როცა მოციქულები დაბრუნდნენ ქადაგებიდან, უფალმა უთხრა მათ: წადით სადმე უდაბნო ადგილებში და ცოტა დაისვენეთ. და თავადვე გაეშურა მათთან ერთად ნავით გალილიის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბეთსაიდასკენ, ხალხმა დაინახა, საითაც გაცურეს, და ისინიც, გაეშურნენ იქით. ნავიდან გამოსული იესო ავიდა მთაზე და იქ იჯდა მოწაფეებთან ერთად. ხალხი უფრო მატულობდა. გაზაფხული იყო, პასექის წინა პერიოდი. მახლობელი ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთ, შეუერთდნენ იერუსალიმისაკენ მიმავალი მლოცველებიც. მაცხოვარი ხედავდა ხალხის ამ გულმოდგინებას: და გამოვიდა იესო, მთიდან ჩამოვიდა, როგორც მოყვარული მამა შვილებთან, და იხილა ერი მრავალი, და შეეწყალნეს იგინი, რადგან ისინი იყვნენ, როგორც უმწყემსოდ მიტოვებული ცხვრები, და ამიტომაც დიდხანს ესაუბრა მათ ღვთის სასუფეველზე, და განჰკურნნა სნეულნი მათნი. უფლის მოწყალება მათზე ბევრად აღემატებოდა ხალხის მისკენ სწრაფვას: იგი ამჯერად კურნავდა ყველა სნეულს, ისე, რომ რწმენის შესახებაც კი არ ეკითხებოდა, „რადგან იმათ რწმენას უკვე ისიც ამტკიცებდა, რომ მათ მიატოვეს ქალაქები, საგანგებოდ ეძებდნენ მას, და არ სურდათ მასთან განშორება, როცა ამას აიძულებდა შიმშილი“ - ამბობს წმ. ოქროპირი.
მახარებელი იოანე გვაუწყებს, რომ უფალმა თვალი გადაავლო უამრავ ხალხს და უთხრა ფილიპეს: სად ვიყიდოთ პური, რომ ესენი დავაპუროთ? მან იცოდა, რისი გაკეთებაც სწადდა, მაგრამ ამ კითხვით გამოსცდიდა თავისი მოწაფის რწმენას, რომელმაც თავის დროს, მასთან პირველივე შეხვედრისას, მასში იცნო მესია, რომელიც მოსემ და წინასწარმეტყველებმა აღუთქვეს ხალხს. ფილიპეს შეეძლო ეთქვა: შენ ყველაფერი ძალ-გიძს, შენ ამ ხალხის დაპურებაც შეგიძლია, შენი სწავლების გამო, არსებობის პური რომ დავიწყებიათ. მაგრამ იგი ფიქრობდა ქვეყნიურად: ორასი დინარის პურიც კი, უთხრა მან, ხალხისათვის საკმარისი არ იქნება, თითოეულს მცირეოდენი რომ მაინც შეხვდეს. მოციქულებისათვის ცხადი გახდა, რომ სხვა საშუალება და გამოსავალი, ხალხის დასაპურებლად, არ არსებობდა, გარდა სასწაულისა, მაგრამ სასწაულზე ისინი არ ფიქრობდნენ. თვით უფალიც ერიდებოდა სასწაულს, არამედ ელოდებოდა, თუ როდის მიმართავდნენ მას თხოვნით! ასეთი წესი ჰქონდა მას. სხვათა შორის ხალხი უძლებდა შიმშილის გრძნობას, ოღონდაც კი ყოფილიყო საკვირველი სასწაულების მომქმედის გვერდით. და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი, რომლებიც გულში მონდომებით ზრუნავდნენ იმაზე, რომ ხალხი დაეპურებინათ საკვებით, და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რათა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი. „თუ კი, - ამბობს წმ. ოქროპირი, სასწაულის მოხდენის შემდგომაც, მოწაფეებს დავიწყებოდათ იგი, მით უმეტეს, როცა ჯერ მსგავსი სასწაული არ ჰქონდათ ნანახი, არ შეიძლებოდა ჰქონოდათ რაიმე მსგავსის იმედიც კი“. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა უხმს, არ უჭირთ მათი წარსლუა; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. კეთილ მწყემსს, სულიერი საზრდოთი რომ დაეპურებინა თავისი ფარა, არ სურდა მათი გაშვება ხორციელად მოშიებულებისაც კი.
„შეამჩნიე მასწავლებლის სიბრძნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ პირდაპირ მიჰყავს ისინი რწმენამდე. უცებ არ უთხრა: მე დავაპურებ მათ, - ამას ისინი ადვილად არ დაიჯერებდნენ; არც ისა სთქვა: მე მივცემ, არამედ - თქვენ მიეცითო. ისინი კი პასუხობენ მათ, როგორც უბრალო ადამიანს: ჩვენ ხომ არ წავიდეთ, რომ შევიძინოთ ორასი დინარის პური? სად შეიძლება ყიდვა? ჩვენ არც ამდენი თანხა მოგვეპოვება და ესეც რომ არა, ასეთ დროს სად შეიძლება ყიდვა? დასახლება არც ისე ახლოა“... მაგრამ უფალმა, თითქოს არც კი შეამჩნიაო ეს, უთხრა: რამდენი პური გაქვთ თქვენ? მიდით და ნახეთ. მოციქულმა ანდრიამ უპასუხა მას: აქ არის ერთი ბავშვი, ვისაც აქვს ხუთი ქერის პური და ორი თევზი. მაგრამ რა გახდება ეს ხალხის ასეთი სიმრავლისათვის? ჩანს, მოციქულებმა უკვე მონდომებით შეიტყვეს ჰქონდა თუ არა ხალხს რაიმე დასაპურებელი, ხოლო მათ, შესაძლოა შეისყიდეს ბიჭისაგან ეს მცირეოდენი საკვები, ჰრქუეს მას, უფალს: არა გუაქვს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. მართალია, მაცხოვართან სიახლოვით იმათ გულებში უკვე შეაღწია სახარებისეულმა ნაპერწკალმა მოყვასის სიყვარულისა, მაგრამ მათი გულები, როგორც შენიშნავს მარკოზ მახარებელი, იმ დროს ჯერ კიდევ იყო გაქვავებული. ჰრქუა მათ, იესო: მომართვით მე იგი აქა. „მართალია უდაბნოა, მაგრამ აქ არის ის, ვინც მთელ ქვეყანას ასაზრდოებს: მართალია ძალზედ გვიანია, მაგრამ თქვენ გესაუბრებათ ის, ვინც არ ეკუთვნის დროს“ (წმ. ოქროპირი). და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა. მწვანე ბალახზე, რომელიც გაზაფხულის ამ მშვენიერ დროს იქ ბევრი იყო; რითაც ხალხს უბრალოებასაც ასწავლიდა უფალი.
ასე დასხდნენ რიგებად ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი, რათა მათი გარშემოვლა ყოფილიყო ადვილი შესაძლებელი და თავიდან აეცილებინათ უთანხმოება და არეულობანი. და მოიღო თავისი წმიდა ხელებით აიღო ხუთი ეგე პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად. როგორც ოჯახის ნამდვილმა მამამ, და აკურთხა. „რატომ აიხედა ზეცისკენ ქრისტემ და აკურთხა? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: მას უნდა დაერწმუნებინა ისინი, რომ იგი მამისაგან იყო მოვლენილი და რომ იყო მისი სწორი. მამასთან თანასწორობას იგი იმით ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ხელმწიფებით, იმას, რომ ის მამისაგან იყო გამოგზავნილი, არ დაიჯერებდნენ ისინი, ყველაფერში რომ არ ემოქმედა უდიდესი სიმშვიდით, ყოველივე არ მიეწერა მამისათვის და მისთვის არ მიემართა ნებისმიერ საქმეში; ამიტომ იყო, რომ უფალი სასწაულებს ზოგჯერ ახდენდა უფლებით, ზოგჯერ კი ლოცვით, ამასთან ასე მოქმედებდა არა იმიტომ, რომ საჭიროებდა თანამოქმედებას, არამედ რათა მას მიეგო პატივი თავისი მშობელისათვის. იგი უმზერდა ზეცას იმის დასამტკიცებლად, რომ იყო მამის წარმომადგენელი, და ჩვენი განსწავლისათვის იმაში, რომ არ მივეახლოთ ტრაპეზს იქამდე, ვიდრე მადლობას არ შევწირავთ, საზრდელის მომცემს“. და განჰსტეხა თხელი ქერის პურები, და მიჰსცნა პური იგი და თევზი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ, ისინი კი უფლისაგან მიღებულ ნატეხებს უნაწილებდნენ მიწაზე მსხდომ ხალხს, მიჰსცეს ერსა მას. პურის საკვირველი გამრავლება მოხდა ჯერ თვით მაცხოვრის ხელებში, შემდეგ კი მოციქულთა ხელებშიც იგივე ხდებოდა, და ბოლოს, პური და თევზი იმათ ხელშიც მრავლდებოდა, ვინც შეექცეოდა მათ. და ჰსჭამეს ყოველთა და განჰსძღეს, ყველამ იმდენი შეჭამა, რამდენიც კი სურდა. ეს იყო უბრალო, მაგრამ სრულიად საკმარისი მოშიებული და დაღლილი ხალხის დაპურებისათვის, ეს იყო განსაცვიფრებელი ვახშამი. ასე გაამართლა უფალმა ხალხის წინაშე მისგან აღთქმული: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6,33).
მაგრამ რატომ არ ქმნის ქრისტე ახალ პურს? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: რათა თვით საქმეებით გვასწავლოს, რომ ყოველი ხილული მისგანაა შექმნილი, რომ იგი არის თავიდან სიტყვების მთქმელი: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული“ და „აფუთფუთდეს წყალში სულდგმული“ (შექ. 1,11-20). ხუთი პურისა და ორი თევზის ასე გამრავლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მიწიდან ნაყოფის გამოღება, ან წყლიდან ცოცხალი არსებისა. აქამდე იგი სასწაულებს ახდენდა მხოლოდ სნეულ ადამიანებზე, ეხლა კი ყველას უწევს საერთო სიკეთეს, რათა ხალხი არ დარჩენილიყო უბრალო მაყურებლად, იმისა, რაც ხდებოდა სხვებზე, არამედ თავადაც მიეღოთ სიკეთე. ის, რაც იუდეველებს უდაბნოში მოგზაურობისას ეჩვენებოდათ სასწაულად (ფს. 27,20), უფალმა მოახდინა საქმით. უდაბნოშიც იმიტომ გაიყვანა ისინი, რომ მომხდარ სასწაულში არავის შეეტანა რაიმე ეჭვი. აქედანვე ვგებულობთ მოწაფეთა ზომიერებასაც: ისინი იყვნენ თორმეტნი, თან კი ჰქონდათ მხოლოდ რამოდენიმე პური. აი, ასე ნაკლებად ზრუნავდნენ ისინი სხეულზე, ძალზედ აუცილებელსაც კი არ იტოვებდნენ. აქედან ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ შეიძლება გვქონდეს მცირეოდენი რამ, მაგრამ მაშინაც უნდა ვიზრუნოთ გაჭირვებულებზე. უფალმა მოწყალება გასცა თავისი მოწაფეების ხელით, რათა მათთვის პატივი მიეგო, ასევე იმისთვისაც, რომ ისინი არ დარჩენილიყვნენ ურწმუნოებაში და არ დაევიწყებინათ სასწაული, რომელსაც დაამოწმებდა საკუთრივ იმათ ხელები. - უფალმა მისცა მათ მხოლოდ პური და თევზი, რათა ყველასათვის ესწავლებინა თავშეკავება.“
დასრულდა საკვირველი ვახშამი; უფალმა ბრძანა შეეგროვებინათ ნარჩენები, რათა არაფერი დაკარგულიყო, რითაც გვასწავლის ღვთის სიკეთეთა მოფრთხილებას. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათ-ორ-მეტი გოდორი სავსე, თითოეულმა მოციქულმა თითო გოდორი, რათა თავადაც დანაყრებულიყვნენ და იმათთვისაც ეწილადებინათ, საკვირველი ტრაპეზიდან მორჩენილი, ვინც არ იყო იქ. ასე, მშრომელი ღირსია დაპურებისა და საკურთხევლის მსახურიც უნდა არსებობდეს საკურთხევლიდან. „ქრისტემ ეს იმისათვის ინება, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ხალხს ეგრძნო შიმშილი, რათა ვინმეს ოცნებად არ მიეღო მომხდარი სასწაული; იმიტომ ინება თორმეტი გოდორი ნარჩენის შემონახვა, რომ იუდასაც ჰქონოდა საზიდი. უფალს შეეძლო პურის გარეშეც დაეცხრო იმათი შიმშილი, მაგრამ მაშინ მოწაფენი ვერ შეიცნობდნენ მის სიძლიერეს, ხოლო ამ სასწაულის გამო ისეთმა დიდმა გაკვირვებამ მოიცვა ებრაელნი, რომ სურდათ მეფედ დაესვათ იგი“. - მიიჩნიეს რა იგი მესიად - ქრისტედ. ხოლო იყუნეს, რომელთა იგი ჰსჭამეს, მამანი ხოლო, ხუთ-ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა. ასე რომ, მარტო მამაკაცები კი არა, ქალები და ბავშვებიც კი დასდევდნენ იესოს უდაბნოში: ასეთი იყო საერთო გულმოდგინება ხალხისა. ყურადღების ღირსია ისიც, რომ საკვირველი ტრაპეზობის ნარჩენები უამრავჯერ აღემატებოდა საკვების თავდაპირვანდელ მარაგს. ამაში ჩვენ ვხედავთ სახეს იმ სიყვარულისა, რომელიც სიყვარულით კი არ იძარცვება, პირიქით, იღვრება რა სხვებზე, უფრო მდიდრდება და მრავალდება: რაც უფრო მეტ სიკეთეს მოიმოქმედებ, მით უფრო გამრავლდება შენი შესაძლებლობანი კეთილი საქმეებისათვის. საკვირველი გამრავლება პურისა იყო თვალსაჩინო გამოხატულება საიდუმლო ზიარებისა, რომელშიც, ტარიგი ღვთისა, იესო ქრისტესი, პურისა და ღვინის სახით, განიტეხება, მაგრამ არ განიყოფება, მარად იჭამება, და არ დაილევა და მზიარებელთ განსწმედს.