მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

მრავალ სნეულთა განკურნება. ფარისეველთა ორგულების მხილება

მათე 15, 1-11

მას შემდეგ, რაც უფალმა მოახდინა მრავალი სასწაული, და არ მიაქციეს მის ყოვლისშემძლებლობას ყურადღება, მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი. ისინი იყვნენ განთესილნი ისრაელთა თორმეტივე ტომში, მაგრამ იმათგან, რომელნიც ცხოვრობდენ იერუსალიმში, იყვნენ სხვებზე უფრო გაბოროტებულნი, რადგან სარგებლობდენ უმეტესი პატივით და ამიტომაც იყვნენ მეტად ქედმაღალნი. გალილეველი მწიგნობრები თავიანთ იერუსალიმელ უხუცესებთან ასმენდნენ ყოველივეს, რაც შეეხებოდა იესო ქრისტეს და აი, ახლა ეს დედაქალაქელი წინამძღოლები განზრახ შეიკრიბნენ გალილეაში, რათა ეპოვათ შემთხვევა, რომ დაედანაშაულებინათ მათთვის მეტად საშიში მასწავლებელი. ასეთი შემთხვევაც მალე დაუდგათ: ფარისეველებმა შეამჩნიეს, რომ ქრისტეს მოწაფეებმა ხელი არ დაიბანეს ჭამის წინ. მოსეს სჯული ითხოვდა ადამიანს დაებანა საჭირო შემთხვევაში, მაგრამ მწიგნობრებმა ეს კანონი ისე დაამახინჯეს, რომ მისი გაგება დაიყვანეს უაზრობამდე. მაგალითად, ისინი ამბობდნენ: „ვინც არ იბანს ხელს ჭამის წინ, იგი ღირსია სიკვდილისა, - იგი ისევე იქცევა, როგორც მეძავთან, - რომ უკეთესია გაიარო დიდი მანძილი წყლისათვის, ვიდრე შეჭამო დაუბანელი ხელით; რადგანაც ვინც არ იბანს ხელს ჭამის წინ, იგი ემსგავსება უწმინდურ მკვლელს“. სადილობის წინ ისინი იბანდნენ არა მარტო ხელს, არამედ რეცხავდნენ მაგიდებსა და სკამებს, რაზედაც ისხდნენ, ასევე ქოთნებს, ჯამებს, ასე რომ მათი მტრები სადუკეველები იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ფარისეველები მალე მზესაც დაბანენო და ყოველივე ამ წვრილმან წესებს, რომელთაც ისინი უწოდებენ „უხუცესთა გადმოცემებს“, ისინი ისე აზვიდებდნენ, რომ თითქმის ღმერთს მიაწერდნენ, რომ მან თითქოს ყოველივე ეს ზეპირად აუწყა სინას მთაზე მოსეს. მწიგნობრებს არ უნდოდათ იმისი გახსენება, რომ მოსე მკაცრად კრძალავდა მიმატებას ან დაკლებას იმისას, რაც ჩაწერილი იყო სჯულში. ამჯერად ისინი ამბობდნენ, რომ იესო ქრისტეს მოწაფენი არ იცავდნენ ამ გადმოცემას, - და ჭამდნენ პურს დაუბანელი ხელით... მათ ბოროტი სიხარულით მოაშურეს ღვთაებრივ მასწავლებელს და ეტყოდეს: რაისათვის მოწაფენი შენნი გარდავალნ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ხელნი, რაჟამს პურსა ჰსჭამედ. მოწაფენი ამას, რა თქმა უნდა, სჩადიოდნენ „არა განზრახვით, - როგორც ამბობს წმ. ოქროპირი, - არამედ იმიტომ, რომ ხელის ბანა კანონად არ მიაჩნდათ, და მოქმედებდნენ მდგომარეობის მიხედვით. ან შეეძლოთ ამაზე ეზრუნათ, როცა ისინი არ ზრუნავდნენ საკვებზედაც კი, რაც მათთვის ესოდენ იყო აუცილებელი? მათ ზოგჯერ მართლაც უწევდათ დაუბანელი ხელით ჭამა, მაგალითად უდაბნოში, ან ყანაში, როცა აგროვებდნენ თავთავს“. - მაგრამ უფალი არ განიკითხავდა მათ ამისათვის და არც იცავდა თავისი მოწაფეების საქციელს, მაგრამ ფარისეველთა ბრალდებებს თავად უპასუხა ბრალის დადებით: „მათი უტიფრობის მხილებით აჩვენებდა, რომ დიდ საქმეებში შემცოდეს ასეთი მონდომებით არ უნდა ემხილებინა სხვები ნაკლებმნიშვნელოვან საქმეებში“ (წმ. ოქროპირი). ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: და რაისთვის თქუენცა გარდაჰხვალთ არა ადამიანურ გადმოცემას, არამედ მცნებასა ღმრთისასა მოძღვრებითა თქვენითა? იმისათვის, რომ დაიცვათ არა მოსეს მცნება, არც ძველი წინასწარმეტყველება, არამედ თქვენი, თქვენი მასწავლებლების მიერ გამოგონილი გადმოცემა? ღვთის მცნებათა დატოვებით თქვენ იცავთ ადამიანურ გადმოცემას, - არის ეს მოსაწონი? რამეთუ ღმერთმან ჰსთქუა: მაგალითად, მეხუთე მცნების მიხედვით, პატივ-ეც, სიტყვით და საქმით, სიყვარული მიაგე მამასა შენსა და დედასა შენსა და დაემორჩილე მათ, სხვა ადგილზეც ამბობს ღმერთი: „რომელმან ჰსთქუას ბოროტი მამისთვის, გინა დედისა, სიკუდილით მოჰკუდინ“ (გამ. 20,12;21,16), ე.ი. აუცილებლად უნდა დაესაჯათ სიკვდილით, ხოლო თქუენ თქვენს უხუცესებთან ამბობთ ჰსთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თვისსა, გინა დედას თვისსა: ეს არის ნიჭი, რომელი ჩემგან, როგორც შვილისაგან, სარგებელ გეყოს, - ასეთ შვილს, თქვენი აზრით, შეიძლება ჰქონდეს სინდისი დამშვიდებული, მან შეიძლება და არა პატივ-სცეს მამასა, ანუ დედასა თვისსა; ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაი ღმრთისაი მოძღურებითა თქუენითა. ბევრ სხვა მსგავსსაც აკეთებთ თქვენ ასევე. „ფარისეველებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ იესოს მოწაფენი არღვევდნენ მცნებას. ქრისტე კი პირიქით აჩვენებს, რომ ისინი თავად სცოდავდნენ, ხოლო მოწაფენი არ ტყუოდნენ ამაში. ადამიანური გადმოცემა ხელის ბანის აუცილებლობაზე არ ეწინააღმდეგებოდა ღვთის მცნებას, ამიტომაც უფალი მიუთითებს მწიგნობრებს მათ სხვა გადმოცემაზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ამ მცნებას: ისინი ასწავლიდნენ ყრმებს კეთილმოსაობის საბაბით მოეძულათ მამები. თუ მაგლითად, რომელიმე მშობელი ეუბნებოდა თავის შვილს: მომეცი მე ეს ცხვარი ან სხვა რამ, ისინი პასუხობდნენ მას: ის, რაც შენ გსურს ჩემგან ისარგებლო, მე მას მივართმევ ღმერთს ძღვნად, ამიტომაც შენ არ შეიძლება იგი მიიღო. აქედან წარმოსდგებოდა ორმაგი ბოროტება: შეურაცყოფდნენ მშობლებს ღვთის წინაშე მოვალების საბაბით და ღმერთსაც, მშობლების წინაშე მოვალეობის მიზეზით (წმ. ოქროპირი). უფალი აქ, რა თქმა უნდა, არ გმობს ღვთისადმი ძღვნის მირთმევას: მან შეაქო ქვრივი, რომელმაც საეკლესიო შესაწირში ჩადო ორიოდე გროში; იგი მხოლოდ გვასწავლის, რომ უპირველესად საჭიროა შევასრულოთ ღვთის პირდაპირი მცნება, შემდეგ კი მივართვათ მას ძღვენი. მაგრამ ფარისევლებს სულში ფიქრადაც არ ჰქონდათ ეკლესიისათვის რაიმე შეეწირათ; ისინი მხოლოდ ბოროტად ირჯებოდნენ და თავიანთ შვილებსაც ბოროტებას ასწავლიდნენ თუ როგორ შეიძლებოდა გვერდის ავლა ღვთის მცნებისა და საკუთარი სინდისის დამშვიდება. ასე ექცეოდნენ ისინი მასესხებლებს: მევალე ეუბნებოდა თავის მასესხებელს: ის, რაც მე მმართებს შენი, არის ძღვენი ღვთისავის განკუთვნილი და მასესხებელიც უკვე ვეღარ ბედავდა მისგან ვალის მოთხოვნას. ასეთი სიცრუისათვის უფალი ამხელდა მათ სიმკაცრით: ორგულნო! წამოიძახა მან სამართლიანად კეთილად წინასწარმეტყუელებდა თქუენთვის ესაია და თქუა: მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა, პატივ-მცემს მე მხოლოდ ენით, მიწოდებს ღმერთს, შემოქმედს, ქვეყნიერების უფალს, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. ამიტომ ამაოდ, მათთვის უსარგებლოდ მსახურებენ მე! არ დაიცვეს რა ღვთის მცნებანი, ისინი იგონებენ თავიანთსას, რამეთუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა (ის. 29,13).

ამხილა და შეარცხვინა რა ფარისეველები და მწიგნობრები უფალმა დატოვა ისინი, როგორც გამოუსწორებელნი, და მოუწოდა ერსა მას, იმათკენ მიაპყრო თავისი მადლიანი სიტყვა, სურდა რა მიეწოდებინა მათთვის მაღალი, დიდებული და სიბრძნით სავსე სწავლება: და ეტყოდა: ისმინეთ და გულისხმა-ყავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც მე გეტყვი თქვენ: მცნება, რომლის მოცემაც მე თქვენთვის მინდა, იმსახურებს ყურადღებას. თუ თქვენ უსმენდით ფარისევლებს, რომლებიც არღვევდნენ ღვთის მცნებას თავიანთი ადამიანური გადმოცემების დასაცავად, მით უფრო უნდა ისმინოთ ჩემი, რამეთუ გასწავლით უმაღლეს სიკეთესა და გონიერებას“ (წმ. ოქროპირი). არა თუ პირით შემავალი, საზრდელი და სასმელი შეაგინებს კაცსა, ხდის მას არაწმინდასა და ღვთის წინაშე დამნაშევეს, არამედ პირით გამომავალი, ანუ ცუდი ფიქრები, ცოდვანი სიტყვები და იქიდან გამომდინარე საქმენი, შეაგინებს კაცსა, აღმოაჩენს მისი ცოდვილი გულის არაწმინდებას. „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ“ (მრკ. 7,16). იცით, რომ ცათა სასუფეველში გულის სიწმინდე უფრო მეტია, ვიდრე სიწმინდე ხელებისა! - მაცხოვარი ამბობს, რომ ხელის უსუფთაობა კიდეც რომ შეხებოდა საკვებს, ეს სულს მაინც არ ავნებდა, რადგან „უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა“ (მთ. 15,20) - ამიტომაც მოკრძალებული საკვები კი არ ვნებს მარხვის დამრღვევს, არამედ ასეთი საკვების მიღების შემდეგ ცოდვილი გულიდან გამომავალი სურვილი სხეულის მოსვენებისა და ღვთის მცნების დარღვევისა, საეკლესიო წესების შეუსრულებლობისა, - აი, რა შეაგინებს ადამიანს!..