მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ქანანელი ქალის ასულის განკურნება

მათე 15, 21-28

შენი უწმინდესი სახელი იესო მაცხოვარო, ჩემთვის წმინდა მირონია! ყველგან, სადაც კი დატრიალდება კეთილსურნელება ამ მადლიანი და უტკბესი მირონისა, თავისკენ მიიზიდავს ტანჯულთა გულებს, რომელთაც სწყურიათ ნუგეში და შვება! - და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა. მაგრამ რაღატომ უთხრა მან თავის მოწაფეებს: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“ (მთ. 10,15), როცა ახლა თავად დაადგა ამ გზას? - კითხულობს ამას წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: პირველად იმიტომ, რომ თვითონ არ ევალება ყოველივე იმის შესრულება, რაც მან თავის მოწაფეებს გადასცა; მეორედ კი, იგი ამ მხარეში გაეშურა არა საქადაგებლად, რაზედაც მიუთითებს მახარებელი მარკოზი (7,24), რომელიც ამბობს, რომ უფალს სურდა, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. როგორ შეიძლებოდა, რომ ქრისტეს პირველს არ მიეშურებინა წარმართათვის, როგორი შეუთავსებელი იქნებოდა მის უსაზღვრო კაცთმოყვარებასთან, მოერიდებინა წარმართები თავისაგან, როცა ისინი თავად მოდიოდნენ მასთან, როცა თვითონ ეძიებდნენ მას. მოციქულებსაც კი, საერთოდ კი არ აუკრძალა წარმართებთან ქადაგება, არამედ უთხრა: „მივედით უფროის“, მიდით უმეტესად „ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა“ (მთ. 10.6). მოკლედ, მახარებლის სიტყვებიდან ჩანს, რომ უფალი ამ მხარეში კი არ შევიდა, არამედ მიუახლოვდა მის საზღვარს, რადგან წმინდა მათე შემდეგ ამბობს: და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი, წარმოშობით სირია-ფინიკიიდან, წარმართი, რომელიც კეთილკრძალული ყურადღებით ისმენდა ხალხში დარხეულ ხმას ქრისტე მაცხოვარზე, საზღვართა მათგან გამოვიდა, ტიროსისა და სიდონის მხარიდან, ღაღადებდა და იტყოდა:… „როცა გესმის ქანანელი ქალის სახელი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - უნდა წარმოიდგინო ის უსჯულო ხალხი, რომელმაც ბუნების კანონები შერყვნა საფუძველშივე, და გაიაზრო ქრისტეს მოვლინების ძალა. ისინი, რომლებიც იყვნენ განდეგილნი, რათა არ შეერყვნათ ებრაელნი, ახლა იუდეველებზე მეტად იჩენენ გულმოდგინებას. ისინი გამოდიან თავიანთი ქვეყნის საზღვრებიდან და თავად მიეშურებიან ქრისტესაკენ, ხოლო ებრაელნი, მათთან მისულ ქრისტეს დევნიან. შეხედე, როგორი კეთილი მოქმედების ღირსი შეიქნა ეს ქალი. მან ვერ გაბედა მისვლა იერუსალიმში, რადგან უღირსად მიაჩნდა თავი; მას რომ შეეძლო იქ მისვლა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ იგი გამოვიდა თავისი ქვეყნის საზღვრებიდან. გულისშემძვრელი იყო დანახვა ქალისა, რომელიც ღაღადებდა ასეთი სიბრალულით, - დედისა, მვედრებელი თავისი ასულისათვის, დიდად რომ იყო მოწყურებული: მან ვერ გაბედა ეშმაკეულის მიყვანა ქრისტესთან, მაგრამ დატოვა რა იგი სახლში, თავად ევედრება უფალს, და ამცნებს მხოლოდ შვილის სატკივარს, ისე, რომ სხვა არაფერი დაუმატებია. იგი მას არ იწვევდა თავის სახლში, იმ მთავრის მსგავსად, რომელიც ამბობდა: „მოვედ, და დასდევ ხელი შენი მას ზედა“ (მთ. 9,18), არც იმ მეფის მოხელესავით, რომელმაც უთხრა: „მივედ პირველად სიკუდილამდე ძისა ჩემისა“ (ინ. 4,49), არამედ მიმართავს მეუფის გულმოწყალებას და შეღაღადებს, შესთხოვს შეწყალებას არა ასულისა, არამედ საკუთარი თავისა, შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასეული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს! ჩემი ასული ვერ გრძნობს თავის ავადმყოფობას, მე კი ვითმენ ათასობით სხვდასხვა მწუხარებას, რადგან სნეული ვარ, მე ვგრძნობ ავადმყოფობას, მე ეშმაკეული ვარ!“ - ასევე შესძახა ეშმაკეულის მამამ: სიბრალული გამოიჩინე ჩვენზე და შეგვიწყალენ ჩვენ. - მაგრამ რას ნიშნავს ეს? ტანჯული დედა ვერ ნახულობს იესო ქრისტეში იმ მადლიან მკურნალს, რომელიც თავად ისწრაფოდა ტანჯულებთან შესახვედრად... მართალია, ქრისტეს უარი ჯერ არ ეთქვა, მაგრამ ქალმა მისგან ვერც დამამშვიდებელი სიტყვა მოისმინა, უფალმა თითქოს პირი იბრუნა მისგან. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყუაი. „რას ნიშნავს ეს ახალი და უჩვეულო საქციელი იესოსი, - ამბობს წმ. ოქროპირი. იუდეველებსა და ბოროტადმეტყველთ იგი მოუწოდებს და განსაცდელში მყოფთ არ ივიწყებს; ამ ქალს კი, რომელიც მასთან თავად მივიდა, სთხოვს და ევედრება, რომელმაც არ იცის არც მცნება, არც წინასწარმეტყველებანი, და მიუხედავად ამისა, ასეთ ღვთისმოსაობას იჩენს, უფალი პასუხის ღირსადაც არ მიიჩნევს... ვინ არ დაბრკოლდებოდა იესოზე, თუ დაინახავდა მის მოქმედებას, რაც არაფრით ეთანხმებოდა მასზე გავრცელებულ ხმებს? ვის არ მოდრეკდა მწუხარება ქალისა, რომელიც ევედრებოდა თავის ასულისათვის?... თავად მოციქულნიც კი შეძრა მისმა უბედურებამ და შეწუხდნენ, თუმცა ვერ გაბედეს მისთვის ეთხოვათ შეწყალება: და მოუხდეს მოწაფენი იესოს და მხოლოდ ერთის გამო გაბედეს და ჰკითხეს: და ჰრქუეს მას: განუტევე ესე... რისთვის? რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ, იგი გვაწუხებს ჩვენ: ან შეასრულე მისი თხოვნა, ანდა საერთოდ უარი უთხარი, რათა უკან ყვირილით არ მოგვყვეს. ეს, როგორც ჩანს, თავმოყვარეობის სურვილი იყო, რათა, რაც შეიძლება მალე გასცლოდნენ თავშემაწუხებელ მთხოვნელს, მსგავსად უსამართლო მსაჯულისა, რომელმაც შეასრულა ქვრივის სათხოვარი, რათა აღარ შეებეზრებინა იგი. მაგრამ მოციქულთა ამგვარ გამოქომაგებასაც არ მოყოლია შედეგი: ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, სხვა არავისთან ვარ გამოგზავნილი, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედელთა სახლისა ისრაელისათა, რომლებიც იმის გამო არიან დაღუპულნი, რომ ნამდვილი მწყემსების ნაცვლად, ყავთ სასყიდლით დადგენილნი. მართალია, მე მყავს სხვა ცხვრებიც, რომლებიც არ არიან ამ ეზოდან, საიდანაც მევალება გაძღოლა მათი; და მოვა დრო, როცა ისინიც ისმენენ ჩემს ხმას, მაგრამ ახლა ეს დრო მათთვის ჯერ კიდევ არ დამდგარა. გადარჩენა უნდა დაიწყოს ებრაელებიდან. ქრისტე, უპირველესად, არის დიდება ღვთის ხალხისა - ისრაელისა, თუმცა ისევე არის მაცხოვარი მთელი ქვეყნის ხალხებისა; ამრიგად, მაცხოვარმა თითქოს მოირიდა ქანანელი ქალის თხოვნა. „თუმცა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - იგი არ მოეშვა, პირიქით, დაანახა რა უღონოება თავის შუამდგომელთა – მოციქულთა, იგი აღიჭურვა საქებარი კადნიერებით. თავიდან იგი ვერ ბედავდა უფლის წინაშე გამოჩენასაც კი, რადგან როგორც წერია, მას უკან ყვირილით მიყვებოდა; ახლა კი ახლოს მოვიდა; ხოლო იგი მოუხდა და თაყვანს ჰსცემდა მას ფეხებში ჩაუვარდა მას, და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!“ ო, დედაკაცო,- მიმართავს ოქროპირი, - ნუთუ შენ გაგაჩნია მეტი გაბედულება, მეტი სიმამაცე, ვიდრე მოციქულებს? არა, -პასუხობს იგი: მე არ გამაჩნია არც გაბედულობა და არც სიმამაცე, - მე მრცხვენია, მაგრამ ვიყენებ გაბედულობას ნაცვლად ხვეწნა-მუდარისა - შეიძლება მან პატივი მიაგოს ჩემს ასეთ შემმართებლობას... - მაგრამ განა შენ არ მოისმინე, რაც მან თქვა: „მე მოვივლინე მხოლოდ ისრაელის დაღუპულ ცხოვართა გადასარჩენად?“ - მოვისმინე, ამბობს ის, მაგრამ - იგი უფალია. ამიტომაც არ თქვა მან: შესთხოვე და ილოცე, არამედ: „შემიწყალე მე“. და უფალიც ხედავდა მის გულს, ხედავდა, რომ იგი ამას გადაიტანდა და უმეტეს გამოცდასაც დაითმენდა, ამიტომ სულით ხარობდა, რადგან შეეძლო თავისი მოწაფეებისთვის ეჩვენებინა მისი მაგალითით, როგორი უნდა იყოს რწმენა: და აი, იგი წყვეტს დუმილს და მიმართავს მას ისეთი პასუხით, რომელიც დუმილზე უფრო უარესი იყო: ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ-არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. იგი უკვე აღარ ეყრდნობა მამას, არ ამბობს: „მე მოვივლინე მხოლოდ“, იგი გადაჭრით ეუბნება უარს. იგი იუდეველებს უწოდებს არა მარტო ცხვრებს, არამედ შვილებს, მას კი - ძაღლს. - ბევრი ვერ გაუძლებდა თავის დაჟინებულობას, ასეთი უარის შემდეგ; ძალიან ცოტა თუ შეძლებდა, რომ არ მოშორებოდა მას განაწყენებული და იმედგადაწურული, ერთი შეხედვით, ასეთი შეუბრალებელი მკურნალისაგან. ასე არ მოიქცა ეს წარმართი ქალი, მორწმუნე გულით იგი გრძნობს, რომ უფალი მხოლოდ ცდის მის რწმენას; თავად ტონში, რომლითაც ეს სიტყვები ითქვა, მას ესმის გამამხნევებელი ხმა ღვთაებრივი სიყვარულისა, და აი, იგი იპყრობს უფალს მისივე სიტყვებით, - უფლის სიტყვებში პოულობს თავის დაცვას. ხოლო მან, ჰრქუა: ჰე უფალო! ასეა, შენ მართალს ამბობ, რომ მე ძაღლი ვარ, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ მე სრულად უცხო არა ვარ; მე ვიცი რომ აუცილებელია შვილებისათვის საკვების მიცემა, რაც ჩემთვისაც არ არის სრულად აკრძალული. რამეთუ ძაღლნიცა ჰსჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელი გარდამოჰსცვიან ტაბლისაგან უფალთა მათთასა. თუ შენ ჩვენ, წარმართებს, ძაღლებს გვიწოდებ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენც არ მოვაკლდებით, თუნდაც მცირეოდენ ნამცეცებს იმ მადლიანი წყალობიდან, რომელსაც ღმერთი, როგორც უხვი მეუფე, უწყალობებს თავის შვილებს. - ახლა გახდა ცხადი, რისთვის აყოვნებდა უფალი მისი თხოვნის შესრულებას: მას სურდა ეჩვენებინა მთელი საკვირველი საგანძური მისი რწმენისა და სიმშვიდისა. „როგორი სიმტკიცეა სულისა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი. იგი ამბობს: „არა კეთილ არს“; ის კი პასუხობს: „ჰე უფალო!“ ხედავ მის თავმდაბლობას! ებრაელები ამბობდნენ: „ჩვენ ნათესავნი აბრაამისნი ვართ... ერთი მამა ვიცით ღმერთი“ (ინ. 8,33,41); იგი კი თავს უწოდებს ძაღლს, ურიებს კი თავის ბატონებს, და ამის გამო იქცევა სამწყსოდ“. აქამდე მას ესმოდა მხოლოდ სასაყვედურო სიტყვები, ახლა კი მოესმა სიტყვები უმაღლესი მადლიანი დამშვიდებისა და ქებისა: მაშინ მიუგო იესო და ჰრქუა მას: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი; აქამდე უფალი არ იმეტებდა მისთვის მცირეოდენ მოწყალებასაც კი, ახლა კი მის წინაშე გახსნა თავის სიკეთეთა მთელი საგანძური და უბრძანა მას რამდენიც სურდა, აეღო იმდენი: გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს: წადი სახლში, ეშმაკი უკვე გამოვიდა შენი ასულიდან! და ეს სიტყვები „გეყავნ შენ“ იქცევა საქმედ; და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან, ასე რომ, სახლში დაბრუნებულმა ქალმა ნახა თავისი ასული მშვიდად მწოლარე. ასეთია ძალა მოუკლებელი ლოცვისა, ღმერთს სურს, რათა ჩვენც, გაჭირვების ჟამს, ბევრს ვევედრებოდეთ ღმერთს, ვიდრე სხვები ჩვენთვის ილოცებენ, თუ ღმერთი აყოვნებს ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უარს გვეუბნება...