მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან... უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი

მათე 18, 15-17

როცა მაცხოვარმა წარმოთქვა მკაცრი განაჩენი მაცთურებზე „რათა ცდუნებულნი არ ჩაცვენილიყვნენ უზრუნველობაში, ყალბი იმედით, რომ მათ ყველა უნდა მომსახურებოდა“, - ამბობს წმ. ოქროპირი, - იგი გვასწავლის, თუ თავადაც როგორ უნდა ეკიდებოდნენ მაცდურებს, ყველა იმათ, რომლებიც იწოდებიან რა ძმებად, ქრისტიანებად, მოქმედებენ არა ძმური სიყვარულით. თუ შენ გაწყენინებს ის, ვინც არაა შენი ერთგული, მაშინ განეშორე შენს მამულსაც კი: ხოლო უკეთუ  შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, რომელსაც რწმენით შენთან ერთად ჰყავს ერთი ზეციური მამა - ღმერთი და ერთი დედა - ეკლესია, თუ იგი შენ გაცდუნებს არასწორი სწავლებით, არასწორი აზრებით, გამხრწნელი სიტყვებით, დამღუპველი მაგალითით, - თუ იგი უმიზეზოდ მოგაყენებს შენ წყენას, მოგაყენებს შეურაცხყოფას და ამით თავის სულს შეკრავს ცოდვით: მაშინ ნუ დატოვებ მას ძმური მზრუნველობის გარეშე, შეიბრალე იგი, მივედ მასთან; შენი შეურაცხმყოფელი და დამაბრკოლებელი სირცხვილის გამო უხალისოდ თუ მოვიდოდა შენთან პატიების სათხოვნელად, - შენ ნუ ელი მის მოსვლას, - თავად მიდი მასთან, მრისხანებისა და სირცხვილისაგან რომ ავადმყოფურ ძილში იმყოფება, - შენ, როგორც საღი, მიდი მასთან, როგორც ავადმყოფთან და რათა შენი მკურნალობა რაც შეიძლება ჩქარა და კეთილად იყოს მიღებული, ნუ დაადანაშაულებ, ნუ შეაჩვენებ, არამედ მხოლოდ ამხილე, გაახსენე მისი ცოდვა, გაარკვიე იმ ბოროტებაში, რაც შეიძლება მის საქციელს, ან მის ცრუ სიბრძნეს მოჰყვეს, ამხილე ცალკე, პირისპირ, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყუნეთ, რათა მას მხილება სხვათა თანდასწრებით მეტად მძიმე არ მოეჩვენოს; მოექეცი მას სიყვარულით, სიფრთხილით, კეთილგონიერებითა და მოთმინებით. მეგობრული მხილება, მდაბალი და წრფელი, ძმური სიყვარულით გამთბარი მისი გულიდან გამომდინარე, ვის წინააღმდეგაც შესცოდა მხილებულმა, ხშირად ყოველგვარ კანონიერ სჯულზე უფრო მოქმედი ხდება და ყოველგვარ გამოსასწორებელ დანაშაულზე მეტი. თუკი მიხვალ მასთან ზრუნვით, მაშინ მასაც მალე შერცხვება, როცა დაინახავს, რომ შენ მას ამხელ არა იმისთვის, როცა სამაგიერო გადაუხადო, არმაედ რათა გამოასწორო. უკეთუ ისმინოს შენი, თუ ცნობს თავის ცოდვას, თუ განიკითხავს თავს და დამდაბლდება, მაშინ შენ უკვე ორ საქმეს გააკეთებ: თავსაც გაიმართლებ მის თვალში და მასაც შეიძენ: შეიძინე ძმაი იგი შენი, დაიცავ მას ღვთისათვის, შენთვის და ეკლესიისათვის და კიდევ, - ზეციური სასუფევლისთვის, რომელსაც ცოდვის გამო შეიძლება მოკლებოდა ის. როგორც გინდა უსამართლო იყოს ის შენდამი, მეტად გაისარჯე მისი გადარჩენისათვის, ვიდრე შენი გამართლებისათვის. უდავოა, რომ მოგიხდება შენი თავმოყვარეობის შეწირვა, შეიძლება შეურაცხყოფაც მიიღო, მაგრამ განა ცოტა იქნება ჯილდო, თუ კი გადაარჩენ დაღუპულ ცხვარს, რომელზედაც კეთილი მწყემსი სათუთად ზრუნავს? ხოლო უკეთუ არა ისმინოს შენმა ძმამ, არ უნდა თავისი ცოდვის ცნობა, ურყევია თავის დაბრკოლებაში, ნუ მიატოვებ მას ამ მდგომარეობაშიც; შენ სუსტი იყავი, როცა მარტომ მოინახულე იგი, უფრო ძლიერი იქნები, როცა სხვებიც მოგეხმარებიან; ამიტომ, მიიყუანე შენთანა ერთი ან ორი სხუა, მაგრამ არა მეტი და ამხილე იგი მათი თანდასწრებით, რათა მათ გაამაგრონ შენი სიტყვა, რათა პირითა ორისა და სამისა მოწმისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუა, როგორც ეს მოცემული გვაქვს წმიდა წერილში. სარგებელი ეძიე არა მარტო შენთვის, არამედ იმისთვისაც, ვინც შეურაცხგყოფს ან გაცთუნებს შენ. თუკი იგი სხვებთანაც სიმტკიცეს გამოიჩენს თავის ცრუ ფიქრებში, ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, მაშინ ეკლესიაში უთხარ კრებულსა და მის წინამძღოლებს, ჩემს მიერ დადგენილ მოძღვრებს. თუ მას არ მოერიდა შენი და მათი, ვინც შენთან ერთად იყო მისული, შეიძლება შეეშინდეს საეკლესიო სამსჯავროსი. ხოლო თუ კრებულისაცა არ ისმინოს, თუ ვერ დარწმუნდება მასთან მისვლით, მხილებით, ეკლესიის მამათა შეგონებით, თუ არ დაემორჩილება მათ მსჯავრს, მაშინ იგი, როგორც უკურნებელი ავადმყოფი, როგორც დამყაყებული თავის ურყეობაში, - იყავნ იგი შენდა, დაე იყოს იგი უცხო შენთვის, ვითარცა მეზუერე, ყველასგან საძულველი, გამოუსწორებელი ანგარებისმოყვარე და წარმართი, რომელსაც არაფერი აქვს შენთან საერთო რწმენაში. ნუღარ ჩათვლი ეკლესიის ასეთ მტერს შენს ძმად, შეწყვიტე მასთან ქრისტიანულ-ძმური კავშირი, რათა, როგორც შენ, ისე სხვებიც არ დაავადდნენ მისი სულიერი სატკივრით. ეკლესიიდან მოკვეთილისათვის კი უცხო გახდება მხსნელი მადლი.

აი, მცნება და სწავლება თავად უფლისა ეკლესიურ ანათემაზე (მიტრ. ფილარეტი), აი, მისი წარმოშობა თავად ქრისტესგან, რომელიც ამავე დროს ლაპარაკობს საკუთარ თავზე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მთ. 11,29). „მისდევდა რა ქრისტეს ამ სწავლებას, პავლე მოციქულმა ხმამაღლა განაცხადა: „არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ“ (გალ. 1,8). იგივეს აკეთებდნენ დანარჩენი მოციქულნიც, როცა მორწმუნეთა შორის ხვდებოდნენ ხალხს, რომლებიც, მოციქულთა გამოთქმით, „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყუნეს ჩუენგანნი“ (1 ინ. 2,19), რომელთაც შემოაქვთ „წუალებაი წარწყმენდისა, და განმანთავისუფლებელსა მათსა უფალსა უარჰყოფდნენ“ (პეტ. 2,1). რა უნდა გაეკეთებინათ გარდა იმისა, რომ მოეკვეთათ გადამდები სენით შეპყრობილი და დაავადებული ორგანოები ჯანსაღი სხეულიდან და ეს გაეკეთებინათ ისე ცხადად, რომ ბოროტი სწავლებით დაავადებულთაც კი შესძლებოდათ დანახვა თავიანთი დაღუპვისა, და დაშურებოდნენ სინანულს, როგორც ყოვლად სრულ მკურნალობას; რწმენაში მრთელთაც შეურყევლად სცოდნოდათ ვის და რას უნდა მორიდებოდნენ, და როგორ საჭირო იყო ფხიზელი მორიდება. ამის საფუძველზე ეკლესიამ უნდა მოიკვეთოს თავისგან ის ხალხი, რომლებიც არ ემორჩილებიან არა მარტო მას, არამედ თვით ღმერთს, რომელიც წმინდა წერილით გვესაუბრება“ (მიტრ. ფილარეტი). ანათემა არის მსჯავრი ეკლესიისა, მშვიდი სამსჯავრო, მაგრამ მკაცრიც, როგორც მშვიდი და ამავე დროს მკაცრიცაა თვით უფალი, მისი დამფუძნებელი. ანათემა არ არის დაწყევლა. წყევლა არის ყოველგვარი ბოროტებისა და უბედურებების მოწოდება ადამიანზე; ანათემა არის მხოლოდ მოცილება, ეკლესიიდან მოკვეთა, მასთან ყოველგვარი ურთიერთობისაგან იმის მორიდება, ვისაც თავად არ სურს ეკლესიისათვის ყურისგდება. ყველა ასეთს ეკლესია თავისი წინამძღოლების პირით უცხადებს: „თქვენ არა გწამთ ისე, როგორც უფალმა დაგვიდგინა, თქვენ უგულებელყოფთ უფლის წმინდა მცნებებს, თქვენ ამდაბლებთ მის წმინდა მადლს, თქვენ დასცინით ღვთის ეკლესიის წესდებას, რომელიც თავად მაღალმა შექმნა, რაც მას ისე ძალიან უყვარს, რომ აღუთქვა ქვეყნის დასასრულამდე მფარველობა, რომელშიც ჩადო მთელი საგანძური თავისი გამომხსნელი დამსახურებისა, თქვენ შემოგაქვთ ამ ეკლესიაში თქვენი დამარღვეველი სწავლებანი; თქვენთვის ეკლესიაში არაფერია წმინდა, არაფერია ძვირფასი, არაფერი გჭირდებათ მისგან, - ამიტომ უნდა დაგვტოვოთ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანად ვიყოთ თქვენთან, როგორც ყველა სხვა თანამოქალაქეებთან, რომლებიც არ იცნობენ ქრისტეს რწმენას და მცნებას; ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მეზობლები და თანამშრომლები ცხოვრებისეულ საქმეებში, მაგრამ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთი აზრისანი რწმენაში, ერთად ვიყოთ ლოცვისას და წმინდა საიდუმლოებების შესრულებისას, სულიერი სიყვარულის კავშირში, ამიტომ დაგვტოვეთ ჩვენ. თქვენ იქეცით წარმართებად, განეშორეთ სისრულესა და სისუფთავეს ქრისტეს რწმენისა; სიცოცხლეშივე, ჩვენთვის იქეცით იმად, როგორც მეზვერენი იყვნენ ძველად ებრაელთათვის; ჩვენ ისე გიცნობთ, როგორც ეს მოგვთხოვა უფალმა: „იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“. ამაზე თქვენი თავისუფალი ნებაა - იყოთ ის, რადაც ისურვეთ ყოფნა, ხოლო ჩვენი მოვალეობაა გიყუროთ თქვენ და მოგეკიდოთ ისე, როგორც უფალი იესო ქრისტესაგან ნაბრძანები გვაქვს, რომელიც ჩვენ გვწამს და რომლისგანაც მოველით საუკუნო ხსნას“ (მღვდელმთ. ამბროსი) - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვძულდეს ძმა და უარს ვამბობდეთ მასთან ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებზე, როგორც ექცეოდნენ ებრაელნი წარმართებსა და მეზვერეებს, ჩვენ მეტად უნდა შევიყვაროთ ჩვენი ძმა და ვეცადოთ მის მართალი გზისაკენ მოქცევას, თითქმის ბოლომდე ისე, როგორც ეკიდება ჩვენი ზეციური მამა ბოროტ და უმადურ ხალხს. ეს ნიშნავს მასთან ყოველგვარ ურთიერთობათა შეწყვეტას, როგორც ერთმორწმუნესთან და მის მიჩნევას ისეთ ადამიანად, რომელიც არ ეკუთვნის ღვთის წმინდა ეკლესიას. ეკლესია ანათემას ავრცობს მხოლოდ გონების შემცდარობაზე, და არა ცოდვით დაცემაზე (ნიკანორ მღვდელმთავარი). ანათემას მიეცემა არა ყაჩაღები და ქურდები, არა ნებისმიერი სახის დამნაშავენი, არამედ უარისმყოფელნი ღვთის არსებობისა, გამოხსნისა, უკვდავებისა, მომავალი სამსჯავროსი და სხვა ჭეშმარიტებათა. გონების ცოდვანი მძიმეა, დამღუპველია, ნებით ცოდვებზე უფრო მეტია. ჩვენ ყველანი ვცოდავთ ყოველ ჟამს, მაგრამ დავემხობით მოწყალე ღმერთის წინაშე, ცოდვებისათვის ვუძღვნით მას ჩვენს გულითად სინანულს, ღვთისაგან პატიებასაც ვღებულობთ. გონების დაბრკოლებასაც კი, თუკი არ არის ადამიანი უტეხი, თუ ადამიანები, როგორც ბავშვები, სხვადასხვა ცრუ სწავლებების ქართაგან ირყევიან, მაგრამ მზად არიან ჭეშმარიტად შეიგნონ თავიანთი დაბრკოლებანი, ღმერთი პატიობს მონანულთ, რამეთუ ყოველ ადამიანს შეუძლია შესცოდოს აზრებით. მაგრამ თუ ვინმე თესს სიცრუეს შეურყევლად, როგორც თვით ეშმაკი, სიცრუის მამა, თესს სულების დასაღუპად; თუ ვინმე წინ აღუდგება ქრისტეს მიერ დამტკიცებულს, მისი მოციქულების მიერ და მსოფლიო ეკლესიის ჭეშმარიტებას, ასეთი ცოდვას სჩადის სული წმიდის საწინააღმდაგოდ და თუ ეს ცოდვა არ იწმინდება სინანულით, არ მოეხსნება კაცს იგი არც ამ ქვეყანაზე, და არც მომავალ ცხოვრებაში. ასეთი ცოდვა არღვევს თვით საფუძველს ღვთის ეკლესიისა, და იგიც, იცავს რა თავს, უშვებს ოხვრას და კვნესას დედის გულისა: ანათემა! მაგრამ დაე ნურავინ იფიქრებს, რომ ანათემით დასჯა უმნიშვნელოა: არა, ვინც მოკვეთილია ეკლესიისგან, მან თავად დაუხშო თავს კარები სასუფევლისა.