პურის საკვირველი გამრავლებით განცვიფრებულ ხალხს სურდა ძალით აეყვანათ იესო ქრისტე და გამოეცხადებინათ მეფედ. უფალი ხედავდა ხალხის ამ განზრახვას და დაეშურა, წინ აღდგომოდა მის შესრულებას. და მეყსეულად სასწაულის აღსრულების შემდეგ, აიძულა მოწაფეთა, რომელთაც არ სურდათ მასთან განშორება განსაკუთრებით ეხლა, როცა მათ მოეჩვენათ, რომ დგებოდა ჟამი მათი სანუკვარი სურვილის აღსრულებისა - ეხილათ იესო ისრაელის მეფედ, მან უბრძანა მოწაფეებს და ისინიც უნდა დამორჩილებოდნენ მას: შესლუად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღ კერძო, გადასვლა გალილიის ტბის მეორე ნაპირას, სხვა ბეთსაიდასთან, რაც ახლო იყო კაპერნაუმთან, - ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. უფალს სურდა ესწავლებინა თავისი მოციქულებისათვის. - რათა არ გამოდევნებოდნენ კაცობრიულ დიდებას, ხალხი არ მიეზიდათ თავიანთკენ ამ მიზნით, და კიდევ უსურვებდა მათ, რომ უკეთ ჩაფიქრებულიყვნენ, მარტოობაში, მის გარეშე, იმ სასწაულზე, რისი მონაწილენიც თავადაც იყვნენ ცოტა ხნის წინ, და რომლის ხილული დამამტკიცებელი ნიშანი - პურის გოდრები, იყო მათ ხელში.
მზის ჩასვლის შემდგომ, საღამოს ბინდ-ბუნდში, იესო გამოემშვიდობა მოწაფეებს, ჩვეული სიმშვიდით, თანდათან დააცხრო ხალხის მღელვარება და დაარწმუნდა ისინი, რომ დაშლილიყვნენ, და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თვისაგან. მისთვის საყვარელი წინამორბედის სიკვდილი მას აგრძნობინებდა, რომ ახლოვდებდა მისი წამების ჟამიც; მაგრამ იქამდე რამდენი სიმძიმე და წუხილი უნდა გადაეტანა გახელებულ ფარისევლებთან ბრძოლაში! აი ეხლაც, ღამის განმარტოებაშიც, მას სწყუროდა განემტკიცებინა თავისი ადამიანური ბუნება ლოცვით ზეციურ მამასთან საუბარში. ჩვენც გვასწავლის იგი თავისი ღვთაებრივი მაგალითით: როცა მოვა ლოცვის დრო, უნდა გადავდოთ ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავი, და გონება ავამაღლოთ ზეცისადმი, რათა ჩვენი ლოცვა, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი, ავიდეს ღმერთთან. თითქმის მთელი ღამე გაატარა მან ლოცვაში, რითაც გვასწავლა მოთმინება და მონდომება ამ წმიდა საქმეში. და შე-რაი-მწუხრდა, მარტო იყო მუნ, უდაბნოს მთაზე. „რატომ ავიდა უფალი მაღალ მთაზე? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: იმისათვის, რომ გვასწავლოს, როგორ მოსახერხებელია უდაბნო და განმარტოება, როცა ღმერთისადმი ლოცვაა აღსავლენი. ასეთი ადგილი და ღამის დრო, ჩვენც განგვაწყობს მშვიდი ლოცვისადმი. რადგან უდაბნო არის დედა მდუმარებისა, სიმშვიდისა და ნავთსაყუდელი, რომელიც გვიცავს ყოველგვარ საშიშროებათაგან“.
ღამის სიბნელე ჩამომდგარიყო, მთებში უკვე მძვინვარებდა ქარიშხალი; ქარი შემოიჭრა ხეობაში, ზღვამ დაიწყო ღელვა, ხოლო ნავი იგი მოციქულებისა, ამ დროს განშორებულ იყო ქუეყნით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, აზვირთებული ტალღებისაგან. როცა ნაპირიდან გაცურეს, მოწაფენი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ უფალი მათ შეუერთდებოდა იქ, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ნავის მიყენება; მაგრამ აი ღამეც დადგა და იგი მაინც არ ჩანდა. ამაოდ, ქანცგამოლეულნი მუშაობდნენ ნიჩბებით, გამოცდილი მეთევზენი: ნავი მზად იყო დასაღუპად ტალღების შემოტევისაგან, რამეთუ ქარი იყო პირით კერძო. „მას, რომელიც თავის საუნჯეთაგან ბადებს ქარს და უფლებს ზღვებზე, განა არ შეეძლო თავის მოწაფეებს გზაზე შესწეოდა სასურველი ქარით? ასე მან მოიმოქმედა იმიტომ, რათა ისინი მიეჩვია განსაცდელთა დათმენისათვის, რაც მათ უხვად შეხვდებოდათ ქვეყნად, სახარების ქადაგებისას მომავალში“ (ეპისკ. ნიკიფორე). შუაღამე გადასული იყო, ნავს კი გზის ნახევარიც ძლივს გაევლო. „უწინ, ქარშხლისას, ქრისტე თავად იყო მათთან ნავში და ეძინა, რათა ამით დაემშვიდებინა ისინი; ეხლა კი, მიჰყავდა რა ისინი დიდ მოსათმენამდე, განეშორა მათ, და ქარიშხალი მიუშვა მათზე შუაგულ ზღვაში; უწინ ქარიშხალი მოხდა დღისით, ეხლა კი მძვინვარებდა ღამით“ (წმ. ოქროპირი). უფალი უყურებდა მათ უბედურებაში, მყოფთ, მაგრამ „მთელი ღამე დატოვა ისინი ბობოქარ ტალღებთან ბრძოლაში, რათა შეეძრა მათი მკაცრი გულები: „რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ“ (მარკ. 6,52), ე.ი. გაქვავებულიო. ამას უნდა განეცდევინებინა მათთვის შიში, რომელსაც აღძრავდა როგორც ქარიშხალი, ასევე შუაღამის დრო. ამასთან ერთად მიყავდა ისინი მასთან სიახლოვეში ყოფნის სურვილისა და მასზე მოუკლებელი ხსოვნისაკენ, ამიტომაც მაშინავე არ გაჩნდა მათთან“, თუმცა კი იგი, უხილავად მუდამ მათთან იყო.
და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა, შუაღამის სამი საათის შემდეგ, მოვიდა მათა იესო, სლვით ზღუასა მას ზედა, როგორც ხმელეთზე. მათი გადარჩენისათვის საჭირო იყო დაჩქარება შველისა, ახლა კი იგი თითქოს ცდილობდა მათთვის გვერდის ავლას, რათა აღეძრა მათში ლოცვა, და ოხვრა გადარაჩენისა. ხოლო მოწაფეთა, ვითარცა იხილეს, ვიდოდა რა ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ საოცარ რაიმე არს, რომ ეს იყო მოჩვენება, რისი მეშვეობითაც ეშმაკი, ებრაელთა რწმენით, ხალხს აშინებდა, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. იწყეს საშველად ღმერთის მოწოდება. „უფალმა მოწაფეებს უცებ გამოუცხადა თავი. ადამიანს არ შეუძლია ხანგრძლივი და ძლიერი განსაცდელების დათმენა, ამიტომაც უფალმა, სურდა რა რომ მართალთ მეტი სიკეთე შეეძინათ, მათი გმირობის დასრულებამდე, გამოცდა უფრო გააძლიერა“. მაგრამ, როგორც კი შესძახეს მათ იესოს, როგორც განწირულის შეძახილით გაჩერებულმა და დაკავებულმა, მეყსეულად ეტყოდა მათ იესო და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია, ნუ გეშინინ! ღამის სიბნელეში მოწაფეებს არ შეეძლოთ გაერჩიათ, ვინ იყო ტალღებზე მოარული, მაგრამ მათი გულებისათვის ასე ნაცნობმა, ღვთაებრივი მასწავლებლის ხმამ, მაშინვე გაფანტა იმათი შიში და ჩაუნერგა მხნეობა და იმედი. მათ უკვე სურდათ მიეღოთ იგი ნავში, მაგრამ უცებ პეტრე, „ყოველთვის ანთებული, მოწაფეთაგან ყოველთვის გამორჩეული“; მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, თუმცა მე არ მეპარება ეჭვი, რომ ეს შენა ხარ, - რადგან ვის შეუძლია შენს გარდა ზღვაზე სიარული, როგორც ხმელეთზე? - ამიტომ მიბრძანე მე, შენ ოღონდ ბრძანე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა. - „არ თქვა: ილოცე და დასახმარებლად ღმერთს მოუწოდე, არამედ ბრძანე. ხედავ, რამოდენაა მისი სიმხურვალე, თუმცა პეტრე ამის გამო ხშირად ვარდებოდა განსაცდელებში, რაც გადაჭარბებულობის გამო ხდებოდა; იგი აქაც ზომაზე მეტს ითხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი სიყვარულით, და არა თავმოსაწონად. არ თქვა: მიბრძანე მე, რათა წყალზე გავიარო, არამედ - რათა მოვიდე შენთან. პეტრე დარწმუნებული იყო, რომ იესოს არა მარტო თვითონ შეეძლო ზღვაზე სიარული, არამედ სხვების გაძღოლაც“.
გულთამხილავმა იცოდა, რით დამთავრდებოდა პეტრეს ასეთი შემმართებლური ცდა ტალღებზე სიარულისა: მან არ უთხრა მას: გიბრძანებ, არც ის უთხრა: მოდი ჩემთან, არამედ უბრალოდ: მოდი, თუ გინდა (წმ. ოქროპირი). ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! „ქრისტეს რომ ეთქვა: არ შეგვიძლია, - პეტრე თავისი გულანთებულობით ალბათ აქაც შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ არწმუნებს მას ქრისტე საქმით, რომ ყოფილიყო ფრთხილი. მაგრამ პეტრე ვერც ამან შეაჩერა, - ამბობს წმ. ოქროპირი. მას სურს აჩვენოს, რომ მისი რწმენა, მისი სიყვარული მაცხოვრისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა მოციქულებისა. აკი შემდგომშიც არწმუნებდა იგი: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“ (მთ. 26,33). მაგრამ სინამდვილემ აჩვენა, რომ ამჯერადაც იგი მეტად თვითდაჯერებული იყო და ნაკლებად მორწმუნე. და გარდამოვიდა პეტრე ნავით, ფეხები მყარად დაადგა მჩქეფარე ტალღებს, და ვიდრე მისი მზერა უფლისკენ იყო მიმართული, როცა ქარს ლამის დაეგლიჯა მისი სამოსი და თმები, ხოლო ტალღებისაგან ერთიანად იყო გაწუწული, იგი მხიარულად ვიდოდა წყალთა მათ ზედა, ხარობდა არა იმის გამო, რომ ტალღებზე დადიოდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ სხვებზე უწინ მოვიდოდა იესოისა და მას თაყვანს სცემდა. ასე, სასწაულს სასწაული მოსდევს თან; არა მარტო შემოქმედმა და მეუფემ ზღვისა, არამედ მონამაც კი, მეუფის ძალის ნებით, წყალზე გაიარა, როგორც ხმელეთზე...
„მაგრამ სძლია რა დიდს, პეტრე კინაღამ იძლია უფრო მსუბუქისგან. ასეთია ბუნება კაცისა: ხშირად დიდ საქმეში აღწევს წარმატებას, მცირეში კი ბრკოლდება“ - ამბობს წმ. ოქროპირი. როცა პეტრემ დახედა გამძვინვარებულ ტალღებსა და საშინელ სიღრმეს, ფეხქვეშ რომ ეგულებოდა, მასში გაიღვიძა სხეულმა და სისხლმა: და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინდა და იწყო დანთქმად და განწირულის ხმით ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე! წყალზე ქარიშხალმა კი არ შეაშინა იგი, არამედ ეჭვიანი ზრახვების ქარიშხალმა, ისევე როგორც ტალღებზე, იგი ხმელეთს კი არ ეკავა, არამედ რწმენის სიმტკიცეს... შიშმა აიძულა იგი გულწრფელად ეღიარებინა სისუსტე თავისი რწმენისა და არ დააყოვნა დახმარება: და მეყსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას... მაგრამ რატომ არ უბრძანა უფალმა ქარს ჩადგომა, არამედ პეტრეს ხელი შეაშველა? იმიტომ რომ ქარი კი არ იყო მისი ჩაძირვის მიზეზი, არამედ მისი სულმოკლეობა, ამიტომაც ქრისტემ ქარი კი არ ჩაახშო, არამედ ეს ადამიანური სისუსტე. „საჭირო იყო პეტრეს რწმენა, მას კი იგი ნაკლები ჰქონდა მაშინ, და აი, უფალმა სიყვარულით უსაყვედურა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? მან არ თქვა: ურწმუნო, არამედ მცირედ მორწმუნეო; არ თქვა: რატომ წამოხვედი? - მას არ სურდა გაენელებინა თავისი მოწაფეების მომავალი მონდომება და თავდადება, არამედ ისინი გაამხნევა, რითაც აჩვენა, რომ მისი შეწევნით მათ შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება, რომ მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. „როგორც ბარტყს, რომელიც დროზე ადრე ამოფრინდება ბუდიდან და ადვილად ვარდება მიწაზე, დედა ფრთებზე ისვამს და კვლავ ბუდეში მიჰყავს, ასევე მოიქცა ქრისტეც“.
მომხდარმა პეტრეს ასწავლა, რომ არ უნდა ჰქონოდა თავზე დიდი წარმოდგენა, სხვები კი დაამშვიდა, რათა შური არ გასჩენოდათ პეტრეს მიმართ. ზღვაზე მომხდარი მიანიშნებდა პეტრეს ჯერ განშორება-უარყოფას, შემდეგ კი დაბრუნება-სინანულს. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დაცხრა ქარი იგი, ქარიშხალი მაშინვე ჩადგა და ზღვაც დამშვიდდა. სასწაულის მომსწრენი დიდ განკვირვებასა და გაოცებას მოეცვა; როცა უწინ უფალი სიტყვით აცხრომდა ქარიშხალს, ამბობდნენ: „რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას?“ (მთ. 8,27). ეხლა კი მოციქულები და ყველა, რომელნი იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს მას კეთილკრძალულობით და თაყუანისცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისა ხარ შენ, შენ ხარ მესია.
და როცა გადაცურეს გალილიის ზღვა განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა, ზღვის დასავლეთის მხარეს, კაპერნაუმის მახლობლად. და იცნეს იგი კაცთა მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა, რათა მისი გამოჩენის შესახებ სხვებისთვისაც ეუწყებინათ, და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული, მძიმე, მწოლიარე ავადმყოფები; და სადაც არ უნდა მისულიყო იგი, სოფელი იქნებოდა თუ ქალაქი, ავადმყოფები ღია ადგილებში გამოყავდათ, და ევედრებოდეს მას, რაითა შეხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. „ახლა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, უკვე აღარ ეძახიან მას სახლში, არ ცდილობენ, რომ იგი ხელით შეეხოს სნეულთ და არც სიტყვით განკურნებასა სთხოვენ მას, პირიქით უსაზღვრო რწმენით ევედრებიან შველას, რადგან როგორც ჩანს, სისხლმდინარე ქალმა ყველას ასწავლა ბრძნული მოქმედება.
ჩვენც შევეხოთ ქრისტეს სამოსელის ბოლოს, უფრო სწორად, თუ გვსურს, შევეხოთ თვით ქრისტე მაცხოვარს, რადგან ახლა ჩვენ გვეძლევა არა მარტო მისი სამოსელი შესახებად, არამედ თვით მისი წმიდა ხორცი საღმრთო ზიარებისას. ასე, რომ მივეახლოთ მას რწმენით, მივეახლოთ ყველანი, ვინც კი უძლურებაში ვართ. თუ კი მისი სამოსელის გარედან ოდნავ შემხებელმა, მიიღეს სასწაულებრივი ძალა, რამდენჯერ უფრო მეტი სიკეთე შეუძლიათ მიიღონ მათ, რომელნიც თვით ქრისტეს მიიღებენ თავისთან? ამიტომ, როცა ვხედავთ, რომ მღვდელი გვაწვდის წმიდა ძღვენს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ დროს თვით იესო ქრისტე გვიწვდის ხელს გადასარჩენად”...