როცა მოციქულებმა მოისმინეს უფლისაგან მცნება: არავისთვის მოეყოლათ ფერისცვალების შესახებ მის აღდგომამდე, ისინი გაოცებულნი ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: რას უნდა ნიშნავდეს აღდგომა მკვდრეთით? მწიგნობრები ასწავლიდნენ, რომ მესიის მოსვლის წინ იქნებოდა მიცვალებულთა საყოველთაო აღგდომა და მოვა ილია, უფალი კი ამბობს მხოლოდ თავის აღდგომაზე... ხომ არ არის მისი სიტყვები აღდგომაზე იგავი? მოციქულებმა არაფერი კითხეს ამაზე უფალს, რათა უყურადღებოებად არ გამოჩენილიყვნენ, მაგრამ ფიქრობდნენ რა მესიის სამეფოს მალე დაფუძნებაზე, ისინი აზრით შეჩერდნენ წინასწარმეტყველ ილიას მოსვლაზე, რომელიც ის იყო იხილეს თაბორის მთაზე. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყვიან მწიგნობარნი, ვითარმედ ელიაისი ჯერ-არს პირველად მოსლვაი? შენს მოსვლამდე მკვდართა აღდგომამდე? აი ჩვენ ახლა სრულიად გვწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ჭეშმარიტი მესია; მაგრამ როგორ ვიფიქროთ ილიას მოსვლაზე? ახლახან ჩვენ დავინახეთ ილია თაბორზე: ჩავთვალოთ ეს გამოცხადება წინასწარმეტყველთაგან აღთქმულად, თუ დაველოდოთ კიდევ მის სხვა გამოჩენას? - უფალი ადრეც ამბობდა, რომ მისი წინამორბედი იოანე არის წინასწარმეტყველთაგან უწყებული ილია, მაგრამ მოწაფენი ჯერ კიდევ ცხადად ვერ არჩვდნენ ქრისტეს ორ მოსვლას: პირველს - დამდაბლებულად და მეორეს - დიდებით მოსვლას. მეორის წინამორბედი იქნება ილია, ხოლო პირველის წინამორბედი იყო იოანე, რომელსაც უფალი უწოდებს ილიას არა იმიტომ , რომ იგი იყო ილია, არამედ იმიტომ, რომ იგი ასრულებდა მსახურებას ილიას სულითა და ძალით. მწიგნობრები ურევდნენ ერთმანეთში წინასწარმეტყველურ გამონათქვამებს ქრისტეს ორჯერ მოსვლაზე, ამიტომაც ამბობდნენ, რომ თუ იესო არის ქრისტე, მაშინ მასზე უწინ უნდა მოსულიყო ილია. აი, რატომ გააგზავნეს ფარისევლებმა იოანესთან კითხვით: „ელია ხარა?“ (ინ. 1,21). უფალი თავის პასუხში ხსნის სწავლებას თავის ორჯერ მოსვლის შესახებ: ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: თქვენ სამართლიანად ამბობთ, რომ ჩემამდე უნდა მოვიდეს ილია. ელია მოვიდეს პირველად ჩემს მეორედ მოსვლამდე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია მალაქია წინასწარმეტყველისგან: „აი მე გამოვაგზავნი თქვენთან წინასწარმეტყველ ილიას ვიდრე დადგომამდე უფლის დღისა, დიდებულისა და საშინელისა და იგი მოაქცევს მამათა გულებს შვილებისაკენ და შვილთა გულებს იმათი მამებისკენ, რათა შემოსულმა წყევლით არ განვგმირო მიწა“ (მალქ. 4,5-6). ილია, სინამდვილეში მოვა მაშინ და კუალად-აგოს ყოველი: იგი გამართავს იმ დროის იუდეველთა ურწმუნოებას და განაწყობს იუდეას ხალხს ჩემი სწავლებისადმი. იგი მოაწყობს ყოველივე ამას არა მხოლოდ თავისი სახელის დიდებით, არამედ იმით, რომ ჩემი დიდება იმ დრომდე გავრცელდება მთელ დედამიწაზე და იქნება ყველასათვის მზეზე ნათელი, მაგრამ ეს იქნება ჩემი მეორედ მოსვლის წინ საშინელ სამსჯავროზე, რაზეც მალაქიას წინასწარმეტყველებაშია მინიშნებული: „რათა... წყევლით არ განვგმირო მიწა“. ხოლო ახლა მე მოვედი არა დედამიწის დასასჯელად, არამედ ხალხის გადსარჩენად: „რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაითა დასაჯოს სოფელი. არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (ინ. 3,17). მაგრამ ჩემს ამ პირველ მოსვლაზე ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ ელია, ახალი აღთქმისა, აწვე მოვიდა, ნამდვილად მოვიდა მაგრამ არა თეზბიტელი, არამედ წინამორბედი ჩემი, სულითა და ძალით სინანულის მქადაგებელი, იგი მოვიდა და შეასრულა თავისი მსახურება, და არა იცნეს იგი, ვერ იცნეს მასში ჩემი წინამორბედი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან; მასაც ვერ იცნობენ ისინი, არამედ მოექცევიან მას თავიანთი ბოროტი ნებით; - უფლის სიტყვები ისეთი ცხადი იყო, რომ მოწაფეებს არ შეეძლოთ არ გაეგოთ ისინი; მაშინ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოანე ნათლისმცემლისათვის ჰრქუა მათ. ამასთან მათ გაახსენდათ უფლის მიერ ამაზე აქამდე ნათქვამი სიტყვებიც. ხოლო ერთი პირის წოდება სხვისი სახელით მათი მსახურების მსგავსებისა და ცხოვრების წესის მიხედვით ჩვეულება იყო იუდეველთა: რადგან წინასწარმეტყველნი ყოველ კეთილმსახურ მეფეს დავითს უწოდებდნენ, ხოლო იუდეველებს - სოდომის მთავართა და ეთიოპელთა შვილებს და ამას აკეთებდნენ მათი ცხოვრების წესის მიხედვით რამეთუ, როგორც ილია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ისე იოანე იყო წინამორბედი პირველისა“ (წმ.ოქროპირი).