რომელიც სჩადის ბოროტ საქმეს, რადგან ბოროტის მომქმედნი, ბოროტს თავადვე ითმენენ. ეხლაც, იოანეს კი არ მოექცნენ ბოროტად, არამედ ბოროტებას შეეყარნენ ისინი, რომელთაც იოანეს სიკვდილი ინებეს. ჩვენც მივბაძოთ მართალთ, და არა მარტო უნდა მოვერიდოთ ყოველმხრივ სხვათა ცოდვების დაცინვას, არამედ უნდა შევეცადოთ, მათ დაფარვას. მახარებელი, გვიყვება რა გახრწნილ ქალზე და საზიზღარ მკვლელზე, არ გამოხატავს აღშფოთებას, არ ამბობს: აცდუნა სისხლმოწყურებულმა და დამნაშავე დედამ, არამედ უბრალოდ - „დედისაგან თვისისა“, გამოიყენა ყველაზე პატივსაცემი სახელი, ხოლო შენ, როცა ხარ განაწყენებული, არ გინდა ასე მოიხსენო შენი ძმა, როგორც მახარებელი მეძავს იხსენებს, არამედ მას უწოდებ ბოროტმოქმედს, არამზადას და უგუნურს. ასე არ იქცეოდნენ წმიდანები. ისინი უფრო მეტად ტიროდნენ მცოდველებზე, ვიდრე მათ რისხავდნენ, ჩვენც ასე მოვიქცეთ, ვიტიროთ იროდიადაზე და მის მსგავსებზე!“