მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე

მათე 16, 24

პეტრე სჯიდა ადამიანურად, როცა უფლისაგან მოესმა მეტად მკაცრი სიტყვები: „წარვედ ჩემგან, სატანა“. მაშინ იესოს სურდა ცხადად ეჩვენებინა პეტრეს სიტყვების უადგილობა და სატანჯველთა სიკეთე. იხმო თავისთან ახლოს არა მარტო მოციქულნი, არამედ ხალხიც, რომელიც მარკოზ მახარებლის თქმით, შორიახლო მიყვებოდა მას, და მიატოვა რა თავზე საუბარი, ხმამაღლა ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა, ხოლო მათი მეშვეობით ყველა მის ჭეშმარიტ მიმდევართ: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, ვისაც სურს იყოს ჩემი მიმდევარი და მოწაფე არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმით, მან უარ-ყავნ თავი თვისი. დაე, დაივიწყოს თავისი თავმოყვარეობა, და აღიღენ ჯუარი თვისი, როგორც მე ავიღე ჩემი ჯვარი და შემომიდეგინ მე, და გამომყვეს იქითკენ, სადაც მიმაქვს ჩემი ჯვარი, ვისაც სურს მონაწილე გახდეს ჩემი დიდებისა, დაე მან წილი ჩაიდოს ჩემს მწუხარებაშიც, ყოველი ტკივილის დათმენაში სიცოცხლის ბოლომდე..

ამ სიტყვებით უფალმა კიდევ ახსენა თავისი სიკვდილი ჯვარზე. ეს თქვა მან მთელი სიცხადით (პირველად ჯვარი მან ახსენა მაშინ, როცა დარიგებას აძლევდა მოციქულებს) (მთ. 10,38). „თუმცა იგი ამბობს: მე ვიტვირთავ ჯვარს და ვეტანჯები მასზე, მაგრამ როცა თავის მიმდევარს ავალებს ჯვრის ზიდვას, ხოლო მიყოლა ნიშნავს, მიბაძვას, იგივეს გაკეთებას, რასაც აკეთებს წინ მავალი, - იძლევა ცოდნას, რომ თავადაც ზიდავს ჯვარს და შესაბამისად, ჯვარზეც გაეკვრება; თუ არა, მაშინ რისთვის უნდა ზიდოს ჯვარი, თუკი არ გაეკვრება მასზე?“ (მიტრ. ფილარეტი). უფალი თითქოს ასე ამბობს: „შენ, პეტრე, მეუბნები: „იყავი მოწყალე საკუთარი თავის მიმართ, უფალო! დაე არ შეგემთხვეს ეს შენ“ ხოლო მე გეუბნები, რომ არა მარტო საზიანოა და დამღუპველი შენთვის ჩემი შეწინააღმდეგება და შემუსრვილება ჩემი ტანჯვისათვის, არამედ თავად შენც, და თქვენ ყველას, ჩემს მოწაფეებს, არ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ მუდამ არ იქნებით მზად, რომ მოკვდეთ“ (წმ. ოქროპირი). ასეთია ამ გმირობის სარგებელი. ის, რომ თქვენთვისაც არ ისურვოთ მოკვდეთ, - არის ცუდი, ხოლო ის, რომ იყოთ მზად ამისათვის - ეს კარგია. მე დაჟინებით არ მოვითხოვ, არც გაიძულებთ, არამედ თითოეულს ვუტოვებ საკუთარი ნებით მოქმედებას. ამიტომაც ვამბობ: „რომელსა ჰნებავს“. მე გიწვევთ კეთილ საქმეზე, არა ბოროტსა და უმძიმესზე, არა სასჯელსა და წამებაზე, რისთვის უნდა მეეძულებინეთ თქვენ: ეს საქმე თავისთავად ასეთია, რომ თქვენ თავად ხალისით მიიდრიკებით მისკენ. მე თქვენ არ გავალებთ და არც გაიძულებთ, მაგრამ, ვისაც სურს გამომყვეს, მას მოვუწოდებ, ნუ ჩათვლით ჩემს მიყოლად იმას, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, როცა მე დამყვებით. თუ მართლა გინდათ რომ გამომყვეთ, როგორც შუენის ეს, მაშინ თქვენ ბევრი გარჯის გადატანა მოგიწევთ, უამრავი საფრთხე უნდა დაითმინოთ. ნუ იფიქრებ პეტრე რომ, რამდენადაც შენ მაღიარე მე ღვთის ძედ, მხოლოდ ამ ერთისათვის შეიძლება გვირგვინს ელოდო. ნუ მიიჩნევ ამას საკმარისად შენი გადარჩენისათვის და ნუ დამშვიდდები ამის გამო, თითქოს ყველაფერი გააკეთე. მე, როგორც ღვთის ძეს, შემიძლია, რომ უბედური განსაცდელები მოგარიდო; მაგრამ არ მინდა ეს ისევ შენს გამო, რათა რაღაცის პატრონი იყო, და რათა შენ მეტი ქება და დიდება შეიძინო იმით. რომლებიც მე განსაკუთრებით მიყვარს, ვუსურვებ, რათა მოიპოვონ დიდება თავად და არა მარტო ჩემი დახმარებით. - „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ არ არის ძნელი მცნება მათთვის მიცემული. მარტო იმათ კი არ იმეტებს უბედურებათათვის, არამედ ყველასათვის საერთო მცნებას გვაძლევს უფალი, როცა ამბობს: „რომელსა ჰნებავს“ ცოლი იქნება თუ ქმარი, უფროსი თუ ქვეშევრდომი, ყოველი მათგანი უნდა გაყვეს ამ გზას. მაგრამ რას ნიშნავს: უარყო თავი? - უარყოფაა ხედავდეს, რომ სცემენ, ან ბორკავენ, ანდა მიყავთ დასასჯელად და არ ექომაგება, არ იცავს, გული არ შესტკივა, არ უნდა გაიზიაროს მისი მწუხარება. ზუსტად ასევე, ქრისტე გვისურვებს, რათა ჩვენც არ ვუსურვოთ საკუთარ სხეულს გვცემენ თუ გვდევნიან, გვწვავენ თუ გვნებენ. სხვანაირად, - ნუ შეიბრალებთ თავს. ასევე მამებიც, მაშინ როდი იბრალებენ თავიანთ შვილებს, როცა აღსაზრდელად აბარებენ მასწავლებლებს, არამედ ავალებენ, რათა არ დაინდონ ისინი. ქრისტემ გაცილებით უფრო მკაცრად თქვა: „უარ-ყავნ თავი“, გაიმეტე შენი თავი საფრთხისათვის, - საგმირო საქმეებისთვის და ეს გადაიტანე ისე, თითქოს ამას ითმენდეს ვიღაცა სხვა, და რათა შენ არ იფიქრო, რომ საკუთარი თავის უარყოფისას გევალება გადატანა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და საყვედურებისა, იგი ამბობს: „აღიღენ ჯუარი თვისი“, ანუ მოუცილებლად წარმოიდგინე შენი სიკვდილი და ყოველდღე იყავი მზად გასვლისთვის; მე მინდა, რომ ჩემი მოღვაწე იბრძოდეს სისხლის ღვრამდე, და მისი გმირობანი გაგრძელდეს ქვეყნიდან გასვლამდე. ამრიგად, თუ საჭირო გახდა მივიღოთ სიკვდილი, საგინებელი, წყევლითა და უკეთური საქმეების დაბრალებით, მაინც ყველაფერი უნდა დავითმინოთ მამაცურად, და სიხარულით, „და შემომიდეგინ მე“ - ამბობს მაცხოვარი. რადგან სხვა, კიდეც რომ ეწამოს, არ გაყვება მას, რამეთუ არ იტანჯა მისთვის. უამრავ უსაშინელეს წამებას ითმენენ ყაჩაღები; რათა შენ არ იფიქრო, რომ საკმარისია მხოლოდ უბედურებანი, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი, იგი დასძენს, როგორი უნდა იყოს უბედურებათა მიზეზი. მაინც როგორია ისინი? რასაც არ უნდა ითმენდე, რასაც არ უნდა აკეთებდე, შეუდექი ქრისტეს, ყველაფერი დაითმინე მისთვის და აკეთე კეთილი საქმეები, არა მარტო გამოიჩინე სიმამაცე გასაჭირში, არამედ შეიძინე დიდი სიბრძნე, სიმშვიდე და სათნოებები. „აღიღენ ჯუარი თვისი“, ამბობს უფალი, ანუ მოუცილებლად გეჭიროს და ზიდე იგი“.

როგორც ჯვარზე მსჯავრდადებულს თავად უნდა ეზიდა იგი მსჯავრის აღსრულების ადგილამდე, ასევე შენც ზიდე შენი ჯვარი, მთელი ცხოვრების მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე. „თავის უარყოფა არ ნიშნავს სული და სხეული უსარგებლოდ, უყურადღებოდ მიაგდო, არამედ უარყო ხორციელი ვნებანი და სიამენი, მოიძულე ცხოვრება წარმავალი და მისი კეთილდღეობანი, სულიერი ტკბობანიც კი, არაწმიდა ბუნებიდან გამომავალი, უარყოფაა საკუთარი ნებისა და სიბრძნისა. რატომ მოგვეთხოვება ასეთი თვითგანწირვა? იმიტომ, რომ ამის გარეშე ქრისტეს მიყოლის სურვილი ვერ ასრულდება, ადამიანი უძლური გახდება გაყვეს მაცხოვარს. „თავის თავს უარყოფს ის, ვინც გუშინ იყო თავშეუკავებელი, ახლა კი გახდა თავშეკავებული, როგორც პავლე, რომელმაც უარყო თავი და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „ცხოველ არღა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2,20). „იგი ღებულობს ჯვარსაც, მოკვდა და ჯვარს გაეკრა ქვეყნისათვის“ (ეპისკ. თეოფანე). „ქრისტეს ჯვარი შეადგენს მის ტანჯვას, გამოცდასა და მოკვდინებას. დაითმინა რა ერთმა ყოველივე ჩვენთვის, მას აქვს სრული უფლება მოითხოვოს, რათა თითოეულმა ჩვენგანმა დაითმინოს ყოველივე თავისთვის. მაგრამ, რომ არ შეგვმუსროს ამ ბრძოლათა სიმძიმით, რომლის ქვეშაც თავად იმყოფებოდა მოუძლურებული, იგი არ გვკიდებს ჩვენ თავის უძმიმეს ჯვარს, ანუ იყოს მზად გადაიტანოს იმდენი მწუხარება, განსაცდელი, შინაგანი თუ გარეშე წინააღმდეგობა, რამდენსაც თითოეულზე დაუშვებს დამსჯელი, განმწმედი და ამასთან შემწყნარებელი განგებულება ღვთისა. არ არის ჩვენი საქმე თავად განვუსაზღვროთ თავს კუთვნილი: ჩვენი ვალია შევძლოთ მივიღოთ ის, რასაც უფალი განგვისაზღვრავს. ქრისტემაც როდი აირჩია, არც გაუმრავლებია თავისთვის ტანჯვა, არამედ მიიღო ის, რაც დაუდგინა მას სიბრძნემ, სიმართლემ და განაგებამ მამისა. რა თქმა უნდა, მოურიდებელი და ამიტომ უიმედო იქნებოდა კადნიერება გაგვეწირა თავი საკუთარი უძლურებისათვის მეტი სიმძიმეებისათვის, ნაკლებადძლიერი, მცირე და მსუბუქი გვეზიდა ზეციური შეწევნის გარეშე. ამიტომაც უფალი არ ამბობს: დაე გაიმრავლოს მან მწუხარებანი, თავად გაეკრას, არამედ: „აღიღე ჯუარი თვისი“. რას ნიშნავს ჯვარის აღება? - არ გავექცეთ მწუხარებებს: შეუპოვრობა არ გამოვიჩინოთ მათ მიმართ; ვიყოთ მზად ყოველივეს მისაღებად; მშვიდად ვიდოდეთ, ისე როგორც დასაკლავი ცხვარი, მსგავსად ტარიგისა და მხსნელი ქრისტესი, თუ საჭიროა ვნება სიმართლისათვის, თუ ასეთია ნება ზეციური მამისა“ (მიტრ. ფილარეტი). და რადგანაც, ჩვენი ჯვარი უნდა იყოს ქრისტეს ჯვარის მსგავსი, განა სასიამოვნო არ უნდა იყოს იმის გაფიქრება, რომ ჩვენს ჯვარს უნდა შეადგენდეს ერთი სიყვარული? ეს ჯვარია, რომლისგანაც ქვეყნისმოყვარენი გარბიან, როგორც მაწამებლისგან, რომლისგანაც თვით ჯვრისმტვირთველნიც არც თუ იშვიათად კვნესიან, და უმეტესად იმის გამო, რომ ქრისტეს ტკბილსა და მსუბუქ უღელს აზვიადებენ თავიანთი უცოდინარობის, სულმოკლეობისა და გამოუცდელობისა გამო. ესაა ჯვარი - რომელიც მთლიანად სიყვარულისაგან უნდა შედგებოდეს, - რა შეიძლება ამაზე უფრო დამამშვიდებელი იყოს? მართალია, როგორც უნდა შევამციროთ ძალა, როგორც უნდა შევარბილოთ უფლის მიერ გამონათქვამები, ყველა შემთხვევაში, ამით ეწინასწარმეტყველებათ. ქრისტეს მიმდევართ, უამრავი მწუხარებანი. თუ შენ აიღებ ჯვარს და შეუდგები ქრისტეს, იგი თვითონ, გამოგყვება კვალდაკვალ, გოლგოთაზე, ტანჯვა-წამებაზე, ჯვარცმაზე“ (მიტრ. ფილარეტი). მაგრამ ყოველი ასეთი ჯვარის მტვირთველი უნდა დაამშვიდოს და გაამხნევოს უკვე ერთმა ფიქრმა, რომ იგი არაა მარტო თავის მძიმე გზაზე: იგი მიუყვება ქრისტეს, ქრისტე ახლოსაა მასთან, მის წინაა და ყოველთვის მზადაა დახმარება გაუწიოს მას მძიმე წუთებში...