წმინდა სახარება არაფერს ამბობს იმაზე, დიდხანს დარჩა თუ არა უფალი ტვიროსისა და სიდონის საზღვრებთან ახლოს. და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის-კიდესა მას გალილეასასა, და აღვიდა მთასა, და დაჰსჯდა მუნ. „იგი ხშირად ადის მთაზე, - აღნიშნავს ვ. ზიგაბენი, თავისი ღვთაებრიობის სიმაღლის გამო და ასწავლის მიწიდან ამაღლებას იმათ, რომელთაც სურთ მიუახლოვდნენ ღმერთს“. მაგრამ, სადაც არ უნდა მისულიყო იგი, უკვე ყველგან სცნობდნენ და მიჰყავდათ მასთან ავადმყოფები. ამჯერადაც, იგი უხვად გადმოადენდა თავისი გულმოწყალების ნიაღვრებს ყოველ გაჭირვებულზე: და მოუხდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყუა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუე-წამძრომელნი, და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და დაჰსხნეს იგინი ფერხთა თანა მისთა... „უფალი ზოგჯერ თავად ეძიებდა სნეულებს, ზოგჯერ კი ელოდა, რათა სნეულნი მისულიყვნენ მასთან. ახლა ისინი უკვე აღარ ეხებიან მის სამოსელს, არამედ მართლად იწყებენ ფიქრს და იძენენ ორმაგ რწმენას: მიუხედავად თავიანთი უძლურებისა და სიკოჭლისა, ადიან მთაზე, და სხვას არაფერს ცდილობენ, გარდა იმისა რომ მის ფეხებთან მუხლი მოიყარონ“ (წმ. ოქროპირი). და განჰკურნნა იგინი. ვიდრე უკვირდაცა ერსა მას, ჰხედვიდეს რა, ვითარ იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ჰხედვიდეს; განკურნებულთა სიმრავლესა და განკურნების სიმსუბუქეს ხალხი მოყავდა განკვირვებაში: და ადიდებდეს ღმერთსა ისრაილისასა. ხალხში, რა თქმა უნდა, იყვნენ წარმართებიც, რომლებიც იმ მხარეში სახლობდნენ და რომელნიც მოეზიდა ქრისტეს სასწაულმოქმედების ხმას, და ისინიც, ხედავდნენ რა სასწაულებს, ცნობდნენ ისრაელთა ღმერთის ძალასა და მის უძლეველობას ადიდებდნენ. „შენც ადი სათნოებებისა და ქრისტეს მცნების მთაზე, - გვასწავლის ნეტარი თეოფილაქტე, - სადაც ბრძანდება უფალი, და თუ ხარ ბრმა და არ შეგიძლია თავად დაინახო სიკეთე, თუ ხარ კოჭლი და ვერ ძალგიძს შენით მიხვიდე მასთან, თუ ხარ ყრუ და მუნჯი, ისე რომ არ შეგიძლია სხვისაგან კეთილი მოძღვრება მოისმინო, არც შეგიძლია სხვა დამოძღვრო, ანდა შეიძლება ხელი გაქვს მოკაკვული, და არ შეგიძლია იგი მოწყალებისათვის გაიშვირო, ანდა შეპყრობილი ხარ რაიმე სხვა სატკივრით, - ჩაუვარდი იესოს ფეხებში, შეეხე მის ნაკვალევს, და - მიიღებ განკურნებას“...