ქრისტესაგან ფარისეველთა ყალბი სიმართლისა და სიცრუის განქიქება ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ თვით უფლის მოწაფენიც კი შეაშფოთა ამან. და აი, როცა უფალი შევიდა სახლში, მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაი ესმა სიტყუაი იგი, შენი სიტყვა იმაზე, რომ ადამიანს არ შეაგინებს პირი, შემავალი, დაბრკოლდეს - და განაწყენდნენ: „მოწაფენი, - შენიშნავს ოქროპირი, - ამას ამბობდნენ იმის გამო კი არა, რომ სხვებისათვის ზრუნავდნენ, უფრო იმიტომ, რომ თავად იყვნენ გაკვირვებულნი. მაგრამ, რადგანაც ვერ გაბედეს ეთქვათ თავიანთი სახელით, ისურვეს ყოველივეს გაგება სხვებზე ნათქვამიდან. უფალი კი ხელახლა, გადაჭრით იმეორებს თავის განაჩენს ფარისევლებზე, როგორც უიმედოდ განწირული ხალხზე: ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას: ყოველი სწავლება, რომელიც ღვთისაგან არ არის უწყებული და ღმრთის სწავლებას არ ეთანხმება, დაიღუპება. და ყველა, ვინც კი თხზავს ასეთ სწავლებას, ან იცავს მას, ვერ გაუძლებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების წინაშე დგომას: ადრე თუ გვიან, მათი სიცრუე მხილებულ იქნება. ამიტომ უტევეთ მათ, ნუ გაყვებით მათ მოგონილ სწავლებას, რადგან მხოლოდ ზიანი შეუძლია მოგიტანონ მათ, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი; ისინი ბრმანი არიან სულიერად, თავად ხუჭავენ სულიერ თვალებს, რათა არ დაინახონ ღვთის სიტყვის ნათელი და თავიანთ მონაგონს აღმართავენ დაბრკოლებად მათსა და ღვთის სიტყვას შორის. და მით უფრო უარესი ის არის, რომ ეს ბრმა ფარისევლები და მწიგნობრები საერთოდ ვერ ხვდებიან თავიანთ სულიერ სიბრმავეს: ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინა-უძღვიან, ორივენი მთხრებლსა შთაცვივიან. „დიდი ბოროტებაა ბრმად ყოფნა, მაგრამ ბევრად უარესია, როცა ბრმა ცდილობს სხვათა წინ გაძღოლას“ (წმ. ოქროპირი).
უფლის ამ სიტყვებში არაფერი იყო გაუგებარი, მაგრამ მოციქულებისთვის ისინი იმდენად ახალი იყო, ისეთი მოულოდნელი, რომ მათ გაუჭირდათ უცებ დაშორებოდნენ თავიანთ წარმოდგენას ფარისეველთა სიმართლეზე და ამიტომ ჯერ კიდევ გაურკვეველნი ყოყმანობდნენ, როგორ შეეხედათ ახლა იმ გადმოცემებისა და ჩვევებისადმი, რომელთაც ფარისევლები უდგენდნენ? სჯული, მაგალითად, თხოულობდა გარკვევას საზრდელში, ფარისევლები ამის გამო ადგენდნენ უამრავ წესებს, უფალი კი, ხილულად თითქოს საერთოდ ცვლიდა მათ... შინაგან, სულიერ არაწმიდებაზე, მოციქულებს მაშინ, ჯერ კიდევ, არ ჰქონდათ ნათელი წარმოდგენა. „ის, რომ ისინი თავადაც ბრკოლდებოდნენ, იქიდანაც ჩანს, რომ ეჭვიანი და ყოველთვის სხვათა გამაფრთხილებელი პეტრეც კი მალავდა რა თავის შეშფოთებას, გადაწყვეტს დანარჩენი მოწაფეების სახელით, სთხოვოს უფალს განმარტება. მიუგო პეტრეს და ჰრქუა მას: გამოგვითარგმნე ჩუენ იგავე ესე: „პეტრე ვერ ბედავს პირდაპირ უთხრას: მე დაბრკოლებული ვარ, არამედ სთხოვს გარკვევას, რათა შეშფოთება მოიცილოს“ (წმ. ოქროპირი,) ამიტომაც უფალი მას უწყრება, ხოლო იესო ჰრქუა მას: თქუენცა უგულისხმოვე ხართა? თქვენთვის ხომ უკვე მოცემულია ცათა სასუფევლის საიდუმლონო? ნუთუ ჯერ კიდევ და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავლით განვალს, აძლევს რა საჭირო საკვებს სხეულს. ამიტომაც თუ კაცი ღებულობს საზრდელს არა განცხრომისათვის, არამედ შიმშილის დასაცხრომად, არა გარდამეტებით, არამედ იმდენს რამდენიც საჭიროა, მაშინ საჭმელს თავისთავად არ შეუძლია შებღალოს იგი, დაუბანელი ხელისაგან რაიმე ჭუჭყი კიდეც რომ შეეხოს მას. ხოლო არაწმინდება გულისა არის შიგნით და აჭუჭყიანებს სხეულს, არა მარტო მაშინ, როცა რჩება ადამიანში, არამედ მაშინაც, როცა იქიდან გამოდის, და მაშინ უფრო მეტადაც არის სავნო. ხოლო გამომავალი პირით, გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი როგორიცაა, მაგალითად, კაცის კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი ანდა ღმერთზე სამდურავი, ამაყი უგუნურობანი, და უამრავი კიდევ სხვა მსგავსი საქმენი. ყოველი ცოდვა იშვება ცოდვიანი გულის ზრახვებისაგან. ბოროტი ზრახვანი, ცოდვიანი ფიქრები, გულიდან გამომავალი, აჭუჭყიანებს ადამიანს მაშინაც კი, როცა იგი არ ეთანხმება მათ: იგი მაინც ტოვებს სულში ლაქას. ხოლო, როცა გული, თუნდაც ერთი წუთით, მიიდრიკება ცოდვიანი გულისთქმისაკენ, მაშინ სული უდავოდ შეიბღალება. ასევეა სიძვის გულისთქმა, რჩება რა სულში, აჭუჭყიანებს ადამიანს, ხოლო, როცა იქცევა საქმედ, არა მარტო ბღალავს მას, არამედ დაღუპვამდეც კი მიყავს. ბილწი ზრახვები გულში იგივეა, რაც ყაჩაღები გამოქვაბულში. ყოველ წუთს შეუძლიათ მათ გარეთ გამოსვლა და ავი საქმეებს ჩადენა. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ასკვნის მაცხოვარი, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა.
„ვის არ ჰქონია შემთხვევა და არ უნახავს, თუ როგორ შეექცევიან მიწის მუშაკნი ზაფხულში პურს მინდორში, რომელიც უჭირავთ მიწისაგან დაკოჟრილი ხელებში? განა ცოტაა ისეთი საქმენი, როცა მუშებს საერთოდ არ შეუძლიათ დაიბანონ ხელები? ნუთუ ეს მათ უნდა ეთვლებოდეთ ცოდვად? არანაირად (მიტოროპოლიტი სერგი). ამიტომ უფლის სიტყვები საერთოდ არ ეხება საკვების გარჩევას; იგი არ ამბობს - „საჭმელი“, არამედ შემავალი პირით არ შეაგინებს კაცს; საკვებში გარკვევას ისე მკაცრად ექცეოდა ყურადღება, რომ აღდგომის შემდგომაც კი პეტრე ამბობდა: „ ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმინდაი შესრულ არს პირსა ჩემსა“ (საქ. 10,14) „შეხედეთ, ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, იგი ერთი ასახვით არა მარტო ხილულ არაწმიდებას ამხელს, არამედ ფარულს, უხილავსაც აშიშვლებს. როცა ბოროტი გულისთქმანი გულიდან გადაინაცვლებენ საქმეებში, მაშინ ბღალავენ ისინი ადამიანს მთლიანად, შინაგანსაც და გარეგანსაც, გულსაც და გარეგან ნაწილებსაც, სულსაც და სხეულსაც. მაგრამ, როცა ბოროტი გულისთქმანი თითქოს არ გამოდიან გულიდან და გულში არიან დაბუდებულნი: იცით, რა ხდება მაშინ? - ისინი ბილწავენ გულს, შინაგან ადამიანს, სულს კაცისა. ადამიანის ეს შინაგანი არაწმინდა შეიძლება იყოს შეუმჩნეველი სხვა ადამიანისათვის, რომელიც უყურებს მხოლოდ გარეგან სახეს და საქმეებს კაცისას; მაგრამ ღმერთისათვის, რომელიც ხედავს ადამიანის გულს, იგი არაა ოდნავადაც მცირე კაცის გარეგან არაწმინდა საქმეებზე, არამედ ცხადია და შემზარავი. ამიტომაც უწოდებს უფალი ბოროტ გულისთქმებს ისეთ საზარელ სახელებს, როგორიცაა: ბოროტი ზრახვები, მკვლელობანი, მრუშობანი, ცრუმოწმეობანი, ლანძღვა-გინებანი. შენ შეიძლება არ მოგიკლავს კაცი, მაგრამ გულში ისურვე მისთვის სიკვდილი. იცოდე, შენს ამ ბოროტ განზრახვას უფალი უკვე უწოდებს მკვლელობას. შენი ბაგენი არ გახსენი, რათა გეთქვა ღვთის აუგი, მაგრამ შენი გული შეგიტოკდა უტიფარი და მძვინვარე ზრახვებით ღვთის განგებულებაზე. გაფრთხილდი, უდავოა გულთამხილავმა უკვე მოისმინა შენგან საგმობი: აქედან შეიძლება დავინახოთ, რომ გულის ნამდვილი განწმენდა, როგორიც გახდიდა ადამიანს ვარგისად ღვთის შესაცნობად, უნდა მოხდეს სრული მორიდებით არა მარტო უსჯულო საქმეთაგან და ყოველივე მსგავსისაგან, არამედ ყოველივე იმ უკეთური ფიქრისაგანაც, რაშიც დევს ბოროტი, როგორც ნაყოფი იბადება თესლში. „ასე რომ, შევიცნოთ, რა შებღალავს კაცს, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, - შევიცნოთ და განვეშოროთ მას! ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ეკლესიაში მკაცრად იცავს იმ ჩვევას, რომ ტაძარში მივიდეს სუფთა სამოსელითა და დაბანილი ხელით; ხოლო იმაზე, რომ წმინდა გულით წარსდგეს ღვთის წინაშე, საერთოდ არ იწუხებს თავს. ამას როცა ვამბობ, მე რა თქმა უნდა, კი არ ვგმოვ პირისა და ხელის ბანას, არამედ სურვილს გამოვთქვამ, რათა ისინი დაიბანონ ისე, როგორც საჭიროა - არა მარტო წყლით, არამედ განიწმიდნენ კეთილი საქმეებით... მლოცველი კაცის ენა არის ხელი, რითაც ჩვენ ვეხვევით მუხლებზე ჩვენს უფალს: ამიტომ ნუ შებღალავ მას, რათა შენც არ გითხრას უფალმა: „როცა თქვენ განამრავლებთ თქვენს ლოცვას, მე არ ვისმენ მათ“ (ის. 1,15).